საზოგადოება

სჭირდება თუ არა აფხაზეთსა და ცხინვალს ვიზალიბერალიზაცია

ნუცა დავითაშვილი  2016-12-29 17:34:00

ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ, როდესაც ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება შესაძლებელი, მას, როგორც ხელშესახებ შესაძლებლობას, აუცილებლად შევთავაზებთ აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასაც _ ამის შესახებ განცხადება  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმიწფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  გააკეთა.

„მავთულხლართები გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ უშუალოდ იმ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. აუცილებლად გვინდა შევთავაზოთ ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე სარგებელი, ანუ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და არა მხოლოდ _ ასევე ძალიან ბევრი სარგებელი, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, უკავშირდება განათლებას, ჯანდაცვას, უკეთესი მომავლის პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, _ განაცხადა ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

როგორ ისარგებლებენ ვიზალიბერალიზიით აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები მოქალქეები, რომელთაც ქართული პასპორტი არ გააჩნიათ? 
„ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, სადაც საქართველოს იურისდიქცია დღეს არ ვრცელდება, საქართველო, ეგრეთ წოდებულ, სტატუსნეიტრალურ დოკუმენტს სთავაზობს, რომლითაც ასევე შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგზაურობა. სტატუსნეიტრალურ დოკუმენტზე არაა დატანილი არანაირი გამოსახულება, რაც მას საქართველოს მიერ გაცემულ საბუთად წარმოადგენდა. მისი იდენტიფიცირება მხოლოდ სპეციალური კოდის საშუალებით მოხდება, თუმცა, თუ სტატუსნეიტრალური დოკუმენტი ამ დროისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ არაა აღიარებული, შესაბამისად, მის მფლობელს გარკვეული შეზღუდვები აქვს“,_ განმარტავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმიწფო სამინისტრო.

რაც შეეხება იმას, რას ფიქრობენ ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები და ოსები და სურთ თუ არა მათ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით სარგებლობა,  ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი ელიკო ბენდელიანი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ კონკრეტული საინფორმაციო კამპანია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას, არ არის, გარდა ამისა, არ არსებობს ინფორმაციის პირდაპირ მიწოდების გზებიც.
  „როგორ ხედავენ ამ შესაძლებლობებს თვითონ, ამის შესახებ საუბარი რთულია, რადგან თუ ვინმე ხედავს მართლაც პერსპექტივას, ეს, რა თქმა უნდა, არის გასაიდუმლოებული. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ამის შესახებ მოსაზრებებს არ აფიქსირებენ, თუმცა, მე მგონია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში, ესაა გარკვეული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოვიზიდოთ და შევქმნათ მათთვის მოტივაცია, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. რაც შეეხება დაინტერესებას მათი მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესით, ეს მხოლოდ პირად საუბრებში ფიქსირდება. ხშირად სვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვართ, რას ითვლისწინებს, რამდენად რეალურია? თუმცა, ვერ გეტყვით, საკუთარ თავს რამდენად ხედავენ ამ პროცესში”, _ აცხადებს ბენდელიანი.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზალიბერალიზაციის გავრცელების შესაძლებლობას ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში ხედავდა.

ყოფილი მინისტრი netgazet.ge-სთან საუბრისას აცხადებდა, რომ როდესაც ევროკავშირის სიკეთეებით გაჯერდებოდა საქართველოს ტერიტორია, ეს პროცესი ნელ-ნელა გადაიღვრებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მანამდე კი შერიგების პოლიტიკის ხაზი ეკონომიკასა და სავაჭრო ცენტრებზე უნდა გასულიყო.
„აუცილებლად მომწიფდება ვითარება, როცა გაჯერდება ევროკავშირის სიკეთეებით არაოკუპირებული ტერიტორია, სადაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, მერე ეს ნელ-ნელა გავრცელდება, როგორც ჭურჭელი, რომელიც ივსება და მერე იღვრება წყალი. ჯერ უნდა შეივსოს ის ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ევროპით, რომ მერე ეს ევროპა გადაიღვაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.

ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ახლა მსჯელობა მიდის ექსპერტების დონეზე შეიძლება თუ არა რაღაც სავაჭრო ცენტრები შეიქმნას გამყოფი ხაზების გასწვრივ, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით, ეს მსჯელობის საგანია: თუ ეკონომიკურად გამართლებული იქნება, მერე შეიძლება იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური ნება არის, რომ ამ ტიპის სავაჭრო ცენტრები არსებობდეს, გადაწყვეტილება ვერ მიიღება, ვიდრე არ იქნება ეკონომიკური დასაბუთება და გამართლება ამ ტიპის ღონისძიებებისა“, _ აცხადებდა პაატა ზაქარეიშვილი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, 2018 წლის
მას შემდეგ, რაც ვაზიანის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ, "გურია ნიუსის"
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 მარტს ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით
სოციალურმა პროექტმა "თბილისი-მარათონმა", რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართა არაერთი ადამიანი
ვაზიანის დასახლების 1600-ზე მეტი ოჯახი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის