მთავარი თემა

დირექტორის მოადგილეების პოლიტიკური დევნა საბავშვო ბაღებში, თუ შიდა როტაცია?

ცისანა შერგილაშვილი  2015-01-22 15:48:19

"მონიტორინგის ცენტრი მედიატორი" ბაგა-ბაღებში დირექტორის მოადგილეების მასობრივი  დათხოვნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ორგანიზაციამ ის სქემაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მათი აზრით,  საბავშვო ბაღებში თანამშრომლებისთვის სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა ხდება.

"მედიატორი" იმ მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს, რომლებიც ამ სქემაში არიან ჩართულნი:

"საქმე კახი კალაძის ცოლისძმას, გიორგი არეშიძეს ეხება, რომლის სამსახურიც უშუალოდ კურირებს საბავშვო ბაღებს. არეშიძე დავალებას "სუსის" მაღალჩინოსნისგან ლევან კაჭარავასგან იღებს, რომელიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის უფროსი იყო, არეშიძე კი დავალებას ბაღების სააგენტოს და მის უფროს თემურ თორდინავას აძლევს, სადაც ჯაბა სამუშიას მეუღლე ერთვება, რომელიც უშუალოდ აკონტროლებს კადრებს ბაღებში", _ მიიჩნევს  ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 18 იანვარს ბაღების სააგენტოში, სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ საბავშვო ბაღების გამგეებთან თათბირი გამართა და გამგეებს დავალება მისცა, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებს უნდა დაეწერათ განცხადება და თავად დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობა.  მათ ადგილას კი პარტიული აქტივის დასაქმებას აპირებენ.  

"მედიატორის" ბრალდებებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა პასუხობს.

"ვერცერთი ბაღის დირექტორი ვერ იტყვის, რომ მე რომელიმეს დავავალე, თავიანთი მოადგილეებისთვის ეთქვათ, განცხადება დაეწერათ  და წასულიყვნენ სამსახურიდან. ეგეთი რაღაცა არ არსებობს. საბავშვო ბაღებს შიდა წესდებაში უწერია, რომ მოადგილეებს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბაღებში უმაღლესი განათლების არმქონე მოადგილეები იყვნენ, ამიტომ მათ სხვადასხვა ბაღში შესთავაზეს მათი კვალიფიკაციის შესაბამის პოზიციაზე დასაქმება. ისინი არ გათავისუფლდებიან. თუ იქნება გადაყვანის საშუალება  იმავე ბაღში, სხვა პოზიციაზე გადაიყვანენ, თუ არადა სხვა ბაღებში დასაქმდებიან", _აცხადებს თორდინავა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი წინასწარ ინფორმაციას არ ფლობს, თუ რამდენ ბაღში მუშაობენ უმაღლესი განათლების არ მქონე მოადგილეები. თუმცა, მისი თქმით, 40-მდე ბაღში, წინა თვეებში, ამგვარი ცვლილება უკვე განხორციელდა.

რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი ბაღებში დასაქმებული ადამიანების პოლიტიკურ კუთვნილებას. თორდინავა გვპასუხობს, რომ გამორიცხულია.

"პოლიტიკურ დევნას გამოვრიცხავთ. კადრების ბევრი ცვლილება განხორციელდა საბავშვო ბაღებში და თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ იმას ვეკითხებოდით, რომელ პარტიას უჭერდნენ მხარს?"

თემურ თორდინავა იმასაც ამბობს, რომ თუ საბავშვო ბაღში ნებისმიერ თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს თავის მოვალეობას, თუ ის დადის სამსახურში, არ აქვს გადაცდომები და  ბაღის დირექტორიც ფიქრობს, რომ ასეთი თანამდებობის პირი მას სჭირდება ბაღის მართვაში, ასეთ შემთხვევაში,  რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის.

ბაღების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელის თქმით, ადრე თავად ბაღების დირექტორებისგან წამოვიდა  მოადგილის შტატის გაუქმების ინიციატივაც, მაგრამ ასეთი ცვლილება არ იგეგმება.

"მე არ ვიტყვი ყველა დირექტორზე,  მაგრამ მათი გარკვეულ  ნაწილს ჩემს მოსვლამდე და ჩემთანაც ნასაუბრები აქვთ, რომ მოადგილის შტატი სასურველია, გაუქმდეს. თუმცა შტატის გაუქმებაზე საუბარი არ არის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს ამით სამსახურს. დღევანდელ ხელმძღვანელობას პირველივე დღეებში შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა ამ გზით წავიდა", _ ამბობს თორდინავა.

თემურ თორდინავა "მონიტორინგის ცენტრ  მედიატორს"  მოუწოდებს, მივიდნენ მასთან და  პირადად ესაუბრონ ამ საკითხზე. რაც შეეხება მოადგილეების გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხს, თორდინავას თქმით, შიდა როტაციები დაწესებულებებში ძალიან ცოცხალი პროცესია  და ამას ბაღის დირექტორები წლების მანძილზე აკეთებდნენ  და ახლაც აკეთებენ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა დაცვის
26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. სტრასბურგის სასამართლომ
"2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში"
დღეს, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებში