მთავარი თემა

თეა წულუკიანი: "პოლიტიკოსადაც იმიტომ ვერ გამოვდგები, რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია"

ეკა ალფაიძე  2013-12-06 19:16:29

 ჟურნალ "ადვოკატის" რედაქტორის, ადვოკატ ზვიად კორძაძის ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან.

_ პირველი საკითხი, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს და უმნიშვნელოვანესია, არის სასამართლო რეფორმა. ერთი ეტაპი _ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება _ დასრულდა. კმაყოფილი ხართ თუ არა ამ რეფორმის ამ ეტაპით?

_ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტი ნდობის მიმცემი საზოგადოებისთვის, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ახალი საბჭო, როგორც არ უნდა სურდეს მართლმსაჯულების ხელმძღვანელობას, ვერ იქნება ის საბჭო, რაც ადრე იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არ სხედან და ეს ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა სწორად და კარგად გაართვა თავი 4 წევრის არჩევას, რადგან აქცენტი გაკეთდა, ძირითადად, კომპეტენციაზე, წარსულსა და რეპუტაციაზე. რაც შეეხება ორ წევრს, ვაკანტური რჩება. უნდა აღვნიშნო, რომ კანონ-პროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან წავიდა, არამც და არამც არ ითვალისწინებდა პარლამენტის მიერ ორი წევრის 2/3-ით არჩევას, მაგრამ პარლამენტში განხილვის დროს რატომღაც ჩაითვალა, რომ ამ საკითხზე ამ ფორმით უნდა შემდგარიყო უმცირესობასთან გარკვეული კოჰაბიტაცია. ამას დღესაც არ ვეთანხმები, შედეგი, ვფიქრობ, სახეზეა. არა მგონია, ძალასთან, რომელმაც თავის სახელმწიფოებრივი მართვის კულტურად ადამიანზე ძალადობა აქცია, რაიმე ტიპის "ორი მესამედებით" ღირდეს საუბარი. ეს თვით უმცირესობამ დაადასტურა პარლამენტში კენჭისყრის დროს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას უმცირესობამ დარბაზი დატოვა, მაშინ, როდესაც გააფთრებული იბრძოდნენ უმრავლესობის წინააღმდეგ, რომ 2/3-ით უნდა არჩეულიყო წევრების ერთი ნაწილი. რეალურად უმცირესობამ უმრავლესობა მოატყუა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ანუ მოსამართლე წევრებს, მართალი გითხრათ, გამიკვირდა, რომ მოსამართლეებმა, პირველივე ტურში აირჩიეს ის მოსამართლე, ვგულისხმობ ზაზა მეიშვილს, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე სამარცხვინო განჩინება გამოიტანა უზენაეს სასამართლოში. გვახსოვს, საზოგადოება როგორ უკიდურესად აღაშფოთა იმან, რომ ზაზა მეიშვილმა და დანარჩენმა მოსამართლეებმა უზენაესში 6 თვით ჩამოუკლეს სასჯელი მსჯავრდებულებს და ეს პირი უპირობოდ აირჩია კონფერენციამ, თუმცა მსურს, პატივისცემა გამოვხატო 100-ზე მეტი მოსამართლის მიმართ 237 დამსწრედან, რომლებმაც რეალურად აჩვენეს, რომ ინდივიდები არიან. ეს, რა თქმა უნდა, სხვას არ აკნინებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ გაბედეს საკუთარი ნების გამოხატვა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, უბრალოდ, ჩემთვის, ამ რეფორმის ერთ-ერთი ავტორისთვის, დასანანად რჩება, რომ ჩემი ხელიდან წასულმა პროექტმა ძალიან ბევრი საზიანო ცვლილება განიცადა.

_ რეფორმებს არ ახორციელებს ათი-ოცი-ორმოცი კაცი, არამედ ერთი ან რამდენიმე ადამიანი გუნდიდან. ამ რეფორმის ავტორად მოიაზრებით თქვენ. რამდენად კმაყოფილი ხართ იმ მხარდაჭერით, რაც თქვენი გუნდიდან მოდის? ჩემი აზრით, სურვილი უფრო მასშტაბური იყო, მისი ერთი ნაწილი შესრულდა. ამ რეფორმამ სრული მხარდაჭერა ვერ მიიღო. გაქვთ ეს განცდა?

_ მაქვს იმის განცდა, რომ როდესაც გადაწყდა, რომ ამ რეფორმას უნდა ჰყავდეს, ვთქვათ, ერთი ავტორი _ იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე საპარლამენტო მდივანი და თქვენთვის ცნობილი პიროვნება სანდრო ბარამიძე, ჩვენ ეს კანონ-პროექტი შევქმენით. არ მინდა, ტრაბახად გამომივიდეს, მაგრამ ის პირველადი კანონ-პროექტი, რომელიც ჩვენი სამინისტროდან გავიდა, დღესაც მგონია, რომ იყო პოტენციურად მეტი შედეგის მომტანი, ვიდრე ის, რომელსაც პარლამენტმა ბოლოს უყარა კენჭი. გაგიმხელთ და იმასაც გეტყვით, რომ ამ კანონ-პროექტის ვენეციაში გაგზავნის მომხრეც არ ვიყავი, რადგან ვენეციის კომისიის მუშაობის ხანგრძლივი ვადები მართლმსაჯულების იმ ხელმძღვანელობის სასარგებლოდ მოქმედებდა, რომელსაც საკუთარ პოზიციებზე გამაგრება უფრო აინტერესებს, ვიდრე ჩვეულებრივი მოსამართლის დამოუკიდებლობა და მომავალი. ამ დრომ, რა თქმა უნდა, ითამაშა მართლმსაჯულების ამჟამინდელი ხელმძღვანელობის სასარგებლო როლი. შემდეგ ვენეციის კომისიამ დადო საერთო ჯამში პოზიტიური დასკვნა, რომ ამ კანონ-პროექტით უფრო მეტად ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს და მოდელებს, თუმცა ითქვა, რომ ეს ახალი კარგია, მაგრამ დროებით ძველი და ცუდი მოდელი შეინარჩუნეთო. ჩემი აზრით, ეს იყო ვენეციის კომისიის მხრიდან ქართული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა, რაც არ არის ცოდვა. ბუნებრივია, რომ საზღვარგარეთ მომუშავე ექსპერტებმა არ იციან, თუ რა პრობლემებს აწყდება ქართველი ხალხი მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. ამის შემდგომ დაიწყო პარლამენტში განხილვები და საზოგადოებამ უკვე ნახა გადადგმული ნაბიჯები. თავის დროზე, რა თქმა უნდა, პარლამენტს ბოლომდე არ ვეწინააღმდეგებოდი იმაში, რომ უმცირესობასთან არ ესაუბრა ამ თემებზე, თუმცა რამდენჯერმე პარლამენტის წევრებთან, იურისტებთან, რომლებსაც კარგად ესმით საკითხი, ზოგიერთი ადვოკატიც არის და თავის ტყავზე გამოუცდია, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო, რა თქმა უნდა, გამომიხატავს ჩემი პოზიცია. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების თემაზე დათმობა არაფერს მოიტანს იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ოპოზიციასთან, არამედ _ ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც ხელისუფლებაში მობრუნებას იმის მტკიცებით ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში დღეს რეგრესული ძალაა. შემდეგ კომპრომისების შედეგად მოხდა ორი აბსოლუტურად დასანანი რამ, 2 წევრი 2/3-ით აირჩა. ამ თემაზე პარლამენტში მიმდინარე განხილვების პარალელურად, ბატონ კოტე კუბლაშვილსაც შევხვდი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს დახურული შეხვედრა იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მისი მოთხოვნები იყო ძალიან მადიანი, მსუყე. საბოლოოდ შევჯერდით, რომ ადგილს შეინარჩუნებდა ერთადერთი ადამიანი _ შავლიაშვილი, ვინც, ასე თუ ისე, აკმაყოფილებდა არჩევის ახალ კრიტერიუმებს. ისიც არ არის არჩეული დახურული კენჭისყრით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ კომიტეტს არ აურჩევია და არ იყო თავმჯდომარე მოსამართლე. ახლა ღიად შემიძლია ვთქვა, რომ გაუგებარი იყო კანონ-პროექტის მეორედ მოსმენაზე დაბრუნება. ამ ერთობლიობამ კოტე კუბლაშვილს დაანახა, რომ პროკურატურასა და მავანთა სურვილებზე მთლიანად დამოკიდებული მოსამართლე დამსახურებულად იღებდა "დარტყმებს", კრიტიკულ დამოკიდებულებებს, მათ შორის ჩემგანაც, იმ მძიმე მემკვიდრეობისთვის, რაც მან შექმნა ადეიშვილთან ერთად. მას ვაიძულებდით, რეფორმას დამორჩილებოდა. მე შემიძლია დღეს ვთქვა, იუსტიციის სამინისტრომ, პრემიერის დიდი მხარდაჭერით, კოტე კუბლაშვილი აიძულა, დაეჯერებინა, რომ სასამართლოში ყველაფერი კარგად არ არის. მას ამისი არ სჯეროდა, მაგრამ პარლამენტის ამ განხილვებმა და დიდმა დრომ, რაც ვენეციის კომისიამ წაიღო, კოტე კუბლაშვილს საშუალება მისცა გაძლიერებულიყო, კვლავ აღმდგარიყო ფერფლისგან და ფეშენებელურ სასტუმროებში ეტარებინა ის მოსამართლეები, რომლებსაც უმტკიცებდა, რომ თეა წულუკიანს ჰქონდა 50-კაციანი შავი სია, რომლის წევრების ჩამოხრჩობასაც აპირებდა. მე მას დავურეკე და ვუთხარი კიდევაც, მსგავსი ქმედებები შეეწყვიტა. მან თქვა, რომ ეს ჭორია. ყოველ შემთხვევაში, დასკვნა ერთია _ ასეა თუ ისე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის მოდელი არ არის და ვერ იქნება ისეთი ჩამორჩენილი და ანტიდემოკრატიული, როგორიც გვქონდა, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი ბრძოლა უნდა გადავიხადოთ ყველამ საქართველოში დამოუკიდებელი და დემოკრატიული მართლმსაჯულებისთვის.

_ ჩემი მომდევნო კითხვაც ეს არის _ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა. ეს მიზანი კი არა, საშუალება იყო რაღაცის მისაღწევად ანუ რეფორმა ამით არ დამთავრებულა. რა ნაბიჯებს გადადგამთ სამომავლოდ და იგეგმება თუ არა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა?

_ ჩვენ თითქმის დავასრულეთ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა, რომელშიც იგულისხმება სადისციპლინო პროცედურების რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა. ზოგადად, რა შეიძლება იყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტი? თქვენ იცით, რომ დასავლურ ქვეყნებში არის 2 ჯგუფის გარანტია, ერთი, საკუთრივ მართლმსაჯულების შიგნით, მათ შორის უმთავრესი _ მოსამართლის პროფესიული სინდისი. ამაზე დიდი გარანტია არ არსებობს, მაგრამ არის გარანტიები, რომლებიც გარედან უნდა მიახმარო მოსამართლეს. მიუხედავად იმ ვერსიებისა, რაც კუბლაშვილმა აამუშავა რეფორმატორთა გუნდის წინააღმდეგ, ჩემს თავს მოვიაზრებ ერთ-ერთ იმ ადამიანთაგან, ვინც ფიქრობს იმაზე, რომ მოსამართლეს გაძლიერებაში როგორმე გარედან დავეხმაროთ საკანონმდებლო და სხვა მექანიზმებით, რომ მას აღარ ეშინოდეს, ზაზა მეიშვილი როგორ თვალზე შეხედავს, მიესალმება თუ არა დერეფანში ვალერი ცერცვაძე, რა ტონით დაელაპარაკება კონსტანტინე კუბლაშვილი... მოსამართლე ფინანსურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამოუკიდებლობისთვის. მოსამართლეები უნდა შევაიარაღოთ ცოდნით, ამიტომ გვჭირდება სკოლის ძირეული რეფორმა. დღეს მართლმსაჯულების სკოლა კუბლაშვილმა ტრენინგ-ცენტრად აქცია. სკოლა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასეთი ტრენინგ-ცენტრი იუსტიციის სამინისტროსაც აქვს, მაგრამ იქ არავის უჩნდება პრეტენზია, მოსამართლე გამოზარდოს. ტრენინგ-ცენტრში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ერთ კონკრეტულ საკითხზე სჭირდებათ ინფორმაციის მიღება. ცოდნა მთავარი იარაღი და კომპეტენციაა მომავალი თაობის მოსამართლეებისათვის, ამით აღჭურვილ მოსამართლეს საკუთარ თავზე აქვს დიდი წარმოდგენა. მოსამართლეს საკუთარ თავზე შესაბამის ცოდნას დაფუძნებული დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. მოსამართლე უნდა იყოს კომპეტენტური, ჰქონდეს პროფესიული სინდისის განცდა, იმის განცდა, რომ ის განაგებს ადამიანს ბედს, რომ მას შეჰყურებს საზოგადოება, ეს ყველაფერი სკოლაში უნდა მოხდეს და არა კულუარებში, რომელიმე დაწინაურებული პირის კაბინეტში მართლმსაჯულების სისტემაში ან პროკურატურაში, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

_ არის მოსაზრება და არცთუ უსაფუძვლო, რომ მოსამართლეები, რომელთა მიმართაც ამ ტიპის პრეტენზიები იყო გამოთქმული, ახალ სისტემაში მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

_ არ მიმაჩნია სწორად, ჩვენი დღევანდელი მოსამართლეთა კორპუსი წყალში გადავყაროთ. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ჩვენი დღევანდელი მოსამართლეთა კორპუსი ვინმეს ჩექმის ქვეშ იყოს. მე მათი მტერი არ ვარ, მაგრამ აქ არის ერთი "მაგრამ" _ ადამიანები, რომლებიც ღებულობდნენ გვანცა ყუფარაძის რუსთავის ქალთა კოლონიაში გაშვების გადაწყვეტილებას ისე, რომ თავიანთ განაჩენში არ ასაბუთებდნენ, არასრულწლოვან პატარა გოგონას ერთი ხელით როგორ შეეძლო დაეჭირა თავისი მსხვერპლი და მეორე ხელით, ორი სხვადასხვა დანით, მიეყენებინა მსხვერპლისთვის მრავლობითი ჭრილობა, არა მგონია, უპრიანი იყოს, ასეთ მოსამართლეს მივანდოთ ჩვენი შვილების ბედი. მთლიანობაში მოსამართლეთა კორპუსი დასაცავია, ეს ეხება როგორც სამოქალაქო კატეგორიის საქმეთა, ასევე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მოსამართლეებსაც. მე, ვალერი ცერცვაძისგან განსხვავებით, მოსამართლეების სიები არ მიდევს მაგიდაზე და არ ვაჯგუფებ მათ "კარგებად" და "ცუდებად" და მათ უმრავლესობას არც ვიცნობ და მათი კონტროლის სურვილიც არ მაქვს. ეს შეიძლება ზოგიერთის თვალში სისუსტედ აღიქმება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სიძლიერეა, როდესაც საქართველოს ჰყავს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს მოსამართლის გვარი და სახელი. სამაგიეროდ, მე მაინტერესებს იმ მოსამართლეთა გვარ-სახელები, ვინც გვანცა ყუფარაძე სრულწლოვანი ციხეში გახადა, მაინტერესებს, ვინ გაისროლა განაჩენის ფორმით ბოლო ტყვია ირინე ენუქიძის მიმართ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ისტორიას უნდა დარჩეს მათი სახელები. ეს არის და ეს. არ ვისურვებდი, თუნდაც ასეთი მოსამართლეები გახდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მსხვერპლი, არა იმიტომ, რომ ისინი ამას არ იმსახურებენ, არამედ ქვეყანა არ იმსახურებს, კიდევ ერთხელ იძალადოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოსამართლეებზე. ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და მაშინ მისმა ე. წ. რეფორმატორთა გუნდმა, შემდეგ ზურაბ ადეიშვილმა, რომელმაც უჩუმრად, კაბინეტში დახლართა გაუვალი ლაბირინთები თავის არაერთ "მარჯვენა ხელთან" ერთად, მათ შორის ავადსახსენებელ ჩხატარაშვილთან, ჩინჩალაძესთან... ეს გვარები ისტორიას უნდა დარჩეს, მარტო კარგი გვარები კი არ უნდა გვახსოვდეს ქართველებს ისტორიიდან, არამედ ცუდი გვარებიც, რომ სხვა ხელისუფალმა არ მოინდომოს ცუდად ქცევა. არ მჭირდება, ვიცნობდე მოსამართლეს, მინდა, რომ პატივს ვცემდე მათ, რომ შევხვდები, კონფერენციაა თუ სემინარია, მიხაროდეს, რომ ისინი ჩემი ქვეყნის მოსამართლეები არიან. ეს ილუზიები კი არა, ჩემი იდეალია და დიდი სურვილი გვაქვს, ამ იდეალს ოთხი წლის ვადაში ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ.

_ მომდევნო საკითხამდე ბუნებრივად მივედით, _ ეს არის სასამართლო ხარვეზების კომისია, რომელიც ალბათ ამ საქმეების გამოკვეთის და გადარჩევის ერთ-ერთი მექანიზმი უნდა იყოს. მე, როგორც ადვოკატი, და ჩემი კოლეგების სახელითაც გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამას, მათ შორის ჩვენი კლიენტებიც, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და ვისაც მიაჩნია, რომ უსამართლოდ მოექცნენ. როდის ამუშავდება, რა არის ამ კუთხით გაკეთებული და როდის ველოდოთ შედეგებს.

_ ამ პროექტისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იმით გადავდგით, რომ ხარვეზების კომისიის შესახებ კანონ-პროექტი პირადად გავგზავნე ვენეციის კომისიაში ერთი დათქმით, რომ მის განსახილველად ისე ხანგრძლივი დრო არ დასჭირვებოდათ, რამდენიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონის შემთხვევაში. გარდა იმისა, გვქონდა მოთხოვნა, უფრო სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება, რადგან ეს არ არის ის კანონპროქეტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონი შეიძლებოდა არ გაგზავნილიყო, მაგრამ ეს ის კანონია, რომელიც უნდა გაგზავნილიყო იმიტომ, რომ არის აბსოლუტურად არაჩვეულებრივი. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო გარე დასკვნა. პარალელურად მივმართე აგრეთვე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატს და მის დირექტორს ფილიპ ბოიას, რომელმაც ორი ექსპერტი მიამაგრა ბატონ ბუკიკიოს, რომ უფრო სწრაფად ემუშავა და შემოდგომის ნაცვლად, დასკვნა ივნისში დაედო. შეპირების თანახმად, ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა, რომელიც ამბობს ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტი არის განსაკუთრებული ტიპის სიახლე, მაგრამ მათი ფუნქცია რომ არ არის მის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. ეს ძალიან სერიოზული რამაა, ვენეციის კომისიამ შეძლებისდაგვარად დაიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და აღიარა, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, რა უჭირს მას და არა სხვა ვინმე. ქართველს ხალხს ძალიან უჭირს, რადგან მხოლოდ მე და არჩილ კბილაშვილმა, სხვა უწყებებს არ ჩამოვთვლი, რამდენიმე ათეულ ათასობით საჩივარი მივიღეთ სხვადასხვა ტიპის უსამართლობებზე, მათ შორის სასამართლოების მიერ ჩადენილთა შესახებ. მოკლედ, დასკვნა არსებობს, ჩვენ შევიტანთ მათ შემოთავაზებულ რამდენიმე ისეთ გასაუმჯობესებელ დეტალს, რაც არ დააზარალებს მოქალაქის ინტერესს. ამ კანონ-პროექტთან მიმართებაში გაცილებით კატეგორიული ვიქნები, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ არ მოინდომოს 2/3-ის წესის გამოყენება.

_ ეს კანონი მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება თუ სამოქალაქოსაც და რა ვადებს მოიცავს?

_ დღევანდელი კანონ-პროექტი 2004-2012 წლების სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენებს ეხება, მაგრამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა ამ ვადების კორექტირება და პოლიტიკური ელფერის გარეგნულად მაინც მოცილება. ჩემთვის გარეგნობა მთავარი არ არის და არც არასოდეს ყოფილა. არც შენობების სხვადასხვა ფერად შეღებვაა ჩემი ჰობი. მთავარია შინაარსი. შინაარსი კი ის არის, რომ ყველა შემოსული საჩივარი ეხება ამ პერიოდს. არ ვარ წინააღმდეგი, ვადის ათვლა დავიწყოთ დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდიდან, თუნდაც 1991 ან 1993 წლიდან, მაგრამ დღეს საზოგადოების მოთხოვნა არ არის ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გადახედვა, დღეს ჩვენ სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ეს არის იმ უსამართლო საქმეების გადახედვა, რომელზედაც 9 წლის მანძილზე დგებოდა პროკურორს დაქვემდებარებული მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი, ამიტომ არ ვიცი, პერიოდზე მსჯელობა საჭიროა თუ არა, მაგრამ დღესდღეობით არავითარი ცვლილება არ არის შეტანილი.

კანონ-პროექტი სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეებს ეხება, მაგრამ იქაც დასაცავია ძალიან მკაცრი კრიტერიუმები, რომ ეს კომისია არ გახდეს პატარა თბილისური სტრასბურგი, არაეფქტიანი ვადის თვალსაზრისით და მოქალაქეს კიდევ არ მოუწიოს 10-20 წელი ცდა, იმისთვის, რომ არ უთხრა, შენ მართალი იყავიო. ამიტომ დავადგინეთ ასეთი რამ, რომ დავა კვალიფიკაციაზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე, რომ არ იყო მტკიცებულებები, მაინც დაგსაჯეს ან ვერ დაასაბუთა მოსამართლემ, რომ შენ იყავი დამნაშავე. ეს ის ელემენტარული წესებია, რაც უნდა არსებობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მე მესმის, რომ ვენეციის კომისიას უჭირს, ამ ვითარების გაგება, რომ მოსამართლე არ იცავდა ელემენტარულ წესებს. ამისთვის საკმარისია, ჩაიხედოთ მოლაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენში. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მართლმსაჯულების ნიმუში, სადაც განაჩენში არის ფაქტობრივი და სარეზოლიციო ნაწილი, მესამე ნაწილი, თქვენს მკითხველს ყველაზე კარგად მოეხსენება, რაც არის და რაოდენ დიდმნიშვნელოვანი მართლმსაჯულების სწორად განხორცილებისთვის, ანუ სამოტივაციო ნაწილი, იქ არ არის.

_ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უკვე ადვოკატების უკმაყოფილების საგანი იყო _ სისხლის სამართლის პროცესში შეტანილი ცვლილებები. არ დაგიმალავთ, გაოგნებული ვუყურებდი პარლამენტის ბოლო სხდომას, სადაც უმცირესობა, რომელმაც ეს კანონი დაჩეხა, არსი შეუცვალა, გააფთრებით იცავდა პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, რომელმაც თავის დროზე ამ დაჩეხილ კანონებზე ხელი მოაწერა და, მეორე მხრივ, უმრავლესობა, რომელთა შორის ადვოკატები იყვნენ და თვითონ ჰქონდათ ამ კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობა მიღებული, არაარგუმენტირებულად, მაგრამ მაინც ამტკიცებდა, რომ თურმე 2014 წლამდე გადაწევა არის თანასწორობა დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის. საქმე ეხება ორ კონკრეტულ საკითხს _ ერთი, ჩხრეკისთვის და ამოღებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გადაწევა 2014 წლამდე, მეორე, ჩემი აზრით, უფრო ცუდი, ამ გზით ამოღებული მტკიცებულების, პირველ რიგში, ბრალდების მხარისთვის წარდგენას გამოსაკვლევად. რამდენადაც ვიცი, იუსტიციის სამინისტროდან წასულ კანონ-პროექტში ეს ამ ფორმით არ იყო, თქვენც იყავით იმ კომისიაში ადვოკატთა ასოციაციაში. ამიტომ საინტერესოა თქვენი მოსაზრება.

_ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ამ კონკრეტულ საკითხზე იყო ერთი დიდი აბსურდის თეატრი და ამაში არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ალბათ მე პოლიტიკოსადაც იმიტომ ვერ გამოვდგები, რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია, იუსტიციის სამინისტროდან წასული კანონ-პროექტი მთლიანად ემსახურებოდა ერთ რამეს _ ერთხელ და სამუდამოდ ქართულ სასამართლოებში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას. ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში, დაგხვდა და მე პირადად დამხვდა ძლიერი პროკურატურა, ამ შემთხვევაში "ძლიერში" არ იგულისხმება მაინცდამაინც კომპეტენტური, არამედ გაძლიერებული და ყოვლისშემძლე პროკურატურა, რომელსაც სასამართლოში უპირისპირდება სუსტი დაცვის მხარე. ამიტომ ათი წელი ვემსახურე სტრასბურგში საქმის განხილვებისას იმის პრეცედენტების შექმნას, თუ როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყანაში მხარეთა თანასწორობა და შემდეგ, ოპოზიციის პერიოდში, ამიტომაც ვმუშაობდი პარალელურად მიწვეულ ექსპერტად სისხლის სამართლის კომიტეტში, ადვოკატთა ასოციაციაში, რაც ჩემთვის იყო და არის დიდი პატივი. იქ შევიმუშავეთ ეს კანონ-პროექტი, შემდეგ აქ ერთი ნაწილი დავხვეწეთ და სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში გავიტანეთ, რომელმაც მოიწონა და საქმე მივიდა პარლამენტამდე. იქამდე ამ კანონ-პროექტში არავითარ შემთხვევაში არ ეწერა, რომ ჩხრეკისა და ამოღების შუამდგომლობით მიმართვის უფლება ახლა არ უნდა შესულიყო ძალაში. შემდეგ მოხდა გადაწევა, ჩემთვის ამას ამ გადაწევას არავითარი არგუმენტი არ ამართლებს, მაგრამ იყო არგუმენტები, თუ არ მეშლება, რომ უფრო მეტი დრო სჭირდება მხარეებს ახალ წესთან შესაგუებლად. საჭიროა ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლება.

_ ნაცნობი არგუმენტებია.

_ ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს არის მთავარი _ საქართველოს სჭირდება ძლიერი დაცვის მხარე ქართულ სასამართლოში, ძლიერი და კომპეტენტური პროკურორი სასამართლოში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მოსამართლე, სწორად განსაჯოს საქმე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"გურია ნიუსის" ინფორმაციით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გურიის სამსახურის უფროსად,  შსს-ს
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდინარე ნატანების სანაპირო ზოლი, დიდი ხანია,
სიღარიბე და გაჭირვება ჩვენს ქვეყანაში არავის უკვირს, მაგრამ რაც ლანჩხუთის
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (დეპარტამენტი)
ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების