მთავარი თემა

"სასწრაფოდ მოიცალოს ივანიშვილმა თხილის მაფიოზების ასალაგმად"

მარინე ჩიხლაძე  2013-08-20 11:00:57

წელს გურიაში თხილის ხვავრიელი მოსავალია. მიუხედავად სეზონის დასაწყისში არსებული კარგი ფასისა, 10 აგვისტოდან ყველა სახის თხილზე ფასი დაეცა. დღეისთვის ერთი კილოგრამი გულშიშველა 1 ლარი და 70 თეთრი ღირს. ბერძნულა _ 2 ლარი და 20 თეთრი. თვის დასაწყისში კი ამ ორი სახეობის თხილზე, შესაბამისად, ფასი 40 თეთრით მეტი იყო. როგორც სხვა რაიონებიდანაც (სენაკი, ხონი, ვანი) გვატყობინებენ, იქ თხილის ფასი 30-40 თეთრით მაღალია.

ოზურგეთის ცენტრში მრავლადაა თავმოყრილი თხილის მიმღები პუნქტები, ასევე იბარებენ თხილს პირდაპირ ღია ცის ქვეშ მსხდომი რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ერთნაირად წუხან თხილის ფასის წამდაუწუმ ვარდნასა და საეჭვო ცვლილებაზე. უკმაყოფილო მოქალაქეთა თხოვნაა, ხმა ამოიღონ ჟურნალისტებმა და დაეხმარონ მათ წლევანდელი ფასის ასე მოურიდებელი ვარდნისა და მერყეობის მიზეზის დასადგენად.

_ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? არ გვითხრათ ახლა, მეტს ვერ ხვდებით და ამას მსოფლიო ბაზარი იწვევსო. კარგად მოფიქრებული დემაგოგიაა ეს. მთავრობამ უნდა დაადგინოს სტაბილური ფასი და მაფიოზები ჩამოაშორონ ამ საქმეს. პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს, ივანიშვილმა რომ თქვა, მოვიცლი მე თხილისთვისო... მოიცალა? მიაწვდინეთ ჩვენი ხმა, რომ სასწრაფოდ მოიცალოს ივანიშვილმა თხილის მაფიოზების ასალაგმად. ვიღაცამ ადგილზე რატომ უნდა დაგვიდგინოს ფასი? რით იარსებოს ხალხმა, ჩაი არაა და რაიმე სხვა შემოსავალი. კატეგორიულად მოვითხოვთ, ამ საქმეს მიხედოს მთავრობამ, _ ამბობს სოფელ ნაგომრის მკვიდრი რაფია ჩანქსელიანი.

როცა თხილით დატვირთული სოფელ შრომის ავტობუსი შემოვიდა, უკმაყოფილო მოქალაქეებს ავტობუსშივე გავესაუბრეთ.

_ რა გვეშველება? საერთოდ არ მგონია, რომ ამ ოზურგეთს და განსაკუთრებით აქაური თხილის მაფიას რაიმე ეშველოს. ეს საქმეა? იციან, ავტობუსი რა დროს მოდის და ამასაც კი საზღვრავენ ფასის დასაგდებად. წერეთ, რამდენიც გინდათ. ახალი მთავრობის იმედი გვქონდა და ესაა საქმე? მალე ლარზეც ჩამოწევენ კილოგრამი თხილის ფასს. მგონი, ივანიშვილმა ესენი მუქთად შედენა ჩვენს სათხილეებში. იტყვით ახლა, არ ჩააბაროთო, მაგრამ რა ვქნა, შვილო, როცა ათასი საჭიროება მეძახის ოჯახში, _ ერთმანეთს არ აცლიდნენ საუბარს გაბრაზებული ქალბატონები.

კონჭკათელი ფრიდონ აროშიძე ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს: _ მიშას ასი წელი არ მოვინატრებ, იმდენი სიგლახე ქნა, მაგრამ ის რომ გაპრეზიდენტდა, იმ წელს ექვსი ლარი ღირდა კილოგრამი თხილი. მერე გაუბურღეს ტვინი, ასე არ უნდაო, მიდრეკილებაც აღმოაჩნდა და გაასწრო ავ საქმეში წინამორბედებს. მოვედი გუშინ, 1 ლარი და 80 თეთრი ღირდა, დღეს კიდევ დაკლებულია. ამოიტანს ქალაქში კაცი, წვალობს, მერე უკან ვეღარ მიაქვს. ისე აქვთ თავს გასული, მალე მუქთად მოითხოვენ. ესაა საქმე?

გენადი ზაქარიაძის აზრით, ადგილზე, ქარხნები ადგენენ და ცვლიან ფასს: _ ახლახან ზვანის თხილის ქარხანაში გამოკრული იყო, რომ თხილს (ბერძნულა) 2,45 ლარად იბარებდნენ. შიგ შესულს გვითხრეს, 2 ლარი და 40 თეთრი ღირსო. წამოვიღეთ უკან. ზოგი იძულებული ხდება, არ წამოიღოს, _ ამბობს ის.

სოფელ ნაგომრის მკვიდრი ჯუმბერ კვასტიანი აღშფოთებას ვერ მალავს არსებული ვითარების გამო: _ ხალხს რომ სული ამოხადეს, ამას ვერ ხედავს ახალი ხელისუფლება? მადლობელი ვარ ივანიშვილის, მაგრამ როგორც საარჩევნოდ შეგვპირდა, თხილის საქმეს თუ არ მიხედა, აქ თავს ყოველთვის დაიძვრენენ. ნამეცადინები არიან, თითოეული დღე როგორ გამოიყენონ თხილის ფასის დასაგდებად. ვერ მოიფიქრებენ თუ? გვჭირდება სტაბილური ფასი, რომელიც მთავრობის გარეშე არ დადგინდება. რას ფიქრობს ივანიშვილი, ამ მაფიოზებს რომ შეგვატოვა ხელში? არ თქვათ ახლა, ბიზნესია და ვერ ეხებაო. ბიზნესი არაა ეს, ეს არის შავი მაფია, მტაცებლობა და მეტი არაფერი...

ჩოხატაურელ ზურაბ თოხაძეს ტირილს არაფერი უკლია: _ პარმაღში გამხმარი თხილი ჩამოვიტანე, ბაბუა და 1,70 ლარად ჩავაბარე. უნდა ვაჩუქო ამათ, ასე გამოდის. მიაწვდინე ხმა ივანიშვილს, მე ჩოხატაურიდან აქამდე ძლივს ჩამოვედი, ახლა ივანიშვილი თბილისში სად ვეძიო, ან ვინ მიმიშვებს, სცალია ჩემთვის?

ასკანის მკვიდრი მერაბ ნინიძე კატეგორიულია და ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენაში სასწრაფო დახმარებას გვთხოვს: _ გასკდა გული! ჩამოვიტან თხილს, დამხვდება დავარდნილი ფასი, წავიღებ უკან. კიდევ კარგი, მე მანქანა მყავს, მაგრამ ჩემმა საცოდავმა მეზობლებმა რა ჰქნან, ასკანაში რომ დღეში ორჯერ დადის ავტობუსი, 16 კილომეტრზე ჩამოტანილ თხილს, უკან როგორ წაიღებს? ასკანელი ძმების, ჩხაიძეების მამასთან მივედი და ვთხოვე, მიმაღწევინე ბიძინა ივანიშვილთან, ვკითხო, რა გვჭირს! მისი მოსვლით გვეშველებოდა, გვეგონა. ვის ხელში ჩაგვაგდო ჩვენი თხილიანად? ლამის თოფი ავიღო ხელში, ვინ ათამაშებს ამ თხილის ფასს ასე, სიკვდილს ეთამაშებიან? ვინმემ რატომ უნდა დაგვიკანონოს აქ ფასი და თავის ჭკუაზე ცვალოს? მოგვხედოს მთავრობამ!

ჩვენ დავუკავშირდით თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელს, ბეგი სიორიძეს, რომელმაც წიგნის წაუკითხაობაში დაგვდო ბრალი, განათლების მიღება გვირჩია და გვიყვირა, მეორედ არ დაგვერეკა მისთვის.

_ ბატონო ბეგი, თხილის ფასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. ოზურგეთში ცუდი მდგომარეობაა, საკმაოდ დაეცა ფასი და ხალხი უკმაყოფილოა.

_ დაეცა? დავარდნილია ფასი?

_ დიახ.

_ სად დაეცა ფასი? რა ღირს ერთი კილოგრამი თხილი?

_ თქვენ არ იცით, ბატონო ბეგი, რა ღირს თხილი? დღეს დაკლებულია ფასი.

_ გუშინ რა ღირდა?

_ არც ეს იცით? დღეს 2 ლარი და 20 თეთრი ღირს ბერძნულა, გულშიშველა კი 1 ლარი და 70 თეთრი... გუშინდელი ფასი 10 თეთრით მეტი იყო. უფრო ადრე კი, თითქმის, 40 თეთრით მეტი ღირდა. ხომ ვერ გვეტყვით, ხან ყოველდღე და ხან დღეში ორჯერ რატომ იკლებს თხილის ფასი?

_ არაფერი არ მერყეობს. ჩვენ გვაქვს სტაბილური ფასი _ 2 ლარი და 30 თეთრი.

_ ხალხი კი თხილის სწორედ სტაბილური ფასის დადგენას ითხოვს. ჩაწერილი მყავს მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ახლახან თქვენს ქარხანასთან გამოკრული იყო აბრა, რომ ერთი კილოგრამი თხილის ფასი, 2 ლარი და 45 თეთრი იყო, შიგ შემოსულს კი 2ლარი და 40 თეთრი შესთავაზეს. ახლა ამბობთ, რომ სტაბილური ფასი _ 2ლარი და 30 თეთრი გაქვთ. რატომ მერყეობს ასე თხილის ფასი?

_ ამის მიზეზი ბაზარია.

_ მსოფლიო ბაზარი, თურქული თუ ჩვენი _ ადგილობრივი?

_ მსოფლიო ბაზარიც და შესაბამისად, ადგილობრივი ბაზარიც.

_ თურქეთის ბაზარზე რა ხდება, როგორი ფასია?

_ ვერ გეტყვით, რა ხდება, არ ვიცი, დღეს იქ როგორი ფასია.

_ არც გუშინდელი ფასი იცით?

_ ვერც მაგას გეტყვით, არ ვიცი...

_ ხელშეკრულების დადების სურვილიც გამოთქვეს მოქალაქეებმა, თქვენთან თხილის ჩაბარების თაობაზე, თუმცა, უარი გითქვამთ.

_ რას მეუბნებით, რა ვალდებული ვარ?

_ სურვილის გამოთქმის უფლება არ აქვთ? ხომ შეიძლება, დაეხმაროთ ამ მხრივ?

_ სადაც უნდათ, იქ ჩააბარონ. ვინც არის ჩემი დამამზადებელი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი, იმას გავუფორმებ ხელშეკრულებას, ვისაც არ ვიცნობ, რატომ გავუფორმებ? ერთსა და იმავეს რატომ მეკითხებით ყოველ წელს,? ვერა და ვერ აგიხსენით, ხომ უნდა გაიგოთ?

_ ბატონო ბეგი, რატომ ყვირით, ფასის ცვალებადობაში თქვენ არანაირი წვლილი არ მიგიძღვით?

_ წიგნი წაიკითხეთ და გაიგებთ. იმიტომ იცვლება და ეცემა ფასი, რომ ბაზარი გაჯერებულია. წიგნი წაიკითხეთ, რა! წაიკითხეთ და გაიგებთ, რა ხდება, განათლება მიიღეთ და გაიგებთ.

_ რატომ ყვირით? დღეში რამდენჯერმე ფასის დავარდნა წიგნიერების გამოხატულებაა? საქართველოს არა ერთ სხვა ქალაქში ფასი უფრო მაღალია.

_ მაგას გერჩიოს, ხის ძირში რომ დამსხდარან, თხილს რომ იბარებენ და ფასებს აგდებენ, იმათ მიხედე.

_ იმათ ვკითხე და ხელს თქვენსკენ იშვერენ... და იმათ ზემოდან ქვემოთ რატომ ელაპარაკებით, ისინიც ხომ თქვენნაირი ადამიანები არიან?

_ არ არიან ჩემნაირები. მე 20 თეთრით მეტად ვიბარებ. გაგებაში არ ხარ, რაა! წიგნი წაიკითხე!

_ სახეზეა რეალური სურათი, ბატონო ბეგი, ამ წუთში წიგნის კითხვას, მირჩევნია, ვიკითხო თხილის ფასი. და კიდევ, ახლა ამ ჩანაწერს თუ ვინმე მოუსმენს, მაშინვე მიხვდება, ვის რა წიგნიერების ხარისხი აქვს, მაგრამ ეს არაა მთავარი, გამწარებული ხალხი სვამს კითხვას და მთავარი ესაა.

_ სულ არ მაინტერესებს, არ დამირეკოთ მეტი.

_ კარგად ბრძანდებოდეთ და ნუ ნერვიულობთ.

ბეგი სიორიძეს ტელეფონი ნამდვილად არ გაუთიშავს ჩვენთვის, თუმცა, დარეკვა აგვიკრძალა და წიგნებისკენ მიგვითითა... საინტერესოა, წიგნიერების რომელ დონეს შეეფარდება საწყალი ხალხისთვის დღეში სამჯერ, ნაცრის ნაცვლად, თვალში თხილის "ღენჭეპოს" (ნაჭუჭის) შეყრა, აქაოდა, ასე უფრო კარგად წამოგთხრით, ბევრს ვერაფერს დაინახავთ და ლაპარაკის თავიც აღარ გექნებათო?

და კიდევ _ ჩვენ თხილის სხვა მიმღები პუნქტების და ქარხნების მუშაობითაც დავინტერესდებით და ბეგი სიორიძეს კვლავ არა ერთხელ დავუსვამთ კითხვებს!

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"ფრიდომ ჰაუსის" გუშინდელ ანგარიშს პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ქუთაისობას და დღევანდელ
იმისათვის, რომ მთავრობა უფრო ეფექტური იყოს თავის საქმიანობაში, რა უნდა
ექსპერტთა ოთხეული: ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი აბაშიშვილი და ლევან
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე დღეს ახალი პოლიტსაბჭო უნდა აირჩიონ. "გურია ნიუსის"
გურიის ყოფილი მთავარი პოლიცმაისტერი, შემდეგ კი გორის პოლიციის სამმართველოს უფროსი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე 16:00