მთავარი თემა

ექსკლუზივი - არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

თამთა კაკაურიძე  2016-12-19 00:02:01

"ამან მე ბავშვობის ძმაკაცი მომიკლა"; "ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა";  "დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს"; "ეს არის დამნაშავე, აბა, მე ხომ არ ვარ?!" "ბატონო მოსამართლე, სროლა კარგად შეუძლია",_ ეს ფრაზები სხვადასხვა პროცესზე დაკითხვისას მოწმე შოთა შანიძეს ეკუთვნის.

2016 წლის 1 დეკემბერს, შოთა შანიძე 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, გამსახურდიასა (პეკინი) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიკითხა. შანიძე საქმეში მთავარი მოწმეა.

ამ დაკითხვიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის 8 დეკემბერს, შოთა შანიძე ასევე მთავარ მოწმედ უკვე 2005 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, გამსახურდიას (პეკინის) ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხეს.

ზემოთ აღნიშნულ მკვლელობებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, თუმცა ორივე შემთხვევაში, პროკურატურა ამტკიცებს, რომ საქმე გახსნილია და დამნაშავე პირები დაკავებულები არიან.

ორივე მკვლელობის საქმე გახმაურებულია. მკვლელობის მოწმეები ერთიდაიგივე პირები არიან. საქმის პროკურორიც ერთია.

პრეისტორია

2004 წლის 27 ოქტომბერს, გამსახურდიასა (პეკინი) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური დაჭრეს. ოთხმეზური საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 2016 წლამდე მკვლელობა გაუხსნელი იყო. 2016 წლის 29 მარტს, მთავარი პროკურატურის  გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობა გახსნილია და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძეა დაკავებული.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან, 5 დღეში, 2016 წლის 4 აპრილს, პროკურატურა უკვე 2005 წელს მომხდარი, ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

ორივე საქმის მთავარი მოწმე ამჟამად პატიმრობაში მყოფი შოთა შანიძეა. ორივე საქმეს ერთი პროკურორი _ ამირან გულუაშვილი ჰყავს.

ამავე საქმეებში მოწმის სახით გამოდის გიორგი მორჩილაძე, რომელიც შოთა შანიძესთან ერთად ერთ-ერთ საქმეში მსჯავრდებული იყო, თუმცა უკვე გათავისუფლებულია.

შანიძე და მორჩილაძე, როგორც ისინი თავად აცხადებენ, ბავშვობის მეგობრები არიან. ზემოთ აღნიშნული მკვლელობების დროს კი, ერთად იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამოძიებისას მიცემული ჩვენებების დროს, 2015 წელს, შანიძე და მორჩილაძე ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს ფაქტი  გიორგი მორჩილაძემ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე თავად დაადასტურა.

საეჭვო წარსულის "ოქროს მოწმეები"

"თქვენ ამ საქმის ოქროს მოწმე, მთავარი მოწმე ხართ", _ ასე მიმართა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მოწმე შოთა შანიძეს 2016 წლის 13 დეკემბერს, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე. მოსამართლის ეს დამოკიდებულება კი, შანიძის პასუხებმა გამოიწვია, რომელიც აღელვებული ჰყვებოდა, როგორ მოუკლეს ბავშვობის მეგობარი. თუმცა, საქმის დეტალების გაცნობამდე, გავარკვიოთ ვინ არის შოთა შანიძე.

შოთა არჩილის ძე შანიძე (ზედმეტი სახელი "შიტკა"), დაბადებული 1989 წლის 18 მაისს, არაერთგზის ნასამართლევი ხულიგნობის, ძარცვის, მკვლელობებისთვის, სასჯელს იხდის ყველაზე მკაცრ, მე-6 დაწესებულებაში.

მის შესახებ ინტერნეტში არაერთი საინტერესო მასალა იძებნება. პირველად მისი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი სიონის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გახდა. 2008 წლის 31 აგვისტოს დაბა სიონში ადგილობრივებსა და დამსვენებლებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ორი მათგანი - დავით ზურაბიშვილი და ზურაბ მიქაბერიძე გარდაიცვალა, ნუკრი ქავთარაძე კი დაიჭრა. აღნიშნულ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი შოთა შანიძე დააკავეს, რომელსაც სასჯელის სახით, მოგვიანებით, 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, რამდენიმე ამნისტიის შემდეგ შანიძის სასჯელი საგრძნობლად შემცირდა.

ამჟამად კი, შანიძე 2014 წლის 4 მარტს სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მომხდარი გიგა ფარტენაძის გახმაურებული მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

ამ მკვლელობებამდე, შანიძის სახელი და გვარი სამართალდამცავებისთვის კარგად იყო ცნობილი. შანიძე, 2005-2006 წლებში არაერთგზისაა ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობის და ძარცვისთვის, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში დევს და სასამართლო პროცესებზეც გამოიკვლიეს.

გარდა ამისა, 2005 წელს, ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე შოთა შანიძე ხულიგნობის და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს; თუმცა, იმის გამო, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო, შანიძე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პარტიმრობიდან ყოველგვარი თავდების გარეშე გაათავისუფლა. სწორედ ამ მკვლელობის საქმეზე გამოვიდა შანიძე მთავარ მოწმედ 2016 წლის 13 დეკემბერს. იგივე ბრალდება ჰქონდა წაყენებული შანიძეს 2006 წლის 15 მარტს, გამრეკელის ქუჩაზე მომხდარი თეიმურაზ კეშელავას მკვლელობის საქმეზეც. შანიძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში და გამოძიების შეცდომაში შეყვანაში ედებოდა. თუმცა მისი დანაშაული აქაც ვერ დაამტკიცეს.

შედარებით მწირი ინფორმაცია იძებნება მეორე მოწმე, გიორგი მორჩილაძის შესახებ, რომელიც შანიძესთან ერთად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხმეზურისა და გურაბანიძის მკვლელობების მთავარი მოწმეა.

ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში მოთავსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მორჩილაძე 1988 წელს არის დაბადებული. სასჯელს შანიძესთან ერთად სიონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იხდიდა, თუმცა, იმის გამო, რომ გასროლა შანიძის მიერ მოხდა, მორჩილაძეს ამ საქმეზე გაცილებით მცირე სასჯელის მოხდა დაეკისრა. გათავისუფლების შემდეგ, მორჩილაძეს სამართალდამცავებთან ურთიერთობა კიდევ რამდენიმე საქმეზე მოუხდა. კერძოდ, 2013 წელს ნარკოტიკების შენახვისთვის, მოგვიანებით კი, ავტომანქანის გატაცებისთვის, რისთვისაც ძებნილიც იყო.

შანიძეს და მორჩილაძეს წარსულში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ოთხმეზურისა და გურაბანიძის მკვლელობების საქმეზე სასამართლოში დაკითხვისას ადვოკატებმა რამდენჯერმე ჰკითხეს. თუმცა, იმის გამო, რომ პროკურორმა ადვოკატის კითხვა გააპროტესტა, მათ ნასამართლეობას, აღნიშნული მკვლელობების საქმეებთან კავშირი არ აქვსო, მოწმეებს დეტალურად არ უსაუბრიათ. თუმცა, ორივე მათგანი ადასტურებს, რომ არაერთგზის ნასამართლევები არიან. რამდენიმე საქმეზე კი, მათი პროკურორი  ამირან  გულუაშვილი იყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე დაკითხვისას, გიორგი მორჩილაძემ დაადასტურა, რომ ორჯერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, სასჯელისგან სწორედ ამირან გულუაშვილის მიერ დაყენებული საპროცესო შეთანხმებებით გათავისუფლდა.

"გურია ნიუსთან" საუბრისას, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხევდველობის სამმართველოს პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ მოწმეების წარსული ამ საქმეებთან კავშირში არ არის და საინტერესოც არაა.

ჩვენს კითხვაზე: რატომ არიან ორივე მკვლელობის მთავარი მოწმეები არაერთგზის ნასამართლევი პირები და რას უპასუხებს ის ადვოკატის ეჭვს, რომ პროკურატურა საქმეების გახსნას ამ პირების მეშვეობით სპეციალურად ცდილობს, გულუაშვილი გვპასუხობს:

 "შოთა შანიძის და გიორგი მორჩილაძის გარდა საქმეში არიან სხვა თვითმხილველებიც, რომლებიც ამ მკვლელობებში ბრალდებულების ბრალეულობის საკითხს ადასტურებენ. მათი წარსული ნასამართლეობა მნიშვნელვანი არ არის. ვიცი, რომ ბრალდებულის ადვოკატს ბევრი ინფორმაცია აქვს მოკვლეული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რაიმე ეჭვი ჩნდება, ამას მოსამართლე განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინებს", _ აღნიშნავს გულუაშვილი.

გარდა ნასამართლეობისა, ბრალდებული პირების ადვოკატები აღნიშნავენ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს შანიძის მიმართ ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც. მათი განმარტებით, შანიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. "გურია ნიუსისთვის" მოწოდებული დოკუმენტაციიდან (მასალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, ავტ.) ირკვევა, რომ შოთა შანიძეს "უცნაური ქცევები" 9-10 წლის ასაკიდან გამოუვლინდა. სხვადასხვა პერიოდებში მკურნალობდა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან. ექსპერტიზის დასკვნებით საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას. რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობაც.

 ექსპერტიზის ერთ-ერთი დასკვნიდან ვკითხულობთ: "შოთა შანიძეს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა", თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, მისი ქცევა "ფსიქიკური დაავადებებისთვის დამახასიათებელ დინამიკაში, ფსიქიკურ აშლილობათა  ცნობილი ფორმების კლასიკურ სურათში არ თავსდება და უნდა შეფასდეს როგორც დაყენებითი (სიმულაციური)".

ექსპერტიზის კიდევ ერთ დასკვნაში, რომელიც 2016 წელს ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარდა შანიძე ამბობს:

"მესმის რომ აინტერესებთ დაადგინონ იმ პერიოდში როგორ აღვიქვამდი და ახლა ჩვენების მიცემა თუ შემიძლია, გეტყვით რომ როდესაც მაგ ამბავს შევესწარი ვიყავი 15-16 წლის არაადეკვატური და არანორმალური ნამდვილად არ ვყოფილვარ არ ვმალავ რომ ციხეში მოხვედრის შემდეგ ვცდილობდი თავი ვადმყოფად მომეჩვენებინა, ამით სასჯელი ამერიდებინა, ეს თქვენ ხომ იცი. არცერთი თქვენი დასკვნა არ ადასტურებს ჩემს შეურაცხადობას. რასაც ექიმებს ვეუბნებოდი, მათ შორის ბოლო წლებში ხმები და მსგავსი რამე არასდროს არ მქონია, უბრალოდ ვეწეოდი სიმულიაციას და თან ვიცი როგორ უნდა მოვაჩვენო თავი, როცა საქმე ეხება მეხსიერებას, აღქმას, კონცენტრაციის უნარს სადაც გინდათ იქ შემამოწმეთ, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს", _ ამბობს შანიძე ექსპერტიზის ერთ-ერთ დასკვნაში.

ამასთან დაკავშირებით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. კაკაბაძემ აღნიშნა, რომ შანიძეს არა მარტო ფსიქიკური პრობლემები აქვს, მძიმე ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებს, რომელიც ნარკოტიკების შემცველია.

თუმცა, როგორც პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, შანიძეს არ აქვს ისეთი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუშლის აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.

"ნარკოტიკებთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირები შანიძეს ჩაუტარდა ექსპერტიზა, ისევე როგორც ბეჟანიძეს. ექსპერტი  დავკითხეთ სასამართლო დარბაზში. მისი თქმით, შანიძეს აქვს ორგანული პიროვნული აშლილობა, ეს არის დაავადება, რომელიც არ პროგრესირებს, მაგრამ სულ აქვს და საჭიროებს კონტროლს. თუმცა, დამახსოვრებისთვის, აღქმისთვის, გადმოცემისთვის ამას არანაირი შემხებლობა არა აქვს. როცა დავნიშნეთ ექსპერტიზა, შანიძეს დაესვა ორი შეკითხვა: იყო თუ არა შერაცხადი მაშინ, როცა ოთხმეზურის საქმე მოხდა და ხომ არ აქვს ისეთი სიქიკური დაავადება, რომელიც ხელს შეუშლის მის რაღაცის დამახსოვრებას, აღქმას და გადმოცემას. ექსპერტმა თქვა, რომ მე შერაცხადობაზე ვერ ჩავატარებ ექსპერტიზას, რადგან ეს უნდა ჩატარდეს რაიმე ქმედებასთან დაკავშირებით, ეს უნდა ეხებოდეს შანიძის დანაშაულოსო. რომ მან ჩაიდინა რაღაც ქმედება და ამ ქმედებასთან მიმართებაში უნდა მეკითხებოდეთ იყო თუ არა მაშინ შერაცხადი. შანიძე მოწმეა და მე ვერ ავატარებ მის შერაცხადობაზე ექსპერტიზასო. ჩვენი მეორე კითხვა ეხებოდ _  შეუძლია თუ არა შანიძეს რაიმეს რომ დაინახავს სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და მოყვეს. ამაზე ექსპერტმა თქვა, რომ შეუძლია. ის სიქიკური პრობლემა, რომელიც ანიძეს გააჩნია, არანაირ შემხებლობაში არ არის მის მიერ რაღაც მოვლენების აღქმასთან", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორმა არ უპასუხა ადვოკატის განცხადებას, რომლის თანახმადაც შანიძეს სიმულაციის უნარი აქვს.

"სიმულიანტობასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ რაც გამოვიკვლიეთ ექსპერტი, იქ სიმულიანტობაზე არ გვისაუბრია", _ აღნიშნა გულუაშვილმა.  

რის გამო შეიძლება თანამშრომლობდნენ მოწმეები პროკურატურასთან

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, შანიძისა და მორჩილაძის პროკურატურასთან თანამშრომლობა ეჭვს აჩენს. ადვოკატი ფიქრობს, რომ შანიძე თანამშრომლობისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლონ.

"სისხლის სამართლის კოდექსის 373 პრიმა მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლოა გადაიხედოს მისი სასჯელი. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამრომლობის შედეგად ირკვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას - მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის, ან სასჯელისგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე. სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შანიძე ამ მიზნით თანამრომლობს გამოძიებასთან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მას წარსულში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, 33 წელიც კი ჰქონდა მისჯილი და სასჯელი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი, კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება შანიძისა და პროკურატურის თანამშრომლობაზე", _ აღნიშნავს კაკაბაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 11-12 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეებში მოწმეებად დაკითხული პირები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ. თუმცა, "გურია ნიუსი" ამის შესახებ კიდევ ერთ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე დასკვნითი სიტყვები ბრალდებისა და დაცვის მხარემ ხვალ უნდა წაიკითხოს, ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეზე კი, ბოლო პროცესი 23 დეკემბერსაა ჩანიშნული.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორების კანდიდატურებზე შეთანხმება მიღწეულია. როგორც გვითხრეს,
"გურია ნიუსის" ვებგვერდზე დამთავრდა გამოკითხვა _ "გადალახავს თუ არა "ეროვნული
ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე დუღილის მაღალი ტემპერატურის გავლენა ლანჩხუთში მკაფიოდ
პოლიტიკური თამაშები და მოსალოდნელი შედეგები -  გვენეტაძის დანიშვნა, შესაძლოა, დროში
ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თომას შტოლნერი, თბილისში კულტურული
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთიანი გუნდი, რომლითაც ასე ამაყობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის