სამართალი

მეხუთედ მოგებული სასამართლო და განაჩენის აღსრულების მოლოდინი

სოფო წილოსანი  2016-12-29 13:57:41

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო სარჩელი და ძალაში დატოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც  მუნიციპალიტეტის მოქმედ ხელმძღვანელობას დაეკისრა, აღასრულოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის ბრძანება.

საქმე ამირან გიგინეიშვილის მიერ 2014 წლის 20 მაისით დათარიღებულ ბრძანებულებას ეხება, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თანამშრომლებისთვის ერთი თვის ხელფასის ოდენობის დანამატის გაცემას ითვალისწინებდა.

თავდაპირველად, აღნიშნული ბრძანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორჯერ გაასაჩივრა. ორივე ინსტანციის სასამართლომ ის ძალაში დატოვა, მაგრამ ბრძანების აღსრულება მაინც არ მომხდარა.

წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა, ადვოკატის მეშვეობით, წერილობით მიმართეს კიდეც გამგეობას და ითხოვეს ოფიციალური პასუხი _  აპირებდა თუ არა იგი  წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებულების აღსრულებას. თუმცა, ადვოკატის წერილზე გამგეობას პასუხი არ გაუცია. სწორედ, ამის შემდეგ  ყოფილმა დეპუტატებმა ამირან გიგინეიშვილის ბრძანების აღსრულების მოთხოვნით, სარჩელით მიმართეს სასამართლოს.

როცა პირველმა სასამართლო ინსტანციამ აღნიშნული საქმე განიხილა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო, მოულოდნელად საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ გოგი ხელაძემ დავის საგანი, ანუ წინამორბედის ბრძანებულება არ ცნო. როგორც ამბობდნენ,  მას აღნიშნული ბრძანების გაუქმება არ სურდა, მაგრამ რამდენიმე დეპუტატის და გამგებლის ზეწოლის შემდეგ, იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ოფიციალურად არც გამგეობაში და არც საკრებულოში არ ადასტურებენ.

თუმცა, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ხელაძის ბრძანება საქმის გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და  მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, რომელიც  ლანჩხუთის გამგეობამ, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მიუხედავად ამისა, წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს მაინც მოუხდათ კიდევ ერთი საჩივრის შეტანა  ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში _ ისინი ხელაძის ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ.  ამ საქმესთან დაკავშირებითაც სარჩელი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ექს-დეპუტატების სასარგებლოდ გამოიტანა. გოგი ხელაძეს კი საპასუხოდ სასამართლოს ზედა ინსტანციისთვის აღარ მიუმართავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამგეობის მიერ შეტანილი აპელაცია ამის შემდეგ განიხილა და ძალაში დატოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელე მხარე  ამირან გიგინეიშვილის მიერ ორი წლის წინათ გამოტანილი ბრძანების აღსრულებას ითხოვდა.

ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე სარჩელია, რომელიც  მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულომ წააგო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ჩნდება კითხვა _  აპირებს თუ არა აღნიშნული დავის კიდევ გაგრძელებას მუნიციპალიტეტი, ამ ჯერზე უზენაეს სასამართლოში, თუ დანებდება და სადაო თანხას, ბოლოს და ბოლოს, გასცემს? ფაქტია, რომ უზენაესი სასამართლო, როგორც წესი, ასეთ სარჩელს არც იხილავს, მაგრამ დროის გაყვანის ტაქტიკა გვარიანად რომ მოქმედებს ამ საქმეზე, ცხადია.

ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის მისაღებად გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს, შოთა ჩაგუნავას დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, გამგეობას გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია:

"სასამართლო გადაწყვეტილება ორიოდე დღის წინ ჩაგვბარდა, საკითხი განხილვის სტადიაშია, გვაქვს 21-დღიანი ვადა და ვნახოთ, გავასაჩივრებთ თუ არა საქმეს სასამართლოს ზედა ინსტანციაში", _ გვითხრა შოთა ჩაგუნავამ.

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი:

"ეს მეხუთე სასამართლო იყო, რომელმაც თემიდას სასწორი იმავე მხარეს დატოვა, საითაც დანარჩენმა ოთხმა სასამართლომ. გარკვევით რომ ვთქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სარჩელი და ჩემ მიერ 2014 წელს გამოცემული ბრძანება, რომელიც ეხებოდა საკრებულოს თანამშრომლებისა და ბიუროს წევრების ერთჯერად პრემიალურ ანაზღაურებას, ძალაში დატოვა. სიმართლეს რამდენიც უნდა ებრძოლო, ვერაფერს დააკლებ _ მის წინააღმდეგ ბრძოლა წინასწარ განწირულია.

იმედი მაქვს, უკვე სასამართლოს ყველა შესაძლო ინსტანციის ძალით გამაგრებულ ბრძანებას აღასრულებს მუნიციპალიტეტი და გადაწყვეტილების მიმღებები უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არ ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს".

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში, გორის საავამდყოფოში "ქართული ოცნების" არცერთი ნაცემი აქტივისტი არ
თბილისის მერი გიგი უგულავა მოსამართლე გიორგი ჩემიას აკრიტიკებს და აცხადებს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს
თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო, _ აღნიშნულის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ახალგორის
2013 წლის   28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის