21-ს ქვევით

ჩაშლილი "შატალო" და ქიმიაზე შეყვარებული მერვეკლასელის საყვედური განათლების სისტემას

მარინე ჩიხლაძე  2016-06-03 11:38:58

ქუჩაში ხმაურით მომავალი მოსწავლების ჯგუფს მოულოდნელად შევეჩეხეთ და კითხვაზე, რომელი სკოლიდან იყვნენ და  სად მიდიოდნენ, გვიპასუხეს,  რომ მერიის საჯარო სკოლის მერვე კლასში სწავლობენ და   უახლოესი, ნაღობილევის წმიდა ბარბარეს ეკლესიაში უნდა შესულიყვნენ, სურდათ, მისი არქიტექტურა ენახათ.

ჟივილ-ხივილით მომავალი ჯგუფი ერთბაშად დაწყნარდა და ნებისმიერ გაკვეთილზე რომ ინატრებდა პედაგოგი, ისე იქცნენ სმენად.

_"კლასში სულ 26 მოსწავლე  ვართ",  "ჩვენი კლასი წარმატებულია," "ამასთანავე ძალიან აქტიური და ცნობისმოყვარე",  "რომ არ ვტყუით, მობრძანდით ჩვენთან,  პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც მალე შედგება და გვნახეთ", "მაგრები ვართ", "ისე, ყველა საგანს ერთნაირად არ ვსწავლოთ"... "ჩვენს მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს, ჩიტები ჰყავს"... _  სწრაფად და ერთმანეთის დასწრებით გვპასუხობდნენ  და ბოლო კითხვაზე, მოსწონთ თუ არა დღევანდელი განათლების სისტემა,  ერთ-ერთმა მათგანმა უყოყმანოდ მოგვიჭრა:

_ არ მომწონს და იცით, რატომ?  თუმცა, ჯერ გეტყვით, რომ მომწონს ჩვენი სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები. იქ მართლაც ისეთი გარემოა, უკეთესს ვერ ვინატრებთ, მაგრამ თვალსაჩინოებები რომ არ არის სკოლაში, ეს არ მომწონს! მაგალითად, ქიმიის გაკვეთილზე მინდა, რომ ჩავატარო ცდა, ბიოლოგიის გაკვეთილზე მინდა ვნახო ადამიანის სხეულის ფიტული, როგორია ადამიანის სხვადასხვა ორგანოს ფორმა. მარტო სურათით ნანახი არ კმარა. მინდა, უფრო სრულყოფილი წარმოდგენა მქონდეს, _ არ ცხრებოდა მერვე კლასის "წამყვანი ქიმიკოსი"  (როგორც მეგობრებმა უწოდეს)  რევაზ გოგატაძე.

მისი სურვილი, გახდეს ქიმია-ბოლოგიის სპეციალისტი და ღრმად ჩაიხედოს მეცნიერებაში, სჯერა, რომ აუცილებლად ახდება. თუმცა,  სურს, სასკოლო ასაკში მეტი იხილოს პრაქტიკულად  და მხოლოდ თეორიულად ნასწავლი არ აკმაყოფილებს.

_ მინდა, ელექტროლიზის ცდა ჩავატარო და CuSO4-დან გამოვაძევოთ სპილენძი. ეს რომ მოხდეს,  გრაფიტიდან  უნდა შევიყვანოთ დენი CuSO4-ში და ერთი გრაფიტით  დაილექება, ხოლო მეორე გამოყოფს ჟანგბადს...

_ კიდევ რა პრობლემებს ხედავ, რა გაწუხებთ თქვენ და თქვენს თანატოლებს?

_ის მაწუხებს, რაზეც გესაუბრებით.  ყველა საგანს  სჭირდება აღჭურვილობა და ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ. ისე კი გთხოვთ, ახალგაზრდული გაზეთის წარმომადგენელი მობრძანდეს ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.  მალე იქნება. შეგატყობინებთ. ჩემი კლასელებიდან ნინო მოისწრაფიშვილი მინერალებზე მუშაობს, დავით ბურჭულაძე გრაფიტზე,  მე გავაკეთე ვერცხლისწყალი... გეპატიჟებით!...

_ მითხარით, მხოლოდ ეკლესიის სანახავად მიდიხართ, თუ კიდევ რაიმე მიზანი აქვს თქვენს მარშრუტს?

_ ახლა ის უთხარით გულწრფელად, სინამდვილეში რა მოხდა დღეს, სად მიდიოდით და რატომ შეიცვალა თქვენი ჩანაფიქრი, _ უცებ მიუბრუნდა პედაგოგი მზია კალანდაძე მერვეკლასელთა ჯგუფს. როგორც გაირკვა, ის კლასის დამრიგებელიცაა.

_ "შატალოზე" მივდიოდით, მაგრამ გაგვიგეს და...

_ კლასის ხელმძღვანელმა გაგვიგო და მოახერხა, გაკვეთილებზე დატოვება, _ შეეშველა მეორე.  მესამემ კი სინანული "გამოხატა", _ უფ, მაგას ჩიტი ჰყავს, ჩიტი.

_ კარგი, ჰო, მივდიოდით, მაგრამ რომ გაგვიგეს, დავრჩით, ოთხ გაკვეთილს დავესწარით. მერე კი, მზია მასწავლებელმა მოცემული პირობა არ დაარღვია და  ახლა მივდივართ ახლადაგებული  ეკლესიის სანახავად. ვილოცებთ, ძალიან გვაინტერესებს  მისი არქიტექტურა!... ისე, რომ იცოდეთ, არ ვართ ცუდი მოსწავლეები, გვიყვარს ჩვენი სკოლა!
ბოლოს, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, ტელეფონები გავცვალეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ შეთანხმებით _ მერიის საჯარო სკოლაში აუცილებლად დავესწრებით მერვეკლასელთა პროექტის პრეზენტაციას და  გავაცნობთ ჩვენს მკითხველებს.

ჩვენი შეხვედრიდან მეორე დღეს მერიის საჯარო სკოლის ადმინისტრატორმა ციური ბაბილოძემ დაგვირეკა, გვითხრა, რომ სკოლის მერვეკლასელები გაზეთ "გურია ნიუსის" გამოწერას ითხოვენ და დახმარება ვთხოვა.

ასე დასრულდა ჩვენი მოულოდნელი შეხვედრა, უკეთეს ფინალს კი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ველოდებით!  წარმატებები ვუსურვოთ ინტერესიან, მკვირცხლ მერვეკლასელებს, ვისთვისაც ეს "შატალო" "  ჩიტების"  მეშვეობით თუ  საკუთარი მცდელობით, სასიამოვნო დასრულდა.



ბადრი ჩხიკვაძე 1994 წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში დაიბადა. ფეხბურთის
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჭადრაკო სახლი 1986 წლიდან  ფუნქციონირებს. ემსახურება როგორც რაიონის,
29 წლის სოპრანო, სოფიო გორდელაძე სააღდგომოდ მშობლიურ სოფელს, ლიხაურს სტუმრობდა.
კულულებიანი, შავტუხა გოგონა ჩოხატაურელ მაყურებელს სცენიდან ხშირად ხიბლავდა. ცეკვავდა, მღეროდა...
ნანა სიხარულიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტია. თუ რატომ
ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული საესტრადო ჯგუფი "ჯინსების თაობა" 2009 წლის