მკითხველი

აქტუალური ფეისბუქ სტატუსები

ნატო გოგელია  2016-02-02 13:41:35

სოციალური ქსელი ყოველდღე უფრო პოპულარული ხდება _ აქ წაიკითხავთ ახალ ამბებს, იხილავთ საინტერესო ვიდეოებს, პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების და რიგითი ადამიანების ძალიან საინტერესო სტატუსებს.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანები ყველაზე გულწრფელები სოციალურ ქსელში არიან.

დღეიდან "გურია ნიუსი" იწყებს წერილების ახალ ციკლს _ "ფეისბუქსტატუსები". ყოველ ორშაბათს სოციალური ქსელის ყველაზე აქტუალურ სტატუსებს "გურია ნიუსის" საშუალებით გაეცნობით.

გასულ კვირას, სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გირგვლიანის საფლავი ყვავილებით შეამკო.

აი, რას წერს ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა:

"თავდაცვის მინისტრს, რომელიც კრიმინალის საფლავს გვირგვინით ამკობს (მიუხედავათ ყველაფრისა, მას ჰქონდა სიცოცხლის უფლება), არ აქვს უფლება გაუძღვეს ეროვნულ არმიას!"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ახალ ფრაქციას, "ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ქმნის, რომელსაც გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი ფრაქციის შექმნა პარლამენტის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას მოითხოვს, თუმცა, ჯერჯერობით, თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია.

ახალ ფრაქციაში ერთიანდებიან აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თანაშემწე ზვიად კირტავა ასე გამოეხმაურა:

"დეპუტატები, რომლებიც პრაქტიკულად არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, ახალ ფრაქციას ქმნიან. ამ დეპუტატების შენახვა კი, პარლამენტის ბიუჯეტს დაახლოებით 150 ათასი ლარი დაუჯდება."

კირტავა იქვე განმარტავს, რომ "სამწუხაროდ, არავითარი მექანიზმი არ არსებობს, გამცდენ დეპუტატებს ფრაქციის შექმნა აუკრძალო":

"პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ არასწორად მიაჩნია პრაქტიკა, როცა "ოჯახური მიზეზებით" სხდომის გაცდენა საპატიოდ ითვლება და ამას რიგითი დეპუტატები ბოროტად იყენებენ. სამწუხაროდ, რეგლამენტში ამ საკითხის ჩასწორებას მრავალი დეპუტატი მხარს არ უჭერს", _ წერს კირტავა.

გასულ კვირას, უკრაინულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ქართველი მსახიობი მიშა მესხი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. კადრებში ჩანს, როგორ ეხმარება მესხს პოლიცია და როგორ გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა _ საზოგადოების ნაწილმა მესხი ამის გამო მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა, ბევრმა დაიცვა კიდეც, მათ შორის იყო არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი): "ადამიანი კინაღამ გარდაიცვალა. როგორ ლანძღავთ და აგინებთ?! იმის მაგივრად, რომ გვერდზე დაუდგეთ, გაამხნევოთ. არა, თქვენ ადამიანები არა ხართ, იქედნას ნაშობნი ხართ!" _ წერს მამა ანთიმოზი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ოზურგეთში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალის გაძარცვა და წაღებული 28 ლარი ფეისბუქის მომხმარებლებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში აქტუალური თემა იყო. შემთხვევას ბევრი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა.

"ოზურგეთში, სოფელ კონჭკათში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი რომ გატეხეს და 28 ლარი წაიღეს, მაგნები თუ დაიჭირეს, ციხეზე რომ შევლენ, რას იტყვიან _ ბანკის გატანის გულობიზა ვზივართო?! უსათუოდ გინესის წიგნში რომ უნდა ჩაიწეროს, ისეთი ამბავია!" _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე.

სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. გასულ კვირას მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გადააქვთ მსუბუქი ავტომანქანით უკანონოდ მოჭრილი ხე, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

"1,5 მეტრი სიგრძის უკანონოდ მოპოვებული სამასალე მორის გადაზიდვის მცდელობა მსუბუქი ავტომობილით," _ ასეთ წარწერას აკეთებს ფოტოზე გიგლა აგულაშვილი.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აქტუალური თემა ლარის გაუფასურებაა. ამ საკითხზე ბევრი ექპერტის კომენტარის წაკითხვაა შესაძლებელია _ ფინანსისტი რომან გოცირიძე წერს, რომ "ბიუროკრატიამ შეჭამა ლარი":

"2014 წელს საქართველოში შემოვიდა 715,1 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი და გავიდა 517,8 მილიონი დოლარის ღირებულების, ანუ ქვეყანაში დარჩა 197,3 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი.

გასულ, 2015 წელს შემოვიდა 461,3 მილიონი დოლარის ღირებულების და გავიდა 179,6 მილიონი დოლარის ღირებულების, ანუ ქვეყანაში დარჩა 281, 7 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი.

როგორც ვხედავთ, შარშან საქართველოში 84,4 მილიონი დოლარით მეტი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე 2014 წელს.

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?

განა სავალუტო კრიზისში მყოფ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების ადგილზე რელიზების ამ მოცულობით მატება შესაძლებელი იქნებოდა კერძო სექტორის მეშვეობით? რა თქმა უნდა, არა. მათი ძირითადი შემსყიდველი სახელმწიფო სექტორი იყო: სამინისტროები (იბიარდი და მსგავსი ღონისძიებები), პარლამენტი, თბილისის მერია და მისი სამსახურები, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირები, სახელმწიფო საწარმოები( რკინიგზა და მსგავსი სხვა კორპორაციები) და ასე შემდეგ.

ეს მრავალი ათეული მილიონი დახარჯულია არა მანქანებზე, როგორ წარმოების საშუალებებზე, არამედ მსუბუქ ავტომობილებზე, როგორც ფუფუნების საგნებზე.

მერე გაკვირვებით კითხულობენ, თუ რატომ გაედინება ქვეყნიდან ფული, თუ რატომ ეცემა ლარი!

ბიუროკრატიამ შეჭამა ლარი!" _ წერს ეკონომიკის ექსპერტი.

და კვირის ყველაზე მთავარი თემა _ დიდთოვლობა, ყინვა, სიცივე. ამ თემაზე ფეისბუქში ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. მათ შორის, კონკრეტული რჩევების _ მაგალითად, როგორ მოვუაროთ ასეთ დროს ოთახის მცენარეებს, ოთხფეხა ცხოველებს, ონკანებს და ა.შ.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ მძღოლებს რჩევა მისცა, თუ როგორ უნდა ამუშაონ მანქანა ყინვის დროს:

"ჭირდება თუ არა ავტომობილის ძრავას "გახურება"? _ ამ კითხვით ძალიან ბევრმა მომმართა და გადავწყვიტე მცირე კომენტარი გავაკეთო მათთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის საკუთარი ფინანსები, ავტომობილის ძრავას რესურსი და გარემოს დაცვა.

მაშ ასე, მცირეოდენი "თეორია": თანამედროვე შიგაწვის ძრავების ოპტიმალურ სამუშაო რეჟიმად ითვლება ის მდგომარეობა, როდესაც გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა 92-95 გრადუსს მიაღწევს. უფრო დაბალ ტემპერატურაზე არსებულ რეჟიმს "ცივ ძრავას" უწოდებენ.

დავიმახსოვროთ: ცივ მდგომარეობაში ძრავის ელემენტები ცვდება!

და მნიშვნელობა არა აქვს ავტომობილი ადგილზე დგას თუ დადის.

მთავარია, როგორი ბრუნთა რიცხვი გააჩნია ძრავს. ანუ, რამხელა ე.წ. "აბაროტი" აქვს. ანუ, ცვეთის ინტენსივობა დამოკიდებულია არა დატვირთვაზე (დადის თუ დგას), არამედ რა ბრუნთა რიცხვი აქვს ძრავს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ცივი ძრავი (ეს განსაკუთრებით ძველი მოდელის მექანიკურ ჰაერმისაფარიან ძრავებზე ითქმის) მოიხმარს "მდიდარ" სამუშაო ნარევს, რაც ხელს უწყობს ცილინდრის კედლებზე არსებული ზეთის აფსკის ჩამორეცხვას, რაც თავის მხრივ ზეთის გათხელებას (და შესაბამისად სწრაფად "დაძველებას") იწვევს, რაც თავის მხრივ, ძრავის მოხახუნე დეტალების (განსაკუთრებით ცილინდრის და დგუშ-ბარბაცას ჯგუფის) რესურსის შემცირების წინაპირობაა.

რა ვქნათ? ავტომობილს დილით რომ "დავქოქავთ"(უფროს გამართულად, რომ ვთქვათ -"გავუშვებთ"), მხოლოდ ის დროც, რაც საჭიროა უსაფრთხოების ღვედების შესაკრავად, ელექტრო-ხელსაწყოებზე და მაჩვენებლებზე თვალის გადასავლებად, სრულებით საკმარისია, რომ თითქმის "უგაზოდ", დაბალი სიჩქარით და რაც მთავარია დაბალი ბრუნთა რიცხვით დავიწყოთ მოძრაობა. უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!" _ წერს ოგბაიძე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ქვეყანაში, სადაც კვების პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება არ ხდება და ამის
რომელი გიორგი და რომელი ლაშაო! _ ალბათ, იკითხავთ.გიორგი ასანიძეზე გეუბნებით,
ბერნარდ შოუ წერდა: "თავისუფლება პასუხისმგებლობაა, ამიტომ ბევრს ეშინია მისი." 1 ოქტომბერს
"კეთილო ფრაუ, ევროპელები ეგოისტები ხართ. ჩვენგან მოითხოვთ, გარდავიქმნეთ, ე.ი.
ბატონო პრეზიდენტო, 22 წლის წინ, სოფელ გურიანთაში (ოზურგეთის რაიონი) შემოყვანილი
საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს! ბატონო მიხეილ, მე, შოთა ბოლქვაძემ თქვენ