საზოგადოება

რა ხდება ავტოავარიების მიზეზი

სოფო წილოსანი  2017-01-09 16:10:27

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ასე მომრავლებული ავტომანქანების მოძრაობას დაარეგულირებს _ ბოლო პერიოდში არა ერთი ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა, ავარიის შემთხვევები განსაკუთრებით მატულობს ზაფხულის პერიოდში, როცა ტურისტული სეზონის პიკია. თუმცა, არც ზამთრის სეზონზეა ეს გზა უსაფრთხო, განსაკუთრებით კი სოფელ ჩოლობარგის ერთ მონაკვეთზე, სადაც მცირედი ყინვის შემთხვევაშიც კი გზა მოლიპულია. ვინც არ იცნობს გზის ამ მონაკვეთს, ოდნავ მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, მომენტალურად აწყდება მოყინულ ასფალტის საფარს და მანქანის დამორჩილება შეუძლებელი ხდება.

გარდა იმისა, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მზე არ ანათებს, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აქ ასფალტის საფარი სველდება და დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში იყინება, რაც ამ სადღესასწაულო დღეებში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა. ბოლო ფაქტი კი ხუთ იანვარს, დილის საათებში მოხდა, როცა ერთმანეთს, მოცურების შედეგად, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საბედნიეროდ, როგორც წინა დღეებში მომხდარი შემთხვევები, მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთის მიმდებარედ მცხოვრებთა მოსაზრებით, გზის მახლობლად წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც ასფალტი სველდება და იყინება: "არა ერთხელ ვითხოვეთ ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, აქამდე არავისგან რეაგირება არ ყოფილა, მათ შორის, არც ა(ა)იპ "ტექსერვისის" ხელმძღვანელობისგან, ვისაც უშუალოდ ევალება ამ პრობლემის მოგვარება. წყალი მუდმივად მოედინება ასფალტზე და მძღოლებს დიდ საფრთხეს უქმნის", _ ამბობენ ადგილობრივები.

ა(ა)იპ "ტექსერვისის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნუგზარ ცინცაძე ჩვენთან საუბარში არ ადასტურებს მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს:

"არანაირი მილი არ არის დაზიანებული, ადგილზე ვიყავით მისულები და მოსახლეობის თვალწინ გავთხარეთ. მოსახლეობამ საკუთარი თვალით ნახა, რომ მილები დაზიანებული არ არის. საქმე ისაა, რომ ავტომაგისტრალის ქვეშ გადის არხი, სადაც, წესით, ნაწრეტი წყალი უნდა მიედინებოდეს, მაგრამ ეს არხი ამოვსებული აქვს ერთ-ერთ მოსახლეს და არ აძლევს საშუალებას წყალს, გავიდეს. სწორედ ამის გამო სველდება ასფალტის საფარი და დაბალი ტემპერატურისას გზა იყინება. მე არავის არაფერში ვდებ ბრალს, უბრალოდ, რეალურ ფაქტს აღვნიშნავ", _ გვითხრა ნუგზარ ცინცაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა, რომელმაც უნდა გაწმინდოს არხი.

შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის, რევაზ კვარაცხელიას თქმით, ხუთ იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გზის ამ მონაკვეთზე სპეციალური საგზაო ნიშანი დაიდგა, ასევე, ამოიწმინდა წყლის საწრეტი არხები.

"ჩვენ არხების ამოწმენდას სისტემატურად ვახორციელებთ. აქ პრობლემას ისიც ქმნიდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტური სიტუაცია იყო", _ გვითხრა კვარაცხელიამ.

ადგილობრივ მოსახლეობას გზის ამ მონაკვეთის გამო ადრეც ჰქონდა პრეტენზიები _ ისინი სპეციალური საგზაო ნიშნის დაყენებას ითხოვდნენ, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უსაფრთხოდ გადაერეკათ გზაზე. საგზაო დეპარტამენტმა მაშინ გაითვალისწინა მათი ეს მოთხოვნა და ეს პრობლემა მოგვარდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პირველ მარტს ხანძრის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
2013 წლის ბოლოდან, მსურველებს მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი
ცესკოს სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმმა 21
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობამ, დღეს, წინასწარ