მკითხველი

"ხალხი ყოველ სიკეთეს იმახსოვრებს!"

  2016-02-15 10:37:16

შპს "გურია ნიუსის" დამფუძნებელს ქალბატონ ია მამალაძეს;

გაზეთ "გურია ნიუსის" რედაქტორ ბატონ გიორგი სიხარულიძეს

მოგმართავთ წერილით, რომელშიც ჩვენი გულისტკივილია გამოხატული. მსგავსი წერილით უკვე მივმართეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რათა გვიშუამდგომლოს მთის რეგიონალური განვითარების საბჭოში, სადაც კორესპონდენციებს განიხილავენ მხოლოდ მუნიციპალიტეტისა  და გუბერნიის რეკომენდაციებით.

 მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობთ სოფელ ნაბეღლავში, რომელიც არ მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრზე მაღლა, მაგრამ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებითა და პირობებით არ ჩამოვრჩებით იმ სოფლის მცხოვრებთ, რომლებსაც მიენიჭათ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი.

ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ეს არის კურორტ ბახმაროსკენ მიმავალი გზა. ამ გზის შემდეგ, სოფლის მცხოვრებთ უწევთ ფეხით 3-4 კმ-ის გავლა საკუთარ სახლებამდე მისასვლელად. სოფელში გარდა სკოლისა (რომელიც 27 მოსწავლეს ითვლის და მომავალში, ალბათ, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება!) და ბაღისა, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობს. იმისათვის რომ სოფლის მცხოვრებმა ისარგებლოს საზოგადოებრივი მომსახურებით (საავადმყოფო, პოლიკლინიკა), სკოლისგარეშე განათლება (სახელოვნებო და სპორტული სკოლები), კულტურული დაწესებულებები (მუზეუმი, ბიბლიოთეკა), საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური ობიექტები (მაღაზიები, ბაზრობები, ბანკის ფილიალები, აფთიაქები) და ა.შ. იძულებულია დაუკავშირდეს რაიონულ ცენტრს, რომელიც არცთუ ისე ხელმისაწვდომია სოფლის მცხოვრებთათვის (სიშორე, ავდარში _ მეწყერსაშიშროება, ზამთარში_ დიდთოვლობა).

სოფელში არის ცუდი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოწვეულია სოფლის ფერდობთა დახრილობით. კერძოდ, წვიმიან და თოვლიან ამინდში დიდდება პატარა მდინარეებიც კი დიდზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელსაც არაერთხელ გაუვერანებია მცხოვრებთა საკარმიდამო ნაკვეთები... გზების დამეწყვრა, ზვავების ჩამოწოლა _ აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ შემთხვევებში კი, ვერ მოძრაობს ვერანაირი ტრანსპორტი, მოსწავლეებს უწევთ 7-8 კმ-ის გავლა ფეხით. ასეთ გზებზე სიარული კი სიცოცხლისათვის საშიშია ყველა ასაკის ადამიანისათვის. მოუწესრიგებელია სოფელში ახლადრეაბილიტირებული ელექტროგადამცემი ხაზები; გამოიცვალა მცირე ნაწილი, ცუდი ამინდის პირობებში კი, სოფელი 1-2 დღით რჩება უშუქოდ.

სოფლის გეოგრაფიული მდებარეობის გამო (მთის ფერდობების დახრილობა, მკაცრი კლიმატური პირობები, ბუნებრივი გარემო), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები გართულებულია, პროდუქტიულობა კი, დაბალია. სახნავ-სათესი სავარგულების დამუშავება ვერ ხერხდება ტექნიკით, გლეხს უწევს მისი ხელით დამუშავება, მაგრამ იმდენად ციცაბოა სავარგულები, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ხდება მისი ჩამორეცხვა; ამიტომაც, უმეტესობა უვარგისი და ეროზიულია. ამიტომ გლეხმა ხელი აიღო მიწების დამუშავებაზე, ფუჭ შრომაზე. იგი დამოკიდებული  გახდა ბაზარზე, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვა მის ფინანსურ შესაძლებლობებს. ასევე პრობლემურია მესაქონლეობის განვითარებაც, რადგან სოფელი იმდენად შემოჯარულია გაუვალი ტყეებით და გავერანებული, მიტოვებული საკარმიდამოებით, რომ ნადირი ადვილად შემოდის მოსახლეობაში, ანადგურებს პირუტყვს, საშიშროებას უქმნის ფეხით მოსიარულეს (ამის შემთხვევები მრავლად გვაქვს).

სოფელში 266 მცხოვრებია, მათი მხოლოდ 25%-ია დასაქმებული სოფელში არსებულ მინერალური წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში. ქარხნის არსებობამ ვერ გადაჭრა მიგრაციის პრობლემა, რადგან გლეხი ვერ აწარმოებს სოფლის პროდუქტს მძიმე კლიმატური პირობების გამო, მწირი  და ეროზირებული ნიადაგი არ იძლევა სხვა, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსს. ქარხანაში დასაქმებით მიღებული შემოსავალი კი ოჯახის გამოსაკვებადაც არ ჰყოფნის. არიან ოჯახები, რომლებსაც ეს შემოსავალიც არ აქვთ.

ახალგაზრდები იძულებულნი არიან დატოვონ სოფელი, ეძებონ ისეთი საცხოვრებელი ადგილი, სადაც სახელფასო შემოსავალთან ერთად, შეძლებენ სხვა დამატებითი შემოსავალის მოძიებას (სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენებას), შეუქმნიან თავიანთ შვილებს ნორმალურ პირობებს სწავლისა და მომავალი ცხოვრებისათვის.

 ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, სოფლიდან სხვაგან საცხოვრებლად წასულია 144 კაცი (ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც რეალურად იცხოვრებდნენ სოფელში ნორმალური, აუცილებელი  პირობების შემთხვევაში). ე.ი. მცხოვრებთა 35 % სოფლიდან წასულია; საერთოდ დაკეტილია და უფუნქციოა 66 ოჯახი. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ეს ნამდვილად კრიტიკული მაჩვენებელია.

წლების განმავლობაში, 2016 წლამდე, ჩვენი სოფელი მიეკუთვნებოდა მაღალმთიან სოფელთა რიცხვს, ვსარგებლობდით გარკვეული, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეღავათებით; დღეს კი, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემად დგას მთის შენარჩუნება, ჩვენს სოფელს უხსნიან მაღალმთიანის სტატუსს _ უკეთესის მოლოდინში კი ვიყავით! სტატუსის მოხსნა კი, გარდაუვლად აისახება ჩვენს სოფელზე, თანაც, უახლოეს მომავალში!

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს, გაითავისებს ჩვენს ყოველდღიურ მძიმე ცხოვრებას, კიდევ ერთი სოფლით გაამაგრებს მთას. გწამდეთ, ხალხი ყოველ სიკეთეს იმახსოვრებს!

წერილს ხელს აწერენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მცხოვრებლები

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ანეკდოტი: საბჭოთა კავშირის დროს, ებრაელი ითხოვს პირდაპირ ტელეეთერს. უარს ეუბნებიან.
გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებული წერილის _ "წმინდა სინოდის იმ წევრთა
"დუმილი ოქროაო" _ უთქვამთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. არის
"ერთი ურწმუნო და ყოველგვარი სიწმიდის უარმყოფელი კაცი, ერთხელ, თოვლიან დილას
ნაახალწლევს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩამორიგებულმა პრემიებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ოზურგეთის
მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი როლი მოკრძალებულია და ამ მხრივ, რაღაც განსაკუთრებული