ისტორია

სოფელი ოზურგეთში, რომელიც იერუსალიმის გოლგოთის ჯვრის მონასტერს შესწირეს

  2016-10-25 11:12:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი კონჭკათი მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მეტრზე, ოზურგეთიდან 16 კილომეტრის დაშორებით.

კონჭკათი, ისევე როგორც ბაილეთი, მამათი და ჩეხედანას ეკლესია იერუსალიმის გოლგოთის ჯვრის მონასტრისადმი იყო შეწირული.

ეს დასტურდება 1761 წელს გიორგი V გურიელის მიერ გაცემული პირობის წიგნით. წიგნი ყველაზე ბოლოს მამია V გურიელმა განაახლა 1817 წლის 2 აპრილს.

კონჭკათში დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. იგი მიჩნეულია XII-XIII სს. ძეგლად. გურიაში შემორჩენილი ეკლესიებიდან კონჭკათის წმინდა გიორგის ეკლესია ერთ-ერთი უძველესთაგანია და წინ უსწრებს ისეთ ძეგლებს, როგორიცაა შემოქმედი, ლიხაური, აჭი და ჯუმათი.

თავდაპირველად ეს ეკლესია მაღალ გორაზე იდგა, მაგრამ იქ მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ადიოდა, ამიტომ ტაძარი დაშალეს და გზასთან ახლოს ჩაიტანეს. კონჭკათის ეკლესია შუა საუკუნეების გურიის არქიტექტურული ხელოვნების მშვენიერი ნიმუშია.

ეკლესია ნაგებია კარგად თლილი, მოყვითალო ქვით, წყობა სწორხაზოვანია, დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება.

კედლებზე იკითხება ასომთავრული წარწერები და ქვაზე შესრულებული ჩუქურთმის იშვიათი ნიმუშები.

სოფლის განაპირას მაღალ მთაზე, რომელსაც კატისციხეს ეძახიან, გადმოცემის თანახმად იდგა ციხე. ციხეს ბევრი ოთახი ჰქონია, მათ შორის მიწის ქვეშაც.

ციხე მიწისძვრას დაუნგრევია, სანახავად მისულ ხალხს კი იქ კატა დახვედრია, ამიტომ დაერქვა კატის ციხე. კატისციხიდან გზის მშენებლობისთვის ქვიშა-ქვის გაზიდვის დროს გამოვლინდა ორგალავნიანი სიმაგრის ნაშთი.

სვანის ქედზე არის გამოქვაბული კელკეტერა. კელკეტერა დაქსელილი იყო შიდა სავალით, რომელიც სამ გამოქვაბულს აერთიანებდა. სამივე გამოქვაბულზე კარი იყო შებმული. კელტეკერაზე ნაპოვნია ქვევრები და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

კელტეკერას წინ ჩამოუდის პატარა „შუა ღელე“. შუაღელის მარცხენა ნაპირზე დგას „ციხიას“ გორაკი. გორაკზე ციხე იყო აღმართული, რომელიც შუა ღელიდან მოზიდული ქვებით იყო აშენებული. ციხე იყო სიგრძით 60, სიგანით კი 20 მეტრი. ჩრდილოეთით და სამხრეთით ციხეს ორი კოშკი ჰქონდა. ციხე არქაული ეპოქისაა. ციხე აკონტროლებდა მდინარე სუფსის სანაოსნო გზას.

წყარო: ვიკიპედია



საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ერთერთი უძველესი ბოტანიკური დაწესებულებაა, რომელიც რამდენიმე
XIX საუკუნის ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი სახელი ეგნატე თომას
ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა
1898 წლის 16 ოქტომბრის ნიუ იორკ თაიმსმა სტატია სათაურით ,,ბანდიტების
ნასაკირალი დაბაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც  მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის
პრუსიის სამეფოს პრინცი ალბრეხტ ჰოჰენცოლერნი თავის წიგნში „კავკასიაში 1862“ ასე