მთავარი თემა

გუბერნია, მაჟორიტარი და გამგებელი _ ვინ რა გააკეთა 4 წლის გარდაცვლილი ბავშვისთვის

ჟანა მეგრელიშვილი  2013-06-10 19:55:35

ოზურგეთში მომხდარმა ტრაგედიამ  მოსახლეობა შეაძრწუნა. 4 წლის ბავშვი 7 ივნისს გარდაიცვალა. "გურია ნიუსი" ამის შესახებ უკვე წერდა. როგორც მშობლები  "გურია ნიუსთან" აცხადებდნენ, ისინი  გამუდმებით ითხოვდნენ დახმარებას მთავრობისგან, თუმცა,  უარით ისტუმრებდნენ, რადგან მათ  სოციალური დახმარება ჰქონდათ.

გარდაცვლილის დედამ დახმარება ახალ ხელისუფლებასაც თხოვა, მისი თქმით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე  100 ლარით დაეხმარა.  ამის შემდეგ ქალბატონმა დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართა. სტატიას  გამოქვეყნებისთანავე  მოჰყვა  მოქალაქეებისგან  გამოხმაურება. წარმოშობით ოზურგეთელმა  ბიზნესმენმა,  გია ცეცხლაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახს, პატარას  წამლებისთვის 200 დოლარი გამოუგზავნა.

_ არ ვიცი, როგორ გამახარეთ, სიტყვები არ მყოფნის, ჩემი შვილი გადაარჩინეთ. აქამდე მართლაც არავინ მოსულა  და  დამხმარებია, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ოჯახის გაჭირვება გულთან მიიტანა, _ გვითხრა მაშინ აცრემლებულმა  დედამ..

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავდა, რომ ის ამ ოჯახს დაეხმარა იმით, რისი საშუალებაც ჰქონდა.

_ დავეხმარე ამ ოჯახს. ეს ხომ თვითონაც გითხრეს? _გვითხრა შარაშენიძემ.

გარდაცვლილის ოჯახს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 200 ლარით და 2 კუბმეტრი მასალით დაეხმარა...

საინტერესოა,  რატომ აქამდე ვერ გამონახა სახსრები მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოჯახის დასახმარებლად, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულია? შედის თუ არა მსგავსი ფაქტები და გაჭირვებული მოსახლეობის ყურადღება მაჟორიტარი დეპუტატის კომპეტენციაში? რა რეაგირება მოახდინა გუბერნიამ  "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც  დედა შველას და დახმარებას ითხოვდა?

"გურია ნიუსი“ ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს  ზვიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო ზვიად, თქვენთან კითხვა მაქვს.

_ახლა, ღონისძიებაზე ვარ და უხერხულია აქედან საუბარი.

_ რამდენ ხანში დაგიკავშირდეთ?

_ არ ვიცი, ახლა დაიწყო.

_ ბატონო ზვიად,  მნიშვნელოვან თემაზე მინდა გკითხოთ, იქნებ, გამონახოთ ორი წუთი.

_ არა,  ვერ დავტოვებ.. ჟანა, შენ ამ წუთში გაწყობს შენი საქმის გაკეთება და მეც საქმეს ვერ გავაფუჭებ.

_ბატონო ზვიად, ოზურგეთში  4 წლის გარდაცვლილ პატარასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით... შედის თუ არა თქვენს კომპეტენციაში მსგავსი სოციალურად დაუცველებისთვის ყურადღების მიქცევა.

_ ჟანა, დამირეკე მაშინ, როდესაც მცალია.

_ და როდის გცალიათ, ბატონო, ზვიად, მითხარით და დაგირეკავთ..

_ ახლა,  არ მცალია, სცენაზე ვდგავარ და უნდა გელაპარაკო შენ, არც მესმის ნორმალურად, ისე შიშინებს, იმიტომ რომ იწერ პირდაპირ, ასეთი თანამშრომლობა არ გამოგვადგება.

_ ბატონო ზვიად, ეგ რა შუაშია, გითხარით, რომ კითხვა მაქვს მეთქი და ვიწერ, რა თქმა უნდა.

_ არ შემიძლია ახლა საუბარი.

_ კი , ბატონო, ხვალ დაგირეკავთ.

მეორე დღეს ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად,  ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე კი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბავშვის გარდაცვალებასთან არაფერ შუაშია.

_ ბატონო კოტე, რას გვეტყვით 4 წლის პატარას გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

_ ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ასეთი ფაქტი. პატარას ოჯახური მდგომარეობა, ჩვენ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძალიან კარგად ვიცოდით, გვქონდა შესწავლილი.  ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებოდით მათ.  რამდენჯერ მოუმართავთ ჩვენთვის და  ერთჯერადი დახმარებები მიგვიცია. მას ჰქონდა სოციალური დახმარება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია მისთვის.

_ ბატონო კოტე,  როგორც გავიგეთ გარდაცვლილი პატარას ოჯახს ახლა დაეხმარა მუნიციპალიტეტი.

_ ჩვენ დავეხმარეთ ოჯახს ახლა 200 ლარით, სარიტუალო ხარჯების დაფარვისათვის. მივეცით 2 კუბმეტრი  მასალა სახლის მოსაწყობად, რაც შეიძლებოდა, მივეხმარეთ.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ ამ ოჯახს ეხმარებოდით. ბატონო კოტე, მაინტერესებს, ზუსტად როდის და რამდენი ლარით დაეხმარეთ?

_ კი, კი, ვეხმარებოდით..

_მშობლები აცხადებდნენ, რომ ახალი ხელისუფლება, კონკრეტულად თქვენ, 100 ლარით   დაეხმარეთ.  ეს დაადასტურეთ კიდეც ჩვენთან საუბრისას. რატომ არაფერი არ განაცხადეთ ამასთან დაკავშირებით მაშინ, თუ თქვენ ოჯახს არაერთხელ გაუწიეთ დახმარება?

_ კი, არაერთხელ დავეხმარე ამ ოჯახს, პირადადაც მქონია საუბარი.

_ ბატონო,კოტე, 4 წლის პატარას “გურია ნიუსს“ სთხოვდა დახმარებას, ის აცხადებდა, რომ ბავშვი ძალიან ცუდად ჰყავდა.  ფაქტი სახეზეა, პატარა გარდაიცვალა. მაშინ თბილისიდან გამოუგზავნა გია ცეცხლაძემ  ოჯახს წამლებისთვის თანხა, თქვენ განაცხადეთ, რომ დაეხმარეთ იმით, რისი საშუალებაც  გქონდათ,  100 ლარით... ასე არ იყო? დაგვიკონკრეტეთ...

_ კი, დავეხმარეთ,  ნამდვილად, რაც შეგვეძლო, _ გვითხრა შარაშენიძემ.

გურიის გუბერნატორის მოადგილე პაატა მანჯგალაძე:

_ რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომელიც ასახავს ჩვენი და ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მსგავსი პრობლემებისადმი. მე შეგნებულად თავს შევიკავებ ვინმეს დადანაშაულებისაგან, რადგან შეიძლება ეს ისე იყოს გაგებული, რომ ჩვენ პატარა ბავშვის ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულირებისათვის ვიყენებთ. ღმერთმა გვაშოროს, ამის გაფიქრებაც კი ამაზრზენია. ასევე იმასაც ვითვალისწინებთ, თუ რაღაც ზომები არ იქნება მიღებული, მარტო წუხილითა და თბილი სიტყვებით ვერ ავიცილებთ მსგავს ტრაგედიას. ამასთან მიმაჩნია, რომ არც ამ ტრაგედიის მარტო ერთი პირისა თუ სტრუქტურისათვის გადაბრალებაა სწორი. ეს უფრო სისტემური პრობლემებია. 
გუბერნიას რაც შეეხება, არა თუ ფინანსური, სამართლებრივი მექანიზმიც კი არ გაგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის საკითხები გადავწყვიტოთ. აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი, მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ, ადამიანურად ყველა დამნაშავე ვართ მისი უმანკო სულის წინაშე.

_ ბატონო პაატა, თქვენ აღნიშნავთ, რომ გუბერნიას არ გააჩნია არც ფინანსური და არც სამართლებრივი მექანიზმი იმისა, რომ დაეხმარონ გაჭირვებულებს. იმის ფონზე, რომ გუბერნატორს და მოადგილეებს საკმაოდ მაღალი ხელფასები გაქვთ, ასევე იღებთ პრემიებს, არ შეგეძლოთ ქველმოქმედება მაინც გაგეწიათ?

_შევეშვათ ამ იაფფასიან პოპულიზმს და სხვის ჯიბეებში ფულის თვლას. ვთქვი, რომ ადამიანურად ყველამ დავაშავეთ და გასაგებია ალბათ, რაც ვიგულისხმე. არავინ არავისზე არც უარესია და არც უკეთესი. ყველა თავისი სინდისის წინაშეა პასუხისმგებელი, გუბერნია, გამგეობა, ჟურნალისტი თუ ბიზნესმენი.

პ. ს. მასალა მზად იყო უკვე გამოსაქვეყნებლად, როცა დღეს საღამოს ზვიად კვაჭანტირაძის პასუხი მივიღეთ შეტყობინებაზე. ის ხვალ, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გვეპატიჟება. იმედი გვაქვს, ჩვენთვის საინტერესო კომენტარს იქ მივიღებთ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს, ალექსანდრე გრიგოლაშვილს ხვალ დაკრძალავენ. გრიგოლაშვილი უკრაინაში,
გუშინ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
2013 წლის დასაწყისში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ,  საჯარო სკოლის   დირექტორობის მსურველთა,  ორეტაპიანი
15 წლის ნაგროვები კოლექცია ავტომუზეუმის ქუჩაზე დაბინავდა და თბილისობას უამრავ
"საქართველოს რკინიგზის“ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობით დაზარალებული ქვიშხეთის მოსახლეობა საპროტესტო აქციების
ორი დღეა, სოციალური ქსელით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაიშის