საზოგადოება

რატომ აღარ მღერის კრიმანჭულს ელენა ბიბინეიშვილი

ნატო გოგელია   2010-11-25 19:05:57

გზა, რომელიც უნდა გავიაროთ, ვიცით, რომ შორი და რთულია, მაგრამ საინტერესო და ძალიან ლამაზი. ქალბატონი, რომელიც უნდა ვინახულოთ, ასაკოვანი და მარტოხელა ელენა ბიბინეიშვილია. ჩვენი მიზანია, რომ თქვენამდე მოვიტანოთ მისი გასაჭირი და ერთად ვიზრუნოთ მასზე, რადგან მისი სიცოცხლე მხოლოდ მას არ ეკუთვნის _ იგი საქართველოს ერთი პატარა სოფლის, ერთი პატარა უბნის უკანასკნელი მცხოვრებია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო სურები მაღალმთიანია, ზღვის დონიდან 640 მეტრზე, მდინარე სუფსის ხეობაში მდებარეობს. 2 საათზე მეტი მანქანით ვიარეთ... წინასწარ გაგვაფრთხილეს, _ თქვენს ადრესატამდე სამანქანო გზა არ მიდის და ტყეში ფეხით სიარული მოგიხდებათო... ის გზაც, რომელსაც სამანქანედ მიიჩნევენ, ავარიულია და მასზე გავლა მხოლოდ ორხიდიანი ავტომანქანებით არის შესაძლებელი. უგზოობა ამ ხეობის სოფლების მცხოვრებთა უპირველესი პრობლემაა.
ზემო სურებში მასპინძელი და მეგზური _ სანდო, კეთილსახიანი, შავებში ჩაცმული ქალბატონი _ ნანული ბიბინეიშვილი დაგვხვდა _ დანიშნულების ადგილამდე მან უნდა მიგვიყვანოს. ქალბატონი ნანული სოფლის ჭირ-ვარამის გამზიარებელი და როგორც აქაურები ამბობენ, ყველას ჭირისუფალია. რამდენიმე თვის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის შვილიშვილი დაეღუპა, მაგრამ დიდმა დარდმა ვერ გატეხა _ ისევ ძველებური შემართებით და პასუხისმგებლობით დგას თანასოფლელების გვერდით. ახლაც, დაუზარებლად დაგვთანხმდა მეგზურობაზე.
_ იქ ხალხი იშვიათად დადის. ტყეში წასული ადამიანი თუ გაივლის სეზონის დროს, თორემ სადაც ელენა ცხოვრობს, ადამიანები აღარ დადიან, _ გვიხსნის ქალბატონი ნანული, რომლის დამსახურებაცაა, რომ ელენა ბიბინეიშვილი ცოცხალია, _ დასახლებული პუნქტიდან თითქმის 2 კილომეტრი ტყეში მივდივართ, ბილიკი ციცაბოა და შესაძლებელია ნებისმიერ წამს გადავიჩეხოთ...
ბევრჯერ ამ გზაზე ძროხა გადამჩეხვია... როცა შვილები პატარები მყავდა და ვერავის ვუტოვებდი, საქონელს უმეთვალყურეოდ ვუშვებდი და ამ ადგილზე ბევრჯერ მინახავს ჩაჩეხილი, _ ღრმა უფსკრულისკენ ხელს იშვერს ქალბატონი ნანული.
დამღლელი და რთული გზის გავლის შემდეგ, დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებით, რის მაცნეც უზარმაზარ წიფელზე გასული ვენახია...
_ ელენას ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა... ერთ-ერთი ძლიერი ოჯახი იყო მთელ სურებში; ელენა და მისი და, გოგუცა გაუთხოვრები დარჩნენ და შემორჩნენ სოფელს. სამწუხაროდ, გოგუცა ბიბინეიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, _ გვიყვება მეგზური.
სახლი, სადაც მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს თითქმის დაშლილია. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანს _ არც ღობე, არც ჭიშკარი... ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებს...
_ რომელი ხარ მაქ? _ ისმის შეშინებული ხმა სახლის სიღრმიდან.
_ ნანული ვარ, ნუ გეშინია, გამოდი, _ მოულოდნელი სტუმრებისგან დამფრთხალ ელენას ამშვიდებს ჩვენი გამყოლი.
რამდენიმე წუთში ოთახიდან თმაშევერცხლილი ქალბატონი გამოვიდა. ჩვენი ვინაობა და სტუმრობის მიზანი რომ გაიგო, გაოცებულს გაეღიმა: _ მე ვინმეს ვახსოვარ?
ფოტოს გადაღების ნება დაგვრთო, თუმცა, რამდენიმე წუთი ითხოვა და ოთახის კარი მიხურა. მალე "სასურათედ" მოწესრიგებული გამოვიდა _ სახეზე ფერუმარილწასმული და ტუჩებზე პომადანაცხები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.
_ ჩემმა ნათესავებმა მომიტანეს დიდი ხნის წინ და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ვინახავ.
_ მშვენივრად გამოიყურებით ქალბატონო ელენა...
_ ახლა არა, თუმცა იყო დრო, როცა მართლა ლამაზი ვიყავი და მთხოვნელებიც ბევრი მყავდა... დღეს კი მარტო ვარ...
ელენა ბიბინეიშვილი 1930 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. სკოლა ფრიადებზე დაამთავრა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. როგორც თავად ამბობს, დრომ მალე გაირბინა და ახლა მარტოობის ბორკილებს ყოველ წუთს ებრძვის:
_ ნანული რომ არ მყავდეს, რა მეშველება არ ვიცი. დიდ გზაზე სიარული მე არ შემიძლია... ახლა მისი უბედურება ეყოფა, თუმცა მაინც არ მივიწყებს. მის გარდა არავის ვახსოვარ, _ გვითხრა ქალბატონმა ელენამ, რომელსაც ასაკი ნამდვილად არ ეტყობა _ ლამაზად დავარცხნილ თმებს საღებავის კვალი ეტყობა და ჩვენი გაოცებული მზერის საპასუხოდ გვიხსნის: _ მე თვითონ ვამზადებ მცენარეებისგან და თავად ვიღებავ. ახლა, ახალი დაბანილი მაქვს და ფერი გადასულია, _ გვითხრა მასპინძელმა; თუმცა საღებავის დამზადების რეცეპტი არ გაგვიმხილა, _ თქვენ შავი ფერის თმა გაქვთ და მაინც არ გამოგადგებათო.
_ ყოველ დილით ისეთ კრიმანჭულს მღერის, რომ დაბლა, თითქმის მთელ სოფელს ესმის, ამით ვიგებთ რომ ცოცხალია, თუმცა, რაც ჩემი შვილიშვილი დაიღუპა, მისი სიმღერაა აღარავის გაუგონია, _ გვეუბნება ქალბატონი ნანული.
_ აღარ არის სასიმღეროდ საქმე. თან ზამთარიც მომისწრებს და თოვლი მომჭყლიტავს. ახლა რომ ვიმღერო, გიჟი ვეგონები ვინმეს, _ გვიხსნის ქალბატონი ელენა.
იცის, რომ ამ ზამთარს მისი სახლი ვერ გაუძლებს, თუმცა არ იცის რა ქნას.
_ ნანული მეხვეწება ჩემთან წამოდიო. დისშვილებიც მყავს ბათუმში, მაგრამ არავისთან არ მინდა წასვლა. ჩემს ჭკუაზე ვერავისთან ვიქნები. რაიმე არ მოეწონებათ ჩემი გაკეთებული და დამწყევლიან... სხვაგან ბინის დასაქირავებელი ფული კი მე არ მაქვს. პენსია და 22-ლარიანი დახმარება მეძლევა, ისიც საჭმლისთვის ძლივს მყოფნის. ხშირად ნანულის მოაქვს საჭმელი, _ გაგვიშინაურდა და გასაჭირზე თამამად გვესაუბრება.
ის დროც გაიხსენა, როცა თაყვანისმცემლებს უარს ეუბნებოდა და მისი სილამაზის დასტურად ახალგაზრდობისდროინდელი ფოტოები გვაჩვენა: _ ასეც ხდება. ცხოვრება ყველას არ უფენს ია-ვარდებს. წუთისოფელი ჩემთვის ძალიან მწარე დარჩა... ვიცი, რომ ამ ზამთარს, ჩემი დაშლილი ბუხრის საკვამურიდან კვამლი აღარ ამოვა. აქ ხომ ძალიან დიდი თოვლი იცის, _ ცრემლების შეკავება უჭირს.
როგორც უკვე გითხარით, ელენა ბიბინეიშვილის სახლამდე სამანქანო გზა არ მიდის, თუმცა არ გვითქვამს, რომ მას არასდროს ჰქონია ელექტროენერგია _ გადამცემი ხაზი აქამდე არ მოუყვანიათ. ტელევიზორიც სხვაგან თუ უნახავს, ისიც ძალიან დიდი ხნის წინ, რადგან ბოლო რამდენიმე წელია საკუთარ ნავსაყუდელს არ გასცილებია.
_ სანთელიც არ მაქვს. როცა ღამდება, ლოგინში ვწვები... ხანდახან მგონია, რომ მარტოობისგან ლაპარაკი დამავიწყდება, _ წუხს ჩვენი რესპონდენტი.
ღამდება და ჩვენი წამოსვლის დროც დგება. ქალბატონი ელენა გვაცილებს. თვალებზე ცრემლი ადგას... მადლობას გვიხდის სტუმრობისთვის და პირობას გვადებინებს, რომ ისევ შევხვდებით _ ოღონდ, თოვლის მოსვლამდე...
ზემოსურებში კი მალე დიდი თოვლი მოვა, როგორ ყოველ წელს...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გია გიორგაძე ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ შეგვპირდა, რომ ქალბატონ ელენას სახლს უქირავებენ და უხიფათოდ გამოაზამთრებენ, მასზე ზრუნვას გაზაფხულზეც არ შეწყვეტენ...
ამ რეპორტაჟის დაბეჭდვის წინ გავიგეთ, რომ დასაქირავებელი სახლი ქალბატონი ელენასთვის უკვე მოიძებნა მის მშობლიურ სოფელშივე, ოღონდ დასახლებულ უბანში.
ჩვენ კი ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებთან ერთადაც უკვე ჩამოთოვილ სურებს საახალწლო ნობათით დატვირთულები ვესტუმრებით ქალბატონი ელენასთვის ახალი წლის მისალოცად _ მისთვის, თურმე, ახალ წელს საჩუქარი არასდროს არავის მიურთმევია.
გაზაფხულზე კი, მშვიდობით გამოზამთრებული ჩვენი რესპონდენტის კრიმანჭულსაც ჩავწერთ _ ჰიმნს, რომელსაც იგი დანარჩენ სამყაროს ყოველ დილით უგზავნის იმის ნიშნად, რომ კვლავაც ცოცხალია თვითონაც და ჯერ კიდევ დასახლებული მიწის მტკაველი!

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ "კუბანას" ანალოგი, მომავალ წელს, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ინფორმაციას
გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს კაბინეტში შესასვლელი კარი ჩაეკეტა. რამდენიმე წუთის განმავლობაში
გურიის რეგიონში 26 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვიდა. აქედან, ერთი
ორშაბათს, 3 ნოემბერს, 13:00 საათზე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით,
თურქული კომპანია “Betareks”-ის დამფუძნებელი ნეჯატ ონერი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლის
“სისტემა გადატვირთულია. ცადეთ მოგვიანებით“ _ ეს წარწერა ხვდება Biletebi.ge-ზე შესულ