ფინანსები

"თამაში ბიუჯეტის ყანაში"

სოფო წილოსანი  2015-12-18 13:57:13

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს წევრებს განსახილველად უკვე გადაეცათ და ამასთან დაკავშირებით პირველი შენიშვნებიც გამოითქვა.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, საკრებულოს მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში შემოსავლის ნაწილი სამი მილიონ 958 200 ლარითაა განსაზღვრული.

"თავიდან, პროექტში საჯარო სამსახურში ხელფასი 13 თვეზე იყო გაწერილი. ჩვენ შეგვეძლო გვესარგებლა პრემიერის დადგენილებით და ოთხი თვის დანამატი გაგვეკეთებინა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტს მეტი შესაძლებლობა არ გააჩნია, საბოლოოდ, სახელფასო ფონდი საჯარო სამსახურში განისაზღვრა 14 თვით. გარდა ამისა, ფრაქციების ინიცირებული პროექტის, სამება-ჯიხეთის სამონასტრო ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურის სამუშაოების დასაფინანსებლად მიიმართა 55 000 ლარი, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის _ 22 ათასი ლარი. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაფინანსებას, ის განისაზღვრა ერთი მილიონ 300 ათასი ლარით. ხოლო თითოეული ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი განისაზღვრა იმის მიხედვით, რაც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისთვის", _ თქვა როლანდ ლაშხიამ, რომელმაც წარმოდგენილ პროექტს დაძაბული უწოდა.

ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი ვარიანტის მხარდაჭერას დანაშაულად მიიჩნევს:

"შესწორებული ვარიანტის პროექტში შტატგარეშეთა ანაზღაურება 1 000000 ლარს აღემატება, ხოლო ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზეა დაგეგმილი. თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის მხარდაჭერა, უბრალოდ, დანაშაულია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 2015 წლის ბიუჯეტი, სადაც შემოსავლები ორი მილიონ 600 ლარზე იყო გათვლილი, ფაქტობრივად, შეუსრულებადია. მოკლედ, ახალი ბიუჯეტის განხილვას აზრი ეკარგება", _ თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა ასკურავამ.

ოპოზიციის წევრებს შენიშვნები სხვა მხრივაც გააჩნიათ. კერძოდ, ელგუჯა ჩხაიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილ ჩასწორებულ ვარიანტს ხელს გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე აწერს.

"კარგად ვიცით გამგებლის ხასიათი. მერე იტყვის, მე არ ვიცოდი, მე ხელი არ მომიწერიაო. სამი წელია ასე გრძელდება, როცა პასუხისმგებლობაზე მიდგება ჯერი, არაფერი იცის, ხელს ყოველთვის მოადგილისკენ ან სამსახურის უფროსისკენ იშვერს".

ამასთან დაკავშირებით როლანდ ლაშხიამ განმარტა, რომ გამგებელი შვებულებაში იმყოფება, ინფრასტუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამოძახება გააკეთა და ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტროშია.

გამგებლის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაზე აქცენტს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც აკეთებენ, რომლებსაც ვერ გაუგიათ, როცა სჭირდება ზაზა ურუშაძეს, შვებულების დროს მოვალეობას ასრულებს: "ბავშვებს ფულად ჯილდოს სიამოვნებით ურიგებს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს პერიოდულად მოინახულებს და ფოტოებსაც იღებს, თუმცა, ჩავარდნილი ბიუჯეტის გამო, პასუხებს თავს არიდებს და ახალი ბიუჯეტის პასუხისმგებლობასაც გაურბის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მომავალი წლის საკუთარი შემოსავლები იმდენადაა გაზრდილი, ფანტასტიკის სფეროშიც კი ვერ წარმოიდგენდა ლანჩხუთელი კაცი," _ ამბობენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე სარიშვილმა თქვა კიდეც ბიუროს სხდომაზე _ 2016 წლიდან ყველა ა(ა)იპ-ის გაეზარდა დაფინანსება, თუმცა ნამდვილად ფანტასტიკის სფეროში ვიქნებოდით, სრულად რომ დაგვეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რომელიც მათ ქონდათ წარმოდგენილიო.

"ოპოზიცია რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მაგრამ ოპოზიციის ლაპარაკი კი არ აქცევს ქვეყანას, არამედ იმას აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს პოზიცია. სირცხვილია ბიუჯეტთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება. ვიცი სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში", თუმცა, ჩვენ გვაქვს "თამაში ბიუჯეტის ყანაში". წელს დეკემბრის სახელფასო დავალიანება რომ დარჩება ა(ა)იპ-ებს, მომავალ წელს, ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში ხომ უნდა გაიცეს?! ელემენტარული მათემატიკაა, რა ფული ეყოფა იმ სამსახურს. ვიყოთ გულწრფელები და სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს", _ თქვა ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტზე საუბრისას უმრავლესობის წევრმა რომან ბიწაძემ.



გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის გია სალუქვაძის ოჯახის საკუთრებაში ორი ბინა, ორი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერის   გიგლა აგულაშვილის 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 689 ათასი ლარით
რამდენად ეფექტურია  ანტიმონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის კანონპროექტი   რომელმაც  ანტიმონოპოლიური პოლიტიკა
"სააკაშვილის ხელისუფლება აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ახალი, 2100 მეგავატი სიმძლავრის
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ბავარიის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე