ჟურნალისტური გამოძიება

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები და ციხეში გატარებული წლები

ნატო გოგელია  2013-07-08 08:50:05

2005 წლის ნოემბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის გამგებელი, ემზარ თუთისანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა. მას გამოძიებამ სსკ 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით წაუყენა ბრალი _ თუთისანს ინდმეწარმე გიორგი გაბიტაძისგან 2 600 ლარის უკანონოდ მითვისება ბრალდებოდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2005 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიწყო წინასწარი გამოძიება ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის გამგებელ თუთისანის მიერ ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე.

იმავე წლის 22 დეკემბერს, საქმე ქვემდებარეობის გამო გამოსაძიებლად სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებელს ფელიქს დონაძეს გადაეცა. დონაძემ "გამოარკვია", რომ "ემზარ ჯიმშერის ძე თუთისანმა, დაბადებულმა 1963 წელს, ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. დანაშაულის ჩადენა გამოიხატება შემდეგში: 2005 წლის 13 ოქტომბერს, ინდივიდუალური მეწარმე გიორგი გაბიტაძე შეხვდა ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის გამგებელს ემზარ თუთისანს და სთხოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცა მისთვის დაბა ლაითურში არსებული პანსიონატის ამორტიზებულ შენობაზე საკუთრების უფლება, რათა შემდგომში მოეხდინა მისი დაშლა და სამშენებლო მასალების რეალიზაცია."

ემზარ თუთისანმა გაბიტაძეს დახმარება აღუთქვა. პანსიონატი, რომლის შეძენაც გაბიტაძეს სურდა, დაბა ლაითურის საკრებულოს ბალანსზე არ ირიცხებოდა. თუთისანმა საბუთების შეგროვება დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, თუთისანმა დაარწმუნა გაბიტაძე, რომ, თითქოს, არსებობდა ოფიციალური ნებართვა პანსიონატის შენობის დემონტაჟის თაობაზე, რის სანაცვლოდაც მას მოსთხოვეს 3 000 ლარი, ხოლო შემდეგ 2 600 ლარის გადახდა.

2005 წლის 6 ნოემბერს, დღის ორი საათისთვის, დაბა ლაითურში, ლაითურის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვლადიმერ ჭყონიასთან ერთად, თუთისანი გაბიტაძეს შეხვდა. გაბიტაძემ მათ 2 600 ლარი გადასცა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში წინასწარ იყო დამუშავებული სპეციალური ქიმიური ნივთიერებით.

იმავე დღეს აკავებენ თუთისანს და ჭყონიას ეჭვმიტანილის სახით. ჩხრეკენ ჭყონიას და იღებენ 2 600 ლარს _ 26 ცალ 100-ლარიან კუპიურას.

თუმცა, მანამდე იყო ერთი საყურადღებო დეტალი _ ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზაზა ჩუბინიძემ (ჩუბინიძე 2006 წელს, თანამდებობის გადამეტებისთვის, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიებში მოყვანილი ფაქტების დადასტურებისთვის გაათავისუფლეს და შსს-ში მუშაობა აუკრძალეს, ახალმა ხელისუფლებამ კი იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად დანიშნა. ავტ.) თუთისანი კაბინეტში დაიბარა და თანამშრომლობა მოსთხოვა:

_ მითხრა, რომ სოფლის ყველა გამგებელი მასთან თანამშრომლობდა და მეც უნდა მიმეწოდებინა ინფორმაციები, რაზეც უარი მიიღო. ჩვენს შორის მხოლოდ ეს საუბარი შედგა. მას შემდეგ ჩუბინიძე პირადად არ მინახავს, _ იხსენებს 2005 წლის ამბებს ჩვენთან საუბრისას ემზარ თუთისანი.

სწორედ ამ შეხვედრიდან ძალიან მალე გამოჩნდა ლაითურში გიორგი გაბიტაძე. ადამიანი, რომელიც თუთისანს და ჭყონიას მეწარმის სახელით გაეცნო:

_ სოფელში ეკლესიის მშენებლობა დავიწყეთ. ყველა ოჯახმა თხილი ჩააბარა და ისე ჩავუყარეთ ტაძარს საფუძველი. ვისაც რა შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით. ყველა იყო ჩართული ამ საქმეში. როდესაც გაბიტაძე გამოჩნდა და თქვა, რომ პანსიონატის შეძენა სურდა, რომელიც ამორტიზირებული იყო და მხოლოდ აგურის გამოყენება შეიძლებოდა, ყველა შესაბამისი საბუთი გადავეცით. ამ ყველაფრის დოკუმენტაცია დევს საქმეში. ძალიან მალე მითხრა, რომ სურდა მისი წვლილიც ყოფილიყო ტაძრის მშენებლობაში. ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა, 2 000 ლარი მაქვს, მოთამაშე კაცი ვარ, დამეხარჯება ეგ ფული და გამომართვი, ეკლესიას მოახმარეო. ეკლესიის მშენებელთან გადავამისამართე _ ფული მე რატომ უნდა გამომერთვა? ერთ დღეს კიდევ დამირეკა _ 3 000 ლარი წავაგე კაზინოში და გამომართვი ეგ ფული, თორემ დამეხარჯაო. დავურეკე მშენებელს და ერთად შევხვდით. შაბათი დღე იყო. ჭყონიამ ფული გამოართვა, რომ ბუღალტრისთვის მიეტანა. მაშინ, 2 000 ლარი დიდი ფული იყო და ვუთხარი, ბუღალტერს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ვინმემ არ გაიგოს ამხელა ფული რომ არის მასთან, რამე არ მოხდეს,-მეთქი. ბანკები არ მუშაობდნენ და ჭყონიამ გადაწყვიტა, ორშაბათამდე ფული მას შეენახა, ორშაბათს კი ეკლესიის ასაშენებელი ქვის საყიდლად უნდა გადაგვერიცხა თანხა. ეს ყველაფერი, თურმე, ფირზე იწერებოდა, მაგრამ შემდგომ საუბრის სრული ჩანაწერი არსად გამოჩენილა _ რაც "აწყობდათ", ის დატოვეს, _ იხსენებს თუთისანი.

თუთისანს თანხისთვის ხელი არ უხლია, რაც მოგვიანებით დამტკიცდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით. მოგვიანებით ბრალი ვერ დაუმტკიცეს და საქმე გადაკვალიფიცირდა _ ამჯერად თუთისანს და ჭყონიას თაღლითობის მუხლი წაუყენეს.

გამგებელი ციხეში ვერც ამ ბრალდებით ჩასვეს, თანაც მთელი სოფელი მის გვერდით იდგა. იმართებოდა აქციები, სოფლის ყველა მცხოვრები სასამართლოზე თავდებად დგებოდა, და საპროცესო თანხის შეგროვებას სოფელი საკუთარ თავზე იღებდა. ამის გამო, თუთისანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმდროინდელი გუბერნატორის და "ნაციონალური მოძრაობის" ჩინოსნების რჩევით კი, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დააწერინეს. თუმცა, 4 თვის შემდეგ ახალი ბრალით _ სამსახურეობრივი გულგრილობისთვის ხელახლა დააკავეს. ამჯერად დაადგინეს, რომ სოფელში უკანონოდ 19 213 ძირი ხე მოიჭრა და თუთისანმა ეს ფაქტი დამალა. საქმეში არსებულ უამრავ ხარვეზს ისიც დაემატა, რომ სპეციალურ კომისიას ანგარიშშიც შეეშალა. მოგვიანებით კი, ახალი გამგებლის მიერ ჩატარებული ინვენტარიცაზიის ოქმით გაირკვა, რომ არანაირი დანაკლისი არ არსებობდა... ოქმების შედარებით კი დგინდება, რომ 3 თვეში, დაახლოებით 1 000 ძირი ხე ამოვიდა და გაიზარდა. თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ თუთისანს სიმართლის დამტკიცება შეძლებოდა. როგორც ჩანს, მისი დაპატიმრება ვიღაცას ძალიან "აწყობდა". თანაც, იმ პერიოდში, სავარაუდოდ, დაშინების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" გამგებლებს ძალიან ხშირად იჭერდა, შემდეგ კი აცხადებდა, ხომ ხედავთ, ჩვენიანია, მაგრამ დანაშაულს არ ვპატიობთო.

_ ჯერ იყო და დამაკავეს თითქოსდა ქრთამის აღების ბრალდებით და საინფორმაციო საშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოსდა, ქრთამის აღების ფაქტზე დამაკავეს. ვერაფერი დაამტკიცეს და გამომიშვეს. შემდგომში მუხლი გადააკვალიფიცირეს და გამომიყვანეს "თაღლითად" _ თითქოსდა მოტყუებით განვკარგე სხვისი ქონება და როგორც "თაღლითს", "მოტყუებით" აღებული თანხის გამოყენება მინდოდა ეკლესიის მშენებლობისთვის, რაც ისეთივე აბსურდი იყო, როგორც ქრთამის აღება. სხვა კუთხითაც რომ გაემაგრებინათ ჩემი დანაშაულებრივი ქმედება, მომაწერეს სამსახურეობრივი გულგრილობა. ყოველივე აღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო სამართლით აღიარებული, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლის სტატუსში პირის ჩაყენება და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიმართ უკანონოდ გამოტანილ განაჩენს არ ვეთანხმებოდი და გასაჩივრებული მქონდა საკასაციო წესით, შემიწყალეს და გამათავისუფლეს სასჯელის დარჩენილი, მოუხდელი ნაწილის მოხდისგან, რასაც ციხის გაუსაძლისი პირობების გამო, იძულებით დავთანხმდი. თანაც, შეწყალების ინიციატივა ჩემგან არ მოდიოდა და იმის იმედით, რომ პროკურატურის უკანონო ქმედებები წარსულს ჩაბარდებოდა, შეწყალებაზე თანხმობა განვაცხადე ამჯერადაც მოვტყუვდი _ ახლა, სასამართლოს "კანონიერ" ძალაში შესული "დასაბუთებული" და "სამართლიანი" განაჩენიდან გამომდინარე, პროკურატურის მოთხოვნით უნდა გადავიხადო 2 269 000,96 ლარი სახელმწიფოსთვის მატერიალური ზარალის მიყენებისთვის. თუ ამ რაოდენობის ზარალი მივაყენე სახელმწიფოს, მაშინ როგორ შემიწყალეს ან თუ პროკურატურის მოთხოვნა საფუძვლიანია, რა უშლიდა ხელს ამ უკანასკნელს სამოქალაქო სარჩელი დაეყენებინა წინასწარ გამოძიებაში ან სასამართლოში?! _ ამბობს თუთისანი.

აღსანიშნავია, რომ თუთისანის სასამართლო პროცესს თანამდებობრივ გულგრილობის განხილვასთან დაკავშირებით, რომლის პროკურორი მალხაზ სირაძე გახლდათ, მხარის მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანიაც ესწრებოდა. ჯალაღანია ახალმა მთავრობამ დასავლეთ საქართველოს მთავარ პროკურორად დანიშნა:

_ მახსოვს, ადვოკატს გაუკვირდა და ჰკითხა კიდეც ჯალაღანიას, მთავარი პროკურორი როდის მერე ესწრება სასამართლოებსო. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი ციხეში ჩასმა დავალებული ჰქონდათ და ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, _ ამბობს თუთისანი.

ერთი სიტყვით, დაინტერესებულმა პირებმა მიზანს მიაღწიეს. გაბიტაძის ჩვენების საფუძველზე, ემზარ თუთისანმა ციხეში წელიწადი და 2 თვე გაატარა, სამსახურეობრივი გულგრილობის გამო კი 2 269 000,96 ლარი აქვს გადასახდელი, რის გამოც დღემდე სამსახურს ვერ იწყებს:

_ სამუშაო რომ დავიწყო, ხელფასის ნახევარი სახელმწიფოს უნდა გადავუხადო. თუმცა, რისთვის _ არ ჩადენილი დანაშაულისთვის?! _ ამბობს თუთისანი.

ამ ყველაფერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ინდმეწარმე, რომლის გამოც თუთისანმა ციხეში ამდენი დრო გაატარა, სინამდვილეში არ არსებობს. დადასტურებული ინფორმაციით, გიორგი გაბიტაძე გახლდათ ადამიანი, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები მსგავსი საქმეების "შესაკერად" იყენებდნენ. ამას ჩვენთან საუბრისას, თუთისანის ადვოკატი, გელა ნაცვალაძეც ადასტურებდა.

_ მქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბიტაძე არ იყო ინდივიდუალური მეწარმე. სასამართლოზე მას ამის შესახებ შეკითხვა დავუსვი. მან იცოდა, რომ მე ვფლობდი ინფორმაციას მისი ტყუილის შესახებ. მიპასუხა, რომ მეწარმე მე კი არა, ჩემი მეუღლეა და მინდობილობით ვმუშაობო.

_ რა სამეწარმეო საქმეს ეწევა?

_ იყო ასეთი შეკითხვა ჩემი მხრიდან და ასე განმიმარტა _ ვყიდულობ დასანგრევ შენობებს, ვშლი და ვყიდიო.

_ არსებობს რამდენიმე საქმე, სადაც გიორგი გაბიტაძის სახელი და გვარი მოწმედ ფიგურირებს, თუთისანის საქმეში კი მთავარ მოქმედ ფიგურად იქცა. გქონდათ თუ არა ინფორმაცია სასამართლოზე იმის შესახებ, რომ გაბიტაძე, როგორც ხმები დადიოდა, პოლიციის "ნასედკა" იყო?

_ დავუსვი ასეთი კითხვა _ იცნობდა თუ არა ვინმე აკაკი ნიკოლაიშვილს. მიპასუხა, რომ _ არა. ვუთხარი, რომ ნიკოლაიშვილის საქმეში ის მთავარი მოქმედი პირი იყო. თუმცა, ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ნიკოლაიშვილს მე ვიცავდი და ვიცოდი დეტალურად ყველაფერი.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გაბიტაძეს იყენებდა პოლიცია, პროკურატურა და კუდ-ი. იგი განსაკუთრებული აქტიურობით სწორედ ჩუბინიძის და ჯალაღანიას გურიაში მოღვაწეობის დროს გამოირჩეოდა.

ემზარ თუთისანი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და გადაწყვეტილი აქვს, საქმის ხელახლა გამოიძიება მოითხოვოს. მიუხედავად იმისა, რომ მის საქმეში მონაწილე ადამიანები დღესაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ, იმედი აქვს, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს.

თუთისანის საქმე მხოლოდ ერთი ეპიზოდია "ნასედკების" დახმარებით შეკერილ საქმეებში. დანარჩენების შესახებ, რომლებიც ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად იქნა მოპოვებული და რომელსაც შესაბამისი, დოკუმენტური მტკიცებულებები ახლავს, უახლოეს მომავალში გესაუბრებით.



ყოველი ხელისუფლების დროს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება, ჩოხატაურელებისთვის ისევ ოცნებად რჩება;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები დღესაც უკიდურესად მწვავედ დგას,
რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და
ომის ვეტერანი,  60 წლის მურთაზ აბაშიძე მშობლიური ქვეყნის დატოვებას გეგმავს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ყველანაირი რეიტინგით წინსვლა აჩვენა
2005 წლის 18 თებერვალს, პოლიციელი, ქვეითი პატრული სამშე მჟავანაძე ღამის