მკითხველი

ტყვია და მისი ნარჩენები, ტოქსიკურობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საშიში ნივთიერებებია

  2016-02-04 13:05:26

ოზურგეთის ექსპერიმენტალური მანქანათმშენებელი ქარხანა, რომელიც ემსახურებოდა დასავლეთ საქართველოს გადამამუშავებელ მრეწველობას  და უზრუნველყოფდა  გადამამუშავებელი მრეწველობის მანქანა-მოწყობილობათა დამზადებას, მათ მონტაჟს და ტექნიკურ მომსახურებას, შესაძლებელია, გახდეს რეგიონის სერიოზული დაბინძურების წყარო.

უკვე ორი წელია, მიმდინარეობს მცდელობა ქარხანაში შეიქმნას ტოქსიკური და სხვა სახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი, კერძოდ, ამორტიზებული აკუმულატორების ტყვიის გადადნობის საწარმო.  ცნობილია, რომ ქარხანა შესყიდული აქვს ინდოელთა მიერ დაფუძნებულ შპს "მანსაროვს". ჯართისა და ტყვიის გადამუშავების სამუშაოებს აწარმოებს შპს "ჯეოგადამამუშავებელი" ქართველ პარტნიორთან ერთად.

ქარხნის გასხვისებამ, თანაც ფუნქციონირების მიმართულების შეცვლის შესაძლებლობით, სამწუხაროდ, ბაზის გარეშე დატოვა ადგილობრივი ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოები. ქარხანა, რომელიც ქალაქის კუთვნილებაში შედიოდა, შეიქმნა ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელობისა და მთელი საინჟინრო კორპუსის ინიციატივითა და ორწლიანი მუხლჩაუხრელი შრომით (1986 წელს) და ასევე, უზრუნველყოფდა მეცნიერთა მიერ შექმნილი ახალი ტექნიკის გამოცდასა და მათ დანერგვას. გასხვისების შემდეგ ქარხნიდან გაიტანეს და ჯართის სახით გაყიდეს უმაღლესი კლასის ჩარხები და დანადგარები. ქარხანა დატოვა გამოცდილმა პროფესიონალებმა. ქარხანაში არსებობას განაგრძობს მხოლოდ  მცირე მოცულობის საწარმო შპს "ოზურგეთის  მძიმე დანადგარი" რამდენიმე თანამშრომლით, რომელიც, როგორც ცნობილია,  ამჟამად ქარხნის ტერიტორიის დატოვებაზე საუბრობს.

სამწუხაროა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრარული დარგის რეაბილიტაციის დაწყებისას, რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  უყურადღებოდ დატოვა  მანქანათმშენებელი ქარხნის აღდგენა-გაფართოება, რომელიც აუცილებელია გადამამუშავებელი დარგის სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის.

ტყვია და მისი ნაერთები, ტოქსიკურობის თვალსაზრისით, განეკუთვნება ნარჩენების პირველ კლასს, ანუ ისინი განსაკუთრებით საშიში ნივთიერებებია. ტყვიით მოწამვლის კლინიკური გამოვლინებები ძალზე ბევრია, ცნობილია, რომ ტყვიით მოწამვლა ანადგურებს ნერვულ სისტემას და თირკმელებს; აზიანებს სისხლმბად ორგანოებს _ ელენთას და ძვლის ტვინს, გროვდება ძვლის ქსოვილში და იწვევს ძვლების ანომალიურ  სიმყიფეს. ყოველწლიურად მსოფლიოში საწარმოო და ტრანსპორტით გამონაბოლქვის სახით ნახევარ მილიონამდე ტონა ტყვია გამოიყოფა, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის გარემოს ძველი, ვადაგასული აკუმულატორების გადამუშავების ტექნოლოგიები. 1 ტონა ტყვიის გამოდნობისას წარმოიქმნება 23 ათასი მ/კუბი აირი. ასევე, იღვრება გოგირდმჟავა, რომელსაც თან მიყვება ტყვიის მავნე წვრილდისპერსული ფრაქცია და ის აბინძურებს  ნიადაგსა და წყალს.

ცნობილია, რომ მსოფლიოში ტყვიის გადამამუშავებელი უსაფრთხო საწარმო არ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით უსაფრთხოების შედარებით უკეთ დაცვა შესაძლებელია მაღალი წარმადობის ქარხნებში (ათეულობით ათასი ტყვიის პროდუქციით წლიურად). ამიტომ არის, რომ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ ქვეყნებში დასახლებული პუნქტებისა და ქალაქებისაგან  მნიშვნელოვანი დაშორებით იქმნება მაღალტონაჟიანი ქარხნები. ამასთანავე, მრავალ ქვეყანაში ტარდება გარემოს დაცვის პრევენციული ზომები, მათ შორის, სამეცნიერო კვლევები ტყვიის გადამამუშავებელი უსაფრთხო ტექნოლოგიებისა და გარემოს დამცავი ღონისძიებების შემუშავებაზე. გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, განსაკუთრებით სახიფათოა ტყვიის გამოდნობის კუსტარული საწარმოები, ასევე, ტყვიის აკუმულატორების პირომეტალურგიული მეთოდით გადამუშავება. ასეთი საწარმოების შექმნაზე, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უკვე გაცემულია ლიცენზიები, რაც მიგვაჩნია წინა ხელისუფლების ერთ-ერთ დიდ დანაშაულად საკუთარი მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე. კუსტარული გზით ტყვიის გადამუშავება რომ სახიფათოა, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ეს უკვე დადასტურდა ოზურგეთის მანქანათმშენებელ ქარხანაში ტყვიის გამოდნობის პროცესებით. წყალი. ხორცი, ბუნებრივია, რძე უკვე ტყვიის მაღალი შემცველობის მატარებელი გახდა, უსიამოვნო სუნით შეწუხებულია მოსახლეობა, რაც აისახა მათ ჯანმრთელობაზე.

ეს დაბინძურება, რაც მოხდა, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც, სამწუხაროდ, მოჰყვება ყოფილ მანქანათმშენებელ ქარხანაში ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას (თუნდაც 1500 ტონა ტყვიის წლიური წარმადობით, როგორც ეს არის დაანონსებული). 

სწორედ გაუფრთხილებლობის გამოა, რომ მსოფლიოში კარგა ხანია, დაფიქსირებულია ჯანმრთელობისთვის საშიში, ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ათეული, რომლებშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არ აღემატება ქალებისათვის 47 წელს, მამაკაცებისათვის _ 42 წელს. მათ შორის, ტყვიით დაბინძურებულია  5 ქალაქი. დაბინძურებულ ქალაქებში, ასევე, ტრანსპორტით გადატვირთულ რეგიონებში, გამოიკვეთა ბავშვთა გონებრივი სიჩლუნგე, სიმსივნური და სხვა დაავადებების მომატება, წყლის, ნიადაგის, ფლორისა და ფაუნის დაბინძურება. ასეთი რეგიონები და ქალაქები კარგავენ არა თუ განვითარების პერსპექტივას, არამედ, წლების შემდეგ დაავადებული ხდება და დემოგრაფიული თვალსაზრისით მკვეთრად ჩამორჩენას განიცდის.

სამწუხაროდ, ტყვიის გადამამუშავებელი ქარხნის შექმნისას, გურიის რეგიონს, სწორედ, ასეთი "პერსპექტივა" ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ინდოელი ინვესტორისთვის, ბუნებრივია, უცხო არ იქნება გარემოს დაბინძურების პრობლემა. ინდოეთში ხომ ორი ქალაქი (ქ. სუკინდა და ქ. ვალი) ნიკელითა და თუთიით მწვავედ დაბინძურებულად ითვლება. ამასთანავე, ტყვია და მისი ნაერთები ტოქსიკურობით ბევრად აღემატება ნიკელსა და თუთიას. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ ინდოელმა ინვესტორმა, მოხვდა რა განვითარებად ქვეყანაში (სადაც, ალბათ, ელოდებოდა განუვითარებელ და გაუნათლებელ მოსახლეობას), მიუხედავად უამრავი და ფართო საინვესტიციო გარემოს არსებობისა, ინვესტიციის საგნად სწორედ გარემოს დამაბინძურებელი პროექტი აირჩია.

სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, იქ ტყვიის გადამამუშავებელი  ქარხანა არ უნდა აშენდეს! ეს საკითხი განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს! _ ასეთია მოსახლეობის აზრი და ჩვენ მას სრულად ვეთანხმებით.

ამასთანავე, დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, ნარჩენების მართვის კოდექსი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები და დებულებები.

"ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, "ნარჩენების მართვა უნდა გახორციელდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხის შექმნის გარეშე. კერძოდ, ისე, რომ: საფრთხე არ შეექმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას; არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით".

ამასთანავე "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეს აქვს უფლება "სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა".

ისეთ მცირემიწიან და დასახლებულ რეგიონში, როგორიც გურიაა, ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნისას, ირღვევა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, ნარჩენების მართვის კოდექსის, სხვა კანონების ძირითადი პუნქტები და პრინციპები.

როგორც გაცხადებულია, ოზურგეთის მოსახლეობა არ დაუშვებს რეგიონში ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას. მთავრობამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი.

ტყვიით დაბინძურება სახიფათოა არა მარტო გურიის რეგიონისთვის, არამედ ქვეყნის მასშტაბით, მთლიანად, რამდენადაც საქართველო მცირემიწიანი და მჭიდროდ დასახლებული, დემოგრაფიული სიძნელეების წინაშე მდგომი ქვეყანაა.

ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოები საქართველოში აიკრძალოს. ეს არ იმოქმედებს, ბუნებრივია, ინვესტიციების  შემოდინებაზე ჩვენს ქვეყანაში, რამდენადაც საქართველოში არსებობს ინვესტიციების უაღრესად ფართო არჩევანი. ამასთანავე, საქართველოში არსებული ამორტიზებული აკუმულატორების უტილიზაცია, შესაძლებელია განხორციელდეს მათი უშუალო გაყიდვით რომელიმე განვითარებული ქვეყნის მაღალტონაჟიანი საწარმოსათვის, რომელიც უზრუნველყოფილია აკუმულატორების გადამუშავების შედარებით უსაფრთხო ტექნოლოგიით,  ან  ქვეყანა დაელოდოს ტყვიის გადამუშავების შედარებით უსაფრთხო ტექნოლოგიის შემუშავებას. მიზანშეწონილია, კვლევები ამ მიმართულებით დაფინანსდეს ჩვენს ქვეყანაშიც. ამასთანავე, ნარჩენების ექსპორტი დამუშავების მიზნით  და ასევე დასაწყობება ქვეყნის შიგნით დაშვებულია ნარჩენების მართვის კოდექსით და ის უნდა შეესაბამებოდეს სპეციალურ მოთხოვნებს.  

საჭიროა ტყვიის გადამუშავების საკითხის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უახლოეს მომავალში ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქროს.

ნანული ორაგველიძე, 
ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


იწვა კუბოში მრავალსაუკუნე გამოვლილი საქართველო _ ოციოდე წლის ბიჭად ქცეული,
ბატონო რედაქტორო, ერთ მწვავე საკითხზე მინდა, მოგახსენოთ _ თქვენი გაზეთის
მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი როლი მოკრძალებულია და ამ მხრივ, რაღაც განსაკუთრებული
ახალი ამბები ერთნაირი სიჩქარით დაქრის ქვეყნის ავტობანებზეც და შორეული სოფლების
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების გულშემატკივრები გულისტკივილს გამოვთქვამთ, იმის გამო, რომ
ღია წერილი გურიის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილს, ოზურგეთის თავკაცებს _ ალეკო