მკითხველი

როცა სინდისის ქენჯნაც კი სანატრელია

  2010-11-26 05:44:52

ალბათ, მავანი სათაურმა დააფიქრა, მავანნი კი გააცინა, რადგან როცა სინდისის ქენჯნა სანატრელია, ესე იგი, სინდისის დეფიციტს განიცდი... და თუ ეს ასე არაა, მაშინ რა დავარქვათ იმას, რომ ვეტერინარი საჯაროდ, ხალხს მიმართავს, ძაღლები, კატები დაყარეთ ქუჩაში. ეგ არაფერი, მთვარია მერე დამირეკეთო, სულ რაღაც "მარტივი კომბინაციის ჩატარება მოგიწევთ _ უნდა დარეკოთ ნომერზე (858)410101" (ამონარიდი გაზეთი "გურია ნიუსი", 8 ნოემბერი, ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძისადმი მიძღვნილ..." პიარ სტატიიდან. სტატია დაფინანსებული იყო, მაგრამ საკითხავია ვისგან?! ფინანსების დეფიციტს კი ნამდვილად არ უნდა განიცდიდეს ბატონი ვეტერინარი, თანხები ბიუჯეტიდან ისევ უმისამართოდ იფლანგება (იხილეთ გაზეთი "ალიონი", 2009 წლის 15 ივნისი, #25. "ვინ რა უნდა თქვასო... წისქვილმა კი ფქვასო") მაგრამ ახლა ამ საკითხზე აღარ შევჩერდები, მინდა რამდენიმე კითხვით მივმართო ბატონ გ. მაღლაფერიძეს.
კითხვა პირველი: ბატონო გიორგი, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი "ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია", რომელიც 1977 წლის 23 სექტემბერს ცხოველთა უფლებების მსოფლიო საერთაშორისო ლიგის მიერ ლონდონშია მიღებული? 1978 წლის 15 ოქტომბერს გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის შტაბში, პარიზში გამოცხადდა, 1989 წელს მოხდა დეკლარაციის ტექსტის გადახედვა ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ, 1990 წელს დეკლარაცია წარედგინა იუნესკოს გენერალურ დირექტორს და ამავე 1990 წელს მოხდა მისი მსოფლიო აღიარება.
კითხვა მეორე: ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია, მუხლი 1. ყველა ცხოველს აქვს თანაბარი უფლება, იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში.
რატომ ირღვევა ეს წონასწორობა ოზურგეთში და მაინც და მაინც ვეტერინარის ხელით? არადა, ეს დეკლარაცია ვეტერინართათვის სამუშაო დოკუმენტი უნდა იყოს.
კითხვა მესამე: ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია, მუხლი 3.3.1. არც ერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს, სასტიკად; 3.2 თუ აუცილებელია ცხოველთა მოკვლა, ეს უნდა მოხდეს მყისიერად, ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე; 3.3. მკვდარ ცხოველს არ უნდა მოვეპყროთ უკადრისად.
საინტერესოა, რომელ ქვეპუნქტს ასრულებთ ამ მუხლისა და კიდევ როცა საუბარია მყისიერ, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე სიკვდილზე, თუ ერთხელ მაინც გადახედავთ დეკლარაციას, ნახავთ, რომ არსად ახსენებენ რკინის მაშებს, კეტებს და თოფებს!
კითხვა მეოთხე: ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია, მუხლი 7. ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმართლებელ სიკვდილს, წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანამატს.
აი, ეს კი კომენტარს აღარ საჭიროებს.
კითხვა მეხუთე: სტატია რომელიც 2010 წლის 8 ნოემბრის "გურია ნიუსში" დაიბეჭდა სათაურით "მთავარი ვეტექიმი გირჩევთ" გვაუწყებს, რომ ბატონი მაღლაფერიძე გურიის სამივე მუნიციპალიტეტს ემსახურება და ქუჩებს მაწანწალა ძაღლებისგან წმენდს. კარგი და კეთილი, იქნებ, რომელიმე მუნიციპალიტეტში გვანახოთ მაწანწალა ძაღლებისგან გაწმენდილი ქუჩები?
კითხვა მეექვსე: ბატონო გიორგი, ზემოთ მოხსენიებული სტატია მსხვილი შრიფტით რომ დაგისათაურებიათ, ექიმი ვეტერინარი გირჩევთო, რას გვირჩევთ?! მაწანწალა ძაღლებით ავავსოთ ქუჩები, რომ თქვენ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაგადენინოთ? (დანაშაულის კატეგორია მინიშნებულია ზემოთ მოხსენებულ დეკლარაციაში).
კითხვა მეშვიდე: ზემოთ მოხსენიებულ სტატიაში ვკითხულობთ: "ჩემი სამუშაო სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა, კარგია, როცა იცი, რომ შენი საქმიანობით ბევრ ადამიანს იცავ".
ბატონო გიორგი, რას ეძახით ადამიანთა დაცვას? როცა თქვენივე ქმედებებით მოსახლეობა მრავალჯერ დაგიყენებიათ ლოგონევროზის, ნერვული მუტიზმის და სხვა ფობიის წინაშე.
კითხვა მერვე: ამონარიდი იგივე სტატიიდან: "რაც შეეხება დაჭერილ ძაღლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვოლიერი გვაქვს მოწყობილი და იქ ვათავსებთ, რამდენიმე დღე ვაჩერებთ, ვუვლით, ვაჭმევთ".
ბატონო გიორგი, რომელ ვოლიერში აჩერებთ და უვლით ძაღლს, ან ბოლოს როდის გყავდათ ძაღლი ვოლიერში? იქ ხომ ცხოველის ყოფნის კვალი ნამდვილად არ არის?
კითხვა მეცხრე: ბატონო გიორგი, იქნებ, მოსახლეობისთვის გერჩიათ მთავარი _ ნუ აქცევენ ცხოველებს მაწანწალად. მაწანწალა ძაღლის ჯიში ბუნებაში არ არსებობს _ ამ კატეგორიას მოსახლეობა ქმნის.
ბატონო გიორგი, გურიის ცხოველთა დაცვის საზოგადოება შეგახსენებთ, რომ სიცოცხლე ერთია; რომ ყველა ცოცხალი არსება ერთი წარმოშობისაა და მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახეობათა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა; რომ ცოცხალ არსებას აქვს მინიჭებული ბუნებრივი უფლებები; რომ ნერვული სისტემის მქონე ნებისმიერ ცხოველს გააჩნია გარკვეული უფლებები. თქვენივე კოლეგების მიერ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ცხოველთა მექანიკური გამოხშირვა არა თუ ამცირებს პოპულაციის რიცხობრივ რაოდენობას, არამედ პირიქით, ზრდის და აგრესიულს ხდის. ამის ნათელი მაგალითი #2 და #9 საბავშვო ბაღში დაფიქსირებული შემთხვევებია.
ბატონო გიორგი, იქნებ, არ ჩამორჩეთ ქვეყნის განვითარების რიტმს, ერთად ვიბრძოლოთ საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად, ხმა მივაწვდინოთ შესაბამის უწყებებს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ  სიგარეტის ნამწვავზე მეტად, მაწანწალა ძაღლი ქმნის საშიშროებას მოსახლეობისთვის. თუ, რა თქმა უნდა, ეს თქვენს მიზნებს ეთანხმება.
ბატონო გიორგი, გარდა ცხოველთა უმოწყალოდ ხოცვა-ჟლეტისა, 21-ე საუკუნის ცივილიზებულ სამყაროში, არსებობს ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის და სხვა მედიკამენტოზური საშუალებებით არასასურველი მშობიარობის თავიდან აცილების მეთოდები, სწავლა კი სიკვდილამდეა.

გურიის ცხოველთა დაცვის საზოგადოება

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მოგახსენებთ, რომ ჩემი ცხოვრების შეგნებული ნაწილი (1974 წლიდან დღემდე) მაღაზიაში
გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის  თოქ-შოუს _ "არჩევანი", სტუმარმა, საკანონმდებლო ორგანოში
საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია იმდენად სერიოზული, დელიკატური და ძვირადღირებული სიამოვნებაა, რომ
ამ რამდენიმე წლის წინ, ოზურგეთში აგორდა ჭორი ჭადრების ირგვლივ, რომ
მახსენდება გორბაჩოვისდროინდელი "პერესტროიკის" თანამგზავრი სიტყვა _ "პლურალიზმი", რომელიც სსრკ მთავარმა
ნებისმიერი კუთხის ისტორია შვილთა თვისთა ბიოგრაფიით იწყება. არც ჩოხატაურის მაღალმთიანი