ფინანსები

ვალდებულებას მიიჩნევენ ღირსების საქმედ თუ "სხვა მთავარის" გადაწყვეტით მოაგვარებენ პრობლემას

თემურ მარშანიშვილი   2010-11-25 19:05:08

როგორც გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 12 ნოემბრის სხდომაზე ცხარე დებატი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დავალიანების საკითხმა. როგორც საკრებულოს წევრმა, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კოორდინაციის შტატგარეშე თანამშრომელმა გურიაში დავით დოლიძემ თქვა, ეს დავალიანება თვიდან თვემდე იზრდება და დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, საავადმყოფომ, შესაძლებელია, ფუნქციონირება შეწყვიტოს. დეპუტატების ერთი ნაწილის აზრით, საავადმყოფოს უპირობოდ უნდა დაეხმარნონ, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არასწორი მენეჯმენტის ბრალია.
მკითხველს შევპირდით, რომ ამ თემაზე უახლოეს პერიოდში ვრცელ მასალას მივაწვდიდით. მოკვლეული მასალების საფუძველზე, თავიდანვე შეიძლება იმის თქმა, რომ მდგომარეობა მართლაც რთულია, მაგრამ _ არა საგანგაშო.
ჩვენი აზრით, პრობლემა გარკვეულწილად სხვა კალაპოტში ჩააგდო საკრებულოს წევრის, სამშობიარო სახლის დირექტორის დავით მდინარაძის გამოსვლამ:
_ არსებობს ბავშვთა საავადმყოფო, ტუბდისპანსერი, ნევროლოგიური, საავადმყოფო. თუ იქ ავადმყოფს სცივა, ჩემთან შეიძლება ახალშობილს შესცივდეს. სწორად გამიგეთ _ მზად ვარ, მეც დავეხმარო საავადმყოფოს, რომ გაზი და შუქი არ გაითიშოს, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? _ აღნიშნა მდინარაძემ.
წინა დღით, 11 ნოემბერს, შპს "ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს" დირექციამ თხოვნით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს, მოსახლეობის წინაშე ჯანდაცვის სფეროში დამატებითი ვალდებულების აღების თაობაზე: "როგორც თქვენთვის ცნობილია, ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის შპს, აქციების 100%-ის სახელმწიფო კუთვნილებით. იმის შედეგად, რომ დაბალია სამედიცინო პროგრამებში არმოხვედრილი პაციენტების (ძირითადად 3-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობის, ასევე 60 წელს ზემოთ მყოფი პაციენტების (რომლებმაც უნდა დაფარონ სამედიცინო მოსახურების 25%-იანი თანაგადახდა) გადახდისუნარიანობა, 2010 წლის 10 თვეში დაწესებულებას დააკლდა 23 354 ლარი.
საგრძნობია მედიკამენტების ფასების ზრდის ტენდენცია, ასევე, მოსახლეობის გადახდის უუნარობის გამო, მცირეა გეგმიურ პაციენტთა დატვირთვის მაჩვენებელი და შიდა სტანდარტით გაწეული მომსახურების ხვედრითი წილი.
წელიწადის ცივ დროს საგრძნობლად მომატებულია კომუნალური ხარჯების რაოდენობა. სტატისტიკურად კი ამ პერიოდში კლებულობს თვის ფინანსური შემოსავალი, რაც ქმნის წანამძღვრებს, დაწესებულებას წარმოეშვას სახელფასო, მედიკამენტებისა და კომუნალური ხარჯების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, შეშა) სერიოზული დავალიანება.
ყოველივე ამან შეიძლება შექმნას საგანგებო სიტუაცია და რეალური საფრთხე დაემუქროს დაწესებულების შემდგომ ფუნქციონირებას.
მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ ჩვეული გულისხმიერება, აიღოთ დამატებით ვალდებულება საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჯანდაცვის სფეროში და მრავალპროფილიან საავადმყოფოს, სტრატეგიული სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო ობიექტს, დაგვიფაროთ ყოველთვიური კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი) თანხა ფაქტიურად გაწეული ხარჯის მიხედვით."
"გურია ნიუსი" საავადმყოფოს მთავარ ბუღალტერთან ეთერ თავართქილაძესთან საუბარში საავადმყოფოს მიმდინარე დავალიანებებით დაინტერესდა:
_ სექტემბრის სახელფასო დავალიანებები გვაქვს ურგენტულ კომპონენტში, რაც ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული, ფონდების შეერთება მოხდა და ამიტომ აგვიანდება ხელფასებს. აგვისტოს თვის სრულად დაფარულია, სექტემბრისაც, გარდა ურგენტულისა. ოქტომბრის თვის ხელფასის დაფინანსება ჯერ არ არის დაწყებული _ ველოდებით 10 დეკემბრამდე. ასეა ნორმატივით. შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდეგ,  25 სამუშაო დღეზე ამუშავებს და  საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას უკეთებს კომპანია.
_ ქალბატონო ეთერ, სხვა სახის დავალიანებებზე რას იტყვით? საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ თუ 25 ნოემბრამდე გაზისა და ელექტროენერგიის დავალიანება არ დაიფარება, საავადმყოფო ფუნქციონირებას შეწყვეტსო.
_ ფუნქციონირებას არასოდეს არ ვწყვეტთ. დღემდე მოვდივართ ისე, რომ შუქის დავალიანება იქნება თუ რაიმე სხვა სახის, საერთოდ არ გვქონია. ორი თვე აგვიანდება თანხების დაფინანსებას, ამიტომ წინ გაწეული ხარჯები გვაქვს. სექტემბრის თანხები მივიღეთ ახლა და სექტემბრის ხარჯი გაწეული გვქონდა, ასევე ოქტომბრისა და ნოემბრისაც. დღეს 17 ნოემბერია და მედიკამენტებზე შეფერხება არ გვქონია. დაწესებულებას ფაქტობრივად პრობლემა არ შექმნია იმის გამო, რომ თანხა არ იყო, დენსაც ვფარავდით, წყალსაც. მხოლოდ გაზის პრობლემა შეგვექმნა. ზამთრის სეზონი იყო, გადმოვედით ზაფხულში და ეს თანხები მედიკამენტებზე მივმართეთ. ნაწილობრივ ვფარავდით, იყო 3200 და დარჩა 2666 ლარი. მედიკამენტებზე გვაქვს ვადაგადაცილებული დავალიანებები იმის გამო, რომ ეს თანხები მოდის 2 თვის შემდეგ. დაგროვდა გადაუხდელი თანხები, პაციენტი შემოდის, თანხას ვერ იხდის, გაწეული მომსახურებიდან ყველა თვეში 10-15 პროცენტის დანაკარგი გვაქვს. გარკვეულ დანაკარგებთან გვაქვს საქმე თანხების დაკორექტირებისას, შესრულებული სამუშაოს 7-10 პროცენტამდე კომპანიების მიერ დაკორექტირებული თანხებია.
ხარჯები განსაკუთრებით გვეზრდება ზამთრის პერიოდში _ თვეში 4000-4300 ლარს აღწევს  მარტო შუქის გადასახადი, 2000-2200 ლარს _ მედიკამენტების შეძენა, ამას ემატება ბუნებრივი აირი, 6-7 ათას ლარს კომუნალურში რომ გადავიხდით, მერე ვეღარ ვფარავთ სხვა ხარჯებს. უკვე მიჭირს მედიკამენტის დაფინანსება იმიტომ, რომ ეს ნორმატივით იმავე თვეში არ ხდება, ოქტომბრის შესრულება დეკემბერში უნდა მივიღო. ამიტომ თუ დახმარება ამ პერიოდში იქნებოდა, მედიკამენტის ნაწილში არ გაგვიჭირდებოდა.
მენეჯმენტის საკითხებზე "გურია ნიუსი" საავადმყოფოს ფინანსურ მენეჯერს ირაკლი სირაძეს გაესაუბრა:
_ ბატონო ირაკლი, საკრებულოს სხდომაზე მენეჯმენტი დაგიწუნეს, არსებული დავალიანება ცუდი მენეჯმენტის შედეგიაო. თქვენი მენეჯმენტი განსხვავდება სხვა საავადმყოფოების მენეჯმენტისგან? 
_ ვფიქრობ, რომ თანხის ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დაწესებულებას სჭირდება საარსებოდ (ხელფასები და ხარჯები), ჩვენ არ გვაქვს რეალური შემოსავლებით. ჩვენთან თვეში 110-140 სტაციონარული ავადმყოფი ტარდება. რაც აქ ვმუშაობ, ეს სტატისტიკა უცვლელია. ძირითადი შემოსავალი სტაციონარულია, შემდეგ მოდის შემოსავალი სადაზღვევო კომპანიებიდან. შემოსავალი, 2010 წლის მონაცემებით, 49-54 ათას ლარამდეა. ვფიქრობ, დაწესებულებამ გამართულად რომ იფუნქციონიროს, ეს თანხა დაახლოებით 40 პროცენტით უნდა გაიზარდოს. როცა ეს ოპტიმალური თანხა შეგროვდება, ვფიქრობ, დაწესებულება გამართულად იფუნქციონირებს.
საერთოდ, წლის დასაწყისში დგება გეგმა, რა და როგორ დაიხარჯოს. ვფიქრობ, რომ ეს გეგმა გათვლილია მოგებაზე, მაგრამ იმის გამო, რაც ვახსენეთ _ გადახდისუუნარობა, თანხების კორექტირება, ზოგ შემთხვევაში სამართლიანი, ზოგ შემთხვევაში კი უსამართლო, _ გვაკლდება ეს თანხები. შესაბამისად, მერე გეგმაშიც შეგვაქვს კორექტირება.
ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი დავით ჩანტლაძე კომუნალური ხარჯების დაფარვაში დახმარებას პრიორიტეტულად იმიტომ მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში ზოგჯერ შეჰყავთ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი ავადმყოფები და მათ მაშინვე უნდა დახვდე სრული მზაობით: _ ამას მივიჩნევთ პრიორიტეტულად. ჩვენ ეს მოვთხოვეთ არა ჩვენი კეთილდღეობისთვის, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს ეს ყველაფერი.  ხარჯებში შემოხიდება მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეს პრობლემები არ არსებობდეს და დაწესებულებამ ღირსეულად გააგრძელოს ფუნქციონირება, _ აღნიშნა დავით ჩანტლაძემ.
როგორც მედიაციის სამსახურიდან (ხელმძღვანელი არჩილ ცერცვაძე) შევიტყვეთ, საავადმყოფოს დირექტორი და ბუღალტერი, თანხების აკუმულირებისა და კორექტირების საკითხებზე თბილისში შეხვდნენ მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელს და ყველა სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს, სადაც ოზურგეთის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ითხოვეს, დროულად გადაეგზავნათ კორექტირების მონაცემები და ცოდნოდათ, რა ან ვინ არის დანაკლისის, ანუ თანხის კორექტირების მიზეზი:
_ ასეთი პრეცედენტიც გვქონდა, _ იხსენებს ჩანტლაძე, _ როდესაც ერთ-ერთი კომპანიის დავალიანება 9 ათას ლარს გადაცდა, ცალმხრივად შევუწყვიტე ხელშეკრულება. შემდეგ, დაზღვეული პიროვნებების ინტერესების გათვალისწინებით, აღვუდგინე, რადგან ისინი არაფერ შუაში იყვნენ. მას შემდეგ ასეთი დიდ დავალიანება ამ კომპანიას აღარ ჰქონია.
საავადმყოფოს დირექტორის თქმით, პრობლემას ქმნის ის, რომ შიდა სტანდარტით გაწეული მომსახურების ხვედრითი წილი მიზერულია მთლიან მოცულობაში:
_ მოსახლეობა გადახდისუუნაროა. ასევე ვერ ფარავს დავალიანებას ის კონტიგენტი, რომელმაც თანაგადახდით საერთო თანხის ერთი მეოთხედი უნდა შემოიტანოს. წელს, 9 თვის შედეგებით, 26 ათასი ლარია მოსახლეობიდან მიუღებელი, მთლიანად კი დავალიანება 300 ათასს აღემატება. ამ თანხით ყველა პრობლემას მოვხსნიდით. დგება საკითხი დავალიანების სამართლებრივად ამოღებაზე, მაგრამ ეს ხომ დროში გაწელილი პროცესია?
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კოორდინაციის შტატგარეშე თანამშრომელი, ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ქირურგი დავით დოლიძე ამბობს, რომ საავადმყოფოს მენეჯმენტი რამდენჯერმე შეისწავლეს, როგორც ადგილობრივმა ძალებმა, ისე სამინისტროს წარმომადგენლებმა, ჩაერია მედიაციის ჯგუფიც და თუ რაიმე ოპტიმიზაციის გაკეთება შეიძლება, გააკეთებენ კიდეც:
_ ახლა ახალი მენეჯმენტის ძიებაში საავადმყოფოს დავკარგავთ, იცით, რა გაგებით? გაითიშება შუქი, წყალი. მწვავე საკითხია. სანამ ზოგადად არ გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა მხარეში, მანამდე ასე იქნება. ვფიქრობ, ჯერჯერობით მაინც უნდა დაეხმაროს ადგილობრივი ხელისუფლება.
_ საკრებულოს სხდომაზე ასეთი აზრიც გამოიკვეთა: დავალიანება კი არ დავუფაროთ, თანხა ვასესხოთო...
_ გადახდის საშუალება რომ ჰქონდეს, მაშინ ვალიც არ ექნებოდა.
_ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების საავადმყოფოებში როგორი მდგომარეობაა?
_ უბრალოდ, რეალური საფრთხე იყო, გათიშულიყო ოზურგეთი. სხვას ჩემთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს. თუმცა, ვიცი, ანალოგიური მდგომარეობაა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.
თემურ სალუქვაძე, "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: _ სახელმწიფო ფასადების შეღებვით არ უნდა იყოს დაინტერესებული. სჯობს, ისეთი საკითხებით და პრობლემებით დაინტერესდეს, როგორიც საავადმყოფოა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ არამიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხები, ყოველგვარი პრიორიტეტების გარეშე, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს საავადმყოფოს პრობლემის მოგვარება, შეიქმნას ჯგუფი და გამოვარკვიოთ, რა ხდება. იმუშაოს პროფესიონალებისგან შემდგარმა ჯგუფმა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. გაირკვეს ბოლოს და ბოლოს ეს არასწორი მენეჯმენტის ბრალია თუ სხვა რამის. არ მიმაჩნია ნორმალურად ჩვენი ექიმებისთვის ასეთი გარემო _ ყოველთვის ხომ არ უნდა უცადონ გამოწვდილ ხელს? სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს მათი კეთილდღეობისთვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, უკვე გადახდილია საავადმყოფოს საგარანტიო წერილების 3150 ლარი, მალე გადარიცხავენ ელექროენერგიის დავალიანებას _ 1300 ლარს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოს აუცილებლად უნდა დაეხმარო, ამავე დროს, მოითხოვს პრობლემის ძირეულად შესწავლას.
"ჭირი _ იქა, ლხინი _ აქა, ქატო _ იქა, ფქვილი აქათი" დავამთავრებდით, რომ არა საკრებულოს სხდომაზე სახელმწიფო ჩინოვნიკის წამოსროლილი რეპლიკა: "აქ მთავარი სხვაა და ეს საკითხი რომ გადაწყდება, ეს პრობლემაც მოგვარდება".
არავის ადვოკატობას არ ვაპირებთ, მაგრამ ვფიქრობთ, ამ რეპლიკას პირდაპირი კავშირი აქვს მოარულ ჭორთან, რომ ზოგიერთს გულზე არ ეხატება საავადმყოფოს დირექტორი დავით ჩანტლაძე და ამიტომაც ბრუნავს ეს ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჭიათურის მუნიციპალიტეტში წელს 2 682 300 ლარის ღირებულების პროექტები უკვე
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით,
მესტიის მუნიციპალიტეტს პირველ ეტაპზე რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიისთვის წარდგენილი ორი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების ადმინისტრაციული წარმოება კი დაიწყო,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და ეკონომიკის
7 წლიანი რუსული ემბარგოს შემდეგ, პირველი ქართული პროდუქცია, რომელსაც ექსპორტიორები