მთავარი თემა

წელს ეკონომიკა შესაძლოა მხოლოდ 2%-ით გაიზარდოს - მიზეზები, შედეგები და გამოწვევები

ნინო ბერძენიშვილი  2015-03-18 16:01:44

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გამოთველბით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა მხოლოდ 2%-ით გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია პროგნოზირებულ დონეს (4%) არ გადააჭარბებს, ნომინალური მშპ მხოლოდ 6%-ით გაიზრდება, რაც ჩამოუვარდება (1 750 მლნ. ლარი) 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებულ მაჩვენებელს (9.5%). შედეგად, 2015 წელს საგადასახადო შემოსავლებიც პროგნოზირებულზე 236 მლნ. ლარით ნაკლები იქნება, რამაც თავისმხრივ, შესაძლოა, ქვეყანა ახალი ფისკალური გამოწვევების წინაშე დააყენოს.

მიზეზები

2015 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაზე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები. მათ შორის, რუსეთ - უკრაინის კონფლიქტი, ეკონომიკური კრიზისი რუსეთში, აგრეთვე ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება საქართველოს სხვა სავაჭრო და ინვესტორ პარტნიორ ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი).

შედეგად, 2015 წლის იანვარ-თებერვალში შემცირებულია ექსპორტი (-26%), ფულადი გზავნილები (-22%) და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც (-2.1%) 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლარის გაუფასურებამ დოლარის მიმართ (25%), გაზარდა იმ მომხმარებელთა ხარჯები, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ დენომინირებული. ეს კი ეკონომიკის არასტაბილურობას კიდევ უფრო ამძაფრებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკის ზრდაზეც.

გამოწვევები

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზრდება. IMF-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის 2%-იანი ზრდაც კი გარკვეული რისკის ქვეშაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაც ნელდება (რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა).

თუ 2015 წელს ეკონომიკური ზრდა 2% იქნება და დავუშვებთ, რომ ინფლაციის პროგნოზიც (4%) გამართლდება, მაშინ ნომინალური მშპ 9.2%-ის ნაცვლად 6%-ით (1 750 მლნ. ლარი) გაიზრდება.

თუ ეკონომიკა პროგნოზირებულზე უფრო ნაკლებად გაიზრდება, ეს  ავტომატურად ნიშნავს, რომ 2015 წლის საგადასახადო შემოსავლებიც დაგეგმილზე ნაკლები იქნება. კერძოდ, ნომინალური მშპ-ის 6%-იანი ზრდის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 236.7 მლნ. ლარით შემცირდება საგადასახადო შემოსავლების პროგნოზთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ მშპ-ის პროგნოზის 1%-იანი შენელება იწვევს საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 78.6 მლნ. ლარით შემცირებას.

თუ საგადასახადო შემოსავლები შემცირდება და მთავრობა არ შეიტანს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯებში, ქვეყანა დადგება ფისკალური გამოწვევის წინაშე. შედეგად, დეფიციტი გაიზრდება 236 მლნ. ლარით და -881.7 მლნ.ლარს გაუტოლდება, რაც ნომინალური მშპ-ის ახალი პროგნოზის 2.8%-ია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, შესაძლოა მარტსა და აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდოს შუალედური ხარჯების ზრდის გამო. კერძოდ, მეწარმეები, რომელთაც დოლარში დენომინირებული სესხები აქვთ, ეცდებიან ფასების გაზრდას ხარჯების ოპტიმიზების მიზნით. მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე (ექსპორტის, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების და უცხოეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება), IMF-ს მიაჩნია, რომ შესაძლოა ინფლაციის მაჩვენებელმაც გადააჭარბოს პროგნოზს და 5%-ს მიაღწიოს, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში მხოლოდ 1.3% იყო (ძირითადად ბენზინის ფასების შემცირების გამო). ამ შემთხვევაში, ნომინალური მშპ გაიზრდება 7%-ით (2 040 მლნ. ლარი), ხოლო საგადასახადო შემოსავლები შემცირდება მხოლოდ 144 მლნ. ლარით 2015 წლის გეგმასთან შედარებით. თუ მთავრობა არ შეიტანს ცვლილებებს ხარჯების გეგმაში, დეფიციტი გაიზრდება 144 მლნ. ლარით.

რეკომენდაციები

ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლის მიზნით მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ბიუჯეტის ხარჯების შესამცირებლად, კერძოდ:

- ხარჯები უნდა შემცირდეს საგადასახადო შემოსავლების შემცირების შესაბამისად. თუ ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზრდება და ინფლაციის პროგნოზი გამართლდება (4%), მაშინ ხარჯები 236. 7 მლნ. ლარით უნდა შემცირდეს. უპირველეს ყოვლისა, ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით;

- ხარჯები არ უნდა შემცირდეს ისეთ დარგებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისთვის, მათ შორის განათლება. არ უნდა შემცირდეს აგრეთვე უკვე აღებული სოციალური ვალდებულებები. სასურველია, აგრეთვე, არ შემცირდეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი ხარჯები. უკიდურეს შემთხვევაში, უმჯობესია, შემცირდეს ახალ პროექტებზე გასაწევი და არა არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯები;

- ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით უნდა გატარდეს პოლიტიკა (მათ შორის უცხოურ ინვესტიციებზე რეგულაციების შემსუბუქება);

- ინვესტიციების მოზიდვის/ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშნელოვანია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა, მოგების გადასახადით დაიბეგროს მხოლოდ კომპანიების განაწილებული მოგება. უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ინიციატივა სასარგებლოა, თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ გაბედულია და დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რადგან თავიდან მთავრობას მისი განხორციელებისთვის მოუწევს გარკვეულ შემოსულობებზე უარის თქმა;

- რაც მთავარია, უნდა მოხდეს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამტარებლების კოორდინირებული მოქმედება.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დღეს, დილის 11 საათზე, ოზურგეთის ცენტრში თეატრალურ მოედანზე დაახლოებით 200
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ათასობით ლარი იხარჯება საჯარო მოსამსახურეთა საწვავსა
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ამ წუთებში საზოგადოებას ახალი კოალიციის
წითელი ჯვრის საზოგადოების ოზურგეთის ფილიალის წარმომადგენლობამ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამანათები
"საქართველო რუსეთის ვასალი არაა და რუსეთი ამას უნდა შეეგუოს. ამიტომ,
"გურია ნიუსის" ერთ-ერთი ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის მკვიდრის გივი