საზოგადოება

არის თუ არა საფრთხის შემცველი გზაგამყოფები

ჟანა მეგრელიშვილი  2016-11-10 19:18:28

ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძისა და დოლიძის ქუჩების კვეთაში, უსაფრთხოების კუნძულების და გზაგამყოფის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, ხელშეკრულება მიმდინარე 2015 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა. 

ჭავჭავაძის ქუჩის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და კეთილმოწყობის პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა _ მოეწყო გზაგამყოფი, გაკეთდა გამწვანება.

დღეს კი დოლიძის ქუჩასა და თამარ მეფის მოედანზე გზაგამყოფისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოებია აქტიურ ფაზაში.

რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩაზე გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურშია აცხადებენ, რომ "ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები 31 მაისს დაიწყო და 15 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 134 592 ლარი გახლდათ. ჭავჭავაძის ქუჩაზე გზაგამყოფების მოწყობის სამუშაოები 2015 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო და 2016 წლის 30 იანვარს დასრულდა. პროექტის ღირებულება 185 720 ლარი იყო. დოლიძის ქუჩაზე გზაგამყოფებისა და უსაფრთხოების კუნძულების მიმდინარე მშენებლობა 7 სექტემბერს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 156 952 ლარია. თითოეული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა".

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გახორციელებული აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართ საზოგადოებას სხვადასხვა მოსაზრება აქვს _ ზოგს მოსწონს, ზოგი კი უკმაყოფილებას და პროტესტს გამოთქვამს _ მიაჩნიათ, რომ გზაგამყოფები საფრთხეს უქმნის, როგორც ავტომანქანებს, ასევე, ფეხით მოსიარულეების გადაადგილებას.

_ ჭავჭავაძის ქუჩაზე რაც გაკეთდა, ეს არის საფრთხის შემცველი, _ მიიჩნევს ოზურგეთელები ნაწილი, თუმცა, მოსახლეობის ნაწილს ეს პროექტი მოსწონს.

თამარ თავაძე: _ ავტომანქანების და ხალხის მოძრაობისთვის არ არის მიზანშეწონილი მსგავსი გზაგამყოფები და კუნძულები. ტერიტორია იმდენად მოკლეა, რომ ავტომობილი, მოხვევის დროს, ძალიან რთულ მანევრს აკეთებს, ხელს უშლის და აფერხებს სხვა ავტომანქანების მოძრაობას. თუ მძღოლი ოდნავ მაინც არ არის გამოცდილი, ადვილად შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვას. ორი თვის განმავლობაში, რაც მე ვნახე, ოთხი ავარია იყო პოლიციის შენობის წინ.

ოზურგეთის ასეთ პატარა ქუჩებში არ არის საჭირო ამდენი გამწვანება და გზაგამყოფები, საზოგადოება შეიძლება მოტყუვდეს, მაგრამ, ვინც გამოცდილია და იცის, ნამდვილად ვერ მოტყუვდება ამით. რატომ არ გაკეთდა, მაგალითად, მეოთხე ბაღში რემონტი, სავარაუდოდ, ეს შენობა ვიღაცას, მთავრობიდან უნდა რაღაც ბიზნესისთვის".  და საერთოდ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ზოგადად, ძალიან კარგად "თეთრდება" ფული.

ნონა გოგუაძე: "მოხვევის მომენტში ერთმანეთს ვერ ხედავენ მძღოლები, პრობლემები იქმნება ამ მხრივ. ისე, ლამაზია ძალიან. "

ამირან ერისთავი: "რა ვიცი, რა აზრის ვარ, კარგი მგონია, მაგრამ ფართი ნაკლებია".

ელგუჯა დარჩია: "არავის მოსწონს ეგ, მაგრამ ხმას ვინ ამოიღებს?! ლამაზი კი არის, მაგრამ მოძრაობისთვის არის ცუდი, ან თქვენ რა აზრის ხართ _ მოგწონთ?"

გენო ბერიძე: "მომწონს, ამაზე უკეთესი რა არსებობს".

რობერტ ზენაიშვილი: "ლანჩხუთიდან ვარ, მაგრამ მომწონს".

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან მგელაძეს მიაჩნია, რომ პროექტი მოუმზადებელი და დაუხვეწავი იყო:

"რაც შეეხება გზაგამყოფებს, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი მოუმზადებელი და დაუხვეწავი იყო. როგორც საკრებულოს დეპუტატი, თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი სახით წარმოდგენილი პროექტის. პრაქტიკულად, გზაგამყოფის მშენებლობა ჭავჭავაძის ქუჩაზე დაუმთავრებელია, აკლია საგზაო ნიშნები, რომლებიც, აკრძალავს გზაჯვარედინებზე მობრუნებას და საპირისპირო ზოლში გადასვლას. აღნიშნული აკრძალვა გამოიწვია იმან, რომ გზის სავალი ნაწილი არის ვიწრო. ამ მიზეზის გამო გაუმართლებელი იყო გზის გამყოფის მოწყობა ჭავჭავაძის ქუჩაზე. ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო, ავტოტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება ამ ქუჩაზე სახიფათო გახდა. იყო რამდენიმე მძიმე და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო შემთხვევები. თუ ჩაატარებთ კვლევას, დაადგენთ, რომ მძღოლები ერიდებიან აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობას, რამაც გამოიწვია ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული კომერციულ და სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლების და შესაბამისად, შემოსავალების კლება", _ ამბობს მგელაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოს:

"აღნიშნულთან დაკავშირებით, ალბათ, ყველა პიროვნებას ექნება განსხვავებული აზრი _ ზოგს მოეწონება, ზოგს არ მოეწონება, ეს გემოვნების საკითხიც არის, მაგრამ სამართლებრივი კუთხით, როდესაც ასეთი სახის პროექტები სრულდება, ამას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს საჯარო განხილვები. რამდენად მისაღებია და რამდენად არის მომხრე თვითონ საზოგადოება, ვისაც კონკრეტულად ყოველდღიური შეხება აქვს, ამ ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტთან, მათ უნდა ვკითხოთ, მათ მოეწონებათ თუ არა. ვგულისხმობ იმას, რომ სანამ პროექტი იქნება მიღებული, სანამ იდეაშია, სანამ დამტკიცდება და მოხდება მისი რეალიზება, იქამდე მოხდეს მისი საჯარო განხილვა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ თემების ასეთი სახის საჯარო შეხვედრები და განხილვა არ მომხდარა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ მივესალმები და ვფიქრობ, რომ კანონის დარღვევაა. ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალაქში არის ბევრი ისეთი უბანი, სადაც ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ყოფილი წულუკიძის ქუჩა, ბათუმის ქუჩა, ე. წ. "რუდოს" მიმდებარე ტერიტორია, ჩოხატაურის ქუჩა. ამიტომ ის თანხა, რაც ამაში დაიხარჯა, შეიძლებოდა, რომ სხვა რაღაცას მოხმარებოდა. ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ, შეიძლება, ზოგს მოსწონდეს ქალაქის გალამაზება, მაგრამ ზოგისთვის არაკომფორტული იყოს, იგივე ფეხით მოსიარულეთათვის, ხომ არ ჯობს, გარეუბნები მოვაწესრიგოთ _ იქაც ხომ ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს?!"  _ ამბობს ტრაპაიძე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალაქ ოზურგეთში დოლიძის ქუჩასა და თამარ მეფის მოედანზე გზაგამყოფისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია:

"თამარ მეფის მოედანი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი ზონა გახლავთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების დაყენებამ მოძრაობა ვერ დაარეგულირა. შესაბამისად, მოვამზადეთ პროექტი, რომელიც დოლიძის ქუჩასა და თამარ მეფის მოედანზე გზაგამყოფის და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას ითვალისწინებს. ხსენებული პროექტი ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის. დოლიძის ქუჩაზე არსებულ გზაგამყოფზე რამდენიმე გადასასვლელი გაკეთდება, რომლითაც განსაკუთრებული საჭიროების პირებიც ისარგებლებენ. უსაფრთხოების კუნძულები კი უნიკალური ჯიშის მცენარეებით გამწვანდება და თამარ მეფის მოედანი ესთეტიკურად მიმზიდველი გახდება", _ აღნიშნულია ქალაქ ოზურგეთის მერის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში, სოფელ იგოეთთან, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, ხანძარია _ ცეცხლი
გურია ნიუსი ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას გაყიდული ფართი სადაო გახდა 
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები აზრთა სხვადასხვაობისა და
ამ წუთებში, "გურია ნიუსის" კორესპონდენტი სოფელ შრომის ერთ-ერთ უბანში, ზედობანში
დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი შეხვედრა
როცა ცივი ჰაერი თბილი წყლის ზედაპირზე მოძრაობს იგი შთანთქვს რა