მთავარი თემა

გაუხსნელი მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები _ რატომ დუმს პოლიცია

ჟანა მეგრელიშვილი  2016-12-19 18:05:27

2013 წლის 5 აგვისტოს, ღამის თერთმეტ საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში შემზარავი მკვლელობა მოხდა _ გოჩა გუჯაბიძე საკუთარ სახლთან, დღემდე დაუდგენელმა პირებმა, გვიან ღამით ავტომატებით ჩაცხრილეს.

მიუხედავად იმისა, რომ გოჩა გუჯაბიძის მამას, ვარდენ გუჯაბიძეს მკვლელებთან დაკავშირებით ვერსიები აქვს, რის შესახებაც “გურია ნიუსი“ რამდენჯერმე წერდა, მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

2015 წლის 16 თებერვალს ,24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. “მოიდანახეს“ სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მკვლელების ვინაობა დღემდე დაუდგენელია.

საზოგადოებაში ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ რატომ დუმს აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით პოლიცია და პროკურატურა.

ამ დრომდე ჩუმად იყო გოჩა გუჯაბიძის მამაც, რომელიც „გურია ნიუსს“ დუმილის მიზეზს უმხელს. მისი თქმით, ის გააჩერეს იმ მიზეზით, რომ მისი აქტიურობა სავარაუდო მკვლელებს დააფრთხობდა და ხელს შეუშლიდა საქართველოში მათ თავისუფლად გადაადგილებას.

ვარდენ გუჯაბიძე “გურია ნიუსთან“ დღემდე უცნობ დეტალებზე საუბრობს _ ის იმ ადამიანების სახელს და გვარებს ასახელებს, ვინც, მისი მტკიცებით, გოჩა გუჯაბიძის მკვლელობაში ურევია, შემკვეთია და შემსრულებელია.

უდანაშაულობის პრეზუმციის გათვალისწინებით, ჩვენ გუჯაბიძის მიერ დასახელებული პიროვნებების ვინაობას არ ვასაჯაროებთ.

“დაახლოებით, ერთი წლის წინ, გამაფორმებინეს იარაღი, გადამახდევინეს ფული, გამიშვეს ბათუმში. ჩამოვედი თუ არა სახლში, იმ დღესვე დამიბარეს პოლიციაში,. რა ხდება-მეთქი, _ ვიკითხე. მითხრეს, რომ ეს იარაღი ვანო მერაბიშვილს დაეკარგა და დაინტერესდნენ, საიდან გაქვსო. დამიჭირეთ,-მეთქი, _ ვუთხარი. ეს, ალბათ, კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ გავჩუმებულიყავი. ვუთხარი პოლიციას, რომ ჩემი თავის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებდი _ შეიძლებოდა, იური ვაზაგაშვილის ბედი გამეზიარებინა. აქამდე ჩუმად ვიყავი, ჩემთვის ვმუშაობდი, რომ გავსულიყავი ჩემი შვილის მკვლელებზე. პოლიციას ვეუბნები პირდაპირ ყველაფერს _ ეს ასეა, ამ დღეს, ამ დროს, ამ ადგილზე ამ ადამიანის დაკვეთით, ამ შემსრულებლებმა ჩაცხრილეს ჩემი შვილი.
ემუქრებოდა კიდეც პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი შავიშვილი ჩემს შვილს, თუ არ გინდა, პრობლემები შეგექმნას, დატოვე საქართველოო.

ვერ შევასმინე პოლიციის ვერც ერთ უფროსს ვერაფერი, ვეუბნებოდი, საქმეს თქვენ არ იძიებთ, ჩამოვა ჩემი შვილის მკვლელი თურქეთიდან და მისი ფეხით მივა პოლიციაში,-მეთქი?
მივედი ახალ პროკურორთან და მოვუყევი. მომისმინა და მითხრა, მოვა გამომძიებელი და დაგკითხავსო. არავინ მოსულა საერთოდ, ამბავიც არ უკითხავთ. რაც პოლიციაში უფროსები და მოადგილეები შეიცვალნენ ამ ბოლოს, მას შემდეგ აღარ მივსულვარ _ არც ერთს არ ვიცნობ და არც თავად გამოუჩენიათ ინტერესი. მე თუ არ დავაძალე, არც პროკურატურა და არც პოლიცია არ ინტერესდება. მე თუ არ ვიაქტიურებ, ამათ „აწყობთ“. შემომითვალეს, ნუ აქტიურობ, ამით უფრო აფრთხობ მკვლელებსო.

მე ფიცი მივეცი ჩემს შვილს და ის უნდა ავასრულო, მთლად რომ ჩამცხრილონ, ამ საქმეს ნათელს მოვფენ. 80 წლის გავხდები 13 თებერვალს და ჩემს შვილს კიდევ ვჭირდები. აქამდე თუ ერთ პიროვნებაზე მქონდა ეჭვი, ახლა სხვებიც იკვეთებიან _ ე. გ. და ა. ა., რომლებიც უშიშროებიდან არიან ჩანერგილები და გაიშიფრნენ. ესენი დამკვეთები არიან, შემსრულებელი კი ჩემი სოფლელი გ. ს.-ია. მას ჩემმა შვილმა აჩუქა ვინჩესტერი და ამ ვინჩესტერით ჩაცხრილეს ჩემი შვილი, სამი ტყვია ესროლეს, შემდეგ ავტომატის ჯერი დააცალეს.
წინა ღამით იყო ძველ საავადმყოფოსთან შელაპარაკება და ასე ვთქვათ, „საქმის გარჩევები“, ვისთანაც იყო ეს „გარჩევები“, იმათ პოლიციამ ვერ დაუმტკიცა _ ძმები არიან დ. კ და ა. კ. გომისმთაზე ნახეს იმ ღამეს, ის ჩემი სოფლელიც დაკითხეს, მაგრამ ჩემთან არ მოსულა დასალაპარაკებლად. მართალი რომ იყოს, ხომ მოვიდოდა? მემალება!“

ვარდენ გუჯაბიძე სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც საუბრობს:

“გეცოდინებათ, ახალგაზრდა ბიჭის ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობის ამბავი, რომელიც ზუსტად იმავე მეთოდით არის ჩაცხრილული, ისიც სასაფლაოზე.

მანამდე ირაკლის მამა მოვიდა ჩემთან და მითხრა, ჩემს შვილს შენი ნახვა უნდაო. თავს ვიკავებდი, ისე ცუდად მიხასიათებდნენ. ვფიქრობდი, არ ვიცნობ და ჩემთვის სასიკეთოს რას მეტყვის,-მეთქი, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და შევხვდი:

მითხრა, მე შენი ახლობელი ვარო და მომიყვა გოჩას ამბები. ის პიროვნებები ჩამომითვალა ყველა, ვისზეც მე ეჭვი მქონდა, ესენი არიან გარეული შენი შვილის მკვლელობაშიო. შემდეგ მანქანაში ჩამსვა და ყველა მათგანის სახლები მანახა. თუ მეტყვი, მკვლელის თავს ტომარაში ჩადებულს მოგიტანო, _ მითხრა. გადავირიე _ ცოცხალი უნდა ვნახო ჩემი შვილის მკვლელი და მე თვითონ უნდა გავუსწორდე,-მეთქი. კარგიო, _ დამთანხმდა.

გადის რამდენიმე დღე და ვიგებ, ირაკლი კვაჭანტირაძე მოკლეს. ჩემთან სიახლოვეს დავუკავშირე ეს ამბავი. მკვლელობის ამბის შემდეგ კი ჩემი ოჯახის წევრი ჩემს ტელეფონში მესიჯებს კითხულობდა _ მე არ ვიცოდი მესიჯების წაკითხვა. მოსულია ირაკლისგან რამდენიმე შეტყობინება: “ვარდენ ძია, ირაკლი ვარ, შენი ნახვა მინდა, მითხარი დრო, ადგილი.“ ამ მესიჯიდან მეორე თუ მესამდე დღეს ირაკლის სამძიმარზე მივედი.
ასეთი დამთხვევა შეიძლება? მოკლეს ზუსტად ისეთივე ვინჩესტერით, როგორითაც გოჩა. მივედი გამომძიებელთან და ვუთხარი, ასეა,-მეთქი. ექსპერტიზის პასუხს ველოდები და თუ დადგინდა, რომ ვინჩესტერით არის ჩადენილიმკვლელობა, დაგიძახებთო. არავის მოუკითხავს მერე ჩემთან ეს ამბავი.
ირაკლიმ იცოდა გოჩას მკვლელები სად და რომელ ბინაში იმალებოდნენ, ჩემთვის უნდოდა ეს ეთქვა და ამიტომაც მოიშორეს. ვინ იცის, იქნებ, ჩემი მოშორებაც უნდოდათ.

ვისაც პოლიცია აბრალებს კვაჭანტირაძის მკვლელობას, იმ ბიჭის სახლიც მანახა ირაკლიმ, მაგრამ ის გოჩასთან ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო“, _ ამბობს ვარდენ გუჯაბიძე მისი შვილისა და მკვლელობის სავარაუდო დამკვეთს შორის დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს.

„ე.გ. ადრე ქურდული სამყაროს მიმდევარი იყო. საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად ჩაერთო "ნაცმოძრაობის" სასარგებლო მუშაობაში. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებასაც "დავერბოვკებული" ჰყავდა და ამუშავებდა, ასე ვთქვათ, "ნასედკა" იყო. მე შემიძლია, მოგიყვანოთ ფაქტები, ა. ა. როგორ დადიოდა საპარლამენტო არჩევნებზე პატიმრების ოჯახებში და როგორ თხოვდა "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმების შეგროვებას. სამაგიეროდ, პატიმრების სახლში გამოშვებას ჰპირდებოდა; ეუბნებოდა მათი ოჯახების წევრებს, რომ ეს ამბავი პოლიციასთან შეთანხმებული იყო და თვითონ იყო ამ საქმის "ატვეჩაი". ასევე, მუშაობდა ტაქსისტებთან _ ჰყავდა დაქირავებული სპეციალური ტაქსი, რომელსაც ამ ოჯახებში აგზავნიდა და აფრთხილებდა, რომ "5"-იანი შემოეხაზათ, თუ უნდოდათ, რომ მათი შვილები სახლში ციხიდან უვნებელი დაბრუნებულიყვნენ. რამდენიმე კაცი სახლში კი მიუვარდა იმის გამო, რომ ვერ შეასრულა პირობა. ასე ატყუებდა ოჯახებს არჩევნების დროს.

ჩემი შვილი რომ გამოვიდა ციხიდან, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ პირადი პატიმარი იყო, დაუბარებია ე. გ-ს და კატეგორიულად დაუსვამს საკითხი, სადაც მე ვიქნები, იქ არ გამეკარო, პოლიციის "ნასედკა" ხარო. გაურჩევიათ საქმე, გაამტყუნეს ე. გ. და გააფრთხილეს, არაფერში ჩაერიო და ჩუმად იყავიო. ამის შემდეგ იბარებდა გოჩა თურმე ე. გ-ს, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. თუმცა, მალე ისე მოკლეს გოჩა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ერთი კი მითხრა _ მამა, რასაც გეუბნებოდიო...

ყველას გააგებინეთ, რომ ვიცი, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი და პოლიცია დუმს. დამეხმარეთ სიმართლის დადგენაში. მე, მოხუც მამას მხოლოდ იმიტომ მინდა სიცოცხლე, რომ ჩემს შვილთან პირნათელი წავიდე საფლავში“.

შსს-ში აღნიშნულ მკვლელობებთან დაკავშირებით აცხადებდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით და გამოძიებას აწარმოებს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო.

თუ რა ეტაპზეა გამოძიება, დღეს შსს პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული საქმეები ძალიან ძველია და ინფორმაციისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უნდა მივმართოთ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გასულ ორშაბათს, ოზურგეთში, მედიისა და საზოგადოების
წელს, პირველკლასელები ბუკების ნაცვლად საჩუქრად Netbook-ს მიიღებენ. ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 46
136 ობიექტში არაკრიტიკული, 6 რესტორანში კი კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა სურსათის
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.გაჩეჩილაძეს ამ ინფორმაციის
15  ივნისის არჩევნების მთავარ თემად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული კადრები
მარტვილის 65-ე ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე ერთი რეგისტრატორის მიერ რამდენიმე