სამართალი

დამალა თუ არა პროკურატურამ დანაშაული

შორენა ღლონტი   2010-11-25 19:02:12

ოზურგეთელი გური ურუშაძე პროკურატურას დანაშაულის დაფარვაში და უმოქმედობაში ადანაშაულებს, ლეგალიზაციის კომისიას კი უკანონო ქმედებებში ამხელს. იგი რედაქციაში მას შემდეგ მოვიდა, რაც “გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლეგალიზაციის კომისიის საქმიანობა გააშუქა.
რატომ არ დააკმაყოფილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გური ურუშაძის განცხადება მაშინ, როცა შენობა მას წლების წინ აქვს შესყიდული და ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გააჩნია?
“თქვენი გაზეთში რომ წერილი წავიკითხე, იმიტომ გავბედე მოსვლა და ჩემი საქმის დეტალებზე საუბარი. გირკელიძესთან მას შემდეგ მივედი, როცა გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს სხვას უკანონებდა. ყველა საბუთი თან მქონდა, მაგრამ არ ჩაიბარა. ვიცოდი, თბილისში იყო. მდივანთან მივედი საბუთების დასატოვებლად. არ იტოვებდა, მითხრა, ვიცი, რომ ჩამოვა, მაწყენინებსო. გირკელიძეს ჩამოსვლის დღესვე ვესტუმრე და საბუთები ისევ შემომაყარა. ამის შემდეგ პროკურორ ჯალაღანიას სახელზე განცხადება დავწერე. დამკითხეს და პასუხის მისაღებად 10 დღეში დამიბარეს. პროკურატურაში მისულს მითხრეს, ყველა დავკითხეთ, ქუთაისში გავაგზავნეთ შენი საბუთები და იქ მიბრძანდითო”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში გური ურუშაძე.
“1985 წელს, რაიკავშირში დამხმარე მეურნეობა გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად, მე, როგორც სპეციალისტი, დამნიშნეს. ადგილი გამოყოფილი და დამტკიცებული იყო პრეზიდიუმის მიერ. ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე 4 ჰექტარი ფართობი ჩამოერთვა ლიხაურის კოლმეურნეობას და რაიკავშირს გადაეცა. ჭაობიანი ადგილი იყო. გზა შევიყვანეთ. შემდეგ გამოვიდა ბრძანება, რომ ხელმძღვანელს და რიგით მუშაკს შეეძლო, შეესყიდა ის ობიექტი, სადაც მუშაობდა. როგორც ფერმის გამგემ, რომელსაც არ მყავდა მოწინააღმდეგე ან კონკურენტი, 1994 წელს 11 მილიონი კუპონი ბანკში შევიტანე, ქვითრები ხელზე მაქვს. შემდეგ დირექციასთან გავაკეთე მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება მიწის იჯარით აღებაზე და ვაგრძელებდი მუშაობას”, _ გვიყვება ურუშაძე.
ის იხსენებს, რომ როცა დაიწყო მიწის გამოსყიდვაზე საუბარი და გამოვიდა კანონი მიწის ლეგალიზების შესახებ, მასთან ყოფილი თანამშრომელი მივიდა: _ მითხრა, მხარი უნდა დამიჭირო, რომ შენი თანამშრომელი ვიყავიო. იმ მიწას ვყიდულობ, რომელზეც ფერმა დგას, ფულიც მაქვს გადახდილიო. ხომ იცი, რომ ეს შენობა, მე მაქვს გამოსყიდული, რატომ არ მკითხე, როგორ იყიდი მიწას,-მეთქი, _ შევეკითხე და ყველა საბუთი ვაჩვენე. მითხრა, _ გური ბიძია, ეს შენ ყველაფერი ნაყიდი გქონია, ჩვენ კი მოგვატყუეს და 10 000 გადაგვახდევინესო. ამის შემდეგ ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარესთან ვალია გირკელიძესთან მივედი, საბუთები მივუტანე და ვუთხარი _ რომ უმტკიცებ ამ კაცს ამ ნაკვეთს, ჩემს საბუთებს თუ გადახედე,-მეთქი? მან ორი კაცი მოიყვანა მოწმედ, დამიმტკიცა, რომ აქ მუშაობდა და ვაძლევ მაგ ფართობსო, მიპასუხა. არ მიიღო საბუთები და მომაყარა.
ამის შემდეგ გური ურუშაძე იურისტებთან მიდის და კონსულტაციებს გადის _ ისინი ურჩევენ, კიდევ ერთხელ მიმართოს კომისიას წერილობით და თუ ისევ არ გაატარებენ რეგისტრაციაში, ფოსტით გაუგზავნოს.
“ვიცოდი, გირკელიძე თბილისში მიდიოდა და ორშაბათამდე არ იქნებოდა. პარასკევს საბუთები მდივანს მივუტანე. არ იღებდა. როცა მოვთხოვე, უარი წერილობით დაედასტურებინა, არ დამიწერა და ამის შემდეგ დაიტოვა. მითხრა: ვიცი, ჩამოვა ორშაბათს და ამის გამო მაწყენინებსო. როცა პასუხისთვის მივედი, გირკელიძემ ისევ მომიყარა საბუთები. შემდეგ პროკურორს ილია ჯალაღანიას განცხადებით მივმართე. ჯალაღანიამ თანამშრომელს დაუძახა და გადასცა ჩემი განცხადება, რომელმაც მითხრა, დამიტოვე შენი საბუთები და გავეცნობიო. ათ დღეში დამიბარა, როცა მივედი, მითხრა, რომ პასუხს ვერ მეტყოდა, რადგან საქმე ქუთაისის პროკურატურაში გადაეგზავნათ. წავედი ქუთაისში. მგონი ჩაფიძე იყო გამომძიებელი. მითხრა, განვიხილეთ შენი საქმე, მართალი ხარ და სასამართლოს მიმართეო. ვუთხარი, სასამართლო რომ მდომოდა, თქვენ არ მოგმართავდით. მითხარით დადებითი ან უარყოფითი პასუხი,-მეთქი. მითხრა, მაშინ იმას ციხე მოუწევს, პასუხი უნდა აგოსო. არანაირი ყურადღება პროკურატურამ არ მომაქცია.
_ თქვენმა ყოფილმა თანამშრომელმა საკუთრების უფლების აღიარება ვერ მოახერხა?
_ ვერა. ამ ქალის ქმარი და ოჯახის წევრები ქუთაისის პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ვიცი, 2 ღამეც გააჩერეს და გირაოც გადაახდევინეს _ 2000-2000 ლარი. ახლა პეტრე სალუქვაძის გადაწყვეტილებას ველოდები. მაინტერესებს, როგორ იმართლებს გირკელიძე თავს, ამდენ უკანონობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული და ოდესმე ხომ უნდა გაირკვეს სიმართლე? კანონით თუ მეკუთვნის, მომცენ, თუ არადა, ეგეც მითხრან. გირკელიძემ შემომითვალა, ნახევარი მიეცი იმათ, ნახევარს შენ დაგიმტკიცებო. უარი ვუთხარი, _ ამბობს ურუშაძე.
ამის შემდეგ ის საჯარო რეესტრს მიმართავს განცხადებით, იმის გასარკვევად, რომ აღნიშნული ფართობი არის თუ არა ვინმეს საკუთრებაში. საჯარო რეესტრის წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ “...ნახაზის მიხედვით, რომელიც შესრულებულია შპს “მაიას” მიერ, მითითებული ტერიტორია, მდებარე ოზურგეთის რაიონი, სოფელ ლიხაური, ფართობით 40 000 კვმ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს სახელზე”.
შემდეგ ურუშაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს პეტრე სალუქვაძეს მიმართა. როგორც სალუქვაძემ გვითხრა, კომისია უახლოეს დღეებში გავა ადგილზე, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
გასული წლის მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ვალია გირკელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობდა, რომ შეიძლება პიროვნებას შენობა შესყიდული ჰქონდა, მაგრამ მიწა, რომელზეც ეს შენობა იდგა, არ იყო ლეგალიზებული. პრეზიდენტმა უფლება მოგვცა, ასეთ შემთხვევებში მისი ლეგალიზება მოგვეხდინაო.
გირკელიძემ “გურია ნიუსის” კითხვები მოისმინა, შეგვპირდა, რომ გაეცნობა აღნიშნულ საქმეს და პასუხს წერილობით მოგვაწვდის: “ახლა ვერაფერს გიპასუხებთ. შევისწავლი მაგ საკითხს და მოგწერთ”, _ გვითხრა მან.
იურისტი ირაკლი პაპავა: _ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ე.წ. “ლეგალიზაციის” კომისიას რამდენიმე სერიოზული კანონდარღვევა აქვს ჩადენილი. პირველი ის, რომ მან დაინტერესებული მოქალაქის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებაზე, მსუბუქად რომ ვთქვათ, “თავაზიანი” უარი განაცხადა და ამ დოკუმენტაციის ჩაბარება მხოლოდ კომისიის მდივანთან მოხერხდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ძალზე საეჭვოა, რომ მოქალაქე გური ურუშაძის წერილობითი განცხადება (თანდართული დოკუმენტებითურთ) სათანადო წესით გატარებულიყო რეგისტრაციაში კომისიის მიერ და კომისიას ამ განცხადებისთვის, საერთოდ, რაიმე მსვლელობა მიეცა. არადა, კომისია, კანონის თანახმად, ვალდებული იყო, წარმოებაში მიეღო განცხადება და მის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება განეხორციელებინა. მაგრამ კომისიას, როგორც ჩანს, ზემოაღნიშნულ განცხადებასთან მიმართებაში არანაირი ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია და, შესაბამისად, მასზე არც არანაირი გადაწყვეტილება (არც უარყოფითი და არც დადებითი) არ მიუღია, რაც აშკარად უკანონო და ყოვლად დაუშვებელია. არადა, ბატონ გურის ყველა სათანადო დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჰქონდა წარმოდგენილი და მისი მოთხოვნა კომისიის მიერ აუცილებლად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
რაც შეეხება იმ მომენტს, სადაც ბატონი გური საუბრობს, რომ “ლეგალიზაციის” კომისია მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ეს მფლობელობა დოკუმენტურად მტკიცდება), საერთოდ, სულაც სხვა პირისთვის აპირებდა საკუთრების უფლების აღიარებას, კომისიის მხრიდან მსგავსი რამ დიდი ალბათობით ნამდვილად შესაძლებელი იყო. მისი საქმიანობის მონიტორინგის პროცესში აღმოჩნდა, რომ, არცთუ იშვიათად, მიწის ნაკვეთის ლეგალიზაციით დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენის დღესვე ჰქონდა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება ისე, რომ არანაირი წარმოება არ ჰქონია გახორციელებული. ეს კი დანაშაულის ტოლფასია, რადგან კანონმდებლობის თანახმად, კომისიას განცხადების განსახილველად ორთვიანი ვადა აქვს მისი მიღებიდან. ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ საკუთრების უფლებისთვის, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად, ორ თვეზე მეტი ვადაა აუცილებელი, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა ულაც არაუმეტეს ექვსი თვით გაზარდოს. ეს ორთვიანი ვადა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლის მიერ იმიტომ არის დადგენილი, რომ გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე ადმინისტრაციულმა ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და არსებითი გამოკვლევა და მხოლოდ იმის შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, როცა დარწმუნდება, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება სათანადოდაა გამორკვეული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ ავალდებულებს ლეგალიზაციის კომისიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია კი ხშირ შემთხვევაში (ისე კი, საკითხავია, იცავდა კი საერთოდ?) არ ახორციელებდა ადმინისტრაციულ წარმოებას და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხშირად საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე ხდებოდა. ანდა კომისიის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში რომელი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ბატონმა გური ურუშაძემ, როგორც დაინტერესებულმა მხარემ, წინა მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიაში ოფიციალურად საკუთარი განცხადების ჩაბარებაც კი ვერ მოახერხა, მისი განცხადების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას ხომ ჯვარი სწერია! არადა, ამ დროს ეს სულაც არ არის “მექანიკური შეცდომა” (როგორც ლეგალიზაციის კომისიის ყოფილი შეფი თუ სხვა წევრები უწოდებდნენ საკუთარ ინტერვიუში კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ბევრ მნიშვნელოვან დეტალს) _ კომისიის მსგავს ქმედებებს მეტად მნიშვნელოვანი იურიდიული შედეგები მოჰყვება და სწორედ მათზეა დამოკიდებული ლეგალიზაციის მსურველ პირთა წერილობითი განცხადებების დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების ბედი.
საბოლოო ჯამში, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კომისიის ქმედებით (უფრო სწორად, უმოქმედობით) და მისი ბრალეულობით ზიანი მიადგა ბატონი გური ურუშაძის კანონიერი ინტერესის გახორციელებას. პირის კანონიერი ინტერესისთვის დაბრკოლების შექმნა კი სისხლის სამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში საქმეში ჩართვა, როგორც წესი, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს მართებთ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ვენეციის კომისია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს საერთო სასამართლოების რეფორმის პროექტის
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასამართლო უპრეცედენტოდ ლოიალურია თავდაცვის ყოფილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს
შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს
2013 წლის   28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის
დაკითხვაზე გამოცხადებულ ვანო მერაბიშვილს თან არ ახლდა ადვოკატი. ჩვენი ინფორმაციით,