სპორტი

კრუიფი მინიშნებებს აკეთებს

ირაკლი თოთაძე   2010-11-25 18:59:59

ქართული ფეხბურთის ყოფილი მესაჭე და ამჟამად ჰოლანდიური “ვიტესის” მფლობელი მერაბ ჟორდანია ნამდვილად აღარ ხუმრობს.  მართალია, ახალ კლუბში საქმეები ისე ვერ აეწყო, როგორც ამას ქართველი მეპატრონე ვარაუდობდა, თუმცა, ჟორდანია სულ უფრო და უფრო გავლენიანი ფიგურა ხდება მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში.
მის დასტურია მისი შეხვედრა ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფთან. ასეთი ლეგენდები რომ ყველას არ ხვდებიან და მით უფრო, რჩევებს არ აძლევენ, ფაქტია. გურული წარმომავლობის ჟორდანია ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერთან მეგობრობს, ძმაკაცობს უეფას თავკაც მიშელ პლატინისთან და “ჩელსის” მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან, მაგრამ სულ სხვაა საფეხბურთო მოხელეებთან მაინც სამსახურებრივი და საქმიანი მეგობრობა და სხვაა, როცა ფეხბურთის ლეგენდა შენთან შესახვედრად დროს გამონახავს.
თითქმის გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალები სპორტულმა მედიამ მაინც შეიტყო, ქართული ვერსია კი წორლდსპორტ.ცომ-მა შემოგვთავაზა: იოჰან კრუიფმა ჰოლანდიის “ვიტესის” მეპატრონე მერაბ ჟორდანიასთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ უარყო, რომ ჰოლანდიური გუნდის მთავარ მწვრთნელად ალბერტ ფერერის, ხოლო მის თანაშემწედ სტენლი მენცოს დანიშვნაში, რაიმე წვლილი მიუძღვის: _ მართალია, რომ მერაბ ჟორდანიას შევხვდი. მან გამაოცა ინფორმაციით, რომ კლუბში მწვრთნელებად ალბერტ ფერერი და სტენლი მენცო მიიყვანა. ორივე მათგანი ჩემთან თამაშობდა _ “ბარსელონასა” და “აიაქსში”. თუმცა, მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ ფერერისა და მენცოს დანიშვნაში არავითარი როლი არ მითამაშია, _ კრუიფის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა Dე თელეგრააფი-ი ციტირებს.
ლეგენდარული ჰოლანდიელის თქმით, ჟორდანიას ძალიან მოსწონს, თუ როგორ უდგებიან საქმეს საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში”, მაგრამ კარგად ესმის, რომ ერთ დღეში ამის მიღწევა შეუძლებელია. ამასთანავე, კრუიფმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით, “ვიტესთან” მისი ურთიერთობა მხოლოდ გარკვეული რეკომენდაციებით შეიძლება შემოიფარგლოს. გარდა ამისა, “ბარსელონას” ექსთავკაცის თქმით, მას შეუძლია, გარკვეული რჩევებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც დაეხმაროს. კრუიფის განცხადებით, თუ მასსა და ჟორდანიას შორის სერიოზული თანამშრომლობა შედგება, არ გამორიცხავს, “ვიტესის” მეპატრონეს დროდადრო რჩევები მისცეს.
რას ნიშნავს ჰოლანდიელი ლეგენდის კომენტარი, რომ ფეხბურთის ფედერაციასაც დაეხმარება რჩევებით? ხომ არ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია მერაბ ჟორდანიამ და ხომ არ აპირებს იგი ქართული ფეხბურთის მესაჭედ დაბრუნებას? სხვა შემთხვევაში კრუიფის სიტყვები, რომ ფედერაციასაც დაეხმარება, გაუგებარია _ იგი ხომ ჰოლანდიური კლუბის მფლობელს ესაუბრა და არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს? თუ ჟორდანია ქართულ ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს, იოჰან კრუიფის სახით მას ჩინებული პიარი გაუკეთდება. როგორი საქმეა, როცა დიდი იოჰანი სანაკრებო დონეზე კონსულტაციებს გაგიწევს? მაშინ, როცა არავისთვის დამალული არაა და დღეს ამაზე ყველა საუბრობს, რომ კრუიფის სტილზეა მოწყობილი მსოფლიოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი “ბარსელონა”. აშკარაა, ჟორდანია მომავალი წლის შუაში დაგეგმილ არჩევნებს უმიზნებს და ამისთვის ის ბევრ ცნობილ სახეს დაიხმარს.
ეს კი სფფ-ის ყოფილ თავკაცს აუცილებლად სჭირდება, რადგან “ვარდოსნებმა” იგი ორჯერ დააკავეს, რაც პოსტის დატოვებად დაუჯდა და მართალია, ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან მოაგვარა ურთიერთობა, პიარსდაჩვეულ “ვარდოსნებს” “დამატებითი აქციები” სჭირდებათ, ჟორდანიას რეაბილიტაცია რომ დაუშვან.
რატომ უნდა აიტკიოს თავი ჟორდანიამ და ჰოლანდიიდან ისევ იმ საქართველოში დაბრუნდეს, სადაც მას ტრანსფერების ფულთან, იარაღთან და ასეთ თემებთან აკავშირებენ? საქმე იმაშია, რომ ჟორდანია სჭირდება უეფას პრეზიდენტ პლატინის. ქართველს ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დაკავების შანსი ისევ ექნება, ფიფა-უეფას გეგმებში კი ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად გაკონტროლებაა. ამ საქმეში კი ბლატერი-პლატინის ტანდემი ჟორდანიაზე უკეთეს კადრს, უბრალოდ, ვერ ინატრებს! თან 21 მარტს უეფას პრეზიდენტის არჩევნებია. მართალია, იმ დროისთვის ჟორდანია სფფ-ის თავკაცი ვერაფრით გახდება, მაგრამ საბჭოთა სივრცეში დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. სფფ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ უკვე დააფიქსირა, რომ მხარს პლატინის დაუჭერს.
თუ ჟორდანია ნამდვილად ჩაერთო ქართული ფეხბურთის საარჩევნო მარათონში, აშკარად გამოჩნდება, რომ “ვიტესში” მისი მისვლაც პიარს ემსახურებოდა. დღემდე არ წყდება ხმები იმის შესახებ, რომ რეალურად ჰოლანდიური კლუბის მფლობელი რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩია _ სავარაუდოდ, ჟორდანიამ მისი ფულით იყიდა “ვიტესი”.
ამის პარალელურად, ჩვენთვის ცნობილი ხდება ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ჟორდანიამ ბალტიისპირეთში კლუბი ან უკვე შეიძინა, ან უახლოეს პერიოდში იყიდის. ამ ვერსიას ჟორდანიასთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, მაგრამ იმის გამო, რომ ერთ ადამიანს ორი კლუბის ყოლის უფლება არ აქვს, ოფიციალურად არასდროს დადასტურდება, რომ ბალტიისპირული კლუბი ჟორდანიას საკუთრებაა. ჩვენებურის გუნდის (ამ გუნდში ქართველებზე უფრო აბრამოვიჩს მოიაზრებენ) ინტერესი საქართველოცაა _ ჟორდანია არ მალავდა, რომ “დინამოს” დაბრუნება სურდა. თუ ეს ვარიანტი ჩაეშალა, დიდი ალბათობით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ “გურიას” საკითხი დადგება დღის წესრიგში. აქ მთავარი მომენტი იქნება ტრადიციები, სახელი და გრიგოლეთის ბაზა.
მოკლედ, მალე გამოჩნდება, რეალურად რა არის ყველაზე გავლენიანი ქართველი საფეხბურთო მოხელის ინტერესი _ კლუბების შეძენა თუ ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მობრუნება. ბოლო ვარიანტი გურული ფეხბურთისთვის დადებითი იქნება, თუმცა, უფრო “გურიისთვის”, რადგან ოზურგეთთან მიმართებაში იგი ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდა. ყველაზე ხმაურიანი იყო მისი განცხადება: გურიის საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთია და რეგიონული ფედერაციის ოფისი აქ დარჩებაო. ამის გამო ოზურგეთმა არჩევნებში ხმა არ მისცა ჟორდანიას, იმავე სეზონში კი “მერცხალი” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, რაშიც ჟორდანიას გავლენიანი ხელი დაინახეს.
_ ვერაფერს გეტყვით. არ მგონია, მერაბი საქართველოში დაბრუნდეს, მით უმეტეს, როგორც ვიცი, იგი ჰოლანდიაში შვილებთან ერთად გადავიდა და იქ ცხოვრობს. თუ მის გვერდით მყოფ მართლაც გავლენიან მეგობრებს მისი პრეზიდენტობა სჭირდებათ _ მხოლოდ მაგ შემთხვევაში თუ ჩამოვა მერაბი. თქმა არ უნდა, თუ მისი გუნდი ქართული კლუბით დაინტერესდება, იგი “გურიას” შესთავაზებს. მერაბი ნამდვილად იმსახურებს წარმატებებს, კარგი ადამიანია! გავლენიანი რომ არის, მე ამას 2003 წლის საპრლამენტო არჩევნების დროს ვხვდებოდი _ ბლატერი, პლატინი და კოლოსკოვი ყველას არ ურეკავენ ლამის ყოველდღე და ეს რომ ასე იყო, ამის მოწმე საარჩევნო შტაბის ყველა წევრია, _ გვითხრა ჟორდანიასთან დაახლოებულმა გურულმა საფეხბურთო მოხელემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი, „ოკლაჰომა სიტის” მოთამაშე კევინ დიურანტი
რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც იქნა, "ევგრაფ შევარდნაძის" სახელობის სტადიონზე მოსულმა ფეხბურთის ქომაგმა კარის
ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ყურადღებას რეგიონალური
იტალიური სპორტული მასმედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ მილანის "ინტერის" მთავარმა
ლევან მჭედლიძემ 17 იანვარს "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა "ინტერის"