სპორტი

ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენია

  2016-12-28 16:27:05

26 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. ღონისძიებას სასტუმრო „ჰუალინგმა" უმასპინძლა.

2016 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს გარდა კიდევ სამი ტიტული მოიგო: ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ასევე ევროპის ჩემპიონის ტიტული 23-წლამდელთა შორის. წლის საუკეთესო სპორტსმენს მთავარი ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

დანარჩენ 8 ნომინაციაში გაიმარჯვეს: საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და ქალი - ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა); საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო (კარატე); საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა); საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ძიუდოს ეროვნული ფედერაცია; საუკეთესო გუნდი - კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები; საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა); საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა).

ამას გარდა სპეციალური პრიზები გადაეცათ: საუკეთესო სპორტულ მენეჯერს - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ჯღარკავას; წლის აღმოჩენას - ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს; საუკეთესო ლეგიონერს - კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანს, NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრს ზაზა ფაჩულიას; საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს - მორაგბეთა ახალგაზრდულ ნაკრებს; წლის ბიზნეს კომპანიას - სოკარს; საქართველოს საელჩოს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს გიორგი ჭუმბურიძეს; საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო შტაბს.

საზეიმო გალა-დაჯილდოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

ღონისძიებაში, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვნენ, ანსამბლი „შვიდკაცა", ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, ნატალია ქუთათელაძე, სულხან ჯაიანი და გიორგი გაგნიძე მონაწილეობდნენ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოზურგეთელი კოლორიტის, აწ გარდაცვლილი რენო ურუშაძის სახელობის ტურნირი ბილიარდში ორი
გავიხსენოთ ფეხბურთის ის ვარსკვლავები, რომლებმაც კარიერა ისე დაასრულეს რომ ვერ
საქართველოს ვაჟთა კადეტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინეთის ქალაქ ვანტააში
USA TODAY-ის ინფორმაციით, „ოკლაჰომა სითის“ გამთამაშებელი, რასელ ვესტბრუკი, პირობას დებს,
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ
რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გუშინ დიდი იმედგაცრუება გველოდა. ძიუდოისტთა შეჯიბრებაზე