მკითხველი

"როგორ გაგიმეტეს ბიჭო _ შენ, არც მე და არც ჩოხატაური არ დაგთმობს!"

  2015-12-04 10:09:47

ჩოხატაურელებს, კვირაში მხოლოდ ერთი დღე და ერთი ადგილი აქვთ, ყოფითი - უფრო სულის გასატანი პრობლემების მოსაგვარებლად, სიდუხჭირისაგან თავის დაღწევაზე ფიქრით დანისლული ტვინის გასამზეურებლად, მტერ - მოყვარის ამბის მოსაკითხად და რაც მთავარია, კვირის პოლიტიკის “განსახილავ - შესაჯამებლად“.

ეს ადგილი ჩოხატაურის ბაზარია, მაგრამ ასეთი არ იყო გასული კვირის დილა.

ერთადერთი თემა: წუხელის ზალიკო დოუყაჩაღებიენ!

_ ვიიინ?

_ ზალიკო, მამალაძე!

ქალს „კარტოფილიანი პარკი“ ხელიდან გაუვარდა, ზოგს ცრემლი მოადგა. ალბათ ნათესავია - ვიფიქრე, მაგრამ ყველა იქ მყოფი მისი ნათესავი ხომ არ იყო?

შოკი მთელ ბაზარს მოედო! შუადღემდე კი, მთელ ჩოხატაურს!

ყვებოდნენ გაუგონარ ამბავს.

ხელის ზურგით ცრემლის წმენდა სერიალური მოდაა. ხელის გული ამივსო ცრემლმა! სახლში მისვლა არ ღირდა, არც დარეკვა.
წერილი მივწერო? _ იმ კვირა დღეს დილიდან აგერ ოთხშაბათი დაღამდა ვინ იცის რამდენი ფიქრით დაწერილი წერილი გამოგიგზავნე, ჩემო შვილის  მსგავსო ზალიკო.

უკალმოდ და უქაღალდოდ ვერ მიიღებდი. ახლა “მართალ“ წერილს გწერ.

შენმა მამამ, სოლიდური თანამდებობის პირმა ძალიან ნაადრევად, მოკრძალებული ქონება დაგიტოვათ სამ ობოლს, თუმცა შენმა დედამ ისე გაანაწილა მისი დანატოვარი სულიერი სიმდიდრე, გეყოთ კი არა, თავზეც გადაგდინდათ სამივეს! ეს ის ქალბატონია, რომელიც დიდი ხანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და იმ შავბნელ ღამესაც, ეტლში მჯდომი, ევედრებოდა ყაჩაღებს, შვილები არ მომიკლათო!

დედამ და არსთგამრიგემ სამივე მაღალი ხარისხის ცოდნის მიღების გზაზე შეგაყენათ, გაგატარათ ფართო გზებიც და ბევრი გზა წვრილიც და ... აჰა, თითქოს დაიწყო მშვიდი ცხოვრება არა, არა! თურმე აქ იწყება მთავარი ... არა მხოლოდ სამსახური ...  არა მხოლოდ ოჯახი ... არა მხოლოდ, თუნდაც შვილები ... არამედ სიცოცხლე - არა მხოლოდ შენთვის! სიცოცხლე - შენი სამშობლოსთვის!

მწარედ გეღიმება, ჩემო ზაალ არა? _ ისევ გავიმეოროთ, ჰოი, უბედური საქართველოვ?

თუ რა ვქნათ ახლა, ამ საშინელებების მაყურებლებმა? ჩვენ ხომ სწორედ ამ ხან უბედურ, ხან ბედნიერ გზაზე მავალმა საქართველომ შეგვახვედრა ერთმანეთს - მოხუცი პედაგოგი და ახალგაზრდა ექიმი მაშინ, როცა ნაცებს საქართველო იქედნურად საქირქილო სიტყვად სჭირდებოდათ, მხოლოდ ისე  კი მსუყე საბალახოდ იყენებდნენ.

ეს იყო მაშინ, როცა „ნაცებმა“ ფარცხმელი ბიჭის ოჯახში, ქათმის ბუდეში კვერცხების ნაცვლად ტყვიები აღმოაჩინეს. აღმოჩენა იყო გოჩა ჯიქიას მანქანაში საკუთარი სამი და მეზობლის ორი ბავშვის ფეხებთან დადებული ასაფეთქებელი ნივთიერებაც.

„ეროვნული ფორუმი“ უნდა დაბადებულიყო ჩოხატაურში. შენი მეგობრის მამიდას ეზოში მალულად შევხვდით ერთმანეთს მე, შენ და თამაზ ჯინჭარაძე. გავბედეთ და ლელო გავიტანეთ. მადლობა თქვენ, იმ დარბაზში გადაჭედვამდე თავშეყრილო ხალხო, მუდმივი მადლობა! პირველი გამარჯვება თქვენი მასპინძლობით ,,ქვესკნელში“ აღინიშნა ირაკლი კუჭავას თამადობით.

ჰოდა, კაღამ დაგვაქვესკნელეს. იყო ავანტიურა, ცილის წამება, უკადრებელის კადრება. დაზაფრული ჩოხატაური თვალს გვარიდებდა. სადაც ადრე აღტაცებით მხვდებოდნენ, იმ არჩევნების წინ ჩემს დანახვაზე ,,ღრანჭი“ გვერდზე გაურბოდათ და მუნჯდებოდნენ. გამარჯვების შემდეგ დიდი ბრძოლის დიდმა მონაწილემ, შენი სურვილის წინააღმდეგ პროფესია გვერდზე გადადე და მონაპოვრის შესანარჩუნებლად საკრებულოს თავმჯდომარე გახდი.

ოუტკივარი თავი ეიტკივაო - თქვეს ზოგიერთებმა. ერთი შეხედვით ასეც გეგონება. რაც შენ დაგმართეს ეს არ არის ერთდროული ტრაგედია. ამაზე უარესი მხოლოდ სიკვდილია!!!

როგორ გაგიმეტეს ჩემო ზალიკო?! ყოველი გამოსვლის შემდეგ მადლობის ნიშნად მხარზე ხელს დამადებდი. შენ, ყველა სიკეთის უხმო მსახურო, ახლა ნაგვემ მხრებზე მე დაგადებ ხელს და დაგპირდები - შენ, არც მე და არც ჩოხატაური არ დაგთმობს!

შენი კაბინეტიდან გამოსული მშვიდი სახეები იმედით მიუყვებიან გზას მუდმივი გაჭირვებისაკენ. “ სიკეთე მოკრძალებულია და ხმამაღლა არ გაჰკივის“ (პონტრიაგინი). შენს ნაკეთებ სიკეთეს შენ ხმამაღლა კი არა საერთოდ არ ლაპარაკობ ( რავა ვთქვა და არც სხვები იკლავენ დიდად თავს) ერთს ვიტყვი მხოლოდ - ახსენა ვინმემ შენი ავტორობით გაკეთებული პროექტი - შეუფასებელი წიგნი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ამოკრებილი მასალები დაღუპულ ჩოხატაურელთა შესახებ?

ამას წინათ აჭარის ტელევიზიამ ერკეთზე ორგანყოფილებიანი გადაცემა მოამზადა. მუხლებზე დავიდე შენი წიგნი, მარა რათ გინდა? ჩემს ნათქვამს თავიც   მოაჭრეს, მუცელიც გამოღადრეს, ბოლოც წაკვეთეს და შენი ნაღვაწის ადგილი სადღა დარჩებოდა? დარწმუნებული ვარ, ხშირად ფიქრობ საბაზე, კარგისთვის კარგი ვის უქნია?

შენზე მიმტევებელი კაცი არ მეგულება ჩოხატაურში, მაგრამ ახლა ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რაც შენ დაგმართეს, მართლაც ,,სათქმელად სახელი და შენდობა მოუხერხებელი ცოდვაა“.

ქართველებს საუბედუროდ მარჯვენის მოჭრაც შეუძლიათ კარგის გამკეთებლისათვის...

.... და მაინც შენ, მე და ჩვენ, ვინც რთულ გზაზე გავიარეთ, ჯერ ბოლომდე არ გავსულვართ. გავლიოთ უნდა ეს გზა, ჩემო ზალიკო! არის დიდი შეცდომები. მეც შევცდი, ზედმეტი მომივიდა, განსაკუთრებით ბატონი ბიძინასა და დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას. მოვუხადე მე ამაზე ბოდიში ჩოხატაურელებს კაიხნის წინ.

ღმერთმა ნუ ქნას, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ არ შევდგე იმ ტრიბუნაზე და არ ვთქვა ყველაფერი, ავი თუ კარგი, არ ვთქვა სიმართლე, რომლის გარეშე შლამში ვდგავართ, შლამისგან კი არ აშენდების ბირთვის-სამშვილდეს ციხენი.

სამართალი პურს ჭამს, ობლის კვერიც გვიან, მაგრამ კარგად ცხვება.

ქედს მოიხრის მთელი ჩოხატაური და საქართველო. ჩვენი გუნდი ისევ უნდა გაუძღვეს წინ მომავალ ბრძოლას. კანონი ალბათ თავისას იტყვის. ჩვენ კი, დავანახოთ ყველას, რომ შიშის თესვა არ მოიტანს ნაყოფს, რომ უნდა დასრულდეს მათი ხსენებაც კი, ვისაც შეუძლია, თვით ზაალ მამალაძესაც კი დაესხას თავს. გამძლეობას გისურვებ ჩემო ზალიკო და წერილს მაინც აკვიატებული კითხვით ვამთავრებ, როგორ გაგიმეტეს ბიჭო? პასუხს ამ კითხვაზე თავდამსხმელებისაგან ველით.

რუსუდან ბერიშვილი
ჩოხატაური

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ანეკდოტი: საბჭოთა კავშირის დროს, ებრაელი ითხოვს პირდაპირ ტელეეთერს. უარს ეუბნებიან.
იწვა კუბოში მრავალსაუკუნე გამოვლილი საქართველო _ ოციოდე წლის ბიჭად ქცეული,
პიონერი! ამ სიტყვის განმარტება, ალბათ, გეცოდინებათ _ "ბავშვთა ნებაყოფლობითი კომუნისტური
რამდენჯერმე წავიკითხე თქვენეული შეხედულება საქართველოზე და თქვენს პრეზიდენტ ქმარზე: "...ამ
ოზურგეთის სოფლებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო სოფელია ლიხაური, რომელიც თავისი ისტორიული
რუსთაველის სიბრძნის ოკეანედან ამოღებული ეს ფრაზა ამეკვიატა იმ დღიდანვე, ჩუმი