მთავარი თემა

მოკლულის მამა პოლიციას მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს

ჟანა მეგრელიშვილი  2013-11-11 04:03:41

 

_ იცით, რა მშველის? ის, რომ მოკლული გოჩა მიწაში მართალი იწვეს, მიწაში მყოფი გამართლდეს და ყველამ გაიგოს, რა არაკაცურად მოკლეს, _ აცხადებს 5 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ღამის 11 საათზე საკუთარ სახლთან ჩაცხრილული გოჩა გუჯაბიძის მამა ვარდენ გუჯაბიძე.

ის "გურია ნიუსს" ექსკლუზიურად აწვდის გოჩას სავარაუდო მკვლელის შესახებ ინფორმაციას და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას ითხოვს.

 

"გურია ნიუსი" გოჩა გუჯაბიძის მკვლელობის შესახებ არა ერთხელ წერდა. მისი საზარელი მკვლელობიდან უკვე სამი თვე გავიდა და საქმე კვლავ გაუხსნელია. თუმცა, მკვლელობის ვერსიებზე საზოგადოება დაფარულად საუბრობს, დღეს კი მოკლულის მამა ვარდენ გუჯაბიძე "გურია ნიუსთან" ღიად ალაპარაკდა.

_ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ვისი დახმარების იმედიც მქონდა, იმათგან არაფერი არ გამოვიდა _ პოლიციას ვგულისხმობ. აქამდე მაჩუმებდნენ, სამი თვე გავიდა და ვხედავ, რომ არაფერი არ ჩანს _ ჩემი შვილის მკვლელები კვლავ ქუჩაში დათარეშობენ. მხოლოდ შს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი იბრძვის, თუმცა, მას ხელს უშლის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი შავიშვილი _ მე ვხედავ ამას.

_ რა გაძლევთ ამ განცხადების თქმის საფუძველს?

_ რაიონული პოლიციის უფროსი ირაკლი შავიშვილი, ჩემი შვილის უკანონოდ დაპატიმრების ჯგუფს ხელმძღვანელობდა 2011 წლის 19 მაისს, მაშინ, როცა მას ნარკოტიკი ჩაუდეს და ისე დააპატიმრეს. იქედან მოყოლებული ჰქონდა გოჩასთან პიროვნული დაპირისპირება. გოჩა 14 თებერვალს გათავისუფლდა ამნისტიით. ბანკში იყო მისული გოჩა და ჩემი დისშვილი. ამ დროს იქ შემთხვევით ყოფილა ირაკლი შავიშვილი. როგორც კი მან გოჩა დაინახა, დარეკა ტელეფონზე. სამ-ოთხ წუთში მოვიდა პატრული და გოჩა წაუყვანიათ პოლიციაში, უფროსი გიბარებსო და შეუყვანიათ შავიშვილთან. იგი შეეკითხა, როდის განთავისუფლდი და რას ფიქრობო. გოჩა უკითხავს, რას უნდა ვფიქრობდეო. რას და საქართველოს როდის დატოვებო. გაკვირვებულა გოჩა _ რატომ უნდა დავტოვო საქართველო, ტყუილად რომ დამიჭირეთ, დაავადმყოფებული ვარ, უნდა ვიმკურნალო, არსად არ ვაპირებ წასვლას, სახლში მოხუცები მყავს საპატრონოო. პოლიციის უფროსს უთქვამს, შენი საქმე შენ იცი, მაგრამ მე გაგაფრთხილე, რომ პრობლემები არ შეგექმნასო. გოჩამ ეს ამბავი სახლში მოყვა, მოუყვა ჩემს დისშვილსაც, რაღაცას მომიწყობენ უეჭველადო და მითხრა, მამა, შენ საოპერაციო ხარო, დავაჩქაროთ ოპერაცია და მერე წავალ, მეშინია, მართლა რამე არ მომიწყონო.

_ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილის მკვლელობაში პოლიცია ურევია და საქმის გახსნა მათ მიერ ხელოვნურად ჭიანურდება?

_ კი, პოლიცია მფარველობს ჩემი შვილის მკვლელს. ნამდვილად ასეა.

_ რატომ? ანუ თქვენ იმასაც აცხადებთ, რომ პოლიციამ იცის, ვინ არის თქვენი შვილის მკვლელი და ხელს აფარებს?

_ მე პოლიციაში მივეცი ჩვენება და დასაბუთებულად ავხსენი, ვის და რატომ შეეძლო მოეკლა ჩემი შვილი. არსებობენ მოწმეები, ერთ-ერთი მათ შორის მეც, თუ რას ჰყვებოდა სახლში ჩემი შვილი. არ მიჯერებენ. ეს არის ჩემი, გამწარებული მამის საფუძვლიანი ეჭვი: გოჩამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, ა. ა. (აქ ბატონი ვარდენი, იმ ადამიანის სახელს და გვარს ასახელებს, რომელმაც, მისი მტკიცებით გოჩა გუჯაბიძე მოკლა, თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით, ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ და ინიციალებიც შეცვლილია. რედ.) ხუთი დღეა, ჩამოსულია და სახლიდან არ გამოდისო. ასევე, ურევია მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ჩემი სოფლელი, რომელიც მეგზურად ჰყავდათ. გავიგე, ზუსტად სად იყო მანქანით გაჩერებული ხვარბეთის გზაზე ხიდთან. ახლა საქართველოში არ არის ჩემი შვილის მკვლელი, თუმცა, მაინც ვიპოვი და გავუსწორდები, _ აცხადებს ვარდენ გუჯაბიძე და სავარაუდო მკვლელობის მოკლე ისტორიის შესახებ ჰყვება:

_ ა. ა. ადრე ქურდული სამყაროს მიმდევარი იყო. საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად ჩაერთო "ნაცმოძრაობის" სასარგებლო მუშაობაში. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებასაც "დავერბოვკებული" ჰყავდა და ამუშავებდა, ასე ვთქვათ "ნასედკა" იყო. მე შემიძლია, მოგიყვანოთ ფაქტები, ა. ა. როგორ დადიოდა საპარლამენტო არჩევნებზე პატიმრების ოჯახებში და როგორ თხოვდა "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმების შეგროვებას. სამაგიეროდ, პატიმრების სახლში გამოშვებას ჰპირდებოდა და ეუბნებოდა მათი ოჯახების წვერებს, რომ პოლიციასთან შეთანხმებული იყო და თვითონ იყო ამ საქმის "ატვეჩაი". ასევე მუშაობდა ტაქსისტებთან _ ჰყავდა დაქირავებული სპეციალური ტაქსი, რომელსაც ამ ოჯახებში აგზავნიდა და აფრთხილებდა, რომ "5"-იანი შემოეხაზათ, თუ უნდოდათ, რომ მათი შვილები სახლში ციხიდან უვნებელი დაბრუნებულიყვნენ. რამდენიმე კაცი სახლში კი მიუვარდა იმის გამო, რომ ვერ შეასრულა მისი პირობა. ასე ატყუებდა ოჯახებს არჩევნების დროს.

ჩემი შვილი რომ გამოვიდა ციხიდან, დაუბარებია ა. ა. და კატეგორიულად დაუსვამს საკითხი, სადაც მე ვიქნები, იქ არ გამეკარო, პოლიციის "ნასედკა" ხარო. გაურჩევიათ საქმე, გაამტყუნეს ა. ა. და გააფრთხილეს, არაფერში არ ჩაერევი და ჩუმად იყავიო. ამის შემდეგ იბარებდა გოჩა თურმე ა.ა.-ს, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. თუმცა, მალე ისე მოკლეს გოჩა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ერთი კი მითხრა _ მამა, რასაც გეუბნებოდიო... პოლიცია ამბობს, დამამტკიცებელი ფაქტები არ გვაქვსო. ადგება ახლა ა. ა. და თვითონ იტყვის ამას? გოჩას ერთგული მეგობრების საშუალებით აუცილებლად დავადგენ სიმართლეს და ჩემი შვილის მკვლელებს თვითონ მე გავუსწორდები.

ყველას გააგებინეთ, რომ ვიცი, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი და პოლიცია დუმს. დამეხმარეთ სიმართლის დადგენაში. მე, მოხუც მამას მხოლოდ იმიტომ მინდა სიცოცხლე, რომ ჩემს შვილთან პირნათელი წავიდე საფლავში.

შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი შავიშვილი "გურია ნიუსთან" ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

_ ბატონო ირაკლი, გოჩა გუჯაბიძის მამა აღნიშნავს, რომ პოლიციამ იცის, ვინ არის მისი შვილის მკვლელი და ხელოვნურად აჭიანურებს ამ საქმის გახსნას.

_ ეს არ არის სიმართლე და კომენტარს ვერ გავაკეთებ მაგ საქმესთან დაკავშირებით!

_ ბატონო ირაკლი, გქონდათ თუ არა გოჩა გუჯაბიძესთან პიროვნული დაპირისპირება?

_ არანაირი და კომენტარს არ ვაკეთებ, _ გვითხრა შავიშვილმა.

ვარდენ გუჯაბიძის მიერ დასახელებული პიროვნება ა. ა., როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ამიტომ ჩვენ მის მეუღლეს დავუკავშირდით, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს კომენტარზე: _ არაფერი არ მაქვს ჩემს მეუღლეზე სათქმელი, მით უმეტეს, არანაირ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, არ გეწყინოთ, ვინ რას ამბობს, არ მაინტერესებს, დარწმუნებული ვარ რომ იგი მართალია, ეს ჭორები მეც მესმის. დავამთავრე თქვენთან საუბარი, ჩემი მეუღლე აქეთ არაა. ღმერთმა განსაჯოს მისი სიმართლე.

შსს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის და საქმე კვლავ ძიებაშია:

_ რომ ყოფილიყო სიახლე, გაიგებდით, _ გვითხრა ფერსაშვილმა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აპარატის საშტატო ნუსხის
საარჩევნო უბნები ჯერ არ გახსნილა, თუმცა ცნობილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანია I მსოფლიო ომის
წელს, ეროვნულ გამოცდებზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოთხმა კურსდამთავრებულმა სახელმწიფოსგან
"გურია ნიუსი" სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აქციას იწყებს. თუ ვინმეს