საზოგადოება

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ლელა საჯაია

  2016-06-06 13:29:58

ორშაბათი, 30 მაისი, 2016 წელი

მზის სხივებს ვასწრებ გაღვიძებას. დღე იწყება და მთავრდება ლოცვით... მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის მოგიძღვნია, ღმერთო!

ბევრი საქმე მაქვს. უნდა მოვასწრო, მიუხედავად იმისა, რომ  გუშინდელი დღის ემოციით გადავიღალე კიდეც. არ მეგონა, თუ ამდენი განცდა მოჰყვებოდა ირაკლის "ბოლო ზარს”. შეუდარებლები იყვნენ წმიდა ნინოს სამრევლო სკოლის XII კლასის მოსწავლეები ჩვენი თეატრის მრავლისმნახველ სცენაზე. ბავშვები სკოლასა და მასწავლებლებს დაემშვიდობნენ.

გამიჭირდება უთქვენოდ. მე ხომ თქვენში მხოლოდ მოსწავლეს ვერ ვხედავ. რა ლამაზები ხართ, რა საყვარლები. როგორ გაფრენილა დღეები. გაზრდილხართ, ჩვენ კი წლები მოგვმატებია.

ვიხსენებ შენს პირველ ნაბიჯებს, იკა. პირველ სიტყვებს, გაუმართავ წინადადებებს, რომლებიც მხოლოდ მე მესმოდა, ასაწყობად დაშლილ  ახალთახალ სათამაშოებს, საბავშვო ბაღში პირველ ზეიმზე ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს, მაგრამ მაინც ბოლომდე წარმოთქმულ ლექსს. ჰო, მართლა, ლექსები თავიდან გყვარებია, ახლა დავაკვირდი.

უკვე დიდი ბიჭი ხარ. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ვერ აცნობიერებდი. ახლა მართლა დიდი ხარ. ცოტა საშიშია დიდობა, მაგრამ არაუშავს, მიეჩვევი.

 დღეს საზეიმო ბანკეტი გვქონდა. ბათუმში დილაადრიან გავემგზავრეთ. როგორც მშობელთა კომიტეტის წევრი და მასწავლებელი, მამა ბასილის კურთხევით ამ შეხვედრას ვხელმძღვანელობდი. დილიდანვე ბავშვების გვერდით ვიყავი. სასტუმრო გველოდებოდა, სილამაზის სალონები და საინტერესო ფოტოსესიები _ პიაცაზე, ბოტანიკურ ბაღში, მწვანე კონცხზე, იახტა, ლიმუზინი და წითელი ხალიჩა ფეიერვერკებით, რესტორანი - უძვირფასესი სტუმრებით, გასართობი პროგრამითა და  საუცხოო მენიუთი...

ეს ემოციური დღე  მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრებათ, ბავშვებო! ცეკვავდით, მხიარულობდით, აღმაფრენისგან ცას ეტოლებოდით, მაგრამ ვხედავდი, მაინც გული გწყდებოდათ, გენანებოდათ ბავშვობის ლამაზ, უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება. ერთმანეთს შესცქეროდით და პატარაობას იხსენებდით _როგორ მიხვედით სკოლაში, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ გამოიყურებოდით...მოეფერეთ პირველ მასწავლებელს - ქალბატონ თამარ ჩხარტიშვილს, თბილს, მოსიყვარულეს, მუდამ მოწესრიგებულს, ამასთანავე მკაცრსა და მომთხოვნს; დამრიგებელს _ მაიკო გოგუაძეს, რომელიც ამ წლების მანძილზე ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში  გვერდით გედგათ, მიუხედავად თავისი უზომო ტკივილისა... სხვა მასწავლებლებიც არ დაგვიწყებიათ. გაიხსენეთ ერთად გადალახული სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, "შატალოები", მასწავლებლების საყვედურები, ზეიმები და ჩაშლილი გაკვეთილები...

საოცრი მშობლები გყავთ, ბავშვებო! მადლობა მათ ერთგულებისთვის, თავგანწირვისთვის, დაუღალავი შრომისა და გულისხმიერებისათვის, შვილებისათვის საოცარი სიურპრიზისთვის.  ჩემო გოგონებო, არ მეთმობით... ვხვდები, რომ ვერასოდეს დაგკარგავთ.

რა ლამაზი იყო ეს დღე... მწყინს, რომ დამთავრდა! თუმცა, მოსაწყენადაც ვერ მივიცლით _ წინ  კიდევ უფრო საინტერესო მომავალი გველოდება.

სამშაბათი, 31 მაისი, 2016 წელი

მაღვიძარას ზარი, გადადებული  5 წუთი, ისევ ზარი, ისევ 5 წუთი... არა, ვაგვიანებ! ლოცვა და უფლის სადიდებელი... ახლა მე ვხდები ოჯახის მაღვიძარა.  ჩემი თბილი გოგონა მაშინვე თვალს ახელს, როგორც კი ჩემს ხმას გაიგებს: "დე, გვაგვიანდება!"  განსაკუთრებული შვილი მყავს _ უფლის წყალობა და საჩუქარი. ვინ იცის, ვინ ვიქნებოდი, ნინი რომ არა. მან მე სხვა ცხოვრება დამანახვა, უანგარო სიყვარული და ერთგულება მასწავლა, მისით გავაცნობიერე, როგორი უნდა იყო ამ ქვეყანაზე, ღვთისათვის სათნო _ ადამიანი ცბიერების, ტყუილისა და თვალთმაქცობის გარეშე.

9 საათზე უკვე სკოლაში ვართ. სადამრიგებლო კლასის ოთახს ვათვალიერებ. ჩემი არყოფნისას ხომ არ შეემატა რაიმე "დაჯღაბნილი" და მორყეული სკამების და მერხების რიგებს. ყველაფერი ძველებურადაა, მადლობა თქვენ, ჩემო ანცო, დაუდგრომელო ბავშვებო!

კლასი თანდათანობით ივსება, ლოცვისთვის ვემზადებით. "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი"... სასიამოვნოდ ჩამესმის მარიამის წკრიალა ხმა... "აღვიზარდეთ შენ, შემოქმედისა შენისა სადიდებლად, მშობელთა ჩვენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ"-ჰყვება უკვე დაბოხებული ხმები. თქვენ გენაცვალეთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მავსებთ და მამდიდრებთ.

სამასწავლებლო... კოლეგების, ჩემი მეგობრების ღიმილით გაცისკრებული თვალები, ისევ აღფრთოვანება  და კომპლიმენტები ბავშვების, ირაკლის და ჩემი ქორეოგრაფიულ-დეკლამატორული მონაცემების გამო... მხოლოდ ზარი გვიშლის ხელს  გადმოვცეთ ემოციები სრულად. გაკვეთილი... ზარი და ისევ ზარი...

2 საათზე უკვე საკრებულოში ვარ. იგივე  კითხვების, მილოცვების და სურვილების ზღვა მხვდება კიბეებთანვე...

ელექტრონულ ფოსტას ვხსნი და დავალებებს ვამოწმებ. ახალი არაფერია. მეღიმება, ეტყობა დამინდეს... სოციალურ ქსელში  ვძვრები... აქაც მილოცვები, კეთილი სურვილები, ღიმილი, ღიმილი, ღიმილი ყველგან...

კომისიის დასკვნას ვამზადებ. ხვალ საკრებულოს მორიგი სხდომაა. ბიუროზე წარმოდგენილი პროექტი კომისიის სხდომაზე განვიხილეთ. კომისიამ მხარი დაუჭირა საკრებულოს დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამას ეხებოდა, ისევ ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში დახმარება კიდევ ბევრს სჭირდება. უპრეცენდენტო ჯანდაცვის პროგრამაც კი ბოლომდე  ვერ წყვეტს ჩვენი მოსახლეობის პრობლემებს; ამიტომაც, ჩემი ინიცირებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაიდო C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება. მე და ჩემმა კოლეგებმა ასევე მხარი დავუჭირეთ შშმ პირების, თირკმლის უკმარისობით, ლეიკემიითა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე  ადამიანების დახმარების პროგრამებს.

ტელეფონით ვეხმიანები სოფელ ნაგომრის მკვიდრს, ქალბატონ რუსუდან იოსელიანს. საკრებულოში ორგანიზებულ  "ღია კარის დღეზე" გავეცანით ამ ქალბატონის პრობლემებს, რომელსაც სოციალური დახმარება გაუგებარი მიზეზების გამო მოუხსნეს. ხელახალი გადამოწმების საკითხზე სოციალურ სააგენტოსთან ვუშუამდგომლეთ. შედეგი მაინტერესებს. ცრემლმორეული ხმა მპასუხობს. აღმოჩნდა, რომ გადამოწმების შედეგად უფრო მაღალი ქულა მიენიჭა. კომისიის სხდომაზე მოსვლას ვთხოვ. ერთად ვეცდებით მისი პრობლემის მოგვარებას. მადლობას მიხდის ყურადღებისათვის. ვწუხდები _ ეს ხომ ჩემი პირდაპირი მოვალეობაა...

ტელეფონზე შეტყობინებას ვღებულობ: "ლელა, გამარჯობა. სულ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით. მეც ისტორიკოსი გავხდი. ამაში თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით. არაერთხელ დამეხმარა უნივერსიტეტში თქვენი ნაშრომი აღმოსავლეთ გურიაზე. გახსოვთ, მაშინ ოზურგეთში სასწავლო კონფერენციაზეც გავიმარჯვეთ... რა თოვლი იყო და მაინც წავედით. დისერტაციაც აღმოსავლეთ გურიაზე დავიცავი და ეს ყოველივე თქვენი დამსახურებაა... დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი მასწავლებელი იყავით  ჩვენთვის. ყოველთვის წარმატებული და ბედნიერი მეყოლე. ნანა ანთიძე", _ ისევ ცრემლმორეული ღიმილი. ჩოხატაურის გიმნაზიას ვიხსენებ. ნანა სკოლის შემდეგ არ მინახავს, არც შევხმიანებივარ. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს მასწავლებლისათვის, ვიდრე გაცნობიერება იმისა, რომ ვიღაცას გზა გაუკვალე, ვიღაცას სტიმული მიეცი, მოტივირებული გახადე. მე თავად უნდა გადაგიხადო მადლობა, ნანუკა, მოკითხვისათვის, სიყვარულისთვის, შენი წარმატებისთვის. უზომოდ მახარებს შენი სიტყვები. ბედნიერი ვარ, თუ მე, სრულიად ახალბედამ, მოვახერხე თქვენი გულის დაპყრობა. მაშინ დამწყები პედაგოგი ვიყავი. ვიხსენებ, როგორ არ მინდოდა ჩოხატაურის გიმნაზიაში, ბატონი გია ჩხიკვიშვილის შემდეგ კლასში შესვლა, იმდენად მაღალი ნიშნული დამიტოვა ბატონმა გიამ, მაშინებდა, როგორ მიმიღებდნენ მოსწავლეები, მშობლები, კოლეგები. მადლობა უფალს, შევძელი ჩემი სახელის დატოვება იქ, სადაც უძლიერესი პედაგოგიური გუნდი, ერთ მუშტად შეკრული ,იღვწოდა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებისათვის. ალეკო კვინტრაძე, ლილი ჩხაიძე, ზოია ჯიბლაძე, ნანა მგალობლიშვილი და კიდევ ბევრი სხვა... მე თქვენი სიყვარული მითბობს გულს დღესაც და მაგალითს მაძლევს, როგორი პედაგოგი ვიყო...

ნინიკოს ზარი მაფხიზლებს. აშკარაა, სადილი ვახშმად გადამექცა...

ოთხშაბათი, 1 ივნისი, 2016 წელი

საოცრად ლამაზად გათენდა დღევანდელი დილა. დღეს ნინოობაა...

ტაძრისკენ მივიჩქარი. ვწუხვარ, წირვას ბოლომდე ვერ ვესწრები. დღეს საკრებულოს სხდომაა. მიყვარს სხდომის დღე. მახარებს ჩემი კოლეგების ერთად ხილვა, დებატები, დისკუსიები, ღიმილს მგვრის კოლეგების მოჭარბებული ემოცია, თუმცა კარგად მესმის თითოეული მათგანის.  თემის საქმიანი, გულისხმიერი განხილვა სხდომამდე იწყება და სხდომის შემდეგაც გრძელდება. საინტერესო თემებს შევეხეთ, დავამტკიცეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის ფორმები და ვადები. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  საპრივატიზაციო ქონება აუქციონის  წესით გაყიდვის ჩარჩოებში მოვაქციეთ. ასევე განვიხილეთ სოციალური დახმარების წესში შესატანი ცვლილებები.

საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივი დარბაზის წევრმა, ქალბატონმა თამარ ღლონტმა, ახალი პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინა. პროექტი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალეობას  გაზრდის საზოგადოების წინაშე. საკრებულოში დაინერგება საზოგადოებრივი კვლევის მექანიზმი. სხდომაზე დისკუსია გაიმართა ონლაინ გამოკითხვის ფორმაზე. ჩემი სუბიექტური მოსაზრება სხდომაზევე დავაფიქსირე: მიმაჩნია, რომ ანონიმური გამოკითხვის ფორმა, რომელსაც აღნიშნული პროექტი სთავაზობს მოსახლეობას, მიზანშეწონილი არ არის. გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნების" დამსახურებით საზოგადოებას აღარ ეშინია თავისი მწვავე და კრიტიკული აზრის ღიად დაფიქსირება, პროექტში მოქალაქის იდენტიფიცირება ხელს შეუწყობს თემში საკითხების მოგვარებას და პრობლემის ობიექტურად, მიუკერძოებლად გადაწყვეტას. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პროექტის საბოლოო ვერსიას საკრებულო საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან ერთად მიიღებს...

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ლიხაურის საბავშვო ბაღში მივიჩქარი. ნამდვილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული პედაგოგიური კოლექტივი საინტერესო, გამორჩეული, დახვეწილი გემოვნებით მომზადებული ღონისძიებებით გვხვდება. ერთ სიცოცხლედ ღირს ამ ბავშვების გვერდით ყოფნა, მათთან საუბარი: "მე აჭის გამგებელი მინდა ვიყო", " მე ბიჭი ვარ", "ეს კაბა ჩემი დისაა", "ეს ჩემი დედიკოა..." _ ყველა ფრაზა ბავშვური გულწრფელობითაა სავსე. ეზოში ასფალტზე ხატვა იწყება. ყველაზე ლამაზად იხვებს ვხატავ. ამათთან არ უნდა შევრცხვე. მეც მონდომებით ვმუშაობ. ჩემ ირგვლივ ყველა იხვის ხატვას იწყებს. ლამის გული მიჩერდება, ისე მინდა ყველას ჩავეხუტო და მოვეფერო. ძალიან საყვარლები არიან...

საკრებულოში ვბრუნდები. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გოჩა კილაძე მყავს სტუმრად.  პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ. ვმსჯელობთ 2016 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ანგარიშში აისახა. წინა წელთან შედარებით, რამდენად გაიზარდა მატება მშპ-ზე. როგორი წინსვლაა საამშენებლო მასალის წარმოებაში, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, მშენებლობაში, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოებაში, ექსპორტში, როგორი წარმატებული აღმოჩნდა პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რამდენი გრანტი გაიცა მარტო გურიაში. ჩვენს საინფორმაციო სივრცეში ამაზე ნეტავ რატომ არავინ საუბრობს? მიკვირს, ბევრი რამ მიკვირს...

სამუშაო დღის ბოლოს, სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების კოლექტიურ წერილს ვეხმაურები. ბატონი სლავა თურმანიძის თაოსნობით, მშობლები სოფელ მერიაში საფეხბურთო კლუბის მასწავლებლისთვის მუნიციპალიტეტისგან ანაზღაურების გამოყოფას ითხოვს. მოხარული ვარ, რომ პრობლემას დროებით გადაჭრის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდი.  მუნიციპალიტეტის 8 სოფელსა და მათ შორის სოფელ მერიას ფეხბურთის მასწავლებლისათვის თანხა გადაეცემა, ხოლო ბავშვთა კლუბს ბურთები და  სხვა სპორტული ინვენტარი. პოზიტივით სრულდება დღე ...

ხუთშაბათი, 2 ივნისი, 2016 წელი

სკოლა, ისევ სკოლა... ჩემი ბავშვები და კოლეგები: "მას, რა ლამაზად გამოიყურებით?!", "მას, გუშინ გიყურეთ ინტერნეტით", "მას ნინოობას გილოცავთ!", "მას, მიყვარხართ!" , "ლელუ ,როგორ ხარ?"_ მიმაცილებს ხმები საკლასო ოთახისაკენ... მშვიდობა გვაქვს... ვლოცულობთ. ტელეფონებით ივსება ჩანთა. პირველი გაკვეთილი თავისუფალი მაქვს და Vკლასის მოსწავლეების საშინაო დავალების რვეულებს ვამოწმებ. დროის დეფიციტია ისევ. ვერ ვასწრებ ყველა დავალებაზე კომენტარს... რვეულებს სახლში წასაღებად ვამზადებ. უყურადღებოდ ვერ დავტოვებ ვერც ერთ ნამუშევარს ...

2 საათზე, ჩვეულებრივად, საკრებულოში ვარ. დეპუტატ ქალბატონებს ვეხმიანები. გურიანთის საბავშვო ბაღს მინდა ვესტუმრო. შეხვედრა დავთქვით, გავრბივარ. ცირა ყავის გარეშე არ მიშვებს. საოცრად მზრუნველი ხარ, ცირუ! შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა!..

ლალიკო ცხემლისხიდის სკოლის ჭიშკართან მხვდება, როზეტა _ დვაბზუს ადმინისტრაციულ შენობასთან, ინგა _ ქალაქის პარკთან. საჩუქრებს ვარჩევთ. საშინლად ცხელა. გურიანთის ბაღში სამოთხისებურ სიგრილეს ასწლოვანი მუხა და წაბლი ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვების გარეთ გამოყვანა საფრთხის შემცველია. ხეებზე ველური ფუტკრის ბუდეებია. გამგებლის მოადგილეს _ გიორგი ღურჯუმელიძეს ვესაუბრე, საქმის კურსშია. ხვალ დასუფთავების სამსახურის დახმარებით მოვახერხებთ მის გაუვნებელყოფას.

საოცარი ემოციით გვხვდებიან ბავშვები. ჩვენი საჩუქრებით აშკარად კმაყოფილები არიან, პატარა "ვირუკასთან" სათამაშოდ რიგები დგება. ზოგი საწოვარას ჩრის პირში და აძინებს, ზოგი ცხვირს სწმენდს, ზოგსაც ჯირითი უნდა. ვხედავ, სათამაშოების დეფიციტია. ზუსტად ის მომენტი დგას, როცა დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ამ ბავშვების გახარება გინდა...

მე და ლალიკო საკრებულოში ვბრუნდებით. კონდენციონერი და ერთმანეთთან საუბარი ნამდვილი განტვირთვის საშუალებს იძლევა. ლალი თავის მოსწავლეებზე მიამბობს. შალვა შეშაბერიძეს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენიებს. კეთილშობილ ყმაწვილს ჩვენი ყურადღება სჭირდება. მყისიერდ ვიღებ გადაწყვეტილებას შალვა მოვინახულო. ისევ მაღაზიაში ვბრუნდებით და საჩუქარს ვარჩევთ. არ ვიცით, როგორ მიგვიღებს ახალგაზრდა, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველაზე ნაკლები სურვილი აქვს. ბაბუას თხოვნით შალვა შემოგვიერთდა და საუბარშიც აგვყვა. მალე შევძელით მისი დარწმუნება, სწავლა პროფესიულ კოლეჯში გააგრძელოს. ვერასოდეს დავივიწყებ მის გაბრწყინებულ თვალებს და იმედითა და მოუთმენლობით აღვსილ დამშვიდობებას: "მალე მოვა სექტემბერი". უკან მოგვაცილებს ბაბუას ცრემლიანი მზერა.

ცხემლისხიდიდან პირდაპირ სუპერმარკეტში გავრბივარ. ნინის  პრეტენზიულ გემოვნებას სავსებით აკმაყოფილებს "მოდერნი"...

როგორც იქნა ჩემს მყუდრო ბუდეში მოვკალათდი... ჩემი სახლი ჩემი სიმშვიდეა, სადაც საყვარელი ადამიანების ყოველდღიური ღიმილის დანახვა და შვილების სითბოს შეგრძნება შემიძლია...

ზარი უცხო ნომრიდან... ბავშვის გულამომჯდარი ქვითინი და გაუგებარი სიტყვები. ძლივს ვარჩევ ხმას. ეს ნინოა, ჩემი ყოფილი მერვეკლასელი  მოსწავლე... "ლელა მას, დედა გარდამეცვალა... დღეს დავკრძალეთ... ცუდად ვარ"... თავზარდაცემული და შოკირებული  ვცდილობ სიტყვები ვიპოვო და გოგონა დავამშვიდო, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, მასთან მივიჩქარი. ნინო საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს, დედობილთან და მამობილთან ერთად. საოცრად მიმძიმს მასთან საუბარი... ვცდილობ, გავარიდო გარემოს. სახლში ვერ წავიყვან.  ნინის ასეთ მდგომარეობაში მყოფს ვერ ვაჩვენებ. პარკში ვჯდებით. მარტონი ვართ. ნინო გულამოსკვნილი ტირის. ვეფერები, ვამშვიდებ, ვცდილობ საუბარში ავიყოლიო, იქნებ დაწყნარდეს. ვხედავ, გამომდის... ბოლომდე იხსნება, თავის ტრაგიკულ წარსულზე მესაუბრება... ღამის პირველი  საათი ხდება. სახლში ვაცილებ. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაშია. მძიმე ავადმყოფი, მაგრამ ნამდვილი დედა ორიოდე წლის წინ იპოვა. არ იმჩნევდა, მაგრამ ეტყობა, მთელ იმედებს მაინც მასზე ამყარებდა, ის კი სრულიად ახალგაზრდა გამოეცალა ხელიდან. დედის დაკარგვა ერთხელაა ტრაგედია, მან კი ეს უკვე ორჯერ განიცადა. სასოწარკვეთილ ბავშვს დიდი ყურადღება სჭირდება. მადლობა უფალს, მის გვერდით უამრავი ადამიანი ტრიალებს, ვისაც მისი სწორ გზაზე დაყენება და ადამიანური ცხოვრების პირობების შექმნა შეუძლია.

ძალაგამოცლილი და საოცრად დამძიმებული ვარ...

პარასკევი, 3 ივნისი, 2016 წელი

პარასკევი დილა წირვით იწყება სკოლაში. ეს დღე განსაკუთრებული დღეა. სხვა მხრივ, სკოლის დღეები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. ვცდილობ, ყოველდღე ისეთი პასუხისმგებლობებით მივიდე სკოლაში, თითქოს პირველად ვიწყებ მუშაობას. სკოლა განსაკუთრებული ადგილია, რადგან ისეთი გულწრფელობა, ისეთი ხალასი ურთიერთობა, როგორიც ბავშვებშია, სხვაგან არსადაა. ისინი იმდენად გახსნილები და  და გულახდილები არიან, შენც გასწავლიან სხვანაირად ცხოვრებას, სიყალბეს არასდროს გაპატიებენ, ამიტომაც ვცდილობ, მათი თვალებით ვუყურო სამყაროს. დრო ისე სწრაფად გადის, უკან მოხედვას ვერ ვასწრებ. არ მინდა ჩემი მოსწავლეებისათვის მხოლოდ ისტორიის მასწავლებელი და საგნის სპეციალისტი  ვიყო. მსურს  გულშემატკივრად და მეგობრად მიგულონ. იმდენი რამ მაქვს მათთვის სათქმელი, ერთი 45 წუთი ძალიან ცოტაა.

საყვედურებს ვისმენ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებზე: ცელქობენ, უყურადღებოები არიან, არ სწავლობენ... რამდენი ჩამოვთვალო...X-კლასელ ბავშვებთან არ არის მარტივი საყვედურებით საუბარი... ვარჩევ ხასიათს, დროს, გარემოს, ფორმას... ერთდღიანი შედეგი გარანტირებული მაქვს... ხვალემ ხვალის თქვას. ვიცი, გაუვლით ეს მოჭარბებული სიცელქე, დაღვინდებიან, დამშვიდდებიან, დასერიოზულდებიან. მეიმედება თითოეული მათგანი...

სკოლიდან _ სახლში და ნინისთან ერთად სახელდახელო სადილი..

სამსახურში მისული ფოსტას ვამოწმებ, ახალი დავალება არ ჩანს. სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ვპოულობ. ჩოხატაურის გამგებელი ბატონი ირაკლი კუჭავა სოფელ ქვაბღაში წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებას ეხმაურება. ჩემი სოფელი, ჩემი გამზრდელი სოფელი ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. მადლობა, ბაკურ შარაშიძეს ამ კეთილშობილი, მადლიანი საქმისათვის. მიყვარხართ, მე თქვენ, ქვაბღელებო, ჩემო აჭარლებო, გურულებო, ერთად რომ ეწევით ცხოვრების უღელსა და ვერანაირმა ძალამ რომ ვერ გაგთიშათ! ვამაყობ თქვენით... იმ მიწაზე, სადაც ჩემი მადლიანი ბაბუა _ ღირსების ორდენოსანი, მოკრიმანჭულე ვანო გუდავაძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, ტაძარი აღიმართება...

დღეს კომისიის მორიგი სხდომის დღე მაქვს. დღის წესრიგით სამ საკითხს განვიხილათ: ქალბატონ რუსუდან იოსელიანს ვუსმენთ. ვთანხმდებით, მისი პრობლემის გადასაწყვეტად სოციალური დაცვის დეპარტამენტს მივმართოთ, ადგილობრივ დონეზე კი მისთვის საცხოვრებელი სახლის ბინის ქირა ვითხოვოთ. მიჭირს ქალბატონ რუსუდანის სამადლობელი სიტყვების მოსმენა...

სხდომაზე სოფელ გურიანთის ბაღში ახალი ჯგუფის დამატების საჭიროება განვიხილეთ. აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართეთ, მომავალი სასწავლო წლიდან გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაცია. კომისიამ ასევე მოისმინა ა(ა) იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების" დირექტორის ქალბატონ რუსუდან მემარნიშვილის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. დისკუსია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა...

ცირა წასული დამხვდა. მეწყინა, ვერც კი დავემშვიდობე. გასაღებს ვეძებ, ჩანთაში სტიკერს ვპოულობ. ცირას გაკრული ხელი _ კეთილი სურვილები და უსაყვარლესი "სმაილი", ეს პაწაწინა ქაღალდი საკმარისია იმისთვის, რომ დაღლილობა კარებთანვე დავტოვო...

დღე _ სამსახური, საღამოს _ ოჯახი... დრო დროს გარეშე...

შაბათი, 4 ივნისი, 2016 წელი

"...დღეს წვიმდა ისე თავგამოდებით, თითქოს არ ჰქონდა წვიმას ხვალაც მოსვლის უფლება"... ცა ფეხად ჩამოიქცაო, ასეთ ამინდზე იტყვიან გურიაში. ვფიქრობდი, ვერ შევძლებდი დაანონსებულ კულტურულ ღონისძიებაში ჩართვას. პროექტის ფარგლებში _ "ერთი ნაბიჯი ზღვიდან  მთამდე" _ დაიგეგმა ჯიპ-ტური ურეკიდან გომისმთამდე. მზემ გამოანათა. არა, უარს ვერ ვიტყვი ურეკისა და გომისმთის კიდევ ერთხელ მონახულებაზე. ორივე კურორტთან ძალიან მხიარული და სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს.

მეგობრებს ვეხმიანები. ვიკრიბებით და ურეკის უსწორმასწორო გზებზე "მივღოღავთ". ყველაფერი გადათხრილია, გავლა ჭირს, მაგრამ სიხარულით ვეგებებით შექმნილ დისკომფორტს.  დაბა ურეკი საზღვაო სეზონს რეაბილიტირებული გზით შეხვდება. კურორტზე 4-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებლებს გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნებათ. ეს კი ნამდვილი ბედნიერებაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ჩამოსული ვიზიტორებისათვის.

მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე უკვე ურეკში გვხვდება; ირგვლივ შემოკრებილ მოსახლეობასთან საქმიანი საუბრითაა გართული. ვესალმები მათ და ნაპირისაკენ ვაგრძელებ გზას. "ცინცის" შეზლონგზე ვჯდები  და მის მეპატრონესთან საუბარს ვიწყებ, ჯერ ქვეყნის  ევროპასა და რუსეთთან არსებულ პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, შემდეგ პრობლემებზე ვამახვილებ ყურადღებას, ერთგვარ პროვოცირებას ვახდენ. სინამდვილეში,  უზომოდ მახარებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ მხოლოდ ქებას რომ ვისმენ. კურორტისა და სანაპიროს  დასუფთავება ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიაჩნია ჩემთან მოსაუბრეს. მხოლოდ გამოთხოვებისას  ვეცნობი და ჩვენი მხრიდან მუდმივ თანადგომას ვთავაზობ. ღიმილითა და კეთილი სურვილებით მემშვიდობება.

სანაპიროსთან აჭარის "Off-Road”  კლუბის წევრები იკრიბებიან. წინ  დამაინტრიგებელი ღონისძიება გველოდება. ურეკიდან ქართული ცეკვების პოპურმა ამაღლებული განწყობა გამოგვაყოლა საგზლად. ქალბატონებს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი და სერიოზული მძღოლი შეგვირჩიეს.

გომისმთის მომაჯადოებელი ხედები  დაღლისა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ამ განსაკუთრებულ შეჯიბრს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა გომისმთაზე.

ოვაციები, ყიჟინა და  მხიარული შეძახილები ერთიორად აღაფრთოვანებდა ისედაც თავზეხელაღებულ მძღოლებს...

ეს იყო წარმოუდგენელი ექსტრემალური სანახაობა, მოჭარბებული ადრენალინითა და ემოციით, რომლის მსგავსი ჯერ არ მინახავს. ღონისძიება კოცონით, სამახსოვრო ფოტოსესიითა და მონაწილეთა დაჯილდოვებით დასრულდა.

უკან ვბრუნდებით, ყველა წყაროსთან ვჩერდებით, ფოტოებს ვიღებთ, ფერად-ფერადი ყვავილებით ვავსებთ მანქანას. არ ვჩქარობთ. სინამდვილეში, გომისმთას ვერ ვთმობთ. შეუძლებელია ადამიანი ერთხელ აღმოჩნდეს აქ და უკან დაბრუნებაზე გული არ დაწყდეს. ბახმაროსავით აკვიატება სცოდნია გომისმთას. ბახმაროსავით მომაჯადოებელი სამყარო ელოდება აქ დამსვენებელს... ულამაზეს კუთხეში ვცხოვრობთ...

თითქმის დაღამდა. ჭიშკართან "ფანცქვალა" მხვდება კუდის ქიცინით, ეტყობა მშიერია _ მოვიდა შენი მარჩენალი, ფანცქვა, ნურაფრის გეშინია. ვეფერები და ვაჭმევ. "ფანცქვალა" სანიაღვრე არხში ვიპოვე შობის წინა დღეს. პაწაწინა და გაყინული მხოლოდ ცალ ფეხს ატოკებდა, მშიერი და ქეციანი იყო. საჭმელმა, სითბომ და წამლებმა მოაბრუნა "საამქვეყნიოდ". რომ დამინახავს, ოთხივე ფეხზე ჩაცუცქდება და კუდს მიქიცინებს, ამიტომაც დავარქვით "ფანცქვალა". ზოგჯერ მაღიზიანებს მისი ქცევა, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, ადამიანებს რატომ არ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა ჩვენზე მზრუნველი ადამიანის მიმართ. მაოცებს, ჩვენ "ვადამიანობთ", ძაღლს კი ცხოველს ვეძახით...

კვირა, 5 ივნისი, 2016 წელი

კვირა გათენდა. წესით, ახლა წირვაზე უნდა ვიდგე... თუმცა ვიცი, რომ სახლში უნდა დავრჩე და საოჯახო საქმეებს შევეჭიდო. მთელი კვირაა გადარბენაზე ვარ.

საოცრად მშვიდია დილა. მწვანეში ჩაფლულა ჩემი ეზო, კიბეებიც. ვაზის ხლართები მოაჯირსაც გადმოსცდენია. დღეს ბევრი სამუშაო მაქვს _ ეზოს ვალაგებ. მე, სოფლელ ქალს, მაბედნიერებს მდელო და ბალახი, მაგრამ არა ჩემს ეზოში. სადაც ხელი მიმიწვდება, ბალახებს ვანადგურებ, ის კი ჯიუტად ცდილობს ასფალტის ამოხეთქვას. პოეზიის ხასიათზე არ ვარ, არადა, რითმაც მოუხდებოდა  ამნაირ დილას...

შეუსვენებლად ვშრომობ. პაპანაქება სიცხეში მაინცდამაინც არ მსიამოვნებს ცოცხი და აქანდაზი. "წუთშესვენება" მჭირდება. ჩემს "ყურისძირის" მეზობელს და მეგობარს ვეხმიანები. ისევ ყავაა ჩვენი რელაქსაციისათვის უებარი წამალი, მოკითხვისა და განტვირთვის საოცარი საშუალება...

მე და ნინი ქალაქში გავდივართ. კვირა ერთადერთი დღეა, როცა გამოთვლილი დროის გარეშე შემიძლია დედა მოვიკითხო და მოვეფერო. თუ მთელი კვირის განმავლობაში ქალბატონი ლელა ვარ, მასწავლებელი, დედა და მეუღლე, მასთან პატარა ბავშვივით ვიქცევი, ვწუწუნებ და თავს სისუსტის უფლებას ვაძლევ. ამ წუთებს არაფერი მირჩევნია...

ვსადილობთ. ნინი ძალიან მეხმარება, სახლს ვალაგებთ და სტუმრად წასასვლელად ვემზადებით. დღეს ჩემს კოლეგასთან _ ქალბატონ ინგა დუმბაძესთან იკრიბება საკრებულოს ქალთა წარმომადგენლობა.

ინგას ეზო ზღაპარია, საოცარი რუდუნება და შრომა ძევს ამ ბაღნარში. სულიერად ვისვენებთ, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ, ერთმანეთს მოსაზრებებს ვუზიარებთ.  ცადაზიდული მაგნოლიის ჩრდილი, ცივი ყავა და ნაყინიც კი არ ყოფნის ჩვენს გულისტკივილს გასანელებლად. ხვალინდელ დღეს ვგეგმავთ, ერთად გასატარებელ კვირებს და თვეებს. ძალიან ყოჩაღები მყავხართ, გოგონებო! ვამაყობ თქვენით. ჩვენი საკრებულოში ყოფნით მაგალითი უნდა გავხდეთ მუნიციპალიტეტის ქალებისათვის, გაგაგრძელონ გზა, რომელზეც ასე გაბედულად შევდექით.

ღამდება, სახლში ვბრუნდებით. ნინი აღფრთოვანებულია და უკვე დაგეგმა ინგასთან მორიგი შეხვედრა...

ორშაბათისთვის მზადება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ხვალ დილით ოჯახის ოთხივე წევრი  ერთდროულად გავალთ სახლიდან და ახალი კვირის   ათვლას დავიწყებთ...

მომდევნო კვირის "ბლოგ-პოსტს" ჩემს ლანჩხუთელ კოლეგას ია ჩხაიძეს ვუთმობ!

ლელა საჯაია,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა,
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე



საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და
ორგანიზაცია "ახლგაზრდა ადვოკატები" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს თსუ-ში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ჯანდაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი
ჩვენს ქვეყანაში  ბოლო ათეული წელია, რაც ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება
შეძლებს თუ არა პენსიონერი თავისი საპენსიო მინიმუმით ახალ წელს მოკრძალებული
(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 21 ივლისს ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში