მთავარი თემა

ცინდელიანის საქმე _ "რომან შამათავამ და "მაიმუნამ" ტვირთმობმული დათო ზღვაში გადააგდეს"

ირმა მესხია  2013-10-22 20:02:54

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, მალხაზ მურღულია.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: "გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გახორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

კერძოდ, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას.

დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის გასახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ ,,ერ პე გე“-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან გახორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. 
აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. 
ტერორისტული აქტის გახორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი.

სასჯელი  ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას."

თუმცა, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ ისტორებიდან, რომელიც რომან შამათავას "მოღვაწეობას" უკავშირდება.

2008 წლის აგვისტო. დაკარგული 27 წლის რეინჯერი _ დავით ცინდელიანის საქმე

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. დღემდე მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის. უფრო სწორად, მათი გაუჩინარების შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს. უკვე 5 წელია სამართალდამცავი ორგანოები თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, ხაიში-ჭუბერის სატყეო მეურნეობის 27 წლის რეინჯერის, დავით ცინდელანის საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. ცინდელიანის ოჯახს შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს. ისინი აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს, რომან შამათავას დათოს მკვლელობაში დებენ ბრალს და მის დაკავებას ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.

2008 წლის 16 აგვისტოს, გაუჩინარებული დავით ცინდელიანის დედა თამარ  არღვლიანი, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას განცხადებით მიმართავს, სადაც იგი 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული შვილის  საქმის გამოძიებაში დახმარებას თხოვს. ოჯახმა დღემდე არ იცის, ვინ და რატომ დააკავა დავით ცინდელიანი.  მხოლოდ ის იციან, რომ უკანასკნელი ადამიანი, ვინ მათი შვილი ცოცხალი ნახა, კუდ-ის ყოფილი  უფროსი რომან შამათავაა.

"გურია ნიუსთან" ცინდელიანის ბიძა, ოთარ ვიბლიანი 5 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს: "ჭუბერში, დათოს სახლთან ახლოს,  უშიშროების სამსახური იყო დაბანაკებული. როდესაც  საბოლოოდ დავკარგეთ კოდორის ხეობა, დათომ იქ დაბანაკებულ უშიშროების თანამშრომლებს უსაყვედურა, მოსახლეობა მაინც გამოგეშვათ, თოფის გასროლის გარეშე ნებდებოდით, მერე წასულიყავითო. ამას ცხარე კამათი მოჰყვა, ამის მოწმეებიც არიან. ამის მერე, დათო აჰყავთ მოსმენაზე. ომის შემდეგ, ხომ გახსოვთ, ბორჯომის ხეობას ცეცხლი რომ წაუკიდეს? მთელი სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებულები იყვნენ ხანძრის ჩასაქრობად. იქ ჩვენებს ტანკები ჰყავდათ გადამალული. ეტყობა, დათომ ნახა. სწორედ ამ პერიოდში მას ურეკავს მეგობარი გოგო ბალტიისპირეთიდან. სავარაუდოდ, დათომ უთხრა, ტყეში ტანკები ვნახეთო. ეტყობა, მოსმენაზე რომ იყო, ეს სიტყვები ჩაუთვალეს სამშობლოს ღალატად. ამის შემდეგ, დათო ჩადის ჭუბერში და ქუთაისში იბარებენ  თათბირზე მას, მამამისს და ხაიში-ჭუბერის სატყეო მეურნეობის ყველა თანამშრომელს.

სვანეთიდან  მამა-შვილთან ერთად მოდიოდა სატყეო მეურნეობის დირექტორი გია ანსიანი, ნაწილი _ სხვა მანქანით წამოვიდა. ესენი კიდევ ერთ თანამშრომელს ელოდებოდნენ, მაგრამ ის არ გამოჩნდა. როგორც კი სვანეთიდან წამოვიდნენ, ანსიანს ყოველ ნახევარ საათში ურეკავდნენ;  ესენი სენაკში რომ ჩამოვიდნენ, ვინც პირველი მანქანით იყო წამოსული ქუთაისიდან, ისინი უკვე უკან ბრუნდებოდნენ. ქალაქ სენაკაში შეხვდნენ ერთმანეთს და ჰკითხეს, რა თათბირი იყოო. მათ უპასუხეს _ თათბირი არ იყო, ბლანკები შეგვავსებინეს და გამოგვიშვესო. მინდა აღვნიშნო, რომ თათბირი მოწვეული იყო მაშინდელი სატყეო დეპარტამენტის უფროსის _ ლაშა ჭკადუას მიერ და ამ სატელეფონო ზარებს ახორციელებდა მისი მოადგილე მამნიაშვილი.

როგორც კი შევიდნენ ქუთაისში, წინ სამი მანქანა გადაუდგათ და ეკითხებიან _ დავით ცინდელიანი რომელი ხართო. გადმოდის დათო, ტენიან მანქანაში და მიდიან. ერთადერთი, რაც მამამისმა მოახერხა, იკითხა, ვინ ხართ და სად მიდიხართო. მათ უთხრეს პოლიციის დეპარტამენტში გამოგვყევითო. ესენი ჩასხდნენ მანქანაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ მანქანის გასაღები არ იყო და ამიტომ სწრაფად ვერ გაყვნენ. მოგვიანებით  დაქოქეს მანქანა, მივიდნენ თათბირზე, თუმცა მისულებს ადრე ჩასული კოლეგების შევსებული ბლანკები იატაკზე დახვდათ დაყრილი. არანაირი თათბირი არ იყო. ადგილზე მხოლოდ ქუთაისის სატყეო მეურნეობის დირექტორი დახვდათ, რომელმაც დათოს ამბავი რომ გაიგო, იმ წუთშივე გამოიძახა პატრული. გადაკეტეს გზები, მაგრამ, არაფერი. იმ წუთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.   ეს არის ის რაც მოხდა."

როგორც ცინდელიანის ოჯახის წევრებმა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ დავით ცინდელიანი თბილისის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებსაც ქუთაისის სპეცრაზმი ეხმარებოდა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დათო თბილისში მიჰყავთ, ოღონდ შემოვლითი გზით, რადგან 2008 წლის 16 აგვისტოა, რუსები ისევ დგანან, გზები გადაკეტილია. როგორც გავიგეთ, როდესაც ბორჯომამდე მიაღწიეს, თბილისიდან უშიშროების თანამშრომლებს ურეკავს დათა ახალაია _ თბილისში ნუ წამოიყვანთ, უკან წაიყვანეთო. ზუსტად არ ვიცი, სად მოხდა დათოს გადაბარება, მაგრამ იგი  გადასცეს აფხაზეთის კუდ-ის უფროსს, ვინმე რომან შამათავას და წაიყვანეს სარფის მიმართულებით. იქ სადღაც ეკლესიის ნანგრევებია, აჩერებენ მანქანას, შამათავას გადმოჰყავს დავით ცინდელიანი, ურეკავს უცნობს და უთქვამს შეხვედრის ადგილს. საათნახევრის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ამის მერე, დავით ცინდელიანი აღარ არის," _ ამბობს დათო ცინდელიანის ბიძა.

ოთარ ვიბლიანისვე ინფორმაციით, თანამშრომლები, რომლებიც იქ  იყვნენ, აცხადებენ, რომ მათ  ვერც გაბედეს ეკითხათ შამათავასთვის _ რა ბედი ეწია დავით ცინდელიანს. ბოლო ადამიანი, ვისაც შეხება ჰქონდა ცოცხალ დავით ცინდელიანთან,  ეს არის რომან შამათავა. მოდით ამასაც ვიტყვი: გავიგეთ, რომ ვინმე "მაიმუნას" (გიორგი ჩიქოვანი) რომელმაც ბათუმში ვიღაცა მოკლა და  ახლა გაქცეულია,  ურეკავს რომან შამათავა. რომან შამათავას და "მაიმუნას" დათო აჰყავთ კატერზე, ერთი გასროლით კლავენ, აბამენ ტვირთს და აგდებენ ზღვაში.

_ საქმესთან დაკავშირებით თუ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს?

_ როდესაც შსს-ს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჟურნალისტებმა  კითხვა დაუსვეს დავით ცინდელიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გაიკვირვა, ეს ვინ არისო. ნახეთ ცინიზმი, შემდეგ აცხადებს, რომ თუ ვინმე ინფორმაციას მიაწვდის ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით, 10 000 ლარით დაჯილდოვდება. წინა მთავრობის ხელში, ამ საქმემ 6 გამომძიებელი გამოიცვალა.

_ რა ინფორმაცია უნდა სცოდნოდა რეინჯერ დავით ცინდელიანს, რის გამოც ასე გაწირეს იგი?

_  დათო უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი იყო. ისიც გავიგეთ, რომ დაჭერის დროს ცემეს. დაკითხვა მანქანაში მიდიოდა, როდესაც ბრალად სამშობლოს ღალატი წაუყენეს, ეს გაგიჟდა და წინააღმდეგობა გაუწია ამათ. ეს თვითონ თანამშრომლის მონაყოლიდან ვიცი. თან, ის არ აპატიეს, უშიშროების თანამშრომლებს რომ ეჩხუბა ჭუბერში. ისე იყო დემორალიზებული ჯარი, ფორმებს და ტყვია-წამალს გზაში ყრიდნენ, ტანსაცმელს იხდიდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამდნენ, რომ სამხედრო ფორმაში არ ყოფილიყვნენ და რუსებს არ გადაჰყროდნენ გზაში.

_ რომან შამათავა ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით თუ არის დაკითხული?

_ რომან შამათავა დაჭერილი იყო ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით და დათოს საქმეზეც დაკითხეს, თუმცა, სასამართლომ იგი გაათავისუფლა. იცით ზედამხედველი პროკურორი მილენა მითაიშვილი რას მეუბენება?_დუმილის უფლება გამოიყენა, ხომ არ ვაწამებდით და გამოუშვითო!

დაახლოებით ექვსი თვის წინ, არჩილ კბილაშვილსაც შევხვდი, მაგრამ ჯერჯერობით საქმის ძვრა არ არის. თეა წულუკიანსაც ვესაუბრე, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქმე. ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერია _ ყველამ ყველაფერი იცის. ამ საქმეში ბევრი ვინმეა დაკითხული.  აღიარეს, როგორ ჩაიყვანეს ბათუმში, როგორ წაიყვანა შამათავამ, ყველაფერი აღიარებული აქვთ და ჩვენება მიცემული.

გვეუბნებიან, ძალიან ცუდი ფაქტია, მკვდარი არ არის ნაპოვნიო. როცა მკვდარი არ არის ნაპოვნი,  საქმის დასრულება ძალიან ძნელი ყოფილა _ ეს მითხრა არჩილ კბილაშვილმა. გასაგებია, მაგრამ კაცი რომ გაუჩინარდა ეს არაფერია? როგორ დავუმტკიცოთ, რომ მოკლესო. რომან შამათავას თანამშრომლებს ჩვენება აქვთ მიცემული. რაც მოხდა ყველაფერი თქვეს, მაგრამ შამათავა რომ გამოუშვეს, მერე გადათქვეს. ეს ყველაფერი დათოს მამას წაკითხული აქვს.  აბა სად წავიდა დათო, 5 წელიწადი გავიდა?"

"გურია ნიუსი" ჩეხეთში მყოფ ქართველ ემიგრანტს გიორგი ალანიას დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ  სოციალური ქსელის მეშვეობით ანონიმურმა წყარომ მიაწოდა  ინფორმაცია დავით ცინდელიანის დაკავების, კატერზე აყვანის და მკვლელობის შესახებ. ალანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დავით ცინდელიანის საქმეზე წლებია მიმდინარეობს, იგი არც ერთხელ არ არის დაკითხული, გამოძიება ამ ინფორმაციით არც კი დაინტერესებულა.

"გურია ნიუსთან" დავით ცინდელიანის ოჯახი აცხადებს, რომ  ითხოვენ: სატყეო მეურნეობის ყოფილი უფროსის, ლაშა ჭკადუას, სატყეო მეურნეობის ყოფილი უფროსის მოადგილის, ბადრი მამნიაშვილის, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის უფროსის, რომან შამათავას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის სერგო უბილავას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის დავით ქორქიას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის ვლადიმერ აბსანძის, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის გია გვარამიას, აფხაზეთის ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის გენო გულბანის, იმერეთის კუდ-ის უფროსის კოტე არჩაიას, ქუთაისის სპეცნაზის თანამშრომლის ვახტანგ წაქაძის, აფხაზეთის კონტრდაზვერვის უფროსის ალექსანდრე ჩაჩავას და სატყეო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის კახა ტურავას დეტალურად დაკითხვას.

"გურია ნიუსი" იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმე და არის თუ არა ზემოჩამოთვლილი პირები დაკითხული გამოძიების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

"ეს თემა და  გამოძიების ეს საქმე წარმოებაში აქვს გენერალურ პროკურატურას. დეტალებთან დაკავშირებით მათ უნდა მიმართოთ," _ ასეთი იყო შსს-ს პრესსამსახურის პასუხი.

არის თუ არა რომან შამათავა დავით ცინდელიანის საქმესთან დაკავშირებით დაკითხული? რატომ არ დაინტერესდა გამოძიება ემიგრანტ გიორგი ალანიას ინფორმაციით?_ ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.

"ეს  არის საგამოძიებო მასალის მოთხოვნა. არ შეიძლება ამ ინფორმაციის გაცემა. გამოძიების დასრულებამდე კონკრეტულ საქმეზე კომენტარს არ გავაკეთებთ. ერთი, რაც შეგვიძლია გითხრათ, ისაა, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება ემიგრანტ გიორგი ალანიას დაკითხვას გეგმავს," _ ასეთია საქართველოს მთავარი პროკურატურის კომენტარი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ბიძინა ივანიშვილთან ჩვენი ინტერვიუ შეკვეთილში, მის რეზიდენციაში შედგა. "გურია ნიუსი"
ქალაქ ოზურგეთის ცენტრში გუშინ, საღამოს 7 საათზე ყაჩაღობა მოხდა.
"ერთ დროს ძალზე პოპულარული სიმღერა მახსენდება ახლა და დარწმუნებული ვარ,
წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში ლანჩხუთის ქუჩაზე მცხოვრები 24 წლის
ბათუმის მე-3 პენიტენციური დაწესებულების სამი მსჯავრდებული მედიას და სასჯელაღსრულების სამინისტროს
პრეზიდენტის ვეტოს მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი დაკომლექტების წესის მოსალოდნელი