კულტურა

ეთნომუსიკოლოგი ქართული მლავალხმიანობისა და ჩოხატაურთან დაკავშირებული გეგმების შესახებ

ქეთევან კუკულავა  2016-12-26 17:49:19

ეთნომუსიკოლოგი, პედაგოგი, ლოტბარი, ხელოვნებათმცოდნე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ხალხური სიმღერისა და საგალობლების ცნობილი შემსრულებელი, მრავალი ექსპედიციის ორგანიზატორი,  სამეცნიერო ნაშრომების ავტორი _  ეს მცირე ჩამონათვალია იმ სტატუსებისა, რომელსაც მალხაზ ერქვანიძე ფლობს. მოკლედ მოჰყვე მის შესახებ ძალიან რთულია. ასევე, რთულია აღწერო მის მიერ გაკეთებული საქმეები. ამიტომ ვარჩიეთ, მისი თქვენთვის უკეთ გაცნობა ინტერვიუთი გვეცადა:

_ ბატონო მალხაზ,  პროფესიის არჩევაში ალბათ მნიშვნელოვანი გავლენა თქვენმა მამამ  ბატონმა ალექსანდრემ მოახდინა. 

_ დიახ, მამაჩემი _ ალექსანდრე ერქვანიძე ცნობილი მომღერალი გახლდათ.   იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში. დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი. მისი ინიციატივით  დაარსდა კულაშის მუსიკალური სკოლა. ხემძღვანელობდა ფოლკლორულ ანსამბლს. წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის თეატრში. მე მამაჩემის დაარსებული მუსიკალური სკოლა დავამთავრე.

_ სკოლის დამთავრების შემდეგ, რა თქმა უნდა, მუსიკის ხაზით წარმართეთ თქვენი ცხოვრება.

_ დიახ, სწავლა განვაგრძე თბილისის  მუსიკალურ სასწავლებელში, რომლის დირექტორი გახლდათ შესანიშნავი მუსიკოსი ქსენია ჯიქია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ  ჩავაბარე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი).  ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო  _ ქართული მუსიკის ბგერათა წყობა. 1990 წელს ჩამოვაყალიბე ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი, პარალელურად  ვხელმძღვანელობდი ბავშვთა გუნდს, ფოლკლორულ ანსამბლს "ძველი კილოები", რომელთანაც რამდენიმე დისკი ჩავწერე. 2007 წელს მამადავითის ტაძარში გადავედი, სადაც ჩემი სტუდენტებისგან, რომლებიც საპატრიარქოსთან არსებულ გალობის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, მგალობელთა გუნდი შევქმენი.

_ ბატონო მალხაზ, როგორც  ცნობილია, თქვენ წლების მანძილზე კონსულტაციას უწევთ  საზღვარგარეთ არსებულ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლებს, რომელი ქვეყნებია ეს და რამ გამოიწვია მათი ასეთი დიდი დაინტერესება ქართული ფოლკლორისა და საგალობლების მიმართ?

_ ეს ქვეყნებია საფრანგეთი, ამერიკა, ინგლისი... რაც შეეხება მათ დაინტერესებას ქართული სიმღერისადმი, ეს არის მისი მრავალხმიანობა, რაც საოცრად მოსწონთ და იტაცებს უცხოელებს. განსაკუთრებით, ის ქვეყნებია დაინტერესებული, სადაც არ არის მრავალხმიანი სიმღერები. ასევე,  განსაკუთრებით იზიდავთ ჩვენი გალობა. ეს ბევრისთვის იმ დონის აღმოჩენა იყო, რომ ზოგმა ცხოვრების წესიც კი შეიცვალა, ირლანდიაში ცხოვრობს ერთი ქალბატონი, რომელიც, იმის გამო, რომ ღვთისმსახურებაში მიეღო მონაწილეობა, მართმადიდებლურად მოინათლა. მსგავსი მაგალითი ძალიან  ბევრია.

_  ამჟამად თქვენ ხელმძღვანელობთ ფოლკლორულ ანსამბლ "სახიობას" და კონცერტებს მართავთ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ამ ანსამბლს და თქვენს უცხოელ მეგობრებს ჩოხატაურელი მსმენელიც იცნობს.

_ დიახ, უკვე მეხუთე წელია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ტრადიციულად, ვაწყობთ სასიმღერო ტურნეს. ვიწყებთ სვანეთით, მერე _ სამეგრელო, აჭარა და ბოლოს, ჩოხატაურში ერთი კვირით დავბანაკდებით ხოლმე. აქ ჩვენი მასპინძელი არის ჩემი მეგობარი ავთო ბაბულეიშვილი, რომელმაც მის მეზობლად ნაკვეთი მაჩუქა, სადაც პატარა სახლის აშენებას ვაპირებ. ძალიან მიყვარს აქაურობა. თავისი არაჩვეულებრივი ბუნებითა და კეთილი ადამიანებით.

_ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენ ერთი წელია კონსულტაციას უწევთ კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ "ამაღლებას".

_ ჩემთვისაც დიდი პატივია, რომ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებთან მიწევს მუშაობა. როცა ჩამოვედი ანსამბლი კარგ დონეზე დამხვდა, შემდეგ ჩვენ უფრო ინტენსიური მუშაობით რამდენიმე ღონისძიებაში წარმატებით მივიღეთ მონაწილეობა. ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე ასევე წარმატება მოვიპოვეთ. თავდაპირველად, მე დამიკავშირდა ანსამბლის ხელმძღვანელი ლალი კორიფაძე და კულტურის ცენტრის დირექტორი თამარ კეკელიძე,  რომლებმაც მთხოვეს ამ ანსამბლისთვის გამეწია კონსულტაცია, რაზედაც, რა თქმა უნდა,  სიამოვნებით დავთანხმდი. გპირდებით,  რომ "ამაღლება" კვლავ მრავალჯერ გაგვახარებს.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები  ჩოხატაურთან დაკავშირებით?

_ სამომავლოდ ვგეგმავთ, ჩოხატაურში დავაარსოთ ქართული ტრადიციული სამუსიკო სკოლა, სადაც ბავშვები საფუძვლიანად შეისწავლიან ქართულ სიმღერა-გალობას, ტრადიციული სისტემის მიხედვით. ასევე, მინდა ანამბლების "სახიობასა" და"ამაღლებას" ერთობლივი კონცერტის ჩატარება და ანსამბლის დისკის პრეზენტაცია.  ძალიან საიტერესო აუდიო და ბიოგრაფიული მასალები მაქვს ღვაწლმოსილი მომღერლისა და ლოტბარის დიმიტრი იმედაიშვილის შესახებ. მინდა ამ არაჩვეულებრივი პიროვნების გახსენების საღამო მოეწყოს. ძალიან მოხარული ვარ,  რომ ჩოხატაურს ასეთი არაჩვეულებრივი ხელოვნების სასახლე აქვს. აქ კონცერტების ჩატარება კი თავისთავად ძალიან პრესტიჟულია.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას დრამატულ თეატრში 148-ე საგაზაფხულო სეზონი ცნობილი დრამატურგის
პოეტი, ჟურნალისტი და ექიმი ნანა ცინცაძე თბილისში დაიბადა. იგი წარმოშობით ჩოხატაურიდან,
პლაგიატის სხვა მრავალი ფაქტის შემდეგ, ქართული კულტურა კიდევ ერთხელ ხდება
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ბათუმში სახელმწიფო ანსამბლ "ბათუმის" 20 წლის
რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის _ „ჰეროკრატია“სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს "იმედისა"
რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა