მთავარი თემა

რა საფრთხის შემცველია წარწერა ახალქალაქის მეჩეთის კედლებზე

თამთა კაკაურიძე  2015-11-19 19:13:36

"Bir gün dönecegiz elbet" - ეს თურქულენოვანი წარწერა, რომელიც თარგმანში ნიშნავს "ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით",  საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე, ყოფილი მეჩეთია კედლებზე იყო.

როგორც სომეხთა სათვისტომოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარწერა შენობის კედლებზე წითელი საღებავით იყო გაკეთებული ირგვლივ კი, იგივე წითელი საღებავით -პანთურქული და ისლამური სიმბოლიკები ჰქონდა გამოსახული.

 საქართველოს სომეხთა სათვისტომო ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური წარწერაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ და გამოძიებაც არ დაუწყიათ.

უსაფრთხოების ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წარწერა მეორე დღეს საღებავის სქელი ფენით იყო დაფარული, თუმცა, ფაქტი, რომ მაინცდამაინც ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე თურქულენოვანი წარწერა გაჩნდა, საყურადღებოა.

"რეგიონის თურქული ოკუპაციის პერიოდში ახალქალაქის ციხე-სიმაგრე საოკუპაციო ძალების ადმინსტრაციის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. 1828 წლის 23 ივლისს ახალქალაქის ციხე გენერალ პასკევიჩის მიერ იყო გათავისუფლებული თურქული ჯარებისგან. თურქული ოკუპაციისგან რეგიონის გათავისუფლების დღიდან ახალქალაქის ციხე-სიმაგრემ სოციალურ-სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის ციხე-სიმაგრე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ბოლო 200 წლის განმავლობაში ისტორიული ძეგლი, ბუნებისა და ადამიანის ზეგავლენის პროცესში ნადგურდება.

გასული ოცი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის და თურქეთის დამაკავშირებელი არაერთი საკომუნიკაციო ქსელი განთავსდა -ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-ერზრუმის გაზსადენი, ყარს-ახალქალაქი-ბაქორკინიგზა, ავტომაგისტრალი ყარს-წალკა-თბილისი-ბაქო და ბევრი სხვა. ორი თურქული სახელმწიფოს დამაკავშირებელი მრავალრიცხოვანი პროექტების ფარგლებში სულ ბოლოს "კარწახ"-ის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იყო გახსნილი. 

ყველა განხორციელებული და დაგეგმილი პროექტის შედეგად საქართველოს სამხრეთ რეგიონებში -აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში თურქულ-აზერბაიჯანულმა ფაქტორმა საკმაოდ იმატა. პირველ ტურისტებს, ვინც თურქეთ-საქართველოს საზღვარი "კარწახი"-გავლით გადაკვეთა, თურმე მშვენივრად ახსოვდა თუ სად მდებარეობს ახალქალაქის ციხე-სიმაგრე... "ნოსტალგიის" გრძნობით ანთებულებმა არ იზარმაცეს და ახალქალაქის ისტორიული ციხე-სიმაგრის კედლებზე "სევდიანი" კვალიც კი დატოვეს.

ამ ისტორიაში კიდევ ერთი გარემოა საყურადღებო. შემდეგ, რაც ახალქალაქის მოსახლეობამ ციხე-სიმაგრის კედლებზე "გაჩენილი" წარწერის შესახებ შეიტყო, მეორე დილით წარწერის ტექსტი საებავის მუქი ფენით იყო დაფარული. ხელმა, რომელმაც აღნიშნული წარწერა მზრუნველად დაფარა -უფრო ფრთხილ და შესაბამისად სახიფათო ვიზიტორს ეკუთვნის", _ აღნიშნულია საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 "გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ "რადგან წარწერა ტერორისტული ხასიათის მუქარას არ შეიცავს, გამოძიება არ დაწყებულა".

უსაფრთხოების სამსახურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ შესულა და მოკვლევა ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს.

"მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დავიწყეთ მოკვლევა, თუმცა, იმის გამო, რომ არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, გამოძიება არ დაწყებულა", _ უთხრეს "გურია ნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში.

არის თუ არა საფრთხის შემცველი მსგავსი წარწერების გაჩენა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე და უნდა დაეწყო თუ არა გამოძიება შესაბამის უწყებებს? - "გურია ნიუსი" ამ კითხვით ექსპერტებს ესაუბრა.

უსაფრთხოების ექსპერტ ბესო ალადაშვილის თქმით, ჯერ უნდა გადამოწმდეს ნამდვილად არის თუ არა მსგავსი წარწერები გაკეთებული.

"იქნებ პროვოკაციაა? აპრიორი ნუ მივიღებთ, რომ ნამდვილად ასეა. ეს არის სპეცსამსახურების ძველი მეთოდები და არ არის ახალი მსგავი ინფორმაციის გავრცელება. ჯერ ნამდვილად უნდა იყოს  დადასტურებული რომ არსებობს მსგავსი წარწერები და მერე მოვთხოვოთ  ხელისუფლებას, რაღაც მოქმედებები დაიწყოს.

სანამ სხვა საინფორმაციო წყაროებისგან არ მოვისმენთ დადასტურებას ან უარყოფას ამ ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ, მანამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ. პროვოკაციები ძალიან ბევრია და გაღრმავებას ნუ შევეცდებით", _ აცხადებს ალადაშვილი.

თუმცა, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ფაქტი საყურადღებოა და შესაბამისმა სტრუქტურებმა გამოძიება უნდა დაიწყოს.

ჩიტაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას წარწერის გაჩენის ვერსიებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გარკვეულწილად რუსული სპეცსამსახურების ხელწერა იკვეთება.

"ამ წარწერაში შესაძლებელია იგულისხმებოდეს, რომ თურქეთის გარკვეულმა ძალებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია. რადგან როგორც მოგეხსენებათ, ახალციხეს თურქეთი 1829 წლამდე აკონტოლებდა, მონღოლთა იმპერიის დროს კი, ამ ადგილზე ახალციხის საფაშო, "გურჯისტანის ვილაიეთი" იყო.  ტერიტორია 1590 წლამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თუ ამ წარწერის ავტორი თურქული მხარეა, მაშინ იგულისხმება, რომ ტერიტორია თურქეთის შემადგენლობაში გადავა. მაგრამ აქ "ისლამური სახელმწიფო" არაფერ შუაშია. მეორე მხრივ კი, შესაძლოა, წარწერის გამავრცელებელი ცდილობს თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დააკავშიროს. ამ დროს თურქეთი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების გაკეთებული იყოს, რადგან გარკვეულწილად დაძაბონ სიტუაცია სამცხე-ჯავახეთში.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთი ძაბავდა ამ ვითარებას სამცხე-ჯავახეთში, საუბარი იყო იმაზეც რომ თუ ახალქალაქიდან რუსეთის 62-ე სამხედრო ბაზა გავიდოდა, ამ ტერიტორიას თურქეთი დაიკავებდა. ამ ინფორმაციის გავრცელებაში კი, რუსეთს ხელს უწყობდნენ ისეთი ექსტრემისტული დაჯგუფებები, როგორებიც იყვნენ "ჯავახკი", "ბირქი" და ა.შ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს რუსული სპეცსამსახურების გაკეთბული, რომ ამან გამოიწვიოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომეხი მოსახლეობის უკმაყოფილება და შეიქმნას დაძაბულობის კერა", _ აცხადებს ჩიტაძე.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარწერა რომელიმე თურქულ ორგანიზაციას გაეკეთებინოს, "რადგან კარგად აცნობიერებენ, რომ ტერიტორია დღეს  საქართველოს ეკუთვნის და ამავე შემადგენლობაში დარჩება".

"_შესაძლოა ამ წარწერაში თურქი მესხების დაბრუნებაც იგულისხმებოდეს. ისინი ცხოვრობდნენ ახალციხისა და ადიგენის რაიონებში. მაგრამ ეს ძალებიც რუსული სპეცსამსახურების მიერ იმართება, რომ ზეწოლა მოხდეს საქართველოზე და ტერიტორიაზე ისევ დაასახლონ რეპატრიანტები. გამოვრიცხავ, რომ ეს წარწერა "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირდებოდეს, ეს უფრო რუსული  ხელწერას ჰგავს", _ აღნიშნავს ჩიტაძე.

პოლიტოლოგი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ფაქტი შსს-მ და კონტრდაზვერვამ შეისწავლოს.

"აუცილებელია რომ შესაბამისმა სამსახურებმა - კონტრდაზვერვამ და შსს-მ დაიწყოს მუშაობა და ჩატარდეს გამოძიება, თუ ვინ ახორციელებს მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს.

ტერორიზმზე არ არის საუბარი, მაგრამ გარკვეულწილად ამ წარწერის მიზანი შუღლის გაღვივებაა ქართულ და სომეხ მოსახლეობას შორის", _ ამბობს ჩიტაძე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე ბოლო ორი დღეა ლანჩხუთს და ჩოხატაურს სტუმრობს. როგორც
დათუნა კიკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალიდანაა. 2012 წლის შემდეგ, მისი
დღეს, დილის 11 საათზე, ოზურგეთის ცენტრში თეატრალურ მოედანზე დაახლოებით 200
ვანო მერაბიშვილი გუშინ გავრცელებულ კადრებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც
"პატიმრობის კოდექსში" შესატან  ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-დაბა ლაითურთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი 2012 წელს დაინგრა.