მთავარი თემა

"საშიშროება კიდევ არის, დახმარება _ არა"

გიორგი გირკელიძე  2014-03-15 05:11:05

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 72 წლის მამული მიქატაძე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ის მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. მისი თქმით, 2008 წლის 3 იანვარს სახლი დაეწვა, 2013 წელს კი მეწყერმა ეზოს ერთი ნაწილი ჩაიტანა.

_ არავის ყურადღება არ მოუქცევია. იყვნენ მოსულები, შეამოწმეს მდგომარეობა, გადაიღეს ფოტოები, მაგრამ ამის მეტი არაფერი არ გამიგია, პასუხი მაინც ხომ უნდა ვიცოდე? _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს მამული მიქატაძე.

_ 2008 წელს ჯერ სახლი დამეწვა, შემდეგ კი 43 წლის შვილი მომიკვდა. ამბობენ, დახმარებას გაგიწევთო და არავინ გვეხმარება, თუმცა, ბევრს არაფერს არ ვითხოვ _ 2013 წლის ზაფხულში მეწყერმა მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი ჩაიტანა. მოვიდნენ გეოლოგები, შემდეგ მივედი სოფლის ხელმძღვანელობასთან _ მითხრეს, რომ ჩემს საქმესთან დაკავშირებით პასუხი არ მოსვლიათ. მეწყრის საშიშროება კიდევ არის, დახმარება კი არ ჩანს _ სამშენებლო მასალით ან თანხით დამეხმარონ. სად გადავსახლდე ამ ხნის კაცი _ ამ სოფელს ვემსახურები, 43 წელია, ტრაქტორზე ვმუშაობ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ირაკლი სირაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მამული მიქატაძეს მათთვის არ მიუმართავს: _ ჩვენ გვაქვს ბაზა და იქ არ ფიქსირდება მამული მიქატაძე. შეუძლია, წერილობით მოგვმართოს და ჩვენ აუცილებლად შევისწავლით მის მდგომარეობას.

_ ბატონო ირაკლი, მხოლოდ მამული მიქატაძე არ არის ასეთ დღეში. რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

_ მეწყერსაშიშ ზონებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა. არის სახლები, რომლებსაც აქვს ბზარები; არის ისეთი სახლებიც, სადაც საერთოდ არ იცხოვრება. არის ნიადაგები, სადაც შესაძლებელია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ყველა ოჯახი, რომელიც მოდის ჩვენთან მიღებაზე, ითხოვს სახურავის მასალას, რაც არასწორია, რადგან თუ ჩვენ გეოლოგების დასკვნა არ გვაქვს, ასეთი დახმარება ისევ ფუჭად ჩაივლის. იმ ოჯახებს, რომლთა საცხოვრებელ სახლებში არ შეიძლება ცხოვრება, ვთავაზობთ, გადავიდნენ ქირით სხვა ფართში და ჩვენ გადავუხდით ბინის ქირას, ან თუ აქვთ მიწის სხვა ნაკვეთი, მივცემთ სამშენებლო მასალებს და შეუძლიათ პატარა სახლის აშენება; არის კიდევ ერთი ვარიანტი _ მოვძებნოთ სახლი 3-9 ათასი ლარის ფარგლებში. სამწუხაროდ, ყველას ვერ ვეხმარებით, რადგან არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი, მაგრამ რაღაც ნაწილს დავაკმაყოფილებთ და დანარჩენს კი მომავალ წელს დავეხმარებით.

_ კონკრეტულად, რამდენ ადამიანს დაეხმარებით?

_ 2013 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი გვქონდა 150 000 ლარი, რომელიც საკმაოდ მცირეა. ამ თანხით 74 ოჯახს გავუწიეთ დახმარება, მათ შორის იყო მეწყრით დაზარალებული რამდენიმე ოჯახი. წელს ბიუჯეტში 250 000 ლარია ჩასმული, კომისია მუშაობს ამ საკითხზე და მიმდინარეობს განცხადებების განხილვა. დაახლოებით, 100-120 ოჯახს დავეხმარებით, რამდენიმე სახლს შევიძენთ, ასევე, რამდენიმე მათგანს სამშენებლო მასალას მივცემთ; ასევე, აქ შევა ბინის ქირის გადახდაც.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე: _ ბევრგან მეწყერსაშიშ ზონაში უწევს საზოგადოების ერთ ნაწილს ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას ვერ შევუძენთ სახლს, რადგან ბიუჯეტს არ აქვს ამის საშუალება. ვიცი, რომ კეთდება ხარჯთაღრიცხვები და შემდეგ მიდის მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს დახმარება.

როდესაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ბრძანდებოდა გურიაში, გურიის გუბერნატორმა წამოაყენა საკითხი, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება, საცხოვრებელი სახლის პროექტი შეიქმნას და შემდეგ დაიწყოს მშენებლობა _ 10-15 სახლი აშენდეს, რამდენის აშენებასაც შეძლებს ბიუჯეტი. ეს იქნება ხის მასალისგან აშენებული ტიპიური საცხოვრებელი სახლები. ასევე, მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს ეკონომიკის სამინისტროში _ გვინდა ძველი საავადმყოფოს შენობა გადმოგვეცეს, უსახლკაროებს გავურემონტებდით და შევუშვებდით, მაგრამ, ჯერჯერობით, სამინისტროსგან ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, _ გვითხრა ავთანდილ სურგულაძემ.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორს გიორგი ჩხაიძეს ესაუბრა:

_ ბატონო გიორგი, "გურია ნიუსი" მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებზე შირად აქვეყნებს წერილებს. როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას ხელისუფლება? თქვენ ბრძანდებოდით სოფელ ნატანებში, სადაც ხუთი შვილის მამამ დახმარება გთხოვათ.

_ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რაც ჩვენს რეგიონს აწუხებს. მე მესმის ამ ადამიანის სატკივარი, მისი მდგომარეობის სიმძიმე და ყველაფერს გავაკეთებთ მის შესამსუბუქებლად. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მსგავსი პრობლემა მარტო ოზურგეთში 400-მდე ოჯახი აწუხებს, ხოლო 75 დამეწყრილ ოჯახს საერთოდ არ აქვს საცხოვრებელი. ასე რომ, მუნიციპალიტეტებს ამ მიზნით სოლიდური თანხები აქვთ ჩადებული ბიუჯეტებში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტული იქნება ის ოჯახები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ, _ თქვა გიორგი ჩხაიძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც თანამდებობა 2015 წლის 23
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა გუშინ
2014 წლის 1 ივნისიდან ჯანდაცვის სამინისტრო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას
ბოლო დროს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარა, ბრალდებები "გურია ნიუსის" ჟურნალისტების
"გურია ნიუსთან" ადამიანის უფლებათა დამცველმა ლია მუხაშავრიამ მოსამართლეთა მე-10 კონფერენცია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერიის მაცხოვრებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ სოფლის საძოვრებიდან