საზოგადოება

მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების შედეგებზე საუბრობს

ცისანა შერგილაშვილი  2014-05-24 08:14:51

სკოლის საატესტატო გამოცდები 24 მაისს მათემატიკის გამოცდით სრულდება. მე-12-ე კლასის მოსწავლეებმა ქართული, უცხოური ენები და ისტორია უკვე ჩააბარეს.

"25 მაისი სარეზერვო დღეა, თუმცა ამ დღეს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები და იმ ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ გამოცდებს, რომლებმაც შემოდგომის გამოცდების სესიაზე ვერ გადალახეს ზღვარი. 25 მაისს ქიმიით დასრულდება საგამოცდო პროცესი. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეთა მხოლოდ 2%-მა ვერ მოახერხა ბარიერის გადალახვა, 6%-მა უცხო ენაში და დაახლოებით 4 % -მა ისტორიაში. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული მოსწავლეა დარჩენილი, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის", _ აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ქართული მოდელით( Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია-ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

მაია მიმინოშვილს მიაჩნია, რომ ალგორითმის პროგრამა აბსოლუტური სიზუსტით ითვლის მოსწავლის შესაძლებლობებს და ამას საქმეში ჩახედული ადამიანი კარგად მიხვდება:

"რატომ გამოვიყენეთ ალგორითმი და კომპიუტერზე აწყობილი გამოცდები? ვფიქრობთ, ეს სისტემა არის ყველაზე ეფექტური და მაქსიმალური სიზუსტით ზომავს ყველა მოსწავლის შესაძლებლობას. ეს სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს. ბუნებრივია, გამოცდების შედეგებმა ადეკვატურად უნდა აჩვენოს, რა ვითარებაა საქართველოში განათლების კუთხით, შეფასების სისტემის მიზანია, ობიექტურად და მიუკერძოებლად ასახოს არსებული რეალობა",_ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ტესტურ დავალებებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეს გამოყოფილი აქვს 100 წუთი. თითოეული დავალებისთვის პირობითად 2 წუთია განსაზღვრული. აპლიკანტს შეუძლია დავალებებზე მუშაობისას დარჩენილი 10 წუთი რეზერვის სახით გამოიყენოს. გამოსაშვები გამოცდების ე.წ. გამსვლელი ქულა, ანუ ბარიერი 5,5-ია. მოსწავლეს, რომელმაც ვერ გადალახა ზღვარი რომელიმე გამოცდაში, შეუძლია, ეს გამოცდა მომდევნო წელს ჩააბაროს, დანარჩენ გამოცდებში მიღებული შეფასება კი უნარჩუნდება.

რაც შეეხება გამოცდების მიმდინარეობას, ის 21 მაისს ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და მიმინოშვილის თქმით, მცირე ხარვეზებით წარიმართა. გამოცდების შეფერხების ძირითად მიზეზად სკოლებში ელექტროენერგიის გამორთვა დასახელდა, თუმცა რამდენიმე სკოლაში დენის მიწოდება მალე მოხერხდა. რაც შეეხება კახეთის სოფელ ყარაჯალას, ამ სკოლის მოსწავლეები მეზობელ სოფელში გადაიყვანეს და მათ პრობლემა გამოცდების პროცესის დროს არ შექმნიათ.

ყველა მოსწავლემ, რომელიც რეგისტრირებული იყო, გაიარა გამოცდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების ჩათვლით.

სკოლის საატესტატო გამოცდების სირთულესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და აღნიშნა, რომ ე.წ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა 4%-ს არ გადასცდება.

"როდესაც საგამოცდო პროცესი დასრულებული არ არის, ცალკეულ მოსწავლეზე დაყრდნობით, ძნელია გააკეთო დასკვნა, რომ გამოცდებზე ცუდი შედგები იყო.

წინა წელთან შედარებით ბევრმა გადალახა ბარიერი. ეს გახლავთ სასერთიფიკატო გამოცდა და ამის საფუძველზე გაიცემა ატესტატი. იმისათვის რომ გაიცეს ატესტატი, ერთადერთი რამ არის აუცილებელი, მოსწავლემ დადგენილი ბარიერი გადალახოს. რამდენით გადალახავს ბარიერს და რა შედეგს მიიღებს მოსწავლე, ეს არანაირად არ მოახდენს გავლენას ოქროს მედალზე, სკოლის მიერ შეფასებულ მაღალ ქულებზე და ა.შ. მთავარია, მოსწავლემ მოახერხოს დადგენილი ბარიერის გადალახვა. ასეთი მოსწავლეები რიცხვი, ვინც ვერ გადალახა ზღვარი, მცირეა.

ჩვენ შეგვიძლია ყველა მოსწავლეს დავუწეროთ მაღალი შეფასება, მაგრამ ეს არის მთავარი? ამით ეშველება რამეს? მოსწავლის შედეგები გამოსწორდება, თუ პირიქით დათვური სამსახური გაეწევა ჩვენს მომავალ თაობას?

ნურავის ნუ ექნება პრეტენზია, თუ გამოცდების შედეგები ასახავენ რეალურ სურათს. მოსწავლეების უმრავლესობამ ნამდვილად უნდა მიიღოს ატესტატი, მათი ბრალი არ არის ის ხარვეზები, რაც სასწავლო პროცესში და განათლების სისტემაშია. ოღონდ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ვითარებაა ჩვენს განათლების სისტემაში. თუ საერთაშორისო კვლევები დაბალ შედეგებს აჩვენებს ჩვენს ქვეყანაში, სრულიად არაადეკვატური იქნებოდა, მოსწავლეების უმაღლესი შედეგები. პრეტენზია ნადვილად არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეებმა მაინც და მაინც უმაღლესი შეფასება უნდა მიიღონ", _ ამბობს მიმინოშვილი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, დიდია, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც 6-8 ქულამდე შეფასება დაიმსახურეს. ამაზე სამივე გამოცდის შედეგებით შეიძლება მსჯელობა. წელს 3%-მა ვერ გადალახა ზღვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, წინა წლებში ეს მაჩვენებელი 13% იყო, ამ პროგრესს მაია მიმინოშვილი ასე ხსნის:

"მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა, 2011- 2012 წლები ყოფილიყო პილოტირების, ამ პროგრამას მართლა სერიოზული მომზადება სჭირდებოდა, სრული სიახლე იყო ეს ჩვენი მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ უგამოცდოდ მიიღებდნენ ატესტატს. სამწუხაროდ, გადაწყდა, რომ რეალური გამოცდები ყოფილიყო. მოსწავლეები სრულიად მოუმზადებლები შეხვდნენ ასეთ ვითარებას. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიზეზი, ალბათ, ეს იყო".

გამოცდების ცენტრის დირექტორს მიაჩნია, რომ შემდგომ წლებში აუცილებლად უნდა აიწიოს ბარიერმა.

"ჩვენი რეკომენდაციით, ბარიერის აწევის საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო იღებს. ჩვენგან შეთავაზებაც არ იქნება ჯერ-ჯერობით, თუ სასწავლო პროცესი არ გაუმჯობესდა", _ აცხადებს მაია მიმინოშვილი.

შეგახსენებთ, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში ( ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ოქტომბერში ჩააბარეს.

სკოლის გამოცდებს მეთერთმეტე კლასელებიც აბარებენ. მათი 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი შემდეგია: 16 ივნისი - ქიმია; 17 ივნისი - გეოგრაფია; 18 ივნისი - ბიოლოგია; 19 ივნისი - ფიზიკა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საყდრისის დაცვის კომიტეტი ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის გარშემო
დღეს შსს-ს მომსახურების სააგენტომ ტექნიკური უსაფრთხობისა და სერთიფიცირების სფეროში ევროპის
ნანა ქუტიძე: _ ძალიან უარყოფითად. სილამაზზის სალონში ვმუშაობ და იქაც აღარ
სოფელი ზოტიყელი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ღორჯომის ხეობაში მდებარეობს და
2016 წლის 1-ელი იანვრიდან კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე,
დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის