მთავარი თემა

12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები

თამთა კაკაურიძე  2016-12-22 00:05:57

შოთა შანიძე, გიორგი მორჩილაძე, ჯიმი მაჩაბელი, არჩილ ნასრაშვილი, ლევან ბოჭორიშვილი _ ესენი ის პირები არიან, რომლებიც, მათივე მტკიცებით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, გამსახურდიასა (პეკინის) და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის  შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობას შეესწრნენ.

ხუთივე პირი ამბობს, რომ დავით ოთხმეზური მათი უახლოესი მეგობარი იყო, თუმცა, ერთადერთი ადამიანი, ვინც დაჭრილი ოთხმეზური საავადმყოფოში გადაიყვანა ჯიმი მაჩაბელია. მასთან ერთად მყოფი არჩილ ნასრაშვილი კი ამ პერიოდში გაქცეულ დამნაშავეს ეძებდა. დანარჩენები მეგობრის დაჭრის ფაქტს თვალს შორიდან ადევნებდნენ და მასთან მისვლის სურვილი არ გასჩენიათ. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ზემოთ აღნიშნულმა პირებმა ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე განაცხადეს.

შანიძე, მორჩილაძე და ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 2004 წელს, ოთხმეზურის დაჭრის შემდეგ, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის სურვილიც არ გასჩენიათ, მხოლოდ 2015 წელს გადაწყვიტეს გამოძიებისთვის ჩვენება მიეცათ.

საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის თქმით,  აღნიშნულ პირებს გამოძიებასთან თანამშრომლობა ოთხმეზურის დაჭრაში ბრალდებულის „გავლენიანი ნაცნობების“ გამო შეეშინდათ, თუმცა, პროკურორის თქმით, ზემოთ აღნიშნული პირების სანდოობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ამის გამო არ უნდა დადგეს.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ბრალდებულის ადვოკატს. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქმეში აღნიშნული პირების 12 წლის შემდეგ გამოჩენა გარკვეულ ეჭვებს აჩენს. ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურატურა ოთხმეზურის მკვლელობის გახსნას „დაქირავებული მოწმეებით“ ცდილობს.

ადვოკატი მოწმეების სანდოობის საკითხზე საუბრისას ყურადღებას მათ არაერთგზის ნასამართლეობასთან დაკავშირებითაც ამახვილებს და ამბობს, რომ ასლან ბეჟანიძისთვის მკვლელობის დაბრალების შემდეგ მათმა ნაწილმა პროკურატურისგან გარკვეული შეღავათები მიიღო.

კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს ის, რომ ოთხმეზურის მკვლელობის ორი მთავარი მოწმე - შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე, რომლებმაც უშუალოდ დაადეს ხელი ბრალდებულ ასლან ბეჟანიძეს, სხვა მკვლელობის საქმეშიც მთავარი მოწმეები არიან, რის შესახებაც „გურია ნიუსი“ ცოტა ხნის წინ წერდა.

როგორ მოხდა ისე, რომ 2004-2005 წლებში შანიძე და მორჩილაძე ორ მკვლელობას შეესწრნენ, თუმცა, მათ 2015 წლამდე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურისთვის არ მიუმართავთ, კითხვაზე პასუხი არ არის.

2016 წლის 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი დარახველიძის წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ. პროცესს ესწრებოდა ბრალდებული ასლან ბეჟანიძეც, რომელსაც საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება მის ადვოკატს და რაიმეს დამატება არ სურს.

პროკურორი ამირან გულუაშვილი 11-გვერდიან დასკვნით სიტყვას 32 წუთისა და 9 წამის განმავლობაში კითხულობდა. დაცვის მხარეს კი, საკუთარი არგუმენტების დასამტკიცებლად და 80-გვერდიანი დასკვნითი სიტყვის წასაკითხად 3 საათი და 28 წუთი დაჭირდა.

დანაშაულის მოტივი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით (პროკურატურის ინფორმაციით, ოთხმეზურმა ბეჟანიძეს ტელეფონი სთხოვა დასარეკად, ავტ.)  კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ  დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი  გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

2016 წლის 26 მარტს ასლან ბეჟანიძე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას  შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.   

დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვს ბრალდებულის ადვოკატს. ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია დანაშაულის მოტივი. როგორც კაკაბაძემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, დაკითხულ პირთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დავით ოთხმეზურს მობილური ტელეფონი თავადაც ჰქონდა.

„არ არის დადგენილი დანაშაულის მოტივი. არ არის წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ ასლან ბეჟანიძეს ჰქონდა ოთხმეზურის მოკვლის მოტივი. საქმეში არ დევს სატელეფონო ანძების ამონაწერი, საიდანაც დადგინდებოდა თუ რომელ მათგანს ჰქონდა ტელეფონი; ასევე დადგინდებოდა ასლან ბეჟანიძე ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იმ ტერიტორიაზე შემთხვევის დროს. სამაგიეროდ, გამოძიება ეყრდნობა მრავალგზის ნასამართლევ პირებს, რომლებსაც 12 წლის შემდეგ გაახსენდათ რომ მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ“, _ აცხადებს კაკაბაძე.

12-წლიანი გამოძიების შედეგი

პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ოთხმეზურის მკვლელობის  ფაქტზე  გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე  ვერ გახსნეს.  მისივე თქმით, დანაშაულის გახსნა 12 წლის შემდეგ კონკრეტული პირების გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ მოხერხდა.

"სამწუხაროდ, დავით ოთხმეზურის მკვლელობის შემდეგ ასლან ბეჟანიძე წარმატებით არიდებდა თავს სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების დაწყებიდან დღემდე დუმილის უფლებას იყენებს", _ აღნიშნა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში. მისივე განმარტებით, დაცვის მხარის მთავარ სამიზნეს სწორედ ეს მოწმეები წარმოადგენენ.

თუმცა, ბრალდებულ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას ხელს არაფერი უშლიდა, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მომხდარი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა, მაშინ როდესაც უამრავი პირი იმყოფებოდა ადგილზე.

არ არის ამოღებული შემთხვევის იარაღი ასლან ბეჟანიძის სახლიდან.

არ არის ამოღებული ასლან ბეჟანიძის ტანსაცმელი. არ არის ჩატარებული გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ან რაიმე სხვა სახის ექპერტიზა; არ არის მოპოვებული არანაირი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ასლან ბეჟანიძის კონკრეტულ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებს. არ არის დაკითხული გამომძიებელი ალავიძე, რომელმაც ჩაატარა საქმესთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც გამოძიების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უშლიდა ხელს თავის დროზე გამოეძიებინათ კონკრეტული საქმე და რეალური დამნაშავე მოეძებნათ დანაშაულის ჩადენის დღესვე, _ ამბობს ადვოკატი.

მოწმეები საეჭვო კითხვის ნიშნებით

შოთა შანიძე, გიორგი მორჩილაძე, ჯიმი მაჩაბელი, არჩილ ნასრაშვილი, ლევან ბოჭორიშვილი, - ესენი ის პირები არიან, რომლებიც მათივე განცხადებით 2004 წელს ოთხმეზურის დაჭრის ფაქტს შეესწრნენ. პროკურატურის გამოძიების შედეგიც სწორედ მათ ჩვენებებს ეყრდნობა. თუმცა, ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ 12 წლის შემდეგ, საქმეში გამოჩენილ ახალ მოწმეებზე დაყრდნობით განაჩენი არ უნდა დადგეს. მეტიც, ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეების ნაწილის შემთხვევის ადგილზე ყოფნაც კი,  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა მოწმეები მას შემდეგ დაიკითხნენ, რაც 2015 წელს შოთა შანიძემ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, მკვლელობის მთავარი მოწმეები - შოთა შანიძე, და გიორგი მორჩილაძე, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან.

ადვოკატის ეს მოსაზრება ერთ გარემოებას ემყარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ინტერნეტში დღესაც დევს. კერძოდ, 2004 წლის 4 ოქტომბერს, შოთა შანიძეზე თავდასხმა მოხდა, მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, შანიძეს მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის მოტეხილობებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.  აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში დაკითხვისას, ადვოკატმა შანიძეს ჰკითხა, მოხდა თუ არა მასზე თავდასხმა, შანიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ არ ახსოვს.

„დაკითხისას დავუსვი კითხვა -  2004 წლის 4 ოქტომბერს თავს დაესხნენ თუ არა მას პოლიციელები და მიაყენეს თუ არა მრავლობითი მოტეხილობები, ყბა-სახის დეფორმაცია და ა.შ. თუმცა კითხვა განრიდებულ იქნა. მას შემდეგ რაც მე სასამართლოს ავუხსენი ამ კითხვის მნიშვნელობა, მოწმემ მიპასუხა, რომ არ ახსოვს. წარმოუდგენელია დავუჯეროთ მოწმეს, რომელსაც არც კი ახსოვს სასიკვდილოდ თავს დაესხნენ პოლიციელები თუ არა. წარმოუდგენელია ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი ნორმალურ ადამიანს გამორჩეს და ახსოვდეს ისეთი ფაქტი, რომელიც მას საერთოდ არ შეხებია“, _ ამბობს ადვოკატი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შოთა შანიძე, ისევე, როგორც გიორგი მორჩილაძე და ლევან ბოჭორიშვილი შემთხვევის ადგილზე მყოფ ჯიმი მაჩაბელს და არჩილ ნასრაშვილს, 2004 წლის 27 ოქტომბერს, ოთხმეზურის დაჭრის დროს, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩებზე არ უნახავთ. როგორც მოწმეებმა ჩვენებების მიცემისას აღნიშნეს, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. მათივე მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ყველა ეს პირი შემთხვევის ადგილთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, არც ოთხმეზურის დაჭრამდე და არც შემდეგ, როცა მათი ნაწილი დაჭრილი მეგობრის შველას ცდილობდა, ნაწილი კი, გაქცეულ დამნაშავეს ერთსა და იმავე ადგილზე ეძებდა, ერთმანეთი არ უნახავთ.

გარდა ამისა, მოწმეებმა  სხვადასხვაგვარად უპასუხეს ადვოკატის კითხვას, იმყოფებოდა თუ არა მკვლელობის საქმეზე დაკითხული კიდევ ერთი მოწმე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილი შემთხვევის ადგილზე. მოწმეებმა, გიორგი მორჩილაძემ და შოთა შანიძემ აღნიშნეს, რომ გამეზარდაშვილი შემთხვევის ადგილთან ახლოს იყო და მას ყველაფერი უნდა დაენახა, თუმცა, თავად გამეზარდაშვილი, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, ამბობს, რომ ოთხმეზურის დაჭრის დროს ის შემთხვევის ადგილის მოპირდაპირე მხარეს, აფთიაქში იმყოფებოდა, რის გამოც, დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს.

მოწმეების ჩვენებების და ადვოკატის ეჭვი  „გურია ნიუსმა“ პროკურორ ამირან გულუაშვილთან გადაამოწმა. მის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

_ რამდენიმე მოწმემ თქვა, რომ იცნობდა შანიძეს, ჰქონდა მასთან მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავთ. თქვენ როგორ ახსით ამას?

_მოდით ასე ვთქვათ. ნასრაშვილმა და ჯიმი მაჩაბელმა თქვა, რომ ჩვენ ვიყავით სახაჭაპურესთან, ვინ იდგა ჩვენგან 5 მეტრში და 10 მეტრში, ვერ ვხედავდით.

_თუმცა, მათ თქვეს, რომ აკონტროლებდნენ სიტუაციას. ნასრაშვილმა თქვა, რომ მასაც უნდოდა ტელეფონზე დარეკვა და დროდადრო იხედებოდა ქუჩაზე, საითკენაც ოთხმეზური წავიდა.

_ხო, კი, კი, აკონტროლებდა. მოდი, ასე ვთქვათ, რატომ უნდა დაემახსოვრებინა ნასრაშვილს, პიროვნება, რომელიც იდგა გვერდით და ვიღაცასთან ლაპარაკობდა, პირობითად. თქვენ ახლა ყველა გახსოვთ, აქ რომ გამოიარეთ, დარბაზამდე სანამ მოხვიდოდით ვინც შეგხვდათ? მე რომ გამოვივლიდი, ალბათ მომაქცევდით ყურადღებას... ნასრაშვილმა თქვა, რომ მე შანიძეს არ ვიცნობო. ალბათ, არც უნდა მიექცია ყურადღება.

_ ვინც იცნობდა, მასაც არ დაუნახავს იქ შანიძე. მაგალითად, მი მაჩაბელმა და ლევან ბოჭორიშვილმა თქვა, ომ იცნობდნენ შანიძეს, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავთ.

_ჯიმი მაჩაბელმა ძალიან ბევრი პირი თქვა. მან თქვა რომ ბოჭორიშვილს იცნობდა, ბეგაშვილი ჩამოთვალა... ორივემ თქვა რომ ვიდექით და ერთმანეთში ვლაპარაკობდით. ერთადერთი ოთხმეზურს ვაქცევდით ყურადღებას, რადგან გადავიდა, ტელეფონზე უნდოდა დარეკვა და ჩვენც გვინდოდა დარეკვაო. მაგ ლოგიკით, 11 წლის წინ ვინ იდგა ჩემთან ახლოს ან თეატრში რომ ვიყავი 2 კვირის წინ, გვერდით ვინ მეჯდა, ან რა ეცვა მახსოვს?!.

_ძალია დიდი განსხვავებაა, ბატონო ამირან, რადგან ისინი არიან მოწმეები მკვლელობის საქმეში.

_ხო, მაგრამ ნასრაშვილისთვის შანიძე ხომ არ არის დამნაშავე? ნასრაშვილს  რატომ უნდა დაემახსოვრებინა შანიძის დგომა 15-20 მეტრში?

_ თუ ის იყო შემთხვევის ადგილზე, რა თქმა უნდა, უნდა დაემახსოვრებინა...

_შემთხვევის ადგილი მდებარეობდა იმათ უკან, 40 მეტრში და როგორ იყო შანიძე შემთხვევის ადგილზე? შანიძე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.

_შანიძე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა?

_შემთხვევის ადგილი სად არის თუ იცით?

_კი, რა თქმა უნდა, ვიცი.

_შანიძე იყო შემთხვევის ადგილიდან, გზის მეორე მხარეს. შემთხვევის ადგილზე შანიძე არ ყოფილა. ის იყო მიმდებარე ტერიტორიაზე.

_თუმცა, შანიძე, ნასრაშვილიც, მაჩაბელიც იდგნენ ერთ მხარეს და ყველა ერთდროულად გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.

_არა, ერთდროულად არა, სხვადასხვა მიმართულებებით წავიდნენ. ეგენი კარგად მოისმინე, ვინ სად წავიდა.

_ბატონო ამირან, ძალიან კარგად მაქვს ჩვენებები მოსმენილი, ამიტომ არის ბევრი კითხვა...

_მესმის, მესმის, მივყვეთ სასამართლო პროცესებს“, _ გვიპასუხა პროკურორმა გულუაშვილმა ერთ-ერთი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„დაკითხული პრაქტიკულად ყველა მოწმე აღნიშნავს, რომ იქ სადაც კონფლიქტი მოხდა, იმ დროს, უამრავი ადამიანი მოძრაობდა, რომ 10-15 წამში ხალხი შეიკრიბა და ა.შ. შეუძლებელია ბრალდების მხარეს ვერ მოეპოვებინა ორი ობიექტური, სარწმუნო მოწმის დამაჯერებელი ჩვენება, რომლებითაც ბრლდების მხარე შემთხვევის დღესვე მიაკვლევდა დანაშაულის ჩამდენ პირს. თუმცა არცერთი დაკითხული პირი ასლან ბეჟანიძეზე არ მიუთითებს!

არცერთი 2004 წელს დაკითხული პირი არ მიუთითებს საქმეში არსებული პირდაპირი მოწმეების: ლევან ბოჭორიშვილის, შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნის არსებობაზე. არც არჩილ ნასრაშვილისა და ჯიმი მაჩაბელის შემთხვევის ადგილზე არსებობაზე მიუთითებს ვინმე... და რაც მთავარია, თავად ეს ახლადდაკითხული მოწმეებიც, რომლებიც ზემოთ ვახსენე, ერთმანეთის შემთხვევის ადგილთან არსებობას ვერ ადასტურებენ“, _ აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი და დასძენს:

„როგორც ჩვენებების ანალიზის დროს აღვნიშნეთ, მოწმეთა ნაწილი კატეგორიულად აცხადებენ და ადასტურებენ კონკრეტულ პირთა შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილთან ყოფნის ფაქტს და მოწმეთა ნაწილი კი კატეგორიულად უარყოფენ. ამის ნათელი მაგალითია შანიძისა და მორჩილაძის ჩვენება, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჯიმი მაჩაბელთან ერთად იდგნენ მისი მეგობრები ასლამაზაშვილი და ბეგაშვილი. ჯიმი მაჩაბელი და არჩილ ნასრაშვილი კი კატეგორიულად უარყობენ ასლამაზაშვილისა და ბეგაშვილის მათთან ერთად დგომის ფაქტს“, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ტარიელ კაკააძე.

გარდა ამისა ადვოკატი ამბობს, რომ „რატომ ვერ დაინახეს მორჩილაძემ, შანიძემ და ნასრაშვილმა ოთხმეზურის მანქანაში ჩასმის მომენტიც, თუ არცერთი მათგანი არ გადევნებია თავდამსხმელს ჩიხში და არ წასულან შემთხვევის ადგილიდან შორს?! თან აქ საქმე ეხებოდა მათ ძმაკაცს, რომელსაც მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები! სრულიად დაუჯერებელია ისიც, რომ ადამიანმა დაინახა, თუ როგორ კამათობს მისი მეგობარი სხვა პირთან, როგორ ურტყამენ მას დანას სასიკვდილოდ  მუცლის არაში, როგორ გადადის ფორთხვით გზის მეორე მხარეს, როგორ სვამენ მას მანქანაში და თვითონ ამ ყველაფერს უყურებენ ისე, რომ ადგილიდან არ იძვრიან“, _ აღნიშნავს ადვოკატი.

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხად არ მოუწვევია ის მოწმეები, რომლებიც დაკითხულ იქნენ შემთხვევის დღესვე ან შემთხვევიდან მცირე დროის განმავლობაში და რომლებსაც ყველაზე ადეკვატური და ზუსტი ჩვენებების მიცემა შეეძლოთ.

„ნაცვლად სარწმუნო მოწმეებისა, ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად მოიწვია პირები, რომლებიც გამოჩნდნენ 11-12 წლის შემდეგ და მანამდე არსად, არცერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაში, არცერთ სხვა მტკიცებულებაში არ ფიგურირებდნენ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს მოწმე ამბობს, რომ მათ არავისთვის მოუყოლიათ რომ ნამდვილად შეესწრნენ მომხდარს და ამის თაობაზე პირველად განუცხადეს გამომძიებელს 12 წლის შემდეგ. ასეთ მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია“, _ აღნიშნავს ბრალდებულის ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ყველა სასამართლოში დაკითხული პირდაპირი მოწმე, მრავალჯერ ნასამართლევია.

 „მათ შორის, შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე დაკითხულ იქნენ პენიტენციალურ დაწესებულებაში. ესენი არიან პირები, რომლებსაც მთელი 12 წლის განმავლობაში არავისთვის უთქვამთ რომ ნამდვილად შეესწრნენ კონკრეტულ ფაქტს. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი დახმარებოდნენ გამოძიებას და მიეწოდებინათ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაცია, იყო ის, რომ გაკეთებოდათ შეღავათები. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი მორჩილაძეს გაუკეთდა კიდეც საკმაოდ სერიოზული შეღავათები და მას რამდენჯერმე ზედიზედ გაუკეთდა საპროცესო შეთანხმება.
ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მოწმე, რომელიც არ იქნებოდა დაინტერესებული მოწმე და რომელიც იქნებოდა ფაქტის ნამდვილი თვითმხილველი. ასევე აღსანიშნავია შოთა შანიძის პიროვნება და მისი მხრიდან ასლან ბეჟანიძის მიმართ აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ დავით ოთხმეზურს
მოკლავდნენ“, _ აღნიშნავს ადვოკატი.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარდა ნასამართლეობისა, კითხვის ნიშნებს აჩენს შანიძის მიმართ ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნაც. ადვოკატის განმარტებით, შანიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. "გურია ნიუსისთვის" მოწოდებული დოკუმენტაციიდან (მასალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, ავტ.) ირკვევა, რომ შოთა შანიძეს "უცნაური ქცევები" 9-10 წლის ასაკიდან გამოუვლინდა. სხვადასხვა პერიოდებში მკურნალობდა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან. ექსპერტიზის დასკვნებით საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას. რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობაც.

 ექსპერტიზის ერთ-ერთი დასკვნიდან ვკითხულობთ: "შოთა შანიძეს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა", თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, მისი ქცევა "ფსიქიკური დაავადებებისთვის დამახასიათებელ დინამიკაში, ფსიქიკურ აშლილობათა  ცნობილი ფორმების კლასიკურ სურათში არ თავსდება და უნდა შეფასდეს როგორც დაყენებითი (სიმულაციური)".

„ოქროს მოწმეების“ შეღავათები

რატომ შეიძლება მოწმეებს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი 12 წლის შემდეგ გასჩენოდათ, ამ კითხვაზე ბრალდებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა „გურია ნიუსთან“ წინა სტატიის მომზადების დროსაც ისაუბრა. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, შოთა შანიძე თანამშრომლობისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლონ, მეორე მოწმემ, გიორგი მორჩილაძემ კი, შეღავათებით უკვე ისარგებლა.

"სისხლის სამართლის კოდექსის 373 პრიმა მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლოა გადაიხედოს მისი სასჯელი. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას - მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის, ან სასჯელისგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე. სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შანიძე ამ მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან

შანიძეს წარსულში არაერთი დანაშაული აქვე ჩადენილი, 33 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა შემცირებული სასჯელით 2 წელიწადში ციხიდან გამოსვლა უწევდა, პენიტენციალურ დაწესებულებაში თანასაკნელი გიგა ფარტენაძე რომ არ მოეკლა. და დღეს პროკურატურა აპირებს, რომ ეს ადამიანი გამოიყენოს სხვადასხვა საქმეებში დანაშაულის გასახსნელად, რასაც აუცილებლად მოყვება მისთვის სხვადასხვა შეღავათები და შოთა შანიძეც, გიორგი მორჩილაძის მსგავსად, მალევე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას", _ აღნიშნა კაკაბაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

„_რაც შეეხება გიორგი მორჩილაძეს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, 2013 წელს ძალიან შეღავათიან პირობებში გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, იმ საქმის პროკურორი იყო ასლან ბეჟანიძის საქმის პროკურორის ბატონი ამირან გულუაშვილი. პროკურორის კითხვაზე თუ რა დანაშაულისთვის გასამართლდა ის ბოლოს, მორჩილაძემ უპასუხა, რომ რესტორანში დააკლდა ფული და მოწმემ დაადასტურა, რომ ამ საქმეშიც მას იმავე პროკურორის მიერ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ანუ, 2013 წლის საპროცესო შეთანხმების შემდეგ, მოკლე დროში, ის კვლავ სჩადის დანაშაულს, საპატიმრო დაწესებულებაში ხელს აწერს ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ წინასწარ შედგენილ ჩვენებას, ჩვენებაზე ხელის მოწერიდან სულ მოკლე დროში კვლავ შეღავათიანი პირობებით უფორმდება საპროცესო შეთანხმება და თავისუფლდება პატიმრობიდან. საყურადღებოა ისიც, რომ  მორჩილაძე და შანიძე ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ შედგენილ ჩვენებაზე ხელის მოწერის დროს  ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს ორი პიროვნება 2008 წელს ერთად გაასამართლეს განზრახ მკვლელობისთვის“, _ აცხადებს ადვოკატი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორი ამბობს, რომ დაცვის მხარის სტრატეგია მოწმეების დისკრედიტაციაა.

"თუ შოთა შანიძემ ინფორმაცია მოგვაწოდა, მისი დაინტერესება იყო, რომ გარკვეული სახის შეღავათი მიეღო, რაც სასჯელის შემცირებაში გამოიხატებოდა, მაშინ რა გვიშლიდა ბრალდების მხარეს ხელს, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად წარმოგვედგინა სასამართლოში, მით უფრო, როდესაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მისი ჩვენება შესაძლოა, ატარებდეს მტკიცებულების ხასიათს?!  რაც შეეხება ნასამართლეობას, როგორც მოწმის სანდოობის კრიტერიუმს, ნასამართლეობის შესახებ მოწმეს კითხვა შესაძლოა დაუსვათ მისი სანდოობის დადგენისას, მისი სანდოობის შეფასებისას, პირის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება დაკავშირებული უნდა იყოს ან იმ დანაშაულთან, რომელთან დაკავშირებითაც მოწმე იკითხება, რასაც ადგილი არ ჰქონია დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით“, _ აღნიშნა პროკურორმა გულუაშვილმა.

დასასრულის ნაცვლად

12-წლიანი გამოძიებას, 9-თვიან სასამართლო პროცესებს, 11 და 80-გვერდიანი დასკვნით სიტყვებს, მოსამართლე გიორგი დარახველიძე ორი დღის განმავლობაში აჯამებდა. საბოლოო გადაწყვეტილებას, ცნობს თუ არა დამნაშავედ 12 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში 30 წლის ასლან ბეჟანიძეს, ხვალ გამოაცხადებს.  თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოლოო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი - არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს მთავარ პროკურატურაში ცვლილებებს ეხმაურება და
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, ე.წ. "კოხას" უბანში 40 ოჯახი ცხოვრობს.
ასე აფასებს თავის ვიზიტს ამერიკაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მისთვის შესვლის აკრძალვას "ფეისბუქის" საკუთარ
"მეჯვარე, რძალი, მამა და სხვები...დანიშვნები აჭარის ახალ მთავრობაში"_ ამ მასალის