მთავარი თემა

სად მიდის ევროსასამართლოში გაგზავნილი სარჩელები რეალურად?!

თამთა კაკაურიძე  2014-02-25 09:00:04

სასამართლო რეფორმა, რომელიც ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, ეტაპობრივად ხორციელდება. თუმცა, სამართლიანობის აღდგენას და დამკვიდრებას ქვეყანაში ასეულობით ოჯახი კვლავ უშედეგოდ ელოდება.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილმა სარჩელების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით 70%-ით იკლო, რაც, მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი ნიშანია.

თუმცა,  კვლავ რჩება ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელსაც სამართლიანობის აღდგენის იმედი აღარ აქვთ და აცხადებენ, რომ ჩვენი ხელისუფლება ევროსასამართლოს საქმიანობაში უხეშად ერევა, რადგან საქართველოდან გაგზავნილი საქმეების უმრავლესობას სტრასბურგის სასამართლო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან აბრუნებს.

"სასამართლო სისტემის მსხვერპლი"

2012 წლის ნოემბერში გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "მაიძულებდნენ ჩემი კოლეგისთვის ქრთამი მიმეტანა, რადგან მისი დაჭერის ინტერესი ჰქონდათ", სადაც  "სასამართლოს სისტემის მსხვერპლ" მოსამართლე გივი ჯაბანიშვილზე ვწერდით, რომელიც სისტემის გაუმართაობის შედეგად 2004 წელს ციხეში მოხვდა და სასჯელი უდანაშაულომ მოიხადა.

საქმე, ჯაბანიშვილის დაპატიმრებით დაიწყო. მას წინ გენერალური პროკურატურის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია უძღოდა, რომელსაც მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და კუდ-ის უფროსი დათა ახალაია ხელმძღვანელობდნენ.

გივი ჯაბანიშვილის საქმის განხილვას ოჯახი 8 წლის განმავლობაში ევროსასამართლოში ელოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მიღებულმა წერილმა ოჯახს სამართლიანობის აღდგენის იმედი საბოლოოდ დაუკარგა.

გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2012 წელს გივი ჯაბანიშვილმა დეტალურად გაიხსენა მისი დაჭერის და პროცესების შემდგომი განვითარების შესახებ.

ამონარიდი ინტერვიუდან: "2004 წელს თბილისის საოლქო სასამართლო ვაჟა ქაცანაშვილის თავმჯდომარეობით ფრიდონ ბაბუაძის საქმეს განიხილავდა, რომელსაც სახელმწიფო ბრალს კონტრაბანდისა და გადასახადებისგან თავის არიდებაზე ედავებოდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფრიდონ ბაბუაძე ჩემი ძმის ცოლისძმაა და მთხოვა: დამეხმარე, იქნებ გაარკვიო რა ეტაპზეა ჩემი საქმეო. ქაცანაშვილთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა და უარი არ მითქვამს. როგორც გაირკვა, საქმის განხილვა მალე დამთავრდებოდა და ეს ბაბუაძესაც ვუთხარი. ერთ დღეს კი თანხით მომაკითხა სამსახურში, იქნებ ეს კონვერტი პატივისცემის ნიშნად ქაცანაშვილს გადასცეთო. ძალიან ვიუარე, ქაცანაშვილს ჩემთვის თანხა არ უთხოვია და ფულით როგორ მივიდე-მეთქი. თუმცა, ბაბუაძემ ჩემს ლაპარაკს ყური არ დაუგდო და კონვერტი მაგიდაზე დატოვა. ოთახიდან 3-4 წუთის გასული იყო, კუდ-ის თანამშრომლები რომ შემოვიდნენ და გამომიცხადეს: ქრთამის აღების ფაქტზე ხართ დაპატიმრებულიო," _ აცხადებდა ჯაბანიშვილი.

მისივე თქმით, დაკავების შემდეგ საქმის გამომძიებელმა რამდენჯერმე შესთავაზა ფული ქაცანაშვილთან მიეტანა და გაათავისუფლებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხისგება მას მოუწევდა.

"რამდენად გახრწნილი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი, რომ ეს საქმე გამეკეთებინა. მერჩივნა, მე თვითონ მეგო პასუხი და ციხეში წავსულიყავი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებდი. თანხა მე არ მეკუთვნოდა, არ არსებობდა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მე ან ქაცანაშვილი ამ ფულს ვითხოვდით. იმის იმედიც მქონდა, რომ ბაბუაძე სიმართლეს იტყოდა, თუმცა შევცდი," _ ამბობდა ჯაბანიშვილი.

გელაშვილი, ახალაია, ადეიშვილის მიერ დაგეგმილი ოპერაცია

თანხა რომ გივი ჯაბანიშვილს არ ეკუთვნოდა, ამას საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირი, ამჟამად ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილიც ადასტურებდა. რომელიც "რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ჯაბანიშვილი უმიზეზოდ დაიჭირეს და  "უდანაშაულო ადამიანს სასჯელი მოახდევინეს ".

ამონარიდი ინტერვიუდან: "ეს საქმე 1999 წელს დაიწყო, სახელმწიფომ 2 მილიონი ტრანსფერი დამიყადაღა, დაიჭირეს ჩემი ბიზნესპარტნიორი. მილიონ-ნახევრიანი დოლარის ტვირთი (სპირტი) 800 ათასში გაყიდეს და ფაქტიურად ვალში გადავვარდი. საქმე კონტრაბანდის და გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე აღიძრა, თუმცა, სასამართლო პროცესები ძალიან გაიწელა და დასრულებას არც აპირებდნენ. მთავრობა რომ შეიცვალა, ზურაბ ადეიშვილთან მივედი და ვთხოვე: ისედაც დაზარალებული ვარ და იქნებ საქმის დახურვა მაინც მოახერხოთ-მეთქი. ადეიშვილისგან მივიღე პირობა, რომ საქმე დაიხურებოდა. უზენაესი სასამართლოდან მასალები საოლქოში გადააგზავნეს და განსახილველად მოსამართლე ვაჟა ქაცანაშვილს ჩააბარეს. ერთ დღესაც ჩემმა პარტნიორმა, ფრიდონ ბაბუაძემ მომაკითხა და მითხრა: ქაცანაშვილი 14 ათას დოლარს ითხოვსო. არადა, შეთანხმებული იყო, ყველაფერი საპროცესო შეთანხმებით დამთავრებულიყო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ამ შემთხვევაში ზურა ადეიშვილმა, დათა ახალაიამ და პროკურატურამ გაითამაშა. ის მოსამართლე, რომლის დაჭერასაც აპირებდნენ არ დაიჭირეს და ფაქტიურად უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში. ჩვენ ჯაბანიშვილი მხოლოდ იმისთვის გვჭირდებოდა, რომ ქაცანაშვილთან ფული მიეტანა. მაგრამ ქაცანაშვილამდე არც თანხა მივიდა და არც  ჯაბანიშვილმა თქვა, რომ თანხის მასთან მიტანას ავალებდნენ. ჯაბანიშვილს უნდა ეღიარებინა და საქმიდან მშრალად გამოვიდოდა," _ აცხადებდა გელაშვილი.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის შესახებ რომელიც მაშინდელმა გენერალურმა პროკურატურამ დაგეგმა მისთვისაც ცნობილი იყო, თუმცა, გაუთვალისწინებელ შედეგებზე პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებდა.  

"...დანომრილი თანხა, რომელიც ბაბუაძემ ჯაბანიშვილთან მიიტანა ახალაიასგან წამოვიღე. თანხის წარმომავლობის და დამუშავების შესახებ ბაბუაძემაც არაფერი იცოდა და ამიტომ პროკურატურას მისი დაჭერაც უნდოდა, მაგრამ ვერ დაიჭირეს. რუსთავში არც ჯაბანიშვილის დაჭერა უნდა მომხდარიყო. გათვლილი ისე იყო, რომ ის საერთოდ არ უნდა დაეჭირათ. ჯაბანიშვილი არც სასამართლოს საქმეში იყო ჩვენთან არც არაფერი იცოდა ამ საქმის შესახებ, უბრალოდ ბაბუაძემ გამოიყენა ქაცანაშვილამდე თანხის მისატანად. ჯაბანიშვილმა კი მეგობარი დაიცვა და ფაქტიურად თავი გაწირა," _ ამბობდა გელაშვილი.

საქართველოს ხელისუფლების ზეწოლა ევროსასამართლოზე თუ..?

იმ განცხადებების მიუხედავად, რომელიც საქმეში მონაწილე მხარეების მხრიდან კეთდებოდა, მოსამართლე გივი ჯაბანიშვილი 2004 წელს მაინც დაიჭირეს და 3 წელ-ნახევრით ციხეში ჩასვეს.

2006 წელს მისი საქმე სტრასბურგში გაიგზავნა. უდანაშაულობის დადგენას ოჯახი 8 წლის განმავლობაში ელოდა. ციხიდან გამოსული ჯაბანიშვილი მძიმედ იყო დაავადებული და 2013 წლის თებერვალში სამართლიანობის დადგენის მოლოდინში გარდაიცვალა. ოჯახს ღირსების და სიმართლის დადგენის იმედი დღემდე ჰქონდა, თუმცა, ევროსასამართლოდან მიღებული წერილით, ეს ბოლო იმედიც დაკარგეს.

"გურია ნიუსი" გივი ჯანაბიშვილის შვილს კობა ჯაბანიშვილს ამერიკაში დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროსასამართლომ საქმე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე  შეწყვიტა, რაც ჩვენი ხელისუფლების მიმართ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

"წერილი, რომელიც ჩვენ ევროსასამართლოს სახელით მივიღეთ, აღნიშნულია, რომ საქმე სტრასბურგში ევროკონვენციის 34-ე და  35-ე მუხლების საფუძველზე შეწყდა. თუმცა, რის საფუძველზე შეწყვიტეს, კონკრეტული მიზეზი მითითებული არ არის. საქმის შეწყვეტის საფუძველი დარღვეული ვადები ან პროცესუალური ფორმა უნდა გამხდარიყო, თუმცა ჩვენი მხრიდან არაფერი დარღვეულა, ამიტომ ეს საქმის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდებოდა. 8 წელი ელოდო საქმის განხილვას და შედეგის დადებას, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოვიდეს და საფუძვლის გარეშე გამოგიცხადონ დაზარალებული არ ხარო, ძალიან ძნელი მოსასმენია. სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში კეთდება აფიშირება კანონის დაცვის და სამართლიანობის აღდგენის შესახებ, არანაირი სამართლიანობა ქვეყანაში აღდგენილი არ არის. სამართლის პოვნის იმედი არ ჩანს, თუ ადამიანს სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ წასვლა უწევს. ვისზე იყო მამაჩემის საქმე კონკრეტულად დავალებული არ ვიცი, მაგრამ პასუხი ევროსასამართლოდან ყოველთვის ქართულად გვიბრუნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადვოკატის მეშვეობით, ევროსასამართლოს თავმჯდომარის სახელზე ინგლისურადაც ბევრი წერილი გვაქვს ამ 8 წლის განმავლობაში გაგზავნილი. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე იქამდე არ მიდიოდა, სადაც საჭირო იყო და ამას საქართველოდან ვიღაც ხელს უშლიდა. აქამდე ყველა წერილში აღნიშნული იყო, რომ საქმეებს რიგითობის მიხედვით განიხილავდნენ, თუმცა, ამ წერილში აღნიშნულია, რომ ევროსასამართლოს აღარ უნდა მივმართოთ, რადგან საქმე უკვე დახურეს.  ჩვენი საქმის შემდეგ გაგზავნილი რიგითი საქმეები ევროსასამართლომ განიხილა და შედეგიც დადგა. თუმცა, საქმეები, სადაც სახელმწიფოს პირველი პირების დანაშაული ცხადად ჩანდა, არ განუხილავთ. მამაჩემის საქმე საკმაოდ რეზონანსული იყო, რადგან თუ ევროსასამართლო დაადგენდა, რომ მან სასჯელი უდანაშაულომ მოიხადა, დღევანდელი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს პასუხისგება მოუწევდა. სტრასბურგში გაგზავნილ საქმეში ქვეყნის პირველი პირების დანაშაული პირდაპირ ჩანდა, ამ ადამიანებს კი გამოძიება და სამართლიანი განაჩენის დადება არ აწყობდათ. კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემი ოჯახი საქართველოში იმყოფება, ზეწოლის შიში კი 8 წლის შემდეგაც დიდია. თუმცა, მივიჩნევ, რომ ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს," _ აცხადებს კობა ჯაბანიშვილი.

გივი ჯაბანიშვილის ადვოკატი თამაზ კილანავა "გურია ნიუსთან" საუბრისას  ამბობს, რომ "ეჭვგარეშეა, ევროსასამართლოდან საქმეების დაბრუნების მიზეზი დღევანდელი ხელისუფლებაა".

"ჩვენმა იუსტიციის მინისტრმა 2012 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ბევრი საჩივარია ევროსასამართლოში, რომელთა უმეტესი ნაწილის დარეგულირება თითქოსდა აქ  იყო შესაძლებელი. ამ მიზნით აპირებდა ევროსასამართლოში გამგზავრებას და საქმეების იქედან წამოღებას. ძალიან გამიკვირდა, როგორ შეეძლო ასეთი განცხადება სახელმწიფო ჩინოვნიკს გაეკეთებინა. როგორც შემდგომში გამოიკვეთა, საქმეების "წამოღება" შესაძლებელი ყოფილა, ვინაიდან, ქალბატონი წულუკიანის გამგზავრების შემდეგ მასიურად დაბრუნდა ევროსასამართლოდან საქმეები ერთი და იგივე ტრაფარეტული წერილებით, სადაც ეწერა: გიბრუნდებათ საქმე დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან დარღვეულია კონვენციის 34-ე 35-ე მუხლები. 34-ე მუხლი განმარტავს ვის აქვს ევროსასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება, 35-ე მუხლით კი ვადებია დადგენილი, რომლის მიხედვითაც სარჩელი უნდა გაიგზავნოს, რაც ჯაბანიშვილის შემთხვევაში დარღვეული ნამდვილად არ ყოფილა. ჯაბანიშვილის საქმე საერთოდაც კურიოზი იყო, რადგან იმ მუხლში, რომელზეც ჩვენს მოთხოვნებს ვაფუძნებდით, პირდაპირ წერია, ვისი განცხადებითაც არის პირი დაპატიმრებული, ის სასამართლომ აუცილებლად უნდა დაკითხოს, თუ ეს ვერ განხორციელდა, ევროკონვენციის დარღვევაა. ჯაბანიშვილის შემთხვევაში კი ფრიდონ ბაბუაძე დაკითხული არ იყო, ამიტომ ევროკონვენციის მუხლი 100%-ით არის დარღვეული. ჩარევა რომ არ მომხდარიყო, ასეთ საქმეს ევროსასამართლო არ დააბრუნებდა. ბოლო წერილში ნათქვამია, რომ ეს ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაა და მას აღარ უნდა მივმართოთ," _ აცხადებს კილანავა.

მისივე განმარტებით, თუ საქმე ევროსასამართლოდან ოჯახისთვის სასარგებლო განაჩენით დაბრუნდებოდა, ყველა იმ მაღალჩინოსანს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა, პასუხისგება მოუწევდა.

"როცა განაჩენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნებოდა გამოტანილი, ის თავისი სტრუქტურების მეშვეობით ჩაატარებდა მოკვლევას ამ საქმეზე. ვისი ბრალეულობაც დადგინდებოდა, მის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა. რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ცვლილებას, თუ სამართლიანობას ვერ დაამკვიდრებს? პავლე პეტრემ შეცვალა, მაგრამ ვითარება იგივე დარჩა," _ ამბობს  კილანავა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

მისივე განმარტებით, საქმე მხოლოდ გივი ჯაბანიშვილის ოჯახს არ დაბრუნებია.

"მასიურად, ასობით სარჩელი დაბრუნდა ევროსასამართლოდან. შემიძლია, რამდენიმე საქმე გაჩვენოთ, რომელსაც ერთი და იგივე შაბლონური წერილი ახლავს. რაზეც ვფიქრობთ, რომ ეს არის ევროსასამართლოს რეფერენტთან გადაწყვეტილი საქმე და საქართველოს ხელისუფლების უხეში ჩარევა ევროსასამართლოს საქმიანობაში, სხვა დასკვნის გაკეთება არ შემიძლია. ვფიქრობ, რომ ეს წულუკიანის პატარა ფლირტებია. საქმის გაგზავნის პროცესში, არცერთი სახელმწიფო უწყება არ ერევა.  ევროსასამართლოში საქმე კონფიდენციალურად იგზავნება, სახელმწიფო სტრუქტურების ყოველგვარი ინფორმირების გარეშე. მაგრამ სტრასბურგში მომუშავე საქართველოს წარმომადგენლისთვის ყველა საქმე ხელმისაწვდომია. "ნაციონალების" დროს რეფერანტი თეა წულუკიანი იყო, ახლა გიორგი ბადაშვილია, რომელიც თავისთავად  ინფორმაციას ხელისუფლებას აწვდის. რის გამოც არის ეჭვი, რომ საქმეები უკან სწორედ ხელისუფლების ჩარევით ბრუნდება. ამასთან, ევროსასამართლო ბიუროკრატიული და უიმედო სტრუქტურა გახდა. ამიტომაც, აღარ აგზავნიან საქართველოდან სარჩელებს. ამასთან, ისეთი მძიმე სამართალდარღვევების შემთხვევებიც არ არის ქვეყანაში, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა," _ ამბობს კილანავა. 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს მთავარი პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც
"საზოგადოების დიდი ნაწილი მმართველი კოალიციის მუშაობით უკმაყოფილოა, ამიტომ ამ არჩევნებზე
ყოფილი პრემირ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის, "მოქალაქის"
23 არასამთავრობო ორგანიზაცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საკითხის
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია
"თუ თოვლი არ იქნა, კურორტი ვერ გაიხსნება," _ გვეუბნებიან ხულოში.