ჟურნალისტური გამოძიება

უმოწყალოდ დახარჯული მილიონობით ლარი... უწყლობისთვის!

ნატო გოგელია  2014-08-04 11:16:39

ყოველი ხელისუფლების დროს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება, ჩოხატაურელებისთვის ისევ ოცნებად რჩება; სასმელი წყლის მოლოდინის პროცესი იმდენად გაიწელა, რომ ჩოხატაურელებს მუდმივ სასმე წყალზე ოცნებაც კი დაავიწყდათ.

_ რამდენი წელია, ერთი და იგივე გვესმის _ ცოტაც და, 24 საათის განმავლობაში წყალი გექნებათო. მილიონები დაიხარჯა და ისევ უწყლობით ვიხრჩობით; წყალს მიაქვს მთელი გურია და ჩვენ დასალევი წყალი არ გვაქვს; საავადმყოფოში რომ ავადმყოფს დააწვენ და წყალს რომ ბიდონით მიგატანინებენ, ამას ცხოვრება და ქვეყანა ჰქვია?! _ ასეთ კომენტარებს ჩოხატაურში ყოველდღე გაიგონებთ.  მუნიციპალიტეტი, რომელსაც ირგვლივ გუბაზეულის და სუფსის წყალუხვი ხეობები აკრავს, ათეულობით წელია, უწყლობით შეწუხებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს, ჩოხატაურის წყალმომარაგებისთვის მილიონობით ლარი დაიხარჯა.

"დაბა ჩოხატაურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ჩოხატაურის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარია და სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად, 150 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მოსახლეობას წყალი ათწლეულების მანძილზე არასტაბილური გრაფიკით კვირაში რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გრაფიკი სტაბილური გახდა და ამჟამად, ჩოხატაურს წყალი ყოველდღიურად 6-10 საათის განმავლობაში მიეწოდება. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩოხატაური 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

ჩოხატაურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გაკეთდა წყალსადენი მილების მაგისტრალური ქსელი. მოეწყო საქლორატორო, დამონტაჟდა წყალსადენი ჭები. სამუშაოების მეორე ეტაპზე აშენდა 2000 კუბურ მეტრიანი წყლის რეზერვუარი და მოეწყო საქლორატორო. ასევე ჩატარდა ქუჩების დაქსელვითი სამუშაოები. სამუშაოების მესამე ეტაპზე მოეწყობა საფილტრი ნაგებობა, დამონტაჟდება 2 ახალი ტუმბო დანადგარი, მდინარე გუბაზეულზე აშენდება წყლის მიმღები ნაგებობა და მოხდება წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, დაბა ჩოხატაურის მცხოვრებლები სუფთა და გაფილტრულ წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებენ. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დასრულდება," _ ეს ინფორმაცია, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდზე დღესაც იძებნება იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელიც აქვთ მოწერილი.

მორიგი დაპირება 24-საათიანი წყალმომარაგების შესახებ ჩოხატაურელებს გასული წლის გაზაფხულზე მისცეს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სს "თბილისთან" კონტრაქტი 2013 წლის 8 ივლისს გააფორმა, რომლის თანახმადაც, წყალმომარაგებისთვის  2  666 095.11 ლარი გამოიყო.

როგორც ფონდის ვებგვერდიდან ირკვევა, კონტრაქტი პირდაპირი კონკურსის წესით გაფორმდა. აქვე იმასაც ვკითხულობთ, რომ ობიექტი 2014 აგვისტოს ჩაბარებული უნდა იყოს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩოხატაურს არათუ 24-საათიანი, ერთსაათიანი წყალმომარაგებაც არ აქვს.

თუკი ამ დრომდე წყალი 40 წუთით მაინც მიეწოდებოდა მოსახლეობას, ბოლო დღეებში საერთოდ აღარ მოდის.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსი ზაზა სიხარულიძე 2 თვის წინ, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობდა, რომ ჩოხატაურს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ივნისის ბოლოდან ექნებოდა.

_ ჩოხატაურში წყალმომარაგების ქსელი ეწყობა. დაწყებული სათავე-ნაგებობიდან, შიდა სადგურიდან და გამანაწილებელი ქსელიდან. ამ პროექტის  თანახმად, ხიდისთავში ახალი სათავე-ნაგებობა კეთდება, იდგმება ახალი დრენაჟები. ამასთან ერთად, ზევითაც კეთდება ახალი სათავე.

_ გორთაფონში?

_ არა. გორთაფონი ხიდისთავს ეკუთვნის. ამ სათავე-ნაგებობით დროებით სარგებლობს ჩოხატაური, რადგან საკუთარი არ აქვს. ახლა კეთდება მდინარის ნაპირზე ახალი ნაგებობა შემკრები სატუმბი სადგურით, გამანაწილებელი ქსელით ჩოხატაურში და დამატებით კეთდება ნაგებობა, რომელიც მდინარის ამღვრევის შემთხვევაში, წყალს შემოუშვებს, რომ ჩოხატაურმა უწყლობა ვერ იგრძნოს.

_ დღევანდელი ხელისუფლების დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება როდის ექნება ჩოხატაურს?

_ ჩოხატაური ცოტა რთული თემაა, რადგან ჩვენი კომპანია მთელ ჩოხატაურს არ ემსახურება.

_ დაბაზე ვსაუბრობთ...

_ დაბაშიც ყველგან არ არის. სულ 200 აბონენტი გვყავს. ამ პროექტით კიდევ გვემატება 800 აბონენტი, რომელთაც ექნებათ 24-საათიანი წყალმომარაგება და, რაც მთავარია, ხარისხიანი.

_ როდის?

_ ივნისის ბოლოს უნდა დაამთავროს კომპანიამ ეს სამუშაოები.

თუმცა, როგორც ფაქტებმა ცხადჰყო, ახალი ნაგებობა ვერ მუშაობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, წყალმომარაგების შეწყვეტა ადიდებულმა მდინარემ გამოიწვია:

_ როგორც მითხრეს, ადიდებულმა მდინარემ ისევ დააზიანა სალექარები და დამატებითი წყარო შეუწყდა ძირითად ავზს.

_  ბატონო ირაკლი, როგორც წესი, წყლის შეწყვეტა სტიქიას ბრალდება, მაგრამ რას გვეტყვით წინა პერიოდზე, როდესაც 1 საათითაც კი არ მოდიოდა დღეღამეში წყალი...

_ გეთანხმებით, ჩოხატაურს წყალი არ მიეწოდება. ამ დროისთვის გორთაფონიდან ერთი მილით მიეწოდება წყალი ჩოხატაურს და ხიდისთავს, ხიდისთავის მილი კი არ არსებობს. იყო შეთანხმება, რომ სოფლისთვის მოსახერხებელ დროს წყალი მიეწოდებოდა ხიდისთავს, შემდეგ გროვდებოდა  ჩაისუბანის სათავე-ნაგებობაში და იქიდან მოეწოდებოდა დაბას. ამ პერიოდში კი ეს ვერ  ხერხდება იმის გამო, რომ დამატებითი სალექარები გაკეთდა და გუბეზეულიდან უნდა წამოსულიყო წყალი. ვარაუდობენ, რომ  წყლის შესვლა ვერ  მოხერხდება. სწორედ ამიტომ, დეტალებს გავივლი მუნიციპალური განვითარების  ფონდის წარმომადგენლებთან და ვეცდები, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღო, _ აღნიშნა კუჭავამ ჩვენთან საუბრისას 29 ივლისს.

ამ საუბრიდან მეორე დღეს, ჩოხატაურის გამგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. 

_ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ  მშენებელი არაფერ შუაშია და პროექტია ცუდი, _ გვითხრა გამგებელმა.

როდის ექნება ჩოხატაურს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება არც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსმა ზაზა სიხარულიძემ იცის, რომელიც ამბობს, რომ მშენებელი კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია:

_ ბატონო ზაზა, მაისში გვითხარით, რომ ივნისის ბოლოს ჩოხატაურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა. ახლა რას გვეტყვით, რატომ ვერ შესრულდა თქვენი დაპირება?

_ იმიტომ, რომ ჯერ ის ობიექტი არ დამთავრებულა სამწუხაროდ. ჯარიმაზე წავიდა მშენებელი.

_ მშენებლის ჯარიმა ჩოხატაურელებს უშველის?

_ ეს უშველის იმას, რომ უნდა დაასრულონ. იურიდიული პროცედურაა. როდესაც კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, პასუხი უნდა აგოს.

_ რიგით ადამიანებს ეს უშველის? სასიცოცხლო ობიექტებს წყალი არ მიეწოდებათ. საავადმყოფოში რომ ადამიანს წყლის  მიტანას მოთხოვენ, არა მგონი, ნორმალური ქვეყნის ცხოვრების ნაწილი იყოს...

_ ხდება, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისებიც.

_  ეს არის ის პასუხი, რომელიც მოსახლეობას დააკმაყოფილებს?

_ როცა რეაბილიტაცია მიდის, ვსარგებლობთ იმ კონტრაქტით, რაც არის დადებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის.

_  ხუთ მილიონზე მეტია მხოლოდ ბოლო წლებში დახარჯული ჩოხატაურის წყალმომარაგებისთვის და დღესაც წყალი არ არის...

_ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს პრობლემა და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ  როგორმე გამოვასწოროთ ეს პრობლემა.

_ ბატონო ზაზა, როგორც გაირკვა, ახალი სათავე ნაგებობა არ ვარგა...

_ მე ვიცი, რომ სტიქიამ რაღაც დააზიანა.

_ როგორც წესი, ყველაფერი სტიქიას ბრალდება...

_ ყოველთვის არა, როცა არის, მაშინ. ჩვენც გვინდა, რომ დროულად გავიდეს ობიექტი ექსპლუატაციაში და მოსახლეობა არ დავტოვოთ უწყლოდ. ჩვენი პირველი მიზანი ეს არის.

_ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ადამიანებს უპასუხისმგებლოდ ექცევა?

_ უპასუხისმგებლოდ რანაირად ექცევა.  ჩვენ ოზურგეთიდანაც ჩამოვიტანეთ ცისტერნები. ვცდილობთ, რომ სასიცოცხლო ობიექტებს  წყალი მივაწოდოთ. დაზღვეული არავინაა. სტიქიის გამო შუქი თბილისშიც კი არ იყო.

_ ჩვენ სტიქიაზე არ ვსაუბრობთ.  ერთი თვეა, ჩოხატაურს წყალი არა აქვს...

_ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

_ ვფიქრობ,  ამ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, რადგან მე ჩოხატაურში ვცხოვრობ და კარგად ვიცი წყლის, ე. წ. გრაფიკი _ ადრე დილით, მაქსიმუმ, 40 წუთი...

_ გეთანხმებით. ძალიან ცუდად არის, მაგრამ ის, რომ საერთოდ  არ იყოს, ეგეთი თემა არაა... დეტალებზე ახლა ვერაფერს გეტყვით. მე ჩამოვდივარ ჩოხატაურში, ვნახავ ახალ ობიექტს და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება, გადაჭრით გითხრათ პასუხი, _ გვითხრა სიხარულიძემ 29 ივლისს, სატელეფონო საუბრისას.

სიხარულიძემ ისიც აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეხვდებოდა და საქმის კურსში ჩააყენებდა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, შეხვედრა არ შემდგარა.

მიუხედავად პირობისა, ჩოხატაურში ჩამოსული სიხარულიძე არც ჩვენ შეგვხვდა და ჩვენს ზარებსაც აღარ უპასუხა.

ჩვენ შევეცადეთ მშენებელ კომპანიასაც დავკავშირებოდით, თუმცა, უშედეგოდ. სს "თბილისის" ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა. გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაზე კი პასუხი ამ დრომდე არ მოგვსვლია.

როგორც კომპანიის ვებგვერდიდან გავარკვიეთ, სააქციო საზოგადოება "თბილისი'' დააფუძნა თბილისის მერიამ და წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა მერიის სამშენებლო სამმართველოსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში. მოგვიანებით მოხდა საზოგადოების კუთვნილი აქციების სრული პაკეტის გამოსყიდვა და დღეისთვის იგი კერძო საკუთრებაშია.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ როგორ მოახერხა კომპანიამ ტენდერის გარეშე, პირდაპირი კონკურსის წესით მიეღო ეს პროექტი და არის თუ არა ეს ის კომპანია, რომელიც ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 2011 წელსაც მუშაობა და როდის ექნება ჩოხატაურს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება, მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ:

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  წყლის სისტემის რეაბილიტაცია (მესამე ფაზა)  განახორციელა. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ღირებულება  2 894 706, 96  ლარია. კონტრაქტორმა კომპანიამ- სააქციო საზოგადოება "თბილისმა" კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პროექტი განახორციელა. თუმცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიამ ობიექტზე გარკვეული დეტალები  დააზიანა.  აღსანიშნავია, რომ ობიექტი დაზღვეულია და  მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია სრულად აანაზღაურებს.  დაზიანებების აღმოფხვრის შემდეგ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ობიექტს  ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიას გადასცემს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას  სააქციო საზოგადოება "თბილისთან" დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ  ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას შპს "ნიუ ენერჯი" ახორციელებდა, თუმცა აღნიშნულ კომპანიას  ფინანსური პრობლემები შეექმნა და  პროექტით ნაკისრ ვალდებულებებს  ვეღარ ასრულებდა. სწორედ ამიტომ, ფონდმა (საერთაშორისო ინჟინერ -კონსულტანტთა  ფედერაცია)  "ფიდიკის"  წესებით იხელმძღვანელა და "ნიუ ენერჯისთან" მოხდა კონტრაქტის გაწყვეტა, ვინაიდან ის ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა.  ასევე "ფიდიკის" წესებით მოხდა კონტრაქტის დადება სააქციო საზოგადოება "თბილისთან", რომელიც "ნიუ ენერჯის" ქვეკონტრაქტორი კომპანია იყო და ობიექტს უკვე იცნობდა, სს "თბილისი" ობიექტზე სამუშაოებს "ნიუ ენერჯის" დავალებით უკვე  ახორციელებდა,  თუმცა კომპანიის გაკოტრების შემდეგ, ქვეკონტრაქტორი კომპანია დამოუკიდებლად ვერ იმუშავებდა. შესაბამისად,  ახალი კონტრაქტი გაფორმდა სს "თბილისთან", რომელმაც კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა. ამჟამად, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ,  მიმდინარეობს სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. რაც შეეხება წყლის მიწოდებას, აღნიშნული საკითხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად სტიქიის მიერ გამოწვეული ხარვეზებიდან გამომდინარე,  წყლის  მიწოდება ვერ ხერხდება.

სამუშაოები უკვე დაწყებულია და მაქსიმალურად  მოკლე ვადებში აღმოიფხვრება ხარვეზები და ობიექტი ექსპლუატაციაში  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას  გადაეცემა, _ აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლანა ბერიძის მიერ გამოგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში მშენებლობა ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ნებართვა იმ მიზეზით არ გაიცა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია, მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, არ წარმოადგინეს.

კანონის თანახმად, უკანონო მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურს ჯარიმა უნდა დაეწერა, თუმცა, როგორც გაირკვა, არც ეს გაკეთებულა.

ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ სიხარულიძე, რომელიც ამჟამად ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ადასტურებს, რომ კანონი დაარღვია, თუმცა, ამის მისებური ახსნა აქვს: _ მე რომ ჯარიმა დამეწერა და მშენებლობა შემეჩერებინა, ჩოხატაურელები უწყლობას მე დამაბრალებდნენ.

_ ბატონო ვლადიმერ, თუკი იცოდით, რომ პრობლემა იყო, კანონი ირღვეოდა, რაღაც სწორად არ კეთდებოდა, რატომ არ თქვით და რატომ დაელოდეთ ამ მძიმე შედეგს, როცა მილიონებია დახარჯული და მაინც არ გვაქვს წყალი?

_ ასე იყო საჭირო. მშენებლობა გამოიწვევდა თანხების დაკარგვას. თანაც ჯარიმა რომ დამეწერა, იტყოდნენ ვალოდიამ მშენებლობა შეაჩერა და მისი ბრალიაო.

_ ახლა, არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერში თქვენი ბრალეულობაც არის?

_ კი, _ ამბობს სიხარულიძე.

ფაქტი ერთია _ მილიონობით ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ანუ ჩვენი ჯიბიდან დახარჯულია, უწყლობის პრობლემა კი მაინც გადაუჭრელია. მიზეზი ათასგვარია: არასწორად დაპროექტება (არადა, ამ პროექტს ექსპერტიზა აქვს გავლილი!);  მშენებელი კომპანიის არაპროფესიონალიზმი და გაკოტრება; არასწორი ზედამხედველობა და მონიტორინგი; ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობა და კიდევ ვინ იცის რა! სქემა ძალიან მარტივია: პროექტის, დოკუმენტების, წინასწარი დაგეგმვის და გათვლების გარეშე ობიექტებში მილიონები იხარჯება; მერე "საბედნიეროდ" სტიქია "ჩამოივლის" და ყველაფერს ჩამოწერს!

შესაბამისად, მთავარ კითხვაზე, ექნება თუ არა დაპირებული წყალი ჩოხატაურს, როგორც არაოფიციალური, ასევე, ოფიციალური პასუხები ასეთია: დოკუმენტებში "მესამე ფაზის" მიხედვით - კი, რეალობაში _ არა!



რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და
2011 წელს, ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობებიდან სამი, დღემდე გაუხსნელია, მიუხედავად იმისა,
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ყველანაირი რეიტინგით წინსვლა აჩვენა
"ვარდების რევოლუციის" მთავარ მიღწევად პოლიციაში გატარებულ რეფორმას მიიჩნევდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" ახლაც
სისხლის სამართლის საქმე #74068378“ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა
2005 წლის ნოემბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის გამგებელი, ემზარ თუთისანი