პოლიტიკა

"ვერ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი" _ აკაკი ბობოხიძე

  2017-01-09 13:32:48

 ბუნებრივია, ვერ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი, _ ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ბობოხიძის შეფასებით, ყრილობის ორგანიზატორებმა რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ ხალხისა და მხარდამჭერების სახელით, ყრილობა წესების დარღვევით ტარდება და მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მან აქვე აღნიშნა, რომ “ხალხის სახელით ის ადამიანები საუბრობენ, რომელთაც პარტიაში ერთმმართველობის დაბრუნება სურთ“.

“ყრილობა, რომელიც შეიძლება 20 იანვარს გაიმართოს, ის იქნება 7-ათასკაციანი, 10-ათასკაციანი თუ 3-ათასკაციანი, იქნება ადამიანთა თავყრილობა, რომელსაც იურიდიულად “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან კავშირი ვერ ექნება. არსებობს პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ დადგენილი წესი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დელეგატების შერჩევა. თან ეს წესი ე.წ. მეორე მხარის მიერ არის შემოთავაზებული, რომელთაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვეს და საკუთარი წესი გაიტანეს. როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური, ვერ იქნება ლეგიტიმური ისევ მათივე მიღებული წესების დარღვევის გამო. ბუნებრივია, ვერ მივალ და არ მივალ ყრილობაზე, რომელსაც ჩემი პარტიის ყრილობად არ ვთვლი. რა მინდა იმ ყრილობაზე, რომელიც ჩემი პარტიის ყრილობა არ არის?! ანალოგიურად, მეორე 7-ათასი კაცი რომ შევიკრიბოთ სხვაგან, ასეთ შემთხვევაში რომელია უფლებამოსილი ყრილობა? ან რატომ ჰქონია ვინმეს, რომ რაოდენობაშია საქმე და არა წარმომადგენლობითობაში?“, _ ამბობს აკაკი ბობოხიძე.

მისივე ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემთხვევაში, რისკენაც მიდის პროცესი, ყოფილ თანაპარტიელებთან სამართლებრივი დავა, სავარაუდოდ, არ გაიმართება.

“ის თუ ვის დარჩება პარტიის სახელი, გავაგძელებთ თუ არა ამისთვის იურიდიულ დავას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია, მე არანაირი სურვილი არა მაქვს, ჩემს ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამებრძოლებთან იურიდიულ დავაში შევიდე და ამაში დავკარგო დრო, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არა ჩვენს შორის იურიდიული დავა, არამედ ბიძინა ივანიშვილი. იმ ორი ქალის არ იყოს, შვილს რომ იყოფენ - ერთ-ერთმა უნდა გაუშვას ხელი იმისთვის, რომ ბავშვი არ დაზარალდეს. იმისთვის, რომ საქმე არ დაზარალდეს, ჩვენ შეიძლება ხელი გავუშვათ ბავშვს და დავუტოვოთ მათ, ვინც დღეს ძალადობს ბავშვზე ანუ “ნაციონალურ მოძრაობაზე“, _ აღნიშნა ბობოხიძემ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტონტელბერგის განცხადებით, ის ვერ დაასახელებს კონკრეტულ
"ქართული ოცნების" მხრიდან ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის წარდგენის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიური
პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო
„პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან, როგორც პარტიის