მთავარი თემა

თანამდებობებისთვის ბრძოლა იწყება

ნატო გოგელია  2014-06-30 12:04:09

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში პირველ სხდომას ჩაატარებს და საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევს. თუმცა, თანამდებობებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია. როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, მრავალპარტიულ საკრებულოს, მიუხედავად კოალიციური რეჟიმისა, ერთიანობის შენარჩუნება გაუჭირდება.

კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოში 5 კომისიის მეტი ვერ შეიქმნება, კომისიების თავმჯდომარეობის მსურველთა რიცხვი კი გაცილებით დიდია. ჩვენი წყაროს თქმით, ბევრი სჯა-ბაასის, "ქართული ოცნების" ოფისში ხმამაღალი საუბრის შემდეგ, კოალიციამ კომისიის თავმჯდომარეების კანდიდატურებზე შეთანხმებას მიაღწია: გურია ნიუსის" ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომისიას მარინა ბერაძე ჩაიბარებს, ინფრასტრუქტურის კომისიას _ ვლადიმერ სიხარულიძე, სოციალურ საკითხთა კომისიას _ მაია პაიჭაძე.

ჯერ კიდევ გაურკვეველია ლეგალიზაციის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიების ხელმძღვანელების ვინაობა. ჩვენი ინფორმაციით, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კოალიცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეთანხმებას მიაღწევს. ეს შეთანხმება კი, როგორც ჩანს, არც თუ იოლი მისაღწევი იქნება. ამ პოსტზე ამბიცია სამ დეპუტატს აქვს _ დავით შარაშიძეს "ქართული ოცნებიდან", მალხაზ ჩხიკვაძეს "რესპუბლიკელებიდან" და მანანა მინდაძეს "თავისუფალი დემოკრატებიდან".

ამ სამიდან, დასაქმებული მხოლოდ ერთია _ მანანა მინდაძე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

მიუხედავად ამისა, მანანა მინდაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნა პარტიის მოთხოვნაა და მის თავს თვითმმართველობაში ხედავს.

_ მე "თავისუფალი დემოკრატების" სიის პირველი ნომერი ვარ. აქედან გამომდინარე, პარტია ჩემს კანდიდატურას აყენებს მაღალ თანამდებობაზე.

_ თუმცა, "რესპუბლიკური პარტია" მალხაზ ჩხიკვაძის კანდიდატურას აყენებს, "ქართული ოცნება" _ დავით შარაშიძის...

_ კი და ეს ძალიან კარგია. კონკურენტუნარიანი კონკურსი იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს უმრავლესობა, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმოადგენს.

_ როგორც ამბობენ, თქვენს კანდიდატურა მხარს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უჭერს...

_ თეა არ ერევა კადრებში, მით უმეტეს, თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში. თეა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩაერევა რაიმე სახის გადაწყვეტილებებში, თუნდაც, ჩემი კანდიდატურის განხილვაში. არც კი იცის, მე თუ თვითმმართველობაში გადავედი და საკრებულოს წევრი გავხდი.

_ თუკი ძალიან ახლო მეგობარია, როგორ არ იცის?

_ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ ახლა ხშირი შეხვედრები არ გვაქვს და ამიტომ ამ ეტაპზე, არაფერი იცის ჩემი საქმიანობის შესახებ.

_ ქალბატონო მანანა, თქვენ გაქვთ საკამოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა. რატომ უნდა გაცვალოთ მაღალანაზღაურებადი სამსახური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობაზე?

_ მე მართლაც ძალიან კარგი და შესაშური თანამდებობა მაქვს. კარგ დროს მოვხვდი ჩოხატაურში და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩემი გადაწყვეტილება _ ეს პარტიის გადაწყვეტილებაა. პარტია ჩემს თავს იმ ადგილზე ხედავს, თორემ ამირჩევენ თუ არა, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ, პარტია ხედავს ასე და მე არ მაქვს უფლება, პარტიის გადაწყვეტილებას არ დავეთანხმო.

_ როდესაც პარტიას და თქვენ გაქვთ ამბიცია, პარტიული სიის პირველი ნომერი იყოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რატომ არ გაგიჩნდათ ამბიცია, მოგეგოთ რომელიმე მაჟორიტარული უბანი?

_ პარტიის თავმჯდომარე ახლა ვახტანგ გაჩეჩილაძეა. ჩვენი კვოტა სამი ადამიანით იყო განსაზღვრული _ შესაბამისად, გადაწყდა, მაჟორიტარი კანდიდატები ყოფილიყვნენ ვახო, ვლადიმერ სიხარულიძე და ერეკლე უღრელიძე. მე ერთი წელია, რაც ჩოხატაურში ვარ. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები, რადგან ამ პარტიისთვის იბრძოდნენ, უნდა ყოფილიყვნენ მაჟორიტარი კანდიდატები. მეოთხე ადგილს ვერ მოვითხოვდი, რადგან ჯერ ჩოხატაურისთვის ისეთი არაფერი გამიკეთებია, ხალხისთვის არ დამინახებია, რისი შესაძლებლობა და სურვილი მაქვს.

_ რატომ ვერ მოახერხეთ ეს ერთ წელიწადში, როდესაც სოფლის მეურნეობის სფერო გებარათ ჩოხატაურში?

_ მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რამ მოვახერხე, როგორ პიროვნებამ _ გამიცნო ხალხმა, ძალიან კარგი და თბილი დამოკიდებულება მაქვს მათთან და ჩემი ადგილი დავინახე პროპორციულ სიაში; პარტიამაც ასე დაინახა. როცა შეხვედრები გვქონდა, ხალხისგან ისეთი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ ამას ნამდვილად ვერ გავცვლი ვერაფერზე. ამანაც გადამაწყვეტინა, თანხმობა მეთქვა პარტიისთვის, რადგან ამ ხალხს სჭირდება ძალიან აქტიური დახმარება. მიმაჩნია, რომ ვარ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მეტად შეძლებს ამ საქმის გაკეთებას. ჩოხატაურში ხალხს ძალიან უჭირთ.

_ ქალბატონო მანანა, თქვენი მუშაობის პერიოდს ბევრი მოუგვარებელი პრობლემა უკავშირდება. იგივე მარტის ბოლოს მოსული თოვლის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი. მხოლოდ ბუკისციხე რომ ავიღოთ, იქ ხალხი მოსავლის გარეშე დარჩა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი "გურია ნიუსიდან" გაიგო ეს ინფორმაცია...

_  ვერაფრით დაგეთანხმებით. მინისტრს მეორე დღეს ინფორმაცია ჰქონდა კაბინეტში დადებული. "გურია ნიუსიდან" ნამდვილად არ გაუგიათ.

_ ეს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს. სტატია და ვიდეო სიუჟეტი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა და ამაზე პრეტენზია არ გამოგითქვამთ...

_ სტიქიის მეორე დღეს, სურსათის უვნებლობის სამსახურის მაღალჩინოსნები აქ იყვნენ. ძალიან ოპერატიულად ვიმუშავეთ. შეიძლება რომელიმე მინისტრის მოადგილე არ იყო საქმის კურსში _ ეს პრობლემა ყველას ხომ არ ეხებოდა?

_ ვისაც ეხებოდა, ყველას ვესაუბრეთ და არავის ჰქონდა ინფორმაცია...

_ მე ზუსტად ვიცი ეს თემა. მეორე დღესვე სახელობითი სიები გადავეცი. როცა სტიქიაა, ვაფიქსირებთ რომ მოხდა სტიქია, მაგრამ შედეგის სანახავად გავდივართ ათი დღის შემდეგ და ერთი თვის შემდეგ. მე გავდივარ მაშინვე და ვხედავ, რა ხდება, თუმცა, ეზოში არ შევდივარ. ჩემი იქ მისვლა სხვა რაღაცას ნიშნავს.

_ ბოლო თვეებში სტიქია ორჯერ იყო _ მარტის ბოლოს და არჩევნების წინა დღეებში. რატომ ვერ გნახეთ შემთხვევის ადგილებზე? ბუკისციხეში გვითხრეს, რომ არც თქვენი სამსახურიდან და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ ასულა...

_ მე არ ვიცი, თქვენ ვინ ნახეთ ბუკისციხეში, მაგრამ რწმუნებულთან ერთად კარდაკარ მოვიარეთ ოჯახები.

_ ჩვენ ვინ ვნახეთ, ეს კადრები "გურია ნიუსი" ვებგვერდზე შეგიძლია ნახოთ...

_ როცა სტიქია მოხდა, წავედი მესამე დღეს, ერთი კვირის შემდეგ და ერთი თვის შემდეგაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაო გრაფიკი _ ვიცით, როცა არის აუცილებელი ადგილზე მისვლა. როგორ, რწმუნებული ამბობს, რომ არ ავსულვარ? იმ დღის მასალა ვნახე, მაგრამ ჩვენ შედეგებს მოგვიანებით ვნახულობთ, სიები გადაცემული მაქვს. გადავრჩით, რომ ვაზის 100 პროცენტიანი დაზიანება არ გვქონდა. მთავარია, რომ შედეგი მივიღოთ, თორემ კამერის წინ დადგომა ჩემი თვითმიზანი არ არის.

მანანა მინდაძის თქმით, ის რომ მარტის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება, მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჭკუასელის დამსახურებაა, რომელმაც მინისტრს პირადად გადასცა დაზარალებულთა სახელობითი სიები.

მინდაძე ამტკიცებს, რომ მისი დამსახურებით და აქტიური მუშაობით ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ყანები გადაიხნა.

_ ქალბატონო მანანა, შეგეკამათებით _ ჩვენ პირადად ვიყავით ადგილზე გასული და როცა იქ გუბერნატორი მოვიდა, შედეგი ნახა, იქვე, ჩვენ თვალწინ დაურეკა მინისტრს და იმ დღესვე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიწები გადაიხნებოდა...

_ მე მაშინ ამერიკაში ვიყავი მივლინებით. ძალიან კარგი იყო გუბერნატორის ადგილზე ყოფნა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სამსახურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდა და ეს ასეც მოხდა. არ დაიხნა მხოლოდ 15 ჰექტარი, რადგან ამაზე თავად მეპატრონეებმა განაცხადეს უარი, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მანანა მინდაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს _ ჩხიკვაძეს და შარაშიძეს, ისინი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ჩვენი ინფორმაციით, მძიმე და დაძაბული კონკურენციის გამო, არ არის გამორიცხული საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს. თუმცა, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რადგან კანონმდებლობა ორი მოადგილის შტატს არც უშვებს და არც კრძალავს.

_ ჩოხატაურში ყველა საკითხი კანონის სრული დაცვით გადაწყდება. არ ვიქნებით გამონაკლისები და ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, რაც საკრებულო შეიკრიბება. ამ ეტაპზე არც თანამდებობებია გადანაწილებული და არც სხვა გეგმები დასახული. კიდევ ერთხელ ვამბობ _ ეს ყველაფერი საკრებულომ ერთად უნდა გაიროს და მხოლოდ დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზაალ მამალაძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დაპირისპირება ქუთაისის მერიაში და ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლების გადასანაწილებლად
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ნატანების 61-ე საარჩევნო უბანზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ
გარევაჭრობა თბილისსა თუ სხვა ქალაქებში აკრძალვის მუხედავად მაინც ყოველდღიურ საქმიანობად
მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პოზიცია გუშინ
პრეზიდენტმა სააღდგომოდ 78 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 57 მსჯავრდებული დღესვე
ინტერნეტ მომხმარებლები სოციალურ ქსელებში მდინარე ვერეს სათავის ფოტოებს ავრცელებენ. ფოტოებზე