21-ს ქვევით

შარვლის ჩაცმა ცოდვაა და მრევლის მიერ ნაზიკოს მაცივრის განხილვა, არა?

ნუკა შარაძე  2016-07-20 12:15:23

როცა საქმე ეკლესიაში შესვლას ეხება, უცებ მთავარი კრიტიკის საგანი ჩაცმულობა ხდება. კერძოდ, როდესაც ქალს აცვია შარვალი... ახლახან ასეთი ამბავი შემემთხვა: ბიოლოგიის გამოცდა მქონდა. ვიფიქრე, ეკლესიაში შევალ, სანთელს ავანთებ-მეთქი. საერთოდ ხშირად დავდივარ ეკლესიაში, ღვთის მოშიში ადამიანი ვარ. ის-ის იყო, ხატს უნდა ვმთხვეოდი, რომ ვიღაც ქალმა ძლიერად მომკიდა ხელი და მიმიყვანა იქ, სადაც ნაჭრები ეყარა. თან მლანძღავდა, რას არ მიწოდებდა _ ამხელა გოგო ხარ და "ეკლესიის წესები" არ იციო.

მიზეზი ამისა იყო ის, რომ მე შარვალი მეცვა. არადა, სახლიდან გამოსვლის წინ  არც მიფიქრია, რომ გამოცდაზე შესვლამდე ეკლესიაში შევირბენდი სანთლის ასანთებად. ამ ქალბატონს ვუთხარი, რომ ყველა თავისი პრობლემით მიდის ეკლესიაში. თუმცა, ისე მლანძღავდა, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა საუბარს...

გავედი ეკლესიიდან და ოზურგეთში ერთ-ერთ ყველასთვის საყვარელ მოძღვარს, მამა ერმოლაუსს ვუამბე ეს ამბავი. მითხრა, ახლა ისეთი დრო დადგა, შეიძლება კაბით შესვლაზეც და პირჯვრის გადაწერაზეც პასუხი მოგთხოვონო. დამამშვიდა, დამარიგა და მეც გავუყევი ჩემს გზას, თან ვფიქრობდი: ურწმუნო არ ვარ, ეკლესიაში ყოველდღე დავდივარ, მედავითნეც ვარ, ვეზიარები. დავდივარ მონასტრებში და ვცდილობ, არ ვიყო ვითომ ქრისტიანი და ვცდილობ, შევასრულო ქრისტეს ყველა მცნება და არა მხოლოდ _ ათი.

როცა ტაძარში შევდივარ და მრევლის საუბარს ვისმენ (იმ მრევლისას, რომელიც მე, უცაბედად შარვლით შესულს, გამომეკიდა), გაოგნებული ვრჩები. მაგალითად, ისინი გაცხარებით საუბრობენ, როგორი ფეხსაცმელი აცვია მღვდელს, რომელი ფირმის მაცივარი იყიდა მათმა მეზობელმა ვიღაც ნაზიკომ... მერე ეს მრევლი აქეთ გვაკრიტიკებს, რომ ეკლესიაში ქცევის წესები ჩვენ არ ვიცით და მშვიდად განაგრძობენ საუბარს, ჭორაობას და არა ლოცვას. 

მე არ ვამბობ, რომ მუდამ შარვლით უნდა ვიარო ეკლესიაში, მაგრამ რატომ უნდა დაიქცეს ქვეყანა, თუ იქ შევედი ამ სამოსით? იმის თქმა, რომ შარვალი კაცს აცვია და ქალმა არ უნდა ჩაიცვას, არგუმენტი არაა.  მითუმეტეს, რომ ამას ორი წლის ბავშვიც იტყვის.

როგორც ჩანს, ამ ყველაფერს სხვა ახსნა აქვს. რატომ გვავიწყდება, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ბევრი ქალი წმინდანი ჰყავს, რომელიც მამაკაცის სამოსში იყო გამოწყობილი. მაგალითად, ღირსი ანასტასია, ღირსი აპოლონია, ანა ბითვინიელი, ღირსმოწამე ევგენია და სხვა მრავალი. ძველი აღთქმის არგუმენტად გამოყენება რთულია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ კონკრეტულად შარვალზე საუბარი არსადაა იმ მიზეზით, რომ იმ დროს არ იყო შარვალი (შარვლის გამოყენება მეხუთე საუკუნეში დაიწყო).  თუმცა, ქალის და კაცის შარვალი რომ სტილით და ფორმით განსხვავდება, ეს ფაქტია.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ეკლესიას არასოდეს დაუწესებია (მოუცია) აკრძალვები ამის გამო, მით უფრო ტაძარში არშეშვება. აკრძალვებს აწესებენ ადამიანები და ამ ყველაფერს ეკლესიას აწერენ და საუბრობენ ქრისტეს სახელით. სამოსელი უმნიშვნელოვანესი რომ ყოფილიყო, ქრისტე მეძავ მარიამ  მაგდალინელს, რომელსაც ხშირად სამოსი არც კი ეცვა, მენალსეცხებლე დედას არც კი უწოდებდა. მოწაფეებისგან განსხვავებით, მარიამმა პირველმა დაიჯერა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა.

ამაზრზენია, ადამიანს ეკლესიაში შესვლა უნდოდეს და თვით მღვდელი, რომელსაც ხალხი ეკლესიაში უნდა მიჰყავდეს, შარვლით შესულ ქალს ეუბნებოდეს, რომ ტაძარი უნდა დატოვოს. მრევლი კი, რომელიც იმავე მღვდლის ფეხსაცმელსა და ნაზიკოს მაცივარზე დიდხანს ჭორაობს ტაძარში დგომისას (როცა უნდა ლოცულობდეს),  სასწრაფოდ ფაცურდება და შარვლიან ქალს რისხვას ატეხს და კარისკენ მიუთითებს. აქვე: კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ არ ვამტკიცებ, ქალმა სულ შარვლით იაროს ეკლესიში, თუმცა, თუ ასეთი რამ მოხდა (როგორც ეს მე დამემართა), ლანძღვით არ უნდა გამოგვიდგნენ.



ტატუ, იგივე სვირინგი, რომელიც უკვე არსებობის 6000 წელზე მეტს ითვლის,
გასულ კვირას  "მთიების", "ლოგოსის", "ცარიელი თავების" და "ვაკიჯვარის" ინტელექტუალებმა მეტოქეების
_ ცხოვრება სიცოცხლეშივე მოგონებად გვექცა. ამიტომ, ამქვეყნად დარჩენილები, როგორც კი
ბრიტანელი პროფესორი ჯონ უილსონი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ სექსუალური განათლების
გასული კვირის ოთხშაბათს, ოზურგეთში, "ჯეოსტარი 2011-ის" შესარჩევი ტური გაიმართა. კასტინგზე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან ბევრ სიახლეს გვპირდება.