საზოგადოება

მუზეუმი და იუსტიციის სახლი ერთმანეთს "ზურგს შეაქცევენ"!

გიორგი გირკელიძე  2011-09-07 04:36:34

ოზურგეთში, იუსტიციის სახლი ქალაქის ცენტრში, ფაქტობრივად, თეატრალურ მოედანზე აშენდება. ეს ის ტერიტორიაა, სადაც ოზურგეთის მუზეუმის შენობაა განთავსებული. უკვე დაწყებულია ტერიტორიის შემოღობვა, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ავტომანქანების გადაადგილებას.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რამდენად კანონიერად ხორციელდება ახალწამოწყებული მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, იზა დარჩიას ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს კანონის "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მშენებლობას ახორციელებს შპს "ანაგი". როგორც შევიტყვეთ, აღნიშნული კომპანიის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა გოგოტიშვილის მეუღლე, ნანა აროშიძეა.

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ბათუმის მერიამ შპს "ანაგისგან" 997 040,36 ლარის ღირებულების სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვა განახორციელა გასართობი ატრაქციონის ფუნდამენტის ჩაყრისა და ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ კოშკზე დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად.

ზაზა გოგოტიშვილის მიერ, 2011 წლის 5 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისმა მეუღლემ, 2010 წელს, შპს "ანაგისგან" 72 027 ლარის შემოსავალი მიიღო. აროშიძე კიდევ შვიდი კომპანიის მფლობელი ან თანამფლობელია, თავად გოგოტიშვილი კი ოფიციალურად ოთხ კომპანიას ფლობს.

ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქს აუცილებლად უნდა გააჩნდეს განაშენიანების გეგმა:

_ ოპოზიციურმა პარტიებმა ამ საკითხის დაყენება არაერთხელ ვცადეთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე, მაგრამ უშედეგოდ. ვისაც რა უნდა, სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე აშენებენ. ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ მშენებლობის წინააღმდეგი ვარ, მხედველობა ძალიან კარგი მაქვს, ავსა და კარგსაც კარგად ვარჩევ სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ ეკონომიკის "მდგრადი მინისტრი" სანამ ბრძანებას გამოსცემს მშენებლობის დასაწყებად, რაიონის და მხარის ხელმძღვანელობა უნდა მიხვდეს, რომ შენობა, როცა ის აიგება, თეატრალური მოედნის რადიუსს შეამცირებს და ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდება. მაგრამ, რადგან ეს შენობა ადეიშვილის უწყების არის, წინააღმდეგობას ვინ გაუწევს ან ვინ გაუბედავს?!

საქართველოში მშენებარე შენობა-ნაგებობები ვიზუალურად მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ გამოირჩევა ხარისხის დაბალი დონით, რაც "გარედან მტერს უკლავს გულს და შიგნიდან მოყვარეს". სწორედ აქ ხდება თანხების მითვისება, ფულის გათეთრება, ე.წ. "ატკატები", ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ, თუნდაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის გადახურვა, რომლის სამუშაოებისთვის გამოიყო 30 000 ლარი, თუმცა, ძალიან მალე, მუზეუმის თანამშრომლები ქოლგებით დადიოდნენ შენობაში, ან თუნდაც, თბილისის აეროპორტი, რომელიც პირველივე ქარის ამოვარდნის შემდეგ "ლეღვივით გაიფცქვნა". კონკრეტულ მშენებლობას რაც შეეხება, მისი მფლობელის ვინაობიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ ყველა მშენებლობას აკონტროლებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რაც იმას დასტურია, რომ საქართველოში ელიტარული კორუფცია ყვავის, _ ამბობს ნაცვალაძე.



რამდენიმე დღეა დაბა ჩოხატაურში, ბუნკერები ნაგავს ვეღარ იტევს. _ ჩოხატაურს ხელისუფლება
სამშაბათს ფრაქციამ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" ბრიფინგი გამართა, სადაც ფრაქციის ერთ-ერთმა
გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში იორდანიის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება.
საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მთავრობა წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელებას გეგმავს.
დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და მერის მოადგილე