ჟურნალისტური გამოძიება

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები: ეპიზოდი II _ კახა რუსიძის საქმე

ნატო გოგელია  2013-07-15 06:44:23

2005 წლის 18 თებერვალს, პოლიციელი, ქვეითი პატრული სამშე მჟავანაძე ღამის 3 საათსა და 30 წუთზე, გულმკერდის არეში დანით დაჭრილი ოზურგეთის საავადმყოფოში მიიყვანეს. პოლიციელის განცხადებით მას თავს სამი პიროვნება დაესხა.

მჟავანაძის დაჭრის საქმეზე, იმავე წლის 19 თებერვალს, დღის 2 საათისთვის, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 22 წლის კახა რუსიძე დააკავეს. რუსიძის სახლში ჩხრეკა 19 თებერვალს, ღამის 11 საათზე ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ოზურგეთის შს რაიგანყოფილებაში 20 თებერვალსაა დაფიქსირებული. 2005 წლის 19 თებერვალს, პოლიციის უფროსს ელგუჯა ჩავლეიშვილს სს სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის ლეიტენანტმა გიორგი შალიკაშვილმა პატაკი შეუტანა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქ. 9-ში მცხოვრები კახა რუსიძე ეჭვმიტანილი იყო პოლიციელი მჟავანაძის დაჭრაში და დანას უნდა ინახავდეს სახლში. შალიკაშვილი პოლიციის უფროსს შემდგომ რეაგირებას სთხოვდა. იმავე რიცხვში აღნიშნული პატაკი შალიკაშვილს ჩავლეიშვილმა დააწერა. თუმცა, პატაკის ასლის ნახვისას პოლიციის უფროსმა ელგუჯა ჩავლეიშვილმა პატაკზე საკუთარი ხელმოწერა უარყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩხრეკა დაიწყო 22 საათსა და 30 წუთზე და დასრულდა 22 საათსა და 55 წუთზე. ჩხრეკის შედეგად, რუსიძის სახლიდან ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული დასაკეცი დანა, რომელზეც იკითხებოდა წარწერა _ "სტსს". ოქმში დაფიქსირებულია, რომ დანაზე რამდენიმე ადგილზე სისხლის კვალია. ჩხრეკას ორი მოწმე ჰყავდა _ გია გაბიტაძე და გოგი ჩოგაძე. ოქმი გიორგი შალიკაშვილმა შეადგინა.

_ იმ ღამეს ძლიერ თოვდა. ჭიშკარი ბოქლომით მქონდა დაკეტილი. ეზოში გამოვედი, ჭიშკარზე პოლიციის მუშაკი გადმომხტარიყო. შევეკითხე ვინ ხარ,-მეთქი. მისი თქმით, იგი პოლიციიდან იყო და კახა რუსიძეს ეძებდა. როგორც ვიცოდი, კახა დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ასე ვუთხარი პოლიციელსაც. 88 წლის კაცი ვარ, შევშინდი _ რა უნდოდა პოლიციელს ჩემს ეზოში შუაღამისას? როდესაც დავინტერესდი და ვიკითხე, რა ხდებოდა, პოლიციელმა აგდებულად მითხრა, რომ მე არავინ მეკითხებოდა და საჭირო არ ვიყავი პოლიციელისთვის. წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე, სახლში შევედი და დავიძინე, _ იხსენებს რუსიძის მეზობელი,

აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე # 5605811 სსსკ-ის 294_305 და 308 მუხლების შესაბამისად. საქმეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი გოჩა კილაძე იძიებდა.

გოჩა კილაძემ 2005 წლის 20 თებერვალს დაკითხა ჩხრეკის დამსწრე მოწმე გოგი ჩოგაძე. ჩვენების ოქმში ჩოგაძე განმარტავს, რომ 19 თებერვალს, ღამის 22 საათზე, თაყაიშვილის ქუჩის გავლით სამუშაოდან ბრუნდებოდა. გზაში პოლიციელები შეხვდნენ და მისთვის უცნობი პიროვნების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე დასწრება თხოვეს. აქვე, ჩხრეკის მეორე მოწმეც იყო. ჩოგაძის თქმით, პოლიციელებმა მას მოწმის უფლება-მოვალეობანი განუმარტეს.

აღსანიშნავია, რომ გოგი ჩოგაძე მოწმის სახით პოლიციელთა მიერ გახსნილ კიდევ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. ანალოგიურად, რამდენიმე ათეულ საქმეში ფიგურირებს გიორგი გაბიტაძის გვარიც _ ზოგან დაზარალებულია, ზოგან კი მოწმე (ერთი ეპიზოდის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გიამბეთ). სისხლის სამართლის საქმეების თანახმად, გაბიტაძე ჩვენებებს ხშირად ცვლიდა.

იგი რუსიძის სასამართლოზეც ასე მოიქცა _ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე გაბიტაძე აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 19 თებერვალს, ის, გიორგი შალიკაშვილის ზარის შემდეგ მივიდა პოლიციაში, საიდანაც რუსიძის სახლში ჩხრეკაზე წაიყვანეს. მოწმის თქმით, შალიკაშვილს მსგავსი დავალებით არაერთხელ მიუმართავს მისთვის და ოზურგეთის სასამართლო არქივში მისი ხელმოწერით ბევრი საქმე ინახება, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და ყველაფერი ძალდატანების შედეგია.

სასამართლოს სხდომის ოქმი. მოწმის ხელწერილი. 30. 08. 2005 წელი: "მოვალე ვარ, ვთქვა სრული სიმართლე, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით რომლის გამოც დაბარებული ვარ მოწმედ. განმემარტა, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის თავის არიდების ან ცრუ ჩვენებისთვის პასუხს ვაგებ," _ ხელს აწერს გაბიტაძე.

იმავე საქმის კიდევ ერთი დოკუმენტი. გვ. 98: "საშ. განათლებით, სამართალში არ ყოფილა, დრ. უმუშევარი ცოლშვილიანი, მცხ. ოზურგეთის.... გაფრთხილებული იქნა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა ისჯება ჯარიმით ან თ\ა ვადით 5 წლამდე. აჩვენებს: ვცხოვრობ ოზურგეთში. 2005 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 22 საათისთვის ვიმყოფებოდი ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შემხვდნენ პოლიციის თანამშრომლები. ვიცნობდი მხოლოდ პოლიციის თანამშრომელს შალიკაშვილს. მთხოვა, რომ დავსწრებოდი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას. მე მათ გავყევი. მივედით თაყაიშვილის ქ. #9-ში. ჩხრეკას ესწრებოდა ერთი დამსწრე და ოჯახის დიასახლისი. ჩხრეკას მე არ დავსწრებივარ. ვიჯექი სავარძელში. დანის ამოღება მე არ დამინახავს. ხელი მოაწერეო, მითხრა პოლიციის თანამშრომელმა და მეც მოვაწერე. ვითხოვ გამოქვეყნდეს საქმეში არსებული ჩემი ჩვენება," _ ეს ჩვენება გაბიტაძეს ეკუთვნის და გამოქვეყნებულ იქნა.

პროკურორის შეკითხვაზე მოწმე გაბიტაძე პასუხობს: "აღნიშნული საქმის ფურცლებზე ხელწერა არის ჩემი შესრულებული. ჩემთვის ეს ჩვენება არ ჩამოურთმევიათ. მე მითხრა პოლიციამ, დაჯექი სავარძელშიო. ჩემ გარდა ყველანი წავიდნენ და ეძებდნენ რაღაცას. მე დანა არ დამინახავს," _ აკონკრეტებდა გაბიტაძე.

კახა რუსიძის დედა ჩვენთან საუბრისას იხსენებდა, რომ გაბიტაძემ სიმართლის თქმის სანაცვლოდ, მას ფული მოსთხოვა:

"გია გაბიტაძე ჩემს სახლში ნამყოფია მაშინ, როდესაც პოლიციამ ჩემი შვილი უკანონოდ დააკავა, სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ვითომ დანა ამოიღეს. სიმართლისთვის ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ უშედეგოდ. საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო, როცა გაბიტაძის პიროვნებით დავინტერესდი და სახლში მივაკითხე. მიპასუხა, გიორგი შალიკაშვილი მიყენებდა ასეთ საქმეებზე და მე არ ვიცოდი, სად მივდიოდიო. ვუთხარი, სიმართლე ეღიარებინა. მან ამის სანაცვლოდ 200 ლარი მთხოვა, რომ ადვოკატ ნანა დარჩიასთან ორდერი გაეჭრა _ მისი თქმით, თავდაცვისთვის და პოლიციელების ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. მივედი დარჩიასთან. მან მითხრა, რომ გაბიტაძისთვის არ დამეჯერებინა, რადგან ეს პიროვნება მსგავს საქმეებს ხშირად აკეთებდა _ გაბიტაძე ერთი ჩემი კლიენტის საქმეშიც ფიგურირებს "პლანის ჩადებაზეო", მითხრა დარჩიამ," _ ამბობდა "გურია ნიუსთან" საუბრისას ნინო რუსიძე.

ამ ისტორიას, ადვოკატი ნანა დარჩიაც ადასტურებს: _ ჩემი კლიენტი იყო ვინმე იგორ ტყეშელიაძე, რომელსაც ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებას ედავებოდა გამოძიება. ეს იყო 2005 წელს. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე გია გაბიტაძე იყო, _ გვითხრა დარჩიამ.

2005 წელს, "გურია ნიუსთან" საუბრისას გაბიტაძე ამბობდა, რომ პოლიციელების მიერ ხშირი იყო შანტაჟი და მსგავს საქმეებში მონაწილეობაზე ძალდატანება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შალიკაშვილმა ამ ამბებიდან მოკლე ხანში პოლიციის სისტემა დატოვა და ადვოკატობა დაიწყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ისევ ძველ სისტემას დაუბრუნდა და დღეს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოჩა ფერსაშვილის თქმით, შალიკაშვილის წარსულის საქმიანობა მისთვის უცნობია. თავად შალიკაშვილს ვერ დავუკავშირდით _ მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

ამ საქმეში იყო კიდევ ერთი გარემოება _ რუსიძის დაკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა რუსიძეს არ ეკუთვნოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბრალდებულმა წერა-კითხვა არ იცოდა.

საქმის გამომძიებელი, გოჩა კილაძე, ხელმოწერის ექსპერტიზაზე უარს აცხადებდა, თუმცა, შეცდომას არ გამორიცხავდა.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გელა გიგინეიშვილი და მისი მოადგილე, ზაზა ჩუბინიძე იმ პერიოდში პირობას დებდნენ, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული. ამავე პირობას დებდა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანიაც, რომელიც ამბობდა, რომ პროკურორი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაისჯებოდა. თუმცა, ამ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თეთრი ძაფი ჩანდა, არავინ დასჯილა.

კახა რუსიძის დედამ, სამართლის საძიებლად მართლაც რომ "რკინის ქალამნებით" იარა: _ ვის არ მივმართე დასახმარებლად _ ელენე თევდორაძეს, გენერალურ პროკურატურას... სიმართლე ვერსად ვიპოვე. პურის ფული მენატრება, სწორედ ეს გახდა ჩემი შვილის დაკავების მიზეზი. იფიქრეს, უპატრონო ბავშვია და დანაშაულს ადვილად "შევტენითო". მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს, ქვას გავხეთქავ და ჩემი შვილის სიმართლეს დავამტკიცებ. ერთი წელია, კახა უდანაშაულოდ ზის ციხეში. ნუთუ ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს?! 10 წელიც რომ დამჭირდეს, სიმართლეს მაინც დავადგენ, ჩემი და ჩემი შვილის წვალებისთვის ყველას ვაზღვევინებ. მჯერა, სამართალს სადღაც მაინც ვიპოვი, _ ამბობდა ნინო რუსიძე, რომელმაც სამართლის პოვნა დღემდე ვერ შეძლო.

ასეთი საქმეები კი ძალიან ბევრია... ყველა მათგანის კვალი კი დღევანდელ ჩინოვნიკებთან _ ზაზა ჩუბინიძესთან და ილია ჯალაღანიასთან მიდის _ სწორედ მათი ხელმძღვანელობის დროს იკერებოდა ე.წ. "ნასედკების" დახმარებით საქმეები, რომლის გამოძიებით თავი არავის შეუწუხებია. არადა, ამ საქმეებში ბევრი ისეთი მტკიცებულება არსებობს, რაც კონკრეტული ადამიანების უდანაშაულობას ამტკიცებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუხდათ.



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში, ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ყველანაირი რეიტინგით წინსვლა აჩვენა
რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და
2005 წლის ნოემბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის გამგებელი, ემზარ თუთისანი
"ვარდების რევოლუციის" მთავარ მიღწევად პოლიციაში გატარებულ რეფორმას მიიჩნევდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" ახლაც
2005 წლის 18 თებერვალს, პოლიციელი, ქვეითი პატრული სამშე მჟავანაძე ღამის