მთავარი თემა

"ქუთაისის სასამართლო პროკურატურას უაპელაციოდ დანებდა"

თამთა კაკაურიძე  2014-02-17 13:19:35

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ე.წ. დასაქმებისა და კვარიათის ეპიზოდებში მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა.

განაჩენს უკვე მოჰყვა შეფასებები როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო, რაც მათთვის წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან ქუთაისის სასამართლო "დაბალ ღობედ" იყო მიჩნეული. მმართველი გუნდის წევრების თქმით კი, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატები ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებენ, თუმცა, მანამდე ჭიაბერაშვილმა მასზე დაკისრებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

რატომ მიაჩნია ქუთაისის სასამართლო "დაბალ ღობედ", წავა თუ არა ეს განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში და რა ზეწოლა განხორციელდა მოწმეებზე, ამის შესახებ "გურია ნიუსს" ზურაბ ჭიაბერაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას და რატომ მიგაჩნიათ ქუთაისის საქალაქო სასამართლო "დაბალ ღობედ"?

_ ჩვენ დაცვის დასკვნით სიტყვაში ვილაპარაკეთ იმის თაობაზე, თავიდანვე რატომ იყო შერჩეული ქუთაისის სასამართლო ამ საქმისთვის. თუკი ის დანაშაული რომელსაც გვაბრალებენ, ჩადენილია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მაშინ სასამართლო პროცესები შეიძლებოდა თბილისში გამართულიყო. ბრალდებულები, პროკურორები, მოწმეები სასამართლო პროცესებზე ქუთაისში აღმოსავლეთ საქართველოდან დავდიოდით. მაგრამ თავიდანვე გამოიკვეთა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურულის და პირველი ინსტანციის მოსამართლის დავით ახალბედაშვილის ტანდემი, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლებამ სრულიად უკანონოდ ჩასვა ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში, მაშინ, როდესაც პატიმრობისთვის საჭირო პირობები არ იყო დაკმაყოფილებული. ამიტომ იმთავითვე ვიცოდით, საქმე იმიტომ წაიღეს ქუთაისში, რომ ეს სასამართლო დაბალ ღობედ იყო მიჩნეული.

_ აცხადებთ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად საკმარისი არ იყო. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ ბრალდებამ 4000 მოწმე წარმოადგინა და აქედან 170 დაიკითხა, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს ის მტკიცებულებები, რაზეც სასამართლომ თავისი განაჩენი შეიძლება დააყრდნოს. ჯერჯერობით სამოტივაციო ნაწილი არ გვინახავს, მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი მოვისმინეთ. ძალიან მაინტერესებს, რა წერია სამოტივაციო ნაწილში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც უნდა დასტურდებოდეს ბრალდებული პირების დანაშაულის განზრახვა და აღსრულება საქმეში არ არსებობს, არც დასაქმების და არც კვარიათის ეპიზოდში, სადაც ვანო მერაბიშვილია მარტო და მე არა. მიუხედავად ამისა, მაინც ვაპირებთ სააპელაციო სასამართლოს მივმართოთ. ვიცით, რომ ეს წმინდა ფორმალური საფეხური იქნება, მაგრამ გვინდა, ეს ეტაპი მაინც გავიაროთ. როგორც გითხარით, სააპელაციო სასამართლოში მალხაზ გურულია. არ ვიცი, ძალაში დატოვებს თუ არა ის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ ახალს არაფერს ველოდებით.

_ ოპონენტები თქვენი განცხადებების საპასუხოდ ამბობენ, რომ როდესაც სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას იღებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ, მაშინ სასამართლო ობიექტურად მიგაჩნიათ, ხოლო როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი დგება, ამას სასამართლოზე ზეწოლად აფასებთ....

_ ზეწოლა ყველა შემთხვევაში ხდება, მათ შორის ბაჩო ახალაიას საქმეზეც, სადაც გამამართლებელი განაჩენი დადგა. უბრალოდ, ზოგიერთი მოსამართლე უძლებს ამ ზეწოლას, ზოგი - ვერა. ქუთაისის სასამართლო პროკურატურას უაპელაციოდ დანებდა. თბილისის სასამართლოში ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მოსამართლე კანონიერ გადაწყვეტილებას იღებს. პირველი კანონპროექტი, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" მოღვაწეობა დაიწყო, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება იყო, მცდელობა იმისა, რომ მოსამართლეთა შემადგენლობა შეეცვალათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და ახლა ინდივიდუალურად მიდის მუშაობა მოსამართლეებზე, ზოგი ამას ექვემდებარება, ზოგი - არა.

_თქვენს საქმეში ზეწოლა მხოლოდ მოსამართლეზე ხორციელდებოდა?

_ არა მარტო მოსამართლეზე, მოწმეებზეც. სასამართლოზე სოციალური სააგენტოს დირექტორმა, მოწმე სულამანიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი მას ემუქრებოდა სასურველი ჩვენების მისაღებად, პირდაპირ უთხრა, რომ სამიზნე ვანო მერაბიშვილი იყო და არა მე. ამ მოწმეს მოსამართლემ განრიდება გაუკეთა. რაც შეეხება კვარიათის ეპიზოდს, მოწმე პატარიძე წერს, რომ პატიმრობაში ჰყავთ და შეპირებულები არიან, რომ გაუშვან. მე ჯერ მოვლენებს არ ვუსწრებ წინ, გამოქვეყნდება სამოტივაციო ნაწილი და კომენტარებს მერე გავაკეთებ, მაგრამ ნებისმიერი იურისტი გეტყვით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს, არ არსებობს. რასაც მე ვუყურებ, საქმე აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია. ამიტომ თავიდანვე ვიცოდით რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანდა სასამართლო. ჩემი ბრალეულობა იცოდნენ რომ არ დასტურდებოდა, მაგრამ სასჯელის გარეშეც ვერ გამომიშვებდნენ, ამიტომ გადააკვალიფიცირეს ჩემი ბრალი გულგრილობაზე და ჯარიმა შემიფარდეს, რასაც სრულიად არ ვეთანხმები. სამწუხაროდ, პროცესი ფარსი იყო და განაჩენიც წინასწარ განსაზღვრული.

_ რაც შეეხება თქვენზე დაკისრებულ ჯარიმას, აპირებთ თუ არა გადახდას?

_ თუ ჯარიმას არ გადავიხდი, მაშინ ციხეში უნდა წავიდე, ამიტომ, ვალდებული ვარ, ეს ჯარიმა გადავიხადო. ზუსტად არ ვიცი პროცედურა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღსრულებას არ აჩერებს. ერთი თვის ვადა მაქვს მოცემული, რომ ეს თანხა გადავიხადო. თანხა არა მაქვს, ამიტომ ბუნებრივია, გირაოში უნდა ჩავდო უძრავი ქონება, რომ ეს თანხა როგორმე გადავიხადო.

_ თქვენი და ვანო მერაბიშვილის დაკავებისა და აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების საკითხი სტრასბურგშია გადაგზავნილი. თუ არის საქმე განხილვაში მიღებული და რა ეტაპზეა?

_  ეს საჩივარი 21 მაისის დაკავების და დაპატიმრების შეფარდების შემდეგ გაიგზავნა სტრასბურგში იმიტომ, რომ ჩვენი დაკავების რეალური მიზეზი არ არსებობდა. დაკითხვებზე დავდიოდით, გამოძიებას არ დავმალვივართ და ა.შ. მიუხედავად ამისა, მაინც დაგვაკავეს. საქმე უკვე განხილვაშია მიღებული და გადაწყვეტილებას სტრასბურგიდანაც ველოდებით.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მძიმე სურათი დაგვხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, და-ძმის _ რეზო
"გურია ნიუსმა" დღეს აღმოაჩინა, რომ "აჯანყებული გურულის" ძეგლი, რომელიც გასულ
გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა, "გურია ნიუსის" ვებგვერდზე მასალის _ "წითელ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  2015 წელს წინასახალწლოდ 39 430 ლარის პრემია
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, პოლიციელები