ჟურნალისტური გამოძიება

რეფორმების პიარს შეწირული 7 შვილის მამა 20-წლიან სასჯელს დღესაც იხდის

ნატო გოგელია  2015-10-28 16:56:41

მაღალი თანამდებობის საჯარო პირების მოკვლის ორგანიზებისთვის,  7 შვილის მამას 20 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ზურა ვაზაგაშვილის საქმის პროკურორმა თენგიზ ხარებავამ, გირვლიანის, მოლაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე მიიღეს, რომელთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა _ მაია ოშხარელმა, დავით სულაქველიძემ და გიორგი შავლიაშვილმა საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიების მასალების მიხედვით ვაშალომიძეს 5 პირის მკვლელობის ორგანიზება ედებოდა ბრალად,  სასამართლოში წარდგენილ მასალებში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებს დაზარალებულების სტატუსით _ გივი თარგამაძე და ერეკლე კოდუა.

ზეწოლის, დაშინების, მუქარის მიუხედავად, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს.

იგი დღესაც სასჯელს იხდის, მისივე თქმით, მხოლოდ “რეფორმების პიარის“ გამო და სამართლიანობის აღდგენას ელოდება.

XXX


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ 2011 წლის 18 ოქტომბერს 1985 წელს დაბადებულ თეიმურაზ თავბერიძეს 18 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 1962 წელს დაბადებულ ბადი ვაშალომიძეს 20 წლითა და ექვსი თვის ვადით.

სასამართლოს განჩინების თანახმად თავბერიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის ანგარებით, შეკვეთით, ჯგუფურად და მართლსაწინააღმდეგოდ  შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა.

ვაშალომიძეს კი ბრალი დაედო და დაუმტკიცდა იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის ანგარებით შეკვეთით, ჯგუფურად; ამისთვის კი მართლსაწინააღმდეგოდ  შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა.

საქმის მასალების თანახმად, 2010 წლის დეკემბრის ბოლოს, თეიმურაზ თავბერიძემ ბადრი ვაშალომიძისგან მიიღო შეკვეთა გივი თარგამაძის, ერეკლე კოდუას და სხვა პირების განზრახ მკვლელობაზე, რისთვისაც თითეული პირის მკვლელობისთვის გასამრჯელოდ მიიღებდა 50 000 აშშ დოლარს.

„აღნიშნული შეკვეთის  განსახორციელებლად, თავბერიძემ დაიწყო დანაშაულის მომზადება, შეარჩია სანდო პირები, შეიძინა იარაღები, საბრძოლო მასალა, შეისწავლა თარგამაძის და კოდუას  გადაადგილების მარშრუტები და გადაიღო ვიდეო კამერით. შეარჩია კოდუას მკვლელობის განსახორციელებელი შესაბამისი ადგილი _  შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული ბენზინგასამართი სადგური, საიდანაც სნაიპერი განახორციელებდა კოდუას მკვლელობას. მის მიერ ვიდეოკამერით გადაღებული მასალა გადაწერა CD დისკზე და წაიღო ოზურგეთში ვაშალომიძისთვის გადასაცემად,“ _ აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.

2011 წლის 11 მარტს, თავბერიძე  ბათუმში დააკავეს და ბინიდან ამოიღეს ერთი დისკი, 7 ცალი ვაზნა.

საქმის მასალების თანახმად, თეიმურაზ თავბერიძემ, რომელიც 2-ჯერ იყო ნასამართლევი, თავი დამნაშავედ ცნო:

_ სასჯელის მოხდისაგან 2010 წლის 9 დეკემბერს გავთავისუფლდი.  20 დეკემბერს ჩემთან მოვიდა ბადრი ვაშალომიძის შვილი და მითხრა, რომ მამამისს ჩემი ნახვა უნდოდა. წავედი მის სახლში. მომიტანა ქაღალდზე დახაზული რაღაც გეგმა,  სადაც ეწერა იმ ხალხის  სახელი და გვარი, ვინც მოსაშორებელი იყო. ასევე, ბადრის ახსნით, ერეკლე კოდუას მოძრაობის მარშრუტი. ბადრიმ გამაფრთხილა, რომ სხვებისთვის მეთქვა, თითქოს დავალება მიიღო კანონიერი ქურდის _  ვალიკო მჟავიასგან და ასე მეთქვა ყველასთვის, _ აღნიშნულია თავბერიძის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში.

მისივე ჩვენების თანახმად,  ამის შემდეგ დაუკავშირდა  მის მეგობარს ლაშა ჯინჭარაძეს, რომელმაც მოგვიანებით გააცნო მისი მეგობარი კახა და დაიწყეს მზადება. ამავე ჩვენებით, სწორედ ლაშა და კახა იღებდნენ ვიდეო ფირზე კოდუასა და თარგამაძის გადაადგილების მიმართულებებს. თავბერიძის მტკიცებით, დისკები მან წაიღო ოზურგეთში იმისთვის, რომ ვაშალომიძისთვის ეჩვენებინა, თუმცა მიხვდა, რომ „ლაშა და კახა ღალატობდნენ“ და გაიქცა.

სისხლის სამართლის საქმის თანახმად, ლაშა ჯინჭარაძის მეგობარი კახა (კატუკია) პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც ე.წ. „ბანდაში“ მას შემდეგ ჩანერგეს, რაც ლაშა ჯინჭარაძე საკუთარი ფეხით მივიდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ ზაზა ბებიასთან და უთხრა, რომ მის ბინაში დროებით ცხოვრობდა მისი ციხის მეგობარი თავბერიძე, რომელიც იარაღის ცხინვალიდან შემოტანას, კოდუას და თარგამაძის მკვლელობას აპირებდა.

სწორედ ამ შეტყობინების შემდეგ დაყენდა ვიდეოკამერები ჯინჭარაძის  ბინაში და ტელეფონზე დაწესდა მოსმენები.

დღემდე უცნობია რა ჩანაწერის მოგროვება შეძლეს სამართალდამცავებმა, რადგან ისინი სასამართლო პროცესზე არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე საკმაოდ რეზონანსული უნდა ყოფილიყო, რადგან საუბარი ეხებოდა მაღალჩინოსნების მკვლელობის მცდელობას, მედიითაც არ გაშუქებულა.

მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, რომ ჩანაწერები გასაჯაროებულიყო, სასამართლომ ამაზე უარი თქვა და განაჩენი მხოლოდ თავბერიძის, ჯინჭარაძის და პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გამოიტანა.

პროკურორ ხარებავას მტკიცებით, რომელსაც სახელი უკვე განთქმული ჰქონდა ზურა ვაზაგაშვილის საქმით, ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ დამნაშავეები მკაცრად დასჯილიყვნენ. ვაშალომიძეს ბრალი არც გამოძიების დროს და არც სასამართლოზე არ უღიარებია. მნიშვნელოვანია, რომ ვაშალომიძის სახლიდან ამოღებულ იარაღზე თითის ანაბეჭდებიც არ აღმოჩნდა _ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღი სრულიად ახალი იყო. სასამართლო ასევე არ დაინტერესებულა სად შეხვდა ვაშალომიძე ვალიკო მჟავიას, კანონიერ ქურდს, როცა მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და საქართველოში არ იმყოფებოდა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაშალომიძემ საზღვარი გადაკვეთა, თუმცა, გამოძიების მტკიცებით, შეხვედრა თურქეთში შედგა. ამ ფაქტის  მტკიცებულებად მხოლოდ პროკურორ ხარებავს და გამომძიებლის სიტყვები აღმოჩნდა საკმარისი.
ბრალდებულის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მათ ამჯერადაც „გაუმართლათ“ და საქმე განსახილველად გვირგვლიანის, მოლაშვილის და ვაზაგაშვილის საქმის მოსამართლეებს გადაეცათ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ხოლოაშვილი, ლომთათიძე და ჩემია, მოსამართლე ცერცვაძის განაჩენს სრულად დაეთანხმნენ. როგორც განაჩენში წერია, სასამართლო მხოლოდ “თავბერიძის თანმიმდევრულ ჩვენებას დაეყრდნო“:

„ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რონ თავბერიძის ჩვენებას ვაშალომიძის დანაშაულის მომზადების შესახებ ამყარებს საქმეში არსებული მტკიცებულებები. კერძოდ მოწმეების ზ. ბებიას, ლ.ჯინჭარაძის ჩვენებით ირკვევა, რომ თავბერიძე მარტო არ მოქმედებდა და ოზურგეთიდან, სადაც ცხოვრობს ვაშალომიძე, დახმარებას ელოდა საყურადღებოა ასევე, რომ მას დანაშაულის მომზადების ამსახველი ფირი გურიაში უნდა ჩაეტანა და ეჩვენებინა იმ პირისთვის, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ბინის ჩხეკის ოქმითა და მოწმეების _ დავით სიხარულიძის, მიხეილ დარჩიას და გიორგი ბიჭიკაშვილის ჩვენებებით  დადგენილია, რომ ვაშალომიძის ბინიდან ამოღებული იქნა შავი ნაჭრის ნიღაბი, იარაღი, ვაზნები, თაბახის ფურცელზე შესრულებული სქემა,“ _ წერია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ გამოტანილ განაჩენში.

საქმის მასალებში არ არის მითითებული, თუ ვისგან ელოდა დახმარებას ბრალდებული, გამოძიება კონკრეტულ პიროვნებებზე არ გასულა და ამით არც სასამართლო დაინტერესებულა, ხოლო სასამართლოს მიერ გათვალისწინებული მოწმეები _ სიხარულიძე, დარჩია და ბიჭიკაშვილი გურიის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები არიან.

როგორც ბადრი ვაშალომიძის ოჯახის წევრები ამბობენ, პოლიციელებმა სახლი ჩხრეკის ორდერის გარეშე ისე გაჩხრიკეს, რომ მოწმეებიც არ ჰყოლიათ.

_ შეხედეთ ამ სახლს _ 27 კვადრატულია და ამ სახლში ათი ადამიანი ვცხოვრობდით: ჩემი მამამთილი, მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი 7 შვილი. თავადაც ხედავთ როგორ დგას საწოლები და ამდენ სულს რომ ერთი კარადა გვაქვს. შეუძლებელია ამ კარადაში იარაღის შენახვა. მით უმეტეს, რომ ჩვენი შვილები არასრულწლოვნები არიან. პოლიციელებმა იარაღი თავად ჩადეს. ოთახში გაბერილი ქურთუკებით შემოვიდნენ, ბავშები დააწიოკეს, შეაშინეს. უფრო მეტიც _არასრულწლოვანი ბიჭებიც კი გაჩხრიკეს, _ ჰყვება ჩვენთან საუბრისას ბადრი ვაშალომიძის მეუღლე.

მაშინ ჩხრეკაზე მყოფი პოლიციელები კომენტარებს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ საქმე ახსოვთ, თუმცა, კითხვაზე _ რატომ არ დაასწრეს ჩხერკას მოწმეები, რატომ გაჩხრიკეს არასრულწლოვანი და ჩადეს თუ არა იარაღი ზემდგომის ბრძანებით, არ გვპასუხობენ და შსს-ს პრესსამსახურთან გვამისამართებენ.

საქმე რომ “თეთრი ძაფით“ არის შეკერილი, ამას ვაშალომიძის ადვოკატი _ მარაბ ფუტკარაიაც ადასტურებს და ამბობს, რომ ბევრი ბრძოლის მიუხედავად ვერაფერი შეძლო. ფუტკარაია ადასტურებს გამოთქმულ ეჭვს იმის შესახებ, რომ ვაშალომიძე მხოლოდ ე.წ. „ნასედკების“ ჩვენების საფუძველზე, ციხეში უსამართლოდ ზის.

თავად პატიმარი ბადრი ვაშალომიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ზის ციხეში და 5 წლის განმავლობაში რატომ ვერ იპოვა სამართალი.

_ უზენაესმა სასამართლომ ჩვენი საჩივარი არც კი მიიღო. არაფრის გამო, 5 წელია უსამართლოდ ვზივარ ციხეში. სტრასბურგის ფული მე და ჩემ ოჯახს არ გვაქვს.  სოციალური დახმარების და მამაჩემი პენსიის იმედზე არიან 9 სული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვაშალომიძემ, რომელიც სასჯელს ამჟამად გეგუთის ციხეში იხდის.

ჩვენთან საუბრისას პატიმარი ჰყვება, რომ გამოძიების დროს, მას ბრალად თარგამაძის და კოდუას გარდა, თეა თუთბერიძის, გიორგი ვაშაძის და დათა ახალაიას მკვლელობის ორგანიზებაც წაუყენეს:

_ დიდი სია ჰქონდათ, თუმცა შემდგომ, სასამართლოზე ეს სია აღარ წარმოუდგენიათ. ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ერეკლე კოდუას, გივი თარგამაძის, გიორგი ვაშაძის და დათა ახალაიას მკვლელობა ვალიკო მჟავიამ შემიკვეთა, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს და ეს ვერც დაამტკიცეს. ამბობდნენ, რომ მათი მკვლელობა თითქოსდა მათ მიერ გატარებული რეფორმების გამო გვსურდა, რომ მათ გაიჩინეს მტერი,  _ ამბობს ვაშალომიძე.

მისივე თქმით, პროკურორი ხარებავა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცდილობდა მის სამაგალითოდ დასჯას:

_ ციხეში მოდიოდა ჩემთან და აღიარებას მთხოვდა. გამომძიებელიც ხშირად მაკითხავდა, თუმცა მათ მოსვლამდე წამების რთულ გზას გავდიოდი, _ ამბობს ბრალდებული ვაშალომიძე.

„გურია ნიუსთან“ საუბრისას ვაშალომიძე იხსენებს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ყველაზე მძიმე გლდანის ციხეში იყო:

_ ჯერ ბათუმის ციხეში ვყავდი, მერე გლდანში გადამიყვანეს. ტყვია არ უსვრიათ, თორემ, არაფერი დაუკლიათ. ყველა მესამე დღეს სასტიკად მცემდნენ და მაწამებდნენ. ყველა ჯალათის სახე მახსოვს. განსაკუთრებული სისასტიკით ოლეგ ფაცაცია, დათო გაგუა და ნოზაძე დათო გამოირჩეოდნენ, _ გლდანის ციხეში გატარებული მძიმე დრეების უემოციოდ გახსენება უჭირს ვაშალომიძეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეების პიარს შესწირეს მისი თავისუფლება:

_ პიარისთვის სჭირდებოდათ ჩემი საქმე. ამიტომაც იყო, რომ წინა ხელისუფლების უსიტყვო  მსახური მოსამართლეები, გამომძიებლები და პროკურორები იყვნენ საქმეში ჩართულები. ისე მოაწერეს ხელი 20-წლიან განაჩენს, რომ მტკიცებულებები არ ჰქონიათ. შეთითხნილი ვიდეოფაილებიც კი არ მაჩვენეს. მაწამეს, უკანონოდ თავისუფლება შემიზღუდეს და სიმართლეს ამ დრომდე ვერ მივაკვლიე! 2012 წელს გადმომიყვანეს გეგუთში გლდანიდან. ყველა ჩემი მწამებელი იქ დავტოვე, ჩვეულებრივად მუშაობდნენ, _ აღნიშნავს ვაშალომიძე.

მისივე თქმით, მას თეიმურაზ თავბერიძესთან პირადი წყენა აკავშირებდა და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მის წინააღმდეგ თავბერიძემ არარსებულ საქმეზე მისცა ჩვენება:

_ 10 წლის წინ თავბერიძესთან კონფლიქტი მქონდა _ ჩემი ახლობელი, ხანდაზმული ქალბატონი გააუპატიურა და ამის გამო. ამაზე სასჯელსაც იხდიდა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაპირისპირება მას არ დავიწყებია და ასე იძია ჩემზე შური, _ ამბობს ვაშალომიძე.

თავბერიძესთან დაკავშირება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. იგი ამჟამადაც პატიმარია. როგორც პოლიციის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თავბერიძე ხანშიშესული ქალბატონი გაუპატიურებისთვის სასჯელს ნამდვილად იხდიდა.

თემურ თავბერიძის ძმა, გოგიტა თავბერიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ძმა გაუპატიურების ბრალდებით 4 წელი იჯდა.

_ ვერ გეტყვით მას ამის გამო ჰქონდა თუ არა დაპირისპირება ბადრი ვაშალომიძესთან. დეტალები არ ვიცი. არც მაგ საქმის და არც იმის, რის გამოც ახლა იხდის სასჯელს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გოგიტა თავბერიძემ.

ჩვენ შევეცადეთ ლაშა ჯინჭარაძეც გვეპოვა, თუმცა, უშედეგოდ. როგორც გვითხრეს, ჯინჭარაძე ამჟამად პატიმარია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების წინასწარი მასალებით ვაშალომიძეს ბევრი ჩინოსნის მკვლელობის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი, საბოლოოდ დაზარალებულად მხოლოდ გივი თარგამაძე და ერეკლე კოდუა სცნეს.

ჩვენ დეტალების გადამოწმებას ორივე მათგანთან შევეცადეთ, თუმცა უშედეგოდ. თარგამაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, კოდუამ კი კომენტარზე უარი თქვა.

სატელეფონო ზარებს არც გიორგი ვაშაძემ უპასუხა.

ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა თეა თუთბერიძეა, რომელიც არც გამოძიებას დაუკითხავს და არც  სასამართლოს:

_ საქმე მახსოვს, თუმცა ვერ ვხვდები შეკითხვარაშიმდგომარეობს. სასამართლო პროცესზე მე რასთან დაკავშირებით უნდა დავეკითხეთ?! კანონიერი ქურდების მხრიდან მუქარებზე ინფორმაცია გააჩნდათ შესაბამის ორგანოებს. ბუნებრივია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია. მსგავსი სახის მუქარები მათი მხრიდან არაერთხელ იყო. იყო სხვადასხვა ადამიანების პირით გადმოცემული თუ პირადად ნათქვამი, მაშინ როცა მე, როგორც ციხეებზე მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე, შევდიოდი N მე-7 დაწესებულებაში, სადაც ეს პირები იყვნენ მოთავსებულნი და იხდიდნენ სასჯელს.

მათი მხრიდან მუქარა გამოწვეული იყო იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ციხეებში მოხდა. ვგულისხმობ სასჯელაღსრულების სისტემაში კანონიერი ქურდების მხრიდან ციხეების კონტროლის და ქვეყნის შიგნით კრიმინალის კონტროლისთვის წერტილის დასმას. ვიყავი გაფრთხილებული, რომ კანონიერი ქურდები მემუქრებოდნენ და რომ ეს ძალიან სახიფათო იყო.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რაც თქვენ გაინტერესებთ, არ დავკითხულვარ ბუნებრივია, რადგან სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დაკითხვა ხდება იმ შემთხვევაში თუ ხარ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან დაზარალებული. ეჭვმიტანილი, ბრალდებული და მოწმე მე ვერ ვიქნებოდი. რაც შეეხება დაზარალებულს, მათი მხრიდან დაზარალებულები, ალბათ, იცით სადაც განისვენებენ. მათ მოწმეებად ვეღარ კითხავენ ხოლმე“ _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თუთბერიძემ.

_ ქალბატონო თეა, თუ გახსოვს, 2010 წლის ბოლოს, თქვენ მიმართ თვალთვალი ხორციელდებოდა? ვინმე დაგდევდათ?

_ კითხვაში სამართალდამცავებს ან ჩემ მეგობრებს გულისხმობთ, რომლებთან ერთადაც გადავადგილდებოდი?! თუ გულისხმობთ კრიმინალებს ან ასევე ილია მეორის გიჟ ფანატიკოსებს, კი, მუდმივად. მე ვიყავი გაფრთხილებული გატეგორიულად, რომ მარტო ჩემი მანქანით ქუჩაში არ უნდა მემოძრავა.

ვაკეში, ილიას უნივერსიტეტის წინ, შუქნიშანზე (ზუსტად თარიღი არ მახსოვს) შუადღის პერიოდი იყო, როცა მანქანა შუქნიშანზე გავაჩერეთ, მანქანის უკან დიდი ჯიპი (ფერი შავი) გაჩერდა, საიდანაც ვიღაც ტიპი გადმოხტა და მანქანის კარების გაღება სცადა. საჭესთან ჩემი მეგობარი იჯდა და წამებში დაძრა მანქანა. საბედნიეროდ, ჩვენ წინ მანქანა არ იდგა და შევძელით სამშვიდობოს გავსულიყავით,  _ გვითხრა თუთბერიძემ.

ჩვენ ყველა მონაწილე მხარისგან ვეცადეთ გაგვერკვია, რატომ შეარჩიეს ბრალდების მთავარ ადრესატად ბადრი ვაშალომიძე, რომელსაც მეზობლები და ახლობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა, უშედეგოდ. პირად საუბრებში მხოლოდ ერთი სავარაუდო ვერსია მოვისმინეთ; შესაძლოა ბადრი ვაშალომიძისთვის საქმის აკიდების მიზეზი მისი ძმა, ჯემალ ვაშალომიძე ყოფილიყო:

_ ბადრის ძმა, ჯემალი, დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება. რუსეთის მოქალაქეა და მას წინა ხელისუფლება „ქურდული ტრადიციების“ მიმდევრად მიიჩნევდა. ალბათ, ჯემალიზე სურდათ გასვლა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ იცნობდა. ამიტომაც შეარჩიეს ბადრი, რომ მის ძმაზე გავლენა მოეხდინათ. არადა, არც ჯემალს საქართველოში დანაშაული არასდროს ჩაუდენია და დღემდე არ ვიცით რას ერჩოდნენ, _ გვითხრეს ვაშალომიძის ახლობლებმა, რომელთა ვერსია ჩვენთან პირად საუბრებში იმ პოლიციელებმაც დაადასტურეს, რომლებსაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდათ.



ამ წერილის დაწერას არ ვაპირებდით, რადგან ერთი შეცდომა ყველა კომპანიას
რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და
"ვარდების რევოლუციის" მთავარ მიღწევად პოლიციაში გატარებულ რეფორმას მიიჩნევდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" ახლაც
ყოველი ხელისუფლების დროს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება, ჩოხატაურელებისთვის ისევ ოცნებად რჩება;
"ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს", ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უფლებამოსილი წარმომადგენლები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, ადგილობრივი მკვიდრების საკუთრებაზე