პოლიტიკა

რომელ პარტიას ეკუთვნი...

გიორგი გირკელიძე   2010-11-25 18:58:05

თვითმმართველობის  არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურ პარტიებში რეორგანიზაცია დაიწყო. “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები ერთი პარტიიდან მეორეში გადადიან. მაგალითად, “რესპუბლიკური პარტია” ოზურგეთში ოთხმა ადამიანმა დატოვა და ოთხივე “თავისუფალ დემოკრატებში” გადავიდა. ორივე პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამ ინფორმაციას ადასტურებენ.მაგალითად, “რესპუბლიკური პარტია” ოზურგეთში ოთხმა ადამიანმა დატოვა და ოთხივე “თავისუფალ დემოკრატებში” გადავიდა. ორივე პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამ ინფორმაციას ადასტურებენ.
“თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ სალუქვაძე ამბობს, რომ დიალოგი “გადაბირების” თაობაზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან არ აქვს:
_ არ მიმაჩნია სწორ საქციელად ვინმესთან გადაბირებაზე საუბარიც კი. ჩვენს პარტიას, როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებს, გააჩნია საკადრო პოლიტიკა, აქვს თავისი მოთხოვნები, პარტიაში შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით, სწავლობს ადამიანებს და ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება გვაქვს საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც მინდა აღვნიშნო, თუ ადამიანი რომელიმე პარტიის წევრი იყო, მაგრამ თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებით გამოირჩევა და მან გააკეთა თავისუფალი არჩევანი და მისი მსოფლმხედველობა ჩვენ მსოფლმხედველობას ემთხვევა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, იგი მივიღოთ.
_ შეგიძლიათ, დაასახელოთ ის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს კონკრეტული პარტია და თქვენთან გადმოვიდნენ?
_ მაგალითად, ვლადიმერ პეშკოვი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა. არჩევნების პერიოდი ერთად გავიარეთ. ასევე შემიძლია მეორე, მესამე დავასახელო, მაგრამ... თქვენ, ჟურნალისტებს, ყველა ინფორმაცია ერთად გინდათ. ბატონ ირაკლი ალასანიას არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ ვებრძვით მონსტრს, რასაც ნაციონალური მოძრაობა თუ ნაციონალური უბედურება ჰქვია, მაგრამ ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურებშიც ძალიან ბევრია პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ სასიკეთო საქმეების კეთება. ამიტომაც ჩვენ კასტებად არ ვყოფთ ადამიანებს, არ უნდა დავემსგავსოთ იმათ, ვისაც ვებრძვით _ ჩვენ სამართლიანი საქართველოს მშენებლობა გვინდა.
“რესპუბლიკური პარტიის” გურიის რეგიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტიფო მიქატაძის თქმით, ბოლო არჩევნების შემდეგ, პარტია ოთხმა წევრმა დატოვა:
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავად ჩვენ გავრიცხეთ 70 წევრი პარტიიდან, ბოლო დანაკლისი უმნიშვნელოა, მაგრამ აქ მხოლოდ ციფრებში არ არის საქმე: მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გურია ყველაზე ოპოზიციურ რეგიონად წარმოჩინდა, მისი დასჯა გარდაუვალი იყო. აკი საპარლამენტო არჩევნებისას ჩამოაყენეს კიდეც “ეგზეკუცია” რამაზ ნიკოლაიშვილის სახით. დაიწყო აღვირახსნილი ნადირობა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე. შედეგად, ნაწილს აიძულეს გაჩერებულიყო და დამალულიყო, ნაწილს კი ხელისუფლების სასარგებლოდ ემუშავა. ეს ადამიანები არჩევნების შემდეგ ჩვენ გავრიცხეთ პარტიიდან.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩვენს მიერ გარიცხული წევრების სახით უმეტესად “ფიზიკურ” დანაკარგებთან გვქონდა საქმე და იგი ძირითადად ხელისუფლებამ წაიღო.
ბოლო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგადაც მივიღეთ დანაკარგი, მაგრამ არა იმდენად “ფიზიკური”, რამდენადაც, მე ვიტყოდი, ფსიქოლოგიური _ ამჯერად “დამნაშავეები”, ირაკლი ალასანია და მისი პარტია “თავისუფალი დემოკრატები” აღმოჩნდნენ.
“რესპუბლიკელებმა” და “მემარჯვენეებმა” როცა ალასანიასთან გაერთიანება გავაფორმეთ და იგი ლიდერად ვაქციეთ, არ იყო განსაზღვრული მის მიერ თავისი დამოუკიდებელი პარტიის შექმნა. ყველამ კარგად იცის, რომ ავტორიტარული რეჟიმების დროს ოპოზიციური რესურსები განსაკუთრებულად ცოტა და მწირია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლად შექმნილ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ნებსით თუ უნებლიეთ, უწევს არა სახელისუფლო რესურსების მოზიდვა, რომელსაც ვერანაირად ვერ ახერხებს, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების “მოხიბლვა” და უპირველეს ყოვლისა, კი “შეფერილობით”, იდეოლოგითა და სხვა სტანდარტებით მსგავსი ოპოზიციური პარტიების რესურსებზე “ნადირობა.”
ლიდერმა ალასანიამ კარზე მომდგარი არჩევნების წინ, მოინდომა რა საკუთარი პარტიის შექმნა, ანალოგიური საფრთხე გაჩნდა მისი პარტნიორების წინაშეც ანუ ჩვენთვისაც. მან არჩევნებისას მაქსიმალურად გამოიყენა “რესპუბლიკელებისა” და “მემარჯვენეების” ყველა რესურსი, არჩევნების დასრულებისა და ალიანსის დაშლის (რომლის შენარჩუნებაზე რბილად, რომ ვთქვათ, ნაკლებად იზრუნა) შემდეგ კი, ფაქტიობრივად, ჩვენს პოლიტიკურ მოედანზე აღმოჩნდა “გამაგრებული” და ამ სეგმენტზე კონკურენტად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად გვქონდა გათვიცნობიერებული პარტიის წინაშე წარმოშობილი ზემოთქმული ახალი საფრთხეები, არ მივატოვეთ ალიანსი, საარჩევნო ბრძოლაში კეთილსინდისიერად ჩავდეთ ყველაფერი და ბოლომდე შევეცადეთ მის შენარჩუნებას. ალიანსის დაშლა არჩევნების წინ ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის, ზოგადი პოლიტიკური პროცესებისთვის, რადგან მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებულები ვართ, რომ ხელისუფლების ალტერნატივის შექმნის პროექტი უნდა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის.
ახალგაზრდა, ამბიციურ ლიდერს პოლიტიკური თვითგადარჩენის ბუნებრივი ინსტინქტი აიძულებს ჩვენი პარტიის რესურსებზე “ნადირობას”. მეტიც, ამ გადასახედიდან ვიხსენებ რა ჩვენი, ორი პარტიის საარჩევნო თანაცხოვრების დეტალებს, სულ უფრო ცხადი ხდება ასეთი შტრიხების არსებობა “თავისუფალი დემოკრატების” მოქმედებებში დაფუძნებისდღიდანვე, რაც ზოგჯერ დაუფარავი, არაეთიკური ფორმითაც ხორციელდებოდა.
ასე რომ, ვინც ამტკიცებს, რომ არ ცდილობს ჩვენი რესურსების “მოხიბლვას,” იგი ან ცრუობს ან ჯეროვნად ვერ ასრულებს პარტიულ დავალებებსა და მოვალეობებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ალასანია ცდილობს შეინარჩუნოს და განიმტკიცოს პოზიციები _ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა, ტელევიზიებში მისი გაცილებით და შეუდარებლად მეტად წარმოჩინება არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შედარებით და კიდევ ბევრი სხვა მომენტები საზოგადოებაში აჩენს მოლოდინს მისი პოლიტიკური ზრდისა და გაძლიერების პერსპექტივის შესახებ. ეს, ბუნებრივია, ოპოზიციურ ელექტორატში და მის შედარებით აქტიურ, “მოძრავ” ნაწილში ბადებს სურვილს, თავისი პოლიტიკური ამბიციები ახალგაზრდა ლიდერს დაუკავშირონ, რაც იწვევს გარკვეული რესურსების გადადინებას “თავისუფალ დემოკრატებში”. ეს პროცესი მიმდინარეობს ამ უკანასკნელთა მხრიდან სხვა პარტიული რესურსების მოზიდვის ზემოთ ხსენებული პროცესის პარალელურად.
_ ბატონო ტიფო, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, როცა ხალხი ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადადიან?
_ თუნდაც ერთი წევრის წასვლა პარტიიდან, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია სუფთა ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით და იმითაც, რომ ინტელექტი, გამოცდილება, ინფორმაცია სხვა ორგანიზაციის სამსახურში გადადის. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ხელს უწყობს პარტიის მეტად “დაწმენდას”. ამ დროს, პარტიის ცნობადობის და იდენტობის ამაღლებისკენ სწორად, ზუსტად გადადგმული ნაბიჯები, პირიქით, შეიძლება მხარდამჭერთა ზრდის და პარტიის გაძლიერების საწინდარი გახდეს.


 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და თურქული კომპანიის Anadulo Group-ი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესში "ძალიან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გოკა გაბაშვილის თქმით, პარტიაში იმ სამოქმედო
საპარლამენტო უმცირესობა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებს, რომლის თანახმად
ბათუმი  "დიპლომატიური  ტური  2015"-ის  ფარგლებში  22  არარეზიდენტ  ელჩს  მასპინძლობს.  ბათუმში 
ასეთი განკარგულება გასცა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი კალანდაძესთან შეხვედრისას, რომელსაც განუცხადა,