საზოგადოება

"რასაც ახლა აკეთებენ, ეს ტყუილად გადაყრილი ფულია"

სოფო წილოსანი  2017-01-09 13:45:02

ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარედ არსებულ მრავალბინიანი  სახლების შიდა ეზოში ასფალტის საფარის დაგებას მთლად მადლობებით არ ჩაუვლია,  ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იგი  გარკვეული უკმაყოფილების საბაბიც გახდა. ადგილზე საკმაოდ ხმამაღალი დიალოგიც კი წარიმართა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, თენგო ხელაძესა და ერთ-ერთი ბინის მობინადრეს ნადია ლუცს შორის, რომელიც  საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებამდე ასფალტის დაგებას დაუშვებლად მიიჩნევდა. 

"ზამთარ-ზაფხულ, კანალიზაციის გაუმართავობის გამო, ეზოში ტბა დგება. ჯერ ეს პრობლემა უნდა გადაეჭრათ და მერე დაეგოთ ასფალტის  საფარი. დაპირება იყო, რომ ჩვენი უბანი გალამაზდებოდა, სანიაღვრე არხი გაიყვანეს დეკემბერში, რითაც ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა და მადლიერებაც არაერთხელ გამოვხატეთ, მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ, ეს ტყუილად გადაყრილი ფულია. კანალიზაციის გაყვანილობა გაფუჭებულია,  მალე სრულიად გამოვა მწყობრიდან და ასფალტის საფარსაც დააზიანებს. გვეუბნებოდნენ, რომ კანალიზაციის სისტემას მოაწესრიგებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე აღარ მოხდა. მხოლოდ კანალიზაციის ჭის თავები მაღლა წამოსწიეს და დააცემენტეს ამ ყინვაში, რაც ავტომანქანებმა დააზიანა კიდეც  უკვე,  მაგრამ ცდილობენ, ხარვეზი ასფალტის საფარით გადაფარონ", _ ამბობს ნადია ლუცი და იმედს იტოვებს, რომ საქმეში მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანიც ჩაერთვება და დაპირება, რომელიც სამუშაოების დაწყებისას მიიღო მოსახლეობამ, რეალურად  შესრულდება.

გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თენგო ხელაძე კი არ იზიარებს ნადია ლუცის მოსაზრებებს და ამბობს, რომ  სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად სრულდება და სამომავლოდ არ არსებობს არანაირი საშიშროება, რომ ამ კუთხით პრობლემა შეიქმნას.

"პროექტის შესაბამისად მოხდა ჭის თავების აწევა, ნამდვილად არ არსებობს არანაირი საშიშროება, რომ კანალიზაციის გაყვანილობამ რაიმე პრობლემა შექმნას, ყველაფერი გაწმენდილია.  მინიმუმ, სამწლიანი გარანტია არსებობს, რომ შესრულებული სამუშაო მწყობრიდან არ გამოვა, თუმცა, მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ 15 წელი აქაურობას არაფერი დაუშავდებადა, ყველაფერი გამართულად იქნება", _ ამბობდა ხელაძე.

ამ აზრთასხვადასხვაობის ფონზე, მშენებლებმა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანს, თუმცა, რამდენად გამართულად იმუშავებს კანალიზაციის სისტემა, რომელიც ნადია ლუცის თქმით, აუცილებლად უნდა მოსწერიგებულიყო, ამას დრო აჩვენებს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კიდევ ერთხელ ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს,
ქობულეთელი ექიმები პროტესტით შეხვდნენ “ჩემი ოჯახის კლინიკის“ და „უნიმედი აჭარა“
საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხშაბათს, 26 სექტემბერს  15:00-ზე სტუდენტები
ხვალ თბილისის უბნების ნაწილს ავარიის პრევენციის მიზნით ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 8 ოქტომბრის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, მცხოვრები ზ. ებრალიძის საცხოვრებელი, ორსართულიანი სახლი