მთავარი თემა

გუბერნატორებად პოლიციის მაღალჩინოსნები ინიშნებიან?!

ნატო გოგელია  2013-11-20 12:43:21

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორების კანდიდატურებზე შეთანხმება მიღწეულია. როგორც გვითხრეს, ყველა მხარეში, ამ ეტაპზე, სუს-ის ან სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსები დაინიშნებიან. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც პრემიერის აპარატში და არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მაგდა პოპიაშვილის თქმით, ჯერ მთავრობა უნდა დამტკიცდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება გუბერნატორების კანდიდატურებზე მსჯელობა:

_ ჯერ მთავრობა არ არის დამტკიცებული და გუბერნატორების კანდიდატურაზე საუბარიც ნაადრევია, _ გვითხრა პოპიაშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია გურიის გუბერნატორად სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოჩა ფერსაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით მცდარია.

თავად ფერსაშვილი, "გურია ნიუსის" ჟურნალისტთან საუბრისას ამ თემაზე არ კომენტარს აკეთებს. ჩვენი წყარო კი ამტკიცებს, რომ ფერსაშვილის გუბერნატორობა უკვე გადაწყვეტილია.

ფერსაშვილის ერთ-ერთ ლობისტად ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ფერსაშვილს, სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე რეკომენდაცია ადიკო ივანიშვილმა გაუწია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ფერსაშვილი ივანიშვილს სახლში ეახლა და ის სქემა და მასში მონაწილე პირები გაუშიფრა, რომლითაც არჩევნების წინ, ადიკო ივანიშვილის ვაჟი, ემზარ ივანიშვილი გადაიღეს ქრთამის მიცემის დროს (შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 24 სექტემბერს გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ნაჩვენებია, ივანიშვილის ძმისშვილი როგორ სთხოვს ერთ-ერთ პოლიციელს, რომ გამოიტანოს ინფორმაცია და საჯაროდ დატოვოს სამსახური. ემზარ ივანიშვილზე მაშინ საქმე პოლიციელის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით აღიძრა).

წყარო ამტკიცებს, რომ ამ ინფორმაციისთვის ადიკო ივანიშვილმა ფერსაშვილი ჯერ სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაანიშნინა, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზეც გაუწია რეკომენდაცია. თავად ივანიშვილი ამ ინფორმაციას უარყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გოჩა ფერსაშვილის პოლიციური კარიერა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო. ქვემო ქართლელი ახალგაზრდა ირაკლი ოქრუაშვილის კადრად სახელდებოდა და ამბობდნენ, რომ "ოქროს ბიჭის" გავლენით, მაღალ თანამდებობაზე 2007 წელს უნდა დანიშნულიყო, თუმცა, მოვლენები მის სასიკეთოდ არ განვითარდა და ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა. შესაბამისად, ფერსაშვილიც "უპატრონოდ" დარჩა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დიდხანს _ არა. როგორც გვითხრეს, მან "პატრონის მონახვა" ადვილად მოახერხა და სამაშველო სამსახურიდან, ტრასის პატრულის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი პოლიციური კარიერის აღმასვლა.

ფერსაშვილის დაწინაურებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, ბესო გელენიძეს. თუმცა, როგორც გვითხრეს, მანამდე ფერსაშვილმა სერიოზული გამოცდა ჩააბარა. უფრო დაზუსტებით კი, სწორედ გოჩა ფერსაშვილს დაევალა დამატებითი ძალების ჩაყვანა 7 ნოემბრის აქციაზე. ამასთან ერთად, ფერსაშვილს და მის რაზმს ოზურგეთელი ოპოზიციონერებისთვის "ჭკუის სწავლებაც" დაავალეს. "ჭკუანასწავლებს" შორის კი, როგორც წყარო ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი კოტე შარაშინიძეც იყო.

_ აქციაზე ჩემი მანქანით მივდიოდი. მაშინ პოლიციის სამმართველო რუსთაველის ქუჩის ბოლოში იყო. დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ პოლიცია მითვალთვალებდა. სამმართველოს გადასახვევთან გავაჩერე მანქანა და შემოვლითი გზით, ფეხით წავედი. როგორც მოგვიანებით მითხრეს, დიდხანს მითვალთვალებდნენ და რომ არ გამოვედი, მანქანა სრულად დალეწეს, _ იხსენებს ჩვენთან საუბრისას შარაშენიძე.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ დამნაშავეების ვინაობა მისთვის უცნობია, თუმცა, აღნიშნავს, რომ დალეწილ მანქანაში მეორე დღეს "დუბინკა" იპოვეს: _ როგორც მოგვიანებით მითხრეს, მეორე დღეს პოლიციელები მისულან იმ ოჯახში, სადაც ჩემი მანქანა ეყენა და "დუბინკა" მოუთხოვიათ _ ბალანსზე გვაწერია და უნდა წავიღოთო, _ დასძინა შარაშენიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა ამ საქმის გამოძიებას აზრი არ აქვს.

შარაშენიძისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც 7 ნოემბრის აქციების დროს თბილისში იმყოფებოდნენ და პოლიციელთა "დუბინკების" სიმწარე საკუთარ მხრებზე იწვნიეს.

ოზურგეთელი ოპოზიციონერი, ლელა ნაცვალაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას 2007 წლის 7 ნოემბრის პერიოდს ასე იხსენებს:

_ პოლიციელებს ნამდვილად არ ვიცნობ და კონკრეტული გვარ-სახელებით არ შემიძლია ჩამოგითვალოთ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ 7 ნოემბერს თბილისში იყვნენ. ისიც კარგად მახსოვს, როგორ აჩერებდნენ თბილისში წასასვლელ მიკროავტობუსებს, როგორ მიჰყავდათ მძღოლები დაკითხვაზე. არ შეიძლება ეს ყველაფერი დაგავიწყდეს, _ აღნიშნავს ნაცვალაძე.

მისივე თქმით, გურული პოლიციელები 21 მაისს, აჭარის აქციებზეც მრავლად იყვნენ და თბილისში, 26 მაისის სისხლიან დღესაც.

_ ყველა პოლიციელს კარგად ვიცნობ. მახსოვს, 7 ნოემბერს, გამთენიისას, ორი ავტობუსი შემოვიდა რუსთაველზე. ორივეში გურული პოლიციელები ისხდნენ. უმრავლესობას ნიღაბი არ ეკეთა. მათ შორის იყო გოჩა ფერსაშვილიც. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მიიღეს თუ არა ამ ადამიანებმა ხალხის ცემასა და დასახიჩრებაში მონაწილეობა, მაგრამ იქ რომ იყვნენ, საკუთარი თვალით ვნახე. იმ მოვლენებიდან გამომდინარე კი, რაც იმ დღეს თბილისში განვითარდა, სულაც არ არის იმის ვარაუდი რთული, რომ გურულებიც ისე მხეცებივით დარეულიყვნენ აქციის მონაწილეებს, როგორც სხვები, _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის დროს სცემეს კიდეც.

ის, რომ ფერსაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი გამორჩეული კადრი იყო, მისი კარიერაც მოწმობს _ სწორედ 7 ნოემბრის აქციების შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა, თუმცა კითხვაზე _ რა კავშირებით მოახერხა ახალ ხელისუფლებაში სამმართველოს უფროსად გახდომა, დაზუსტებული პასუხი არავის აქვს.

ფერსაშვილს ამ თემებზე დეტალურად ამ დრომდე არ უსაუბრია. ამბობს, რომ არ იცის, იღებდა თუ არა მონაწილეობას 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების დარბევაში. არც ის იცის, ჰყავდა თუ არა შექმნილი ე. წ. "სპეცრაზმი", რომელიც ოპოზიციონერებს დასდევდა და არც ის, ვისი ლობირების დამსახურებაა, რომ არჩევნების შემდეგ (აღსანიშნავია, რომ ფერსაშვილი ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალების" გასამარჯვებლად ძალებს არ ზოგავდა) სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნატა ასათიანი
გამოცემა „USA Today“-ის მტკიცებით, აშშ-შის მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსალოდნელი ბირთვული
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მიმდინარე კვირის ორშაბათ დილით
"მე არანაირი პრეტენზია არ მქონია არც გმირობის, არც თავის გამოჩენის;
"გუ­რუ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად საკ­მა­ოდ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი და მა­ღა­ლი ანა­ლი­ზის უნა­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ხალ­ხი­ა. სა­დაც
დღეს, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პროექტის ფარგლებში "საქართველოს