პოლიტიკა

ვინ უფრო მდიდარია _ სააკაშვილი, მერაბიშვილი თუ ჩიტაიშვილი

შორენა ღლონტი   2010-11-25 19:01:29

რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს გურიის გუბერნატორის ხელფასით, პრემიით და სატელეფონო ხარჯებით უზრუნველყოფა და რამდენად ჩამორჩება მერაბიშვილის თანამდებობრივი სარგო ჩიტაიშვილის ხელფასსა და პრემიებს? ამის გარკვევას ამ წერილში შევეცდებით. გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია, 2008 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 300 ლარით, 2009 წელს კი 522 000 ლარით ფინანსდებოდა. 2010 წელს დაფინანსება გაიზარდა და 996 400 ლარი შეადგინა.
2008-2009 წლებში გურიის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 21 საშტატო ერთეულს შეადგენდა, 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 43 გახდა. ეს მაშინ, როცა 2010 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით შემცირდა.
ექსპერტ რეზო საყევარიშვილის მოსაზრებით, 2010 წელს, სახელმწიფო აპარატებში მომუშავეთა რაოდენობრივი ზრდა პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირდებოდა:
_ არ მგონია, აქ ბევრი სამარჩიელო იყოს _ 2010 წელი საარჩევნო კალენდრით აქტიური წელი იყო. აქედან გამომდინარე, რეგიონული ერთეულების დაფინანსების გაზრდა ცალსახად უკავშირდება პოლიტიკურ ფაქტორს, ანუ იმ აქტივობებს, რომელიც გასახორციელებელი იყო სწორედ ამ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რათა უზრუნველეყოთ პოლიტიკურად მისაღები ძალის გამარჯვება, _ გვითხრა საყევარიშვილმა.
“გურია ნიუსმა” ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე 2010 წლის 4 ნოემბერს მიმართა. აღნიშნული ადმინისტრაციიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ვალერიან ჩიტაიშვილის სახელფასო ფონდმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით 29 500 ლარი შეადგინა, მისი პირველი მოადგილის თამაზ მახარაძის კი _ 23 600 ლარი.
ოფიციალურ დოკუმენტებში იკითხება, რომ 10 თვის განმავლობაში ჩიტაიშვილმა მიღებულ ხელფასთან, 29 500 ლართან ერთად, პრემიის სახით 21 588 ლარი მიიღო, ამას ემატება ყოველთვიურად გამოწერილი სატელეფონო ბარათის ხარჯები, თვეში _ 195 ლარი, რომლის ჯამმა 9 თვეში 1 755 ლარი შეადგინა.
მისმა პირველმა მოადგილემ თამაზ მახარაძემ პრემიის სახით 4 680 ლარი მიიღო, მოადგილემ ლელა თავართქილაძემ პირველ მოადგილეზე მეტი _ 5 960 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა მოადგილემ კახაბერ ასკურავამ _ 2 980 ლარი.
გუბერნატორის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების 10 თვეში მიღებული პრემიები ასე გამოიყურება: პრემიის სახით 2340-2340 ლარი მიიღეს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ისაკ ლომთათიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამია ბარამიძემ, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არჩილ ყაზაიშვილმა, რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა და საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსმა მზია ჩხატარაშვილმა. ხელფასის სახით კი თითოეულმა მათგანმა ათ თვეში 11 800 ლარი მიიღო.
ბარამიძის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა _ 2140 ლარი, ჩხატარაშვილის სამსახურის მთავარმა ბუღალტერმა _ 1887 ლარი, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა _ ნანა ვარდოშვილმა, ლანა ლომაძემ და ნარგიზ ნიკოლაიშვილმა კი 1290 ლარი მიიღეს. აღნიშნულ თანამშრომლებზე 120 ლარით ნაკლები ერგოთ მედეა მჟავანაძეს, მარიამ დიდმანიძეს და ანი ჩუბინიძეს. რაც შეეხება გუბერნატორის მძღოლს ვლადიმერ საბაშვილს, მას პრემიის სახით 1894 ლარი მიუღია.
სულ სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ 43 საჯარო მოხელეზე, ხელფასის სახით, ყოველთვიურად 36 340 ლარი იხარჯება, რაც 10 თვის მონაცემებით 363 400 ლარს შეადგენს.
ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია გურიის გუბერნატორის ქონებრივ დეკლარაციას შევადარეთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დეკლარაციების მიხედვით, ვალერიან ჩიტაიშვილს გასულ წელს პრეზიდენტზე და შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილზე მეტი ხელფასი და პრემია მიუღია: ივანე მერაბიშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2010 წლის 9 მაისს შეავსო. დეკლარაციიდან ჩანს, რომ სამუშაოს შესრულებით წინა (2009) წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ივანე მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მიღებული აქვს 46 708 ლარი. ვალერიან ჩიტაიშვილს კი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე 71 213 ლარი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 59 000 ლარი მიუღია.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ირაკლი ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობა "თავისუფალი დემოკრატების"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის  ადგილობრივ 
საქართველო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მეექვსე სხდომას მასპინძლობს. სხდომაში, რომელიც ორი
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, გუშინ, რუსთავში, მერობის ყოფილი კანდიდატების
კონტროლის პალატამ დაკითხვაზე "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი