საზოგადოება

დავით უსუფაშვილი პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა

  2016-08-30 23:54:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს დავით უსუფაშვილმა შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალთან, მარეკ  კუხჩინსკისთან გამართა. სეიმის მარშალის თქმით,  ქართული დელეგაციის სტუმრობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მარეკ კუხჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ევროპის შესახებ ქართველი და პოლონელი ხალხის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა და 30-31 აგვისტოს გამართული შეხვედრებზე სწორედ ევროპული ოჯახის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ისაუბრებენ.

სეიმის მარშალის განცხადებით, პოლონეთში კარგად იცნობენ საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას.  მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც.

დავით უსუფაშვილმა პოლონელ კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ოთხწლიანი საქმიანობის განმავლობაში ვიზიტით ყველაზე ხშირად სწორედ პოლონეთს სტუმრობდა, რაც, მისივე თქმით, ქვეყნებს შორის მეგობრობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. დავით უსუფაშვილმა,  როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, ასევე, ექსპერტის სტატუსით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმთან თანამშრომლობას  აქტიურად გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო თავმჯდომარეც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა  საქართველოსა და რეგიონში რუსეთის როლზე, რუსულ პროპაგანდასა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც. მისი განცხადებით, ქართველი ერი ყოველთვის გრძნობდა პოლონელი ხალხის მხარდაჭერასა და თანაგრძნობას.

მხარეებმა  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრისა და მისი მნიშვნელობის  შესახებაც ისაუბრეს. მარეკ კუხჩინსკის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მრავალი სტრატეგიული საკითხი იქნება განხილული, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და  საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

დავით უსუფაშვილის  განცხადებით, საქართველო სრულად იაზრებს და იზიარებს ევროპის წინაშე მდგარ საფრთხეებს და მზად არის როგორც დისკუსიებში, ასევე კრიზისების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღოს.

ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრისა და მისი მნიშვნელობის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კომენტარიც გააკეთა. „ვარშავაში დაიწყო ორდღიანი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია პოლონეთის სეიმის და სენატის მარშალების, სპიკერების მიერ. ტარდება  ცენტრალურ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი, სადაც 13 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. აქედან მხოლოდ პოლონეთია ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხოლო დანარჩენები-თურქეთი, საქართველო, უკრაინა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, ასევე, ბალკანეთის, ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოების სპიკერები. ჩვენ ვიმსჯელებთ ევროპის მომავალზე. ეს არის პოლონეთის ინიციატივა, რომ ევროპა დავინახოთ არა ევროკავშირის საზღვრებში მხოლოდ, არამედ მის კულტურულ, პოლიტიკურ საზღვრებში და ერთად ვეძებოთ შექმნილი პრობლემებიდან გამოსავლის გზები. სექტემბრის შუა რიცხვებში უკვე ბრიუსელში ჩატარდება ევროსაბჭოს ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა და ამ შეხვედრისთვის გვინდა, რომ გვქონდეს შეჯერებული პოზიციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვას ევროპამ უკეთ თავისი ღირებულებები, თავისი საზღვრები, თავისი მოქალაქეები იმ საფრთხეებისგან, რაც ყველას ერთად გვაქვს. საფრთხეები, რომელიც მოდის რუსეთიდან, მოდის ტერორიზმისგან, მოდის იმ რადიკალური, მარგინალური პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც საქართველოშიც მომრავლდნენ სამწუხაროდ, ასე რომ, პარლამენტის თავმჯდომარეები, ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. შესაძლებელია, ჩვენ მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ამდაგვარი შეხვედრა ცენტრალურ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების გახდეს ყოველწლიური, მუდმივი ფორმატის. ამაზე  ჩვენ ხვალ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ", _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ადვოკატი ლალი აფციაური საკუთარი კოლეგის გიორგი ყავლაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს, რომლითაც
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეს, თავში
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის N1397 განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მიმდინარე პროცესის მორიგი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება. ცენტრი,