სამართალი

მიწის ნაკვეთისთვის მებრძოლი ოჯახის წევრი დააკავეს

  2010-11-25 19:00:35

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში 19 წლის გიორგი ცხომელიძე დააკავეს. ის კოოპერატივ ~ჯაპან მოდელის~ მიწის ნაკვეთისთვის მებრძოლი გივი ცხომელიძის შვილიშვილია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ სოფელში გიორგის დაკავებას. ჯაპანელებმა ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ მისი დამნაშავეობის არ სჯერათ.
რა ხდებოდა მანამდე
მოკლედ გაგახსენებთ წინა ისტორიას: ზუსტად ერთი წლის წინ, სოფელ ჯაპანაში იაპონელთა დახმარებით გახსნილი საწარმო, ~ნაციონალური საწარმოების~ მსგავსად, დახურულია და დღეს მის ეზოში ბალახი ~ბიბინებს~. ამის შესახებ უკვე ვწერდით. ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, საწარმო არ ამუშავებულა, ყოველ შემთხვევაში, მისგან ხეირი ჯაპანელებს არ უნახავთ. როგორც ცნობილია, 2007 წელს, ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი, იაპონიის მაშინდელი ელჩი, მიცუჰირო კონო ტრაფარეტზე წარწერით ~ჟAPANA~ დაინტერესდა და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, დახმარების ხელი გაეწოდებინა ~იაპონური სახელის~ მქონე სოფლისთვის. სოფელთან იაპონიის მთავრობა ~საქართველოს მთიანეთის ფედერაციამ" დააკავშირა. ეს ორგანიზაცია დაეხმარა ჯაპანელებს პროექტის შედგენაში, წარდგენასა და დამტკიცებაში. გასულ წელს ჯაპანის ფერმერულ კოოპერატივში ~ჯეპენ მოდელი~ ცხოველთა კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი საწარმო ~გაიხსნა~, რომლის წარმადობა საათში 100-130 კგ. უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
ქარხნის გახსნა სკანდალის ფონზე მოხდა: ჯაპანელი გივი ცხომელიძე ლამის იყო იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას ფიზიკურად შეეხო _ ელჩისკენ მიმავალი აღშფოთებული ადგილობრივი მოსახლე შეაკავეს, თორემ ქვეყანა დიდ სკანდალში აღმოჩნდებოდა. ~ჩემი ქალიშვილი დააკავეს, არ შევარჩენ ამას მაგათ, მერაბიშვილს ჩამოვიყვან აქ! ყველა საბუთი მაქვს ხელთ _ ეს ტერიტორია და შენობა ჩემია, დაიწვა და ამათ წამართვეს. იაპონელებმა ფული ხომ გადმორიცხეს? რა მოხდებოდა საწარმო გვერდით აეშენებინათ და არა ჩემს ნაკვეთზე?! მოვითხოვ 50 ათასი დოლარი გადამიხადონ. არ დავთმობ, დავანგრევ აქაურობას,~ _ ემოციებს ვერ იკავებდა მაშინ გივი ცხომელიძე. მის დამშვიდებას ამაოდ ელოდნენ, ელჩი და მისი წარმომადგენლები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ცხომელიძე კომპენსაციის მიღებისთვის დღემდე იბრძვის.
რატომ შეჩერდა პროექტი?
როგორც ვთქვით, სოფელ ჯაპანაში გახსნილი საწარმო დახურულია და დღეს მის ეზოში ~ყრალა-ყრალა ბალახი ბიბინებს~.
_ არა, ნამდვილად არ მოხდება პროქტების გაჩერება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში და თანაც, სრულიად ტყუილად. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს და თანხას გადავცემთ არასამთავრობო ორგანიზაციას, სამთავრობო ორგანიზაციას, სკოლას და ა.შ. ჩვენი ვალდებულება არ არის იმის გარკვევა, ვისი საკუთრებაა მიწა და ა.შ. ამის გამო პროექტების შეჩერება გამორიცხულია. ჩვენ დავაფინანსეთ პროექტი, რომლის უზრუნველყოფა არასამთავრობო ორგანიზაციის პრეროგატივა იყო. კიდევ ვიმეორებ, საელჩო არაფერ შუაშია! _ ეს საელჩოს შესაბამისი სამსახურის იმ დროს გაკეთებული კომენტარია.
ერთი წლის შემდეგ კი ამგვარი კომენტარი მივიღეთ: _ იცით, ეს არ გახლავთ ჩემი კომპეტენცია, ჯობს საელჩოს შეეხმიანოთ. როგორც ვიცი, პროექტი გაგრძელდება, თუმცა ჩემი ეს პასუხი ვერ იქნება კომპეტენტური. თქვენ თუ მაშინ იქ იყავით, გემახსოვრებათ ჩემი დამოკიდებულება _ იქ რაც მოხდა, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო; რბილად რომ ვთქვა, ყველაფერი არ იყო წესრიგში... დღევანდელ სიტუაციაზე კი არ ვფლობ ზუსტ ინფორმაციას, ჩემს კომპეტენციას სცილდება, _ გვითხრა საელჩოს დახმარების პროგრამების მენეჯერმა, ზვიად ავალიანმა.
როგორც ჩანს, პროექტის შეჩერებაში იმანაც შეიტანა წვლილი, რომ ცხომელიძეების ოჯახი დღემდე იბრძვის და იაპონიის საელჩოს 50 ათას დოლარს თხოვს.
რას ამბობენ სოფელში
გასულ კვირაში ცხომელიძეების შვილიშვილი, 19 წლის გიორგი ცხომელიძე დააკავეს. ჩვენ ვესაუბრეთ ჯაპანელებს: _ ასეთი ბავშვი მთელ სოფელში არ არის. უაღრესად ზრდილობიანია, მთელი დღე მოგეხმარება და საჭმელს არ შეჭამს. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამა მოსკოვში მოუკლეს და მისგან ეს ერთი მიწის ნაკვეთი დარჩა, რომელსაც ართმევენ და ვერ წაართვეს. ვეუბნებოდით მის დედას და ბებია-ბაბუას, გაანებეთ ბრძოლას თავი, ამ მთავრობასთან მაინც ვერაფერს გახდებით და რამე არ ~გაგიჩალიჩონო~. არ დაგვიჯერეს. გიორგისნაირი ახალგაზრდამ გამორიცხულია რამე მოიპაროს. რკინიგზის გადასასვლელზე ვიღაც მეისრემ დაიწყო მუშაობა, ყოფილი პოლიციელია და იმან დააბრალა _ ველოსიპედს მპარავდა, გამოვეკიდე და წავართვიო. ეს ტყუილია! ის კაცი მერე საერთოდ გაქრა. თუ მართალია, რატომ დატოვა სამსახური?! იქნებ ეს უდანაშაულო ბავშვი დავიხსნათ, მთელი სოფელი საკუთარი სიცოცხლით ვაგებთ პასუხს მის პატიოსნებაზე, _ აცხადებენ სოფელში.
~თოფს ვიყიდი და მოვკლავ მაგ კაცს!~
გიორგი ცხომელიძის 75 წლის ბებია, ნადია ცხომელიძე: _ დამღუპეს და დამაქციეს, შვილო. ეს წუთია მოვედი პოლიციიდან. არ მაჩვენეს ბავშვი. რა გვეშველება, არ ვიცი. ჩემი ხელით გაზრდილი მყავს გიორგი, მამა ადრე მოუკვდა, დედა ავად ჰყავს. ამ ამბავს დავყობი, შვილო. რაფერ გამამწარეს, უდანაშაულო ბავშვი დამიჭირეს. 75 წლის ქალი ვარ, ერთი შანსი დამრჩა: ვიყიდი თოფს და იმ ჩემს დამაქცევარ მეისრეს მოვკლავ. დამიჭერენ? მომკლავენ? რაღად მინდა სიცოცხლე? ჩალითაა დახურული ეს ქვეყანა! ჩამოიარეთ მთელი სოფელი და თუ ვინმე გეტყვით, რომ გიორგის შეიძლება ეს გაეკეთებინა, ენას არ ამოვიღებ!
_ რას აპირებთ? თქვენ როგორ შეძლებთ მის დაცვას? ბატონი გივი მიწის ნაკვეთზე აქტიურად იბრძოდა, ახლა სად არის?
_ ახლა როგორ შევატოვო ამათ ობლობაში გაზრდილი, ენის უთქმელი ბავშვი? ბაბუა იმ მიწისთვის იბრძოდა, ახლა უმძიმესი ავადმყოფია, უკანასკნელ დღეშია და ბრძოლა სადღა შეუძლია?! მე რა ძალა მაქვს? მიდით, ნახეთ, რასაც ის მეისრე ამბობს, მაქედან ველოსიპედი თუ მოიპარებოდა? ან როგორ დაეწეოდა იმხელა კაცი ველოსიპედიან ბიჭს? სამართალი არ არის?! სახლში გვყავს ახალი ველოსიპედი, მაგრამ იმასაც არ იყენებდა გიორგი, არ უყვარს ველოსიპედით სიარული. საერთოდაც, სახლიდან ნაკლებად გადიოდა.
~გვაშანტაჟებენ, ის მიწა რომ დავთმოთ~
კლარა ცხომელიძე, გიორგის დედა: _ ეს შურისძიებაა. უნდათ, რომ ის მიწის ნაკვეთი წაგვართვან. სხვანაირად ვერ მოგვერიენ და ახლა ამით უნდათ ჩვენ დაშანტაჟება. პოლიციელებს უთქვამთ, გამგებელთან მიდით და გაარკვიეთო. ჩემი ბრძოლით შვილი დავღუპე, ხელში ჩავუგდე ამ უღმერთოებს! ამ დასაწვავი საწარმოს დირექტორმა 13 წლის ბავშვი გაიტანა და დღეს გარეთაა, ხოლო ჩემი შვილის დასაჭერად, სამტრედიაში, ბიძის სახლში იქაური და ლანჩხუთის პოლიცია ისე მივიდა, თითქოს რეციდივისტს იჭერდნენ!
_ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იმ მიწის გამო მოაწყვეს ეს ყველაფერი?
_ კი, აბა რატომ ამბობენ, გამგებელთან მიდითო?! ახლა გვეტყვიან, რომ ქონებაზე უარი ვთქვათ და გამოუშვებენ გიორგის, ალბათ. ეს ერთადერთი მიწა იყო, რაც მამამ მას დაუტოვა. მეტი არაფერი ახსოვს მამისგან, 2000 წელს დაიღუპა. გიორგი დედაჩემმა და მამაჩემმა გაზარდეს. კარგად ხედავთ, როგორ გვებრძვიან იმ ნაკვეთის გამო.
სად არის დაკავებული?
ჯაპანელები ამბობენ, რომ მეისრე ზურაბ ლორია არასაიმედო მოწმეა: _ რამდენჯერმე მთვრალი მორიგეობდა და გადავრჩით, რამე შემთხვევა რომ არ მოხდა. ახლაც მთვრალი თუ არ იყო, როგორ მოპარეს ველოსიპედი? მატყუარაა ეგ კაცი, _ გვითხრეს მათ. ისინი აღშფოთებას ვერ მალავდნენ მომხდარის გამო და ყველა ამტკიცებდა, რომ ცხომელიძეებს ცილი უსაფუძვლოდ დასწამეს. არავის ეპარება ეჭვი, რომ გიორგის დაჭერა სწორედ ~ჯაპან მოდელის~ სადავო მიწის ფართობს უკავშირდება.
დაკავებულის ბებია აცხადებს, რომ პოლიციაში შვილიშვილი არ ანახეს: _ მივედი პოლიციაში და ბავშვი არ მანახეს. მითხრეს, პროკურორი დღეს არ იქნებაო, არც ხვალ მოვაო. გამომძიებელიც არ არისო. ერთი კი ვთხოვე, არ მიცემონ, მაგრამ არ ვიცი, სცემეს თუ არა. ამ ამბავს მე ვერ გადავიტან, ან რაღად მინდა სიცოცხლე, როცა უდანაშაულო ბიჭი ციხეში ჩამიგდეს?! მგონი, ბათუმში გადაიყვანეს უკვე... არ მეუბნებიან დეტალურად. ადვოკატის აყვანა მინდა, კი გვიჭირს, მაგრამ არ მინდა ბიჭი მთლად დაგვეჩაგროს, _ გვითხრა ნადია ცხომელიძემ.
სად გაუჩინარდა მთავარი ~მოწმე~
ჯაპანის რკინიგზის გადასასვლელზე მეისრეს გამოველაპარაკეთ:
_ უკაცრავად, ზურაბ ლორიას ნახვა გვინდა.
_ დღეს არ არის და საერთოდ, გადავიდა აქედან.
_ რატომ? ჩვენ გვაინტერესებდა, რა მოხდა მისი მორიგეობის დროს. თქვენ გეცოდინებათ.
_ მე არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მან თქვა, აქ ზემოთ ჰყავდა ამოყვანილი ველოსიპედი და იმ ბიჭმა ქვემოდან გადაიყვანა ისე, რომ ვერ შენიშნა.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელი იყო?
_ რა უნდა ვიფიქრო? აქედან ველოსიპედს როგორ მოგპარავს კაცი? მიჰყავდა და შუკის თავში დავეწიეო. ნამდვილად ვერ დაეწეოდა. თან აქ სულ განათებულია და ველოსიპედი როგორ უნდა მოგპარონ? ფიზიკურად შეუძლებელიცაა ქვემოდან ამ სიმაღლეზე ველოსიპედი გადაიყვანო! იმ ამბის მერე ეს ლორია აქ აღარ გამოჩენილა და როგორც ამბობენ, აღარც მოვა.
_ ტელეფონის ნომერს ვერ მეტყვით?
_ ნამდვილად არ გვაქვს მაგის ნომერი, დიდი ხნის მოსული არც არის ჩვენთან.
_ ეგ ლორია ყოფილი პოლიციელია, ხომ?
_ კი, პოლიციიდან პენსიაზე გავიდა და ჩვენთან დაიწყო მუშაობა.
უპასუხო კითხვები
ჯაპანელებს არ ეეჭვებათ, რომ ყოფილმა პოლიციელმა დავალება შეასრულა და წავიდა. ჯერჯერობით ოფიციალური პირები და სამართალდამცველები კომენტარებს არ აკეთებენ. როგორც ამბობენ, ცხომელიძეების ამ მეთოდით ~მორჯულება~ აუცილებელი გახდა, რადგან საწარმო ამ დღეებში უნდა გაიხსნას. თანაც, ქართულ მხარეს იაპონელებისგან დამატებითი დაფინანსების მისაღებად მიწის ნაკვეთზე ცხომელიძეების პრეტენზიები ხელს უშლის!
ამ დროისთვის მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, უმთავრესი _ რატომ და სად გაუჩინარდა ~დაზარალებული~ ლორია. ჯაპანის მოსახლეობა აღშფოთებულია და ამის საფუძველიც არსებობს. მოსახლეობა სამართალდამცველებისგან საქმის სამართლიან მოკვლევას მოითხოვს. ობლობაში გაზრდილი, შრომისმოყვარე ბიჭის მიწის ნაკვეთის გამო დაპატიმრება, თუნდაც ეს არასწორი ვერსია იყოს, ლანჩხუთელ პოლიციელებს ღირსებას ვერ შემატებს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ პოლიციელებს მათივე ავტორიტეტის _ შსს მინისტრის ამასწინანდელ სიტყვებს შევახსენებთ:
_ ჩვენი მიზანი ადამიანების დაჭერა კი არა, პრევენციის ზომების გატარებაა!
ეს სიტყვები მერაბიშვილმა ჯაშუშებთან მიმართებაში თქვა. გიორგის კი, მხოლოდ ველოსიპედის გატაცების მცდელობას სდებენ ბრალად სრულიად გაურკვეველ და მოუხერხებელ სიტუაციაში.
ქართულმა მართლმსაჯულებამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თუ ის საერთოდ არსებობს!

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ტელეკომპანია "იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ ორივე ზარის ავტორის ვინაობა პოლიციამ
ოზურგეთი- თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ზესტაფონში ავარია შეემთხვა. ავტოსაგზაო შემთხვევა 17
გეგუთის N მე-14 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის მამიდა ხათუნა კორტავას
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის "სასჯელმოხდილ
 მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. აღნიშნული