ისტორია

"არისტოკრატობა, "რჩეულობა" გურულთა "რასის" მთავარი ნაკადია"_ გრიგოლ რობაქიძე

  2016-11-02 15:17:02

,,ძველი მესხეთის ნატეხია გურია. ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად ,,ქართული”. გურული ქართული ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამმატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული.

თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველებზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირი ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა ,,ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი სიტყვები - რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდებოდა.

კიდევ: ძველ მესხთა შაირობა ცნობილია, - გურიაში შაირობა თაობიდან თაობაზე გადადის: შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.

ამაყია გურული: გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. არისტოკრატობა, ,,რჩეულობა” გურულთა ,,რასის” მთავარი ნაკადია.

ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არსებობს: ,,ყოველს გურულს უყვარს თავის გამოჩენა”. გურულებში ძალზე არის ნაგრძნობი ,,მანძილის პათოსი” (ნიცშესი). ამაყობა და გამორჩეულობა ,,რბილ” გურულს სასტიკად ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უძევს საფუძვლად.

გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს: ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურიის სიღარიბე, - მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერცერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული ,,ოდის”-თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი”

,,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი.

გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესტეტიურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: აქ ვერ მონახავთ ვერცერთს ,,მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი. თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით.

განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვისაკენ მახლობელი მიდამო, ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუნებულია, ვიდრე იმერული ხტომით ნაყარი”

გრიგოლ რობაქიძე

წყარო:aboutguria.blogspot.com/



ჩვენი ტრადიციული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობამ გურიის შესახებ ბევრი
ისტორიკოსი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების
ქორეოგრაფის, მომღერლის, ლოტბარის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიორგი
1837 წელს გურიაში მყოფი ოდესელი პროფესორი ნორდმანი წერდა: ,,ამიერკავკასიის ყველა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, სოფლის ცენტრში მდებარე საუკუნოვანი ჭადრების ულამაზეს
თბილისობა,  1982 წელი. ძიმითის პავილიონს ნანა ალქსანდრიას ოჯახის წევრები ესტუმრნენ.  ფოტოზე