მთავარი თემა

შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ხელისუფლების დახმარების მოლოდინში

ნატო გოგელია  2014-04-11 17:18:51

მარტის ბოლოს მოსულმა თოვლმა და ძლიერმა ყინვამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა _ ვაზი, ხურმა, კივი, მსხალი, ტყემალი და საერთოდ, ყველა მცენარე ყვავილობის დროს გაიყინა.

სოფელ ბუკისციხის მცხოვრებთა შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ვაზი გახლდათ (ბუკისციხის თემში შედის სოფელი იანეული). ამ სოფელში ყოველწლიურად 500 ტონამდე ყურძენს კრეფდნენ, თუმცა, ახლა იმაზე მოუწევთ ზრუნვა, რომ ვაზი გადაარჩინონ, რადგან ხმობა უკვე დაწყებული აქვს.

_ უნდა გადაჭრა ორ-სამ კვირტში, რომ ამოიყაროს და სამომავლოდ შეიძლება იქნას მცირეოდენი მოსავალი. ფაქტობრივად, ორი-სამი წლის მოსავალი განადგურებულია. ვაზის გარდა, ჩვენთან შემოსავლიანია ე. წ. იაპონური ხურმა, რომელსაც რეალიზაციას ვუკეთებდით, თუმცა, ეს მცენარეც ისეა განადგურებული, რომ ხუთ წელიწადს მოსავალს ვერ მივიღებთ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლევან გიორგაძე.

მისივე თქმით, სოფლის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ვაზი იყო:

_ სოფლის მცხოვრებთა 90 პროცენტი უმუშევარია. ჩვენი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. ამ სოფელში ვაზის კულტურა მაღალ დონეზეა, ყველა ოჯახი ამით შოულობდა პურის ფულს. მეუღლე სახლში "ზალის" კარებს არ მიღებდა, აქაც ვაზი არ დარგოსო _ ყოველ წელს ახალ ნარგავებს ვამატებდი, რომ შემოსავალი მეტი მქონოდა. ახლა, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, _ საგონებელშია ლევან გიორგაძე.

89 წლის ნიკოლოზ ცინცაძე ყოველწლიურად ტონანახევარ ყურძენს კრეფდა. ახლა ვენახს თვალცრემლიანი შეჰყურებს და წუხს, რომ შემოსავლის გარეშე დარჩა:

_ ამ ხნის კაცი ვარ და არ მახსოვს, ამ დროს ასეთი რამ მოხდარიყო. მიკვირს, რა მოხდა, _ ამბობს 89 წლის მოხუცი.

ვეფხია მახარაძის ოჯახის ერთადერთი შემოსავალიც ყურძენი იყო. თანასოფლელების მსგავსად, ვენახი მასთანაც გაფუჭდა.

_ გადავჭერი ლერწები და წყალი არ მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმობა დაიწყო, _ ამბობს ვეფხია მახარაძე.

შემოსავლის გარეშე დარჩა სულხან ბერიძეც _ სტიქიამ მას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა:

_ ეს არის ჩემი შემოსავალი, სხვა რა გვაქვს სოფელში?! სამ-ოთხ ტონა ყურძენს ვკრეფდი ყოველ წელიწადს და ვაბარებდი. წელს არ ვიცი, რა უნდა ვქნათ.

ბუკისციხეში ვენახის მსგავსად განადგურებულია კაკლის, ციტრუსის, ფეიჰოას და კივის ნარგავები, რაც ამ სოფლის მცხოვრებთათვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახლდათ:

_ ფაქტობრივად, ასი პროცენტით განადგურებულია კაკლის, კივის ნარგავები, ვენახი კი მოსაჭრელია. ნახეთ, როგორ იფშვნება ფოთლები, _ ამბობს ავთო გიორგაძე.

ბუკისციხელებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალური წერილით მიმართეს და დახმარება ითხოვეს.

_ ჩვენთან ძირითადი შემოსავლის წყარო ვაზი იყო  _ მთელი გურია აქ ყიდულობს ყურძენს და ღვინოს. შეიძლება ითქვას, რომ ასი პროცენტით განადგურებულია. წელს, მოსავალს ვერავინ მიიღებს. მომავალ წელს, შესაძლებელია 25 პროცენტი მივიღოთ. თუ კი, რა თქმა უნდა, არ გახმა. თავიდან გასხვლა დაიწყეს, მაგრამ ლერწები გამხმარია. იაპონური ხურმაც გახმა, კივსაც იგივე ბედი ეწია. ის, რაც ხალხის შემოსავალი იყო, აღარ არსებობს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას სოფელ ბუკისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კოტე სიხარულიძე, რომელმაც თანასოფლელების წერილი, დახმარების თხოვნით პირადად ჩაიტანა მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

როგორც მოსახლეობაში გვითხრეს, არც გამგეობის და არც სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლები ბუკისციხეში არ ასულან და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე არ გაცნობიან:

_ ამოსვლით არა, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ბუკისციხელია, მასაც გაუფუჭდა ვენახი და იცის, რა ხდება, _ ამბობენ ისინი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

_ 30-31 მარტის თოვლმა და ძლიერმა ყინვამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. თითქმის ყველა სოფელში განადგურებულია ვაზი და მრავალწლიანი კულტურები. ამ წუთისთვის მთლიანობაში არ არის ზარალი დათვლილი, მაგრამ ჩვენ, სოფლის მეურნეობის სამსახურთან, სოფლის რწმუნებულებთან, მოსახლეობასთან ერთად ვადგენთ ზარალის ოდენობას და შემდეგ მივმართავთ კონკრეტულ სამინისტროს, ჩავაყენებთ საქმის კურსში და შევეცდებით, რაღაც დოზით ავანაზღაუროთ ეს ზარალი, _ ამბობს ჯინჭარაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსის კოტე ხუცაიძის თქმით, პრობლემის მოგვარებაში ყველა სტრუქტურა მას შემდეგ ჩაერთვება, რაც ზარალის ზუსტი ოდენობა გახდება ცნობილი:

_ ზოგადად ვართ საქმის კურსში. რამდენადაც ვიცი, ჩოხატაურში მოქმედებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დამთვლელი კომისია, რომლის წევრი ჩვენი სამინისტროს ჩოხატაურის სამსახურის ხელმძღვანელიცაა. როგორც მე მითხრეს (საუბარი ჩაწერილია 8 აპრილს), დღეს თუ არა ხვალ, უნდა მოხდეს შეკრება და საბოლოო ოქმის გამოქვეყნება, თუ რა ზარალი მიადგა ჩოხატაურის მოსახლეობას. ვიცით, რომ დაფიქსირებულია დაზიანებები. სტიქია სხვა რაიონებშიც იყო, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბის.

_ ბატონო კოტე, ეს პრობლემა ყველაზე მეტად სოფელ ბუკისციხეს შეეხო, რადგან ამ სოფლის ერთადერთი შემოსავლის წყარო ვაზი გახლდათ, რომელსაც უკვე ხმობა აქვს დაწყებული. ბუკისციხეში და სხვა სოფლებშიც, "გურია ნიუსს" უთხრეს, არც გამგეობის და არც სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან...

_ მე რა ინფორმაციაც მაქვს ვენახების და სხვა კულტურების შესახებ, გასულები იყვნენ ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები ვენახებშიც და მინდვრებშიც. შეიძლება ყველა ოჯახში ვერ მივიდნენ, მაგრამ ჩვენებს სამუშაოები ჩატარებული აქვთ და გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ. გამგეობაზე მოხდება განხილვა და ცნობილი გახდება, რა რაოდენობის ზარალია...

_ ამ ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ ზარალს აუნაზღაურებთ...

_ ჩვენ, ჩვენი მხრიდან და გამგეობა თავის მხრივ დააყენებს ამ საკითხს. კომპენსაციების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ახორციელებს. წინა სტიქიების დროს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა სამინისტროებიც იყვნენ ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართულები. მაგალითად, როცა კახეთში ყინვების შედეგად მოსავალი განადგურდა. ამჯერადაც, ყველა სტრუქტურა ჩაერთვება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ზარალის ოდენობა. ასე ცალსახად თქმა, რომ არავის არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხუცაიძემ.

როგორც კი ზარალის რაოდენობა დაზუსტდება, შევეცდებით, შესაბამისი სამინისტროებისა და პრემიერ-მინისტრისგან გავიგოთ, რით და როგორ დაუდგება სახელმწიფო ხალხს გვერდით.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


12 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიან სოფელ ზოტში, თოვლი ისევ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებშიც  სააკაშვილის ბოკერიას
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის,  თამარ ქალდანის ოჯახი 3 მიწის ნაკვეთის,
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შემოქმედიდაზარალდა. წაღებულია გზები,
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩატარებული გასაუბრების შედეგები
ეკონომიკის სამინისტრომ, სლოვაკური კომპანიის ""J&T Financing Group""-ის მასპინძლობაში ბოლო თვეების